ღმერთი

ღმერთი

четверг, 5 декабря 2013 г.

რით განსხვავდება იოგა ქრისტიანული ასკეზისაგან.

რაშია იოგას ხიბლი, რატომ ინტერესდება თანამედროვე ადამიანი ამ ძველი, უცხო და რთული სისტემით? არის მასში ისეთი რამ, რითიც ქრისტიანებმაც შეიძლება ისარგებლონ? ადამიანთა დიდი ნაწილი მეტ-ნაკლები მონდომებით ცდილობს ყოფიერების საიდუმლოში გარკვევას, თითქმის ყველას აინტერესებს რა მოელის სიკვდილის შემდეგ, რა არის სული, რა არის ცხოვრების მიზანი და ა.შ. თუმცა, ამის მიუხედავად, ადამიანთა უმეტესობა ისეა ჩაფლული და გახლართული ყოფით პრობლემებსა და მრავალფეროვან გართობებში, რომ სულისთვის დრო და ენერგია აღარ რჩებათ და მათი ინტერესი რელიგიურ-ფილოსოფიური საკითხების მიმართ ძირითადად მაინც წარმავალი ინტერესებით შემოიფარგლება – ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სიმშვიდის მოპოვება, მატერიალური კეთილდღეობა, „საიდუმლო სიბრძნის“ დაუფლება, სხვა ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვება და სხვ. სამწუხაროდ, აღმოსავლური სწავლებებით გატაცებულ მილიონობით ადამიანს წარმოდგენაც კი არა აქვს, რა მძიმე სულიერი შედეგი მოყვება ამ ერთი შეხედვით უვნებელ ვარჯიშებს.

მთავარი, რითიც ყველა ამგვარი სისტემის (იოგა, ძენი, კუნგ-ფუ და სხვ.) ფიზიკური თუ მენტალური ვარჯიში განსხვავდება ქრისტიანული მოღვაწეობისაგან არის ის, რომ ინდო-ჩინურ სისტემებს მინდობილი ადამიანი ეფუძნება წარმართულ, ძირითადად პანთეისტურ მსოფლმხედველობას და აქედან გამომდინარე აქცენტს აკეთებს საკუთარ შესაძლებლობებზე და ცდილობს საკუთარი თავი დაარწმუნოს, რომ თვითონვეა ზებუნებრივი ძალებისა და უსაზღვრო სიბრძნის წყარო: თუკი მოინდომებს, თავისით განივითარებს სულიერ ძალებს, თავისით განიკურნება, თავისით განიწმინდება, თავისით მიაღწევს სრულყოფილებას... ყველა ვარჯიში თუ მედიტაცია ამ იდეით არის გამსჭვალული. მაგალითად, იოგი ცდილობს ცნობიერების გამოღვიძებას, თავისი რეალური არსის აღქმას და ამისთვის იყენებს სხვადასხვა მეთოდებს: სუნთქვით ვარჯიშებს, მანტრებს („წმინდა ბგერების“ გამეორება), გონების კონცენტრაციას რომელიმე საგანზე ან მოკლე მენტალურ ფორმულაზე. ამ ფორმულის არსი უმეტესად ამგვარია: „მე ვარ ის“, ანუ „მე ვარ ბრაჰმანი“. რას ნიშნავს ეს ფრაზა? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გამუდმებით იბეჭდავს საკუთარ ცნობიერებაში: „მე თვითონ ვარ ღმერთი“; და რამდენ მართლმადიდებლურად მონათლულ ადამიანს წარმოდგენაც კი არა აქვს, რომ ეს არის ამპარტავნების, ყველა ცოდვის საწყისის უკიდურესი გამოხატულება და სულში ჩაბეჭდვა. სწორედ ამპარტავნების გამო ნათლის ანგელოზი ეშმაკად იქცა, მხოლოდ ამისთვის, რადგან სულიერი არსებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე მთავარია, სული სიმდაბლით იქნება შემოსილი თუ ამპარტავნებით და შესაბამისად – სიყვარულით თუ სიძულვილით, ჭეშმარიტებით თუ სიცრუით, ნათლით თუ ბნელით. იოგას ზემოთხსენებული პრაქტიკა თანამედროვე ინდუიზმის მთავარ დოგმაზეა დაფუძნებული, რასაც იოგას ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტის, ვივეკანანდას სიტყვები ცხადად წარმოაჩენს: "თქვენ ჯერ კიდევ არ იცნობთ ინდოეთს. ჩვენ, ინდოელები, საბოლოო ჯამში კაცთთაყვანისმცემლები ვართ. ჩვენი ღმერთი ადამიანია!"

ქრისტიანული მოღვაწეობა, პირიქით, ქრისტიანის ცხოვრების საფუძვლად მიიჩნევს ერთადერთი მარადიული, ყოველივეს არაფრისგან შემქმნელი, ჭეშმარიტი ღმერთის ჭეშმარიტ რწმენაზე დაფუძნებულ სიმდაბლეს – საკუთარი უმწეობისა და მთლიანად შემოქმედზე, პიროვნულ ღმერთზე დამოკიდებულების განცდას, რაც მამამთავარმა აბრაამმა ამ მოკლე ფრაზით გამოთქვა: "მე ვარ მიწაჲ და ნაცარ" (დაბადება 18,27); მაცხოვარმა კი ასე გვამცნო: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს“ (მათე 23,12). ამ მთავარი სათნოების – სიმდაბლის – გარეშე ფასი არა აქვს მარხვას, ლოცვას, მღვიძარებას, უბიწოებას, მოწყალებას და არანაირ მსხვერპლს, რადგან ამპარტავანი ადამიანი ღმერთთან ვერ დამკვიდრდება. ქრისტიანისთვის სიმდაბლის საფუძველი არის იმ ჭეშმარიტების რწმენა, რომ სამყაროს შემოქმედი და განმგებელია მარადიული ღმერთი, წმიდა სამება, ხოლო არაფრისაგან შექმნილი ადამიანი ვერასდროს გახდება არსებით ღმერთი, მას აქვს მხოლოდ მადლით განღმრთობის საშუალება. თანამედროვე იოგა და ოკულტიზმი კი სწორედ იმაზეა დაფუძნებული, რომ ადამიანმა საკუთარი ცნობიერების გარდაქმნის გზით (რისთვისაცაა შექმნილი ვარჯიშების სისტემები) უნდა გააცნობიეროს, რომ სინამდვილეში თვითონ არის ღმერთი, სამყაროს ცენტრი, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე არსება.

სიმდაბლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ზუსტად ეხმიანება შემდეგი ორი ეპიზოდი უდიდესი ქრისტიანი ასკეტების ცხოვრებიდან:

წმიდა მაკარი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ: „სხვა დროს, მაკარიმ (იგულისხმება წმ. მაკარი დიდი) უდაბნოში პალმის რტოები შეაგროვა კალათების დასაწნავად და სენაკში მიჰქონდა. გზაზე შემოხვდა ეშმაკი, რომელსაც ნამგალი ეჭირა. წმინდანისთვის უნდოდა დაერტყა, მაგრამ ვერ ახერხებდა. მაშინ უთხრა მაკარის:

მაკარი! შენს გამო დიდ გასაჭირში ვარ, რადგან შენი დამარცხება არ შემიძლია. რასაც შენ აკეთებ, მეც ყველაფერს ვაკეთებ. შენ მარხულობ, მე საერთოდ არ ვჭამ; შენ მღვიძარებ, მე საერთოდ არ მძინავს. არის ერთი რამე, რითიც შენ ჩემზე აღმატებული ხარ.

– რა არის ეგ? – ჰკითხა ღირსმა მამამ.

– შენი სიმდაბლე, – უპასუხა ეშმაკმა, – აი, რატომ არ შემიძლია შენთან ბრძოლა.

პატერიკში კი ასეთი ამბავია მოთხრობილი წმიდა ანტონი დიდის ცხოვრებიდან: ერთხელ ნეტარი ანტონი თავის სენაკში ლოცულობდა და ხმა ესმა, მის მიმართ თქმული: ანტონი! შენ ჯერ არ მიგიღწევია ალექსანდრიაში მცხოვრები მეპრატაკის (ტყავის ხელოსანი) საზომისათვის. ეს რომ გაიგონა, ბერი უთენია ადგა, კვერთხი აიღო და ალექსანდრიისკენ (ეგვიპტის ძველი დედაქალაქი) გაემართა. როცა მინიშნებულ კაცთან მივიდა, ამ კაცს ძალიან გაუკვირდა, მასთან მისული ანტონი რომ დაინახა. ბერმა უთხრა მეპრატაკეს: მომიყევი შენი საქმეების შესახებ, რადგან შენს გამო დავტოვე უდაბნო და აქ მოვედი. მეპრატაკე პასუხობდა: არ მახსენდება, როდესმე რაიმე კეთილი საქმე გამეკეთებინა; ამის გამო, დილაადრიან, საწოლიდან რომ ვდგები, სანამ სამუშაოზე წავიდოდე, ჩემს თავს ვეუბნები: ამ ქალაქის ყველა მაცხოვრებელი, დიდიან-პატარიანად, თავისი სათნოებების გამო ღვთის სასუფეველში შევა, მარტო მე წავალ სამუდამო სატანჯველში ჩემი ცოდვების გამო. ამავე სიტყვებს ვიმეორებ გულში, სანამ დასაძინებლად დავწვებოდე. ეს რომ მოისმინა, ნეტარმა ანტონიმ უთხრა: ჭეშმარიტად, ჩემო შვილო, შენ დახელოვნებული ოქრომჭედელივით სახლში ზიხარ, და ღვთის სასუფეველი მოგიპოვებია; მე, მართალია, მთელს ჩემს ცხოვრებას უდაბნოში ვატარებ, მაგრამ სულიერი გონება ვერ მოვიპოვე, ვერ მივწვდი იმ შეგნების (ცნობიერების) საზომს, რომელსაც შენ გამოხატავ შენი სიტყვებით.

წმ. მღვდელმთავარ ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) შენიშვნა: სიმდაბლის სიღრმე ამავდროულად არის წარმატების სიმაღლე. სიმდაბლის უფსკრულში ჩასვლით, ზეცად ავდივართ; ვინც ზეცაში ასვლას სიმდაბლის გარეშე ცდილობს, ის ამპარტავნებისა და დაღუპვის უფსკრულში ვარდება.

ასე რომ ყველა აღმოსავლური ოკულტური ვარჯიში – ხათხა-იოგას პოზები, პრანა-იამას სუნთქვითი ვარჯიშები, რაჯა-იოგას და ძენ-ბუდიზმის მედიტაციები, კუნგ-ფუს „შინაგანი სტილის“ გიმნასტიკა (სინამდვილეში ძველი ჩინური მაგია) – საბოლოოდ ერთ მიზანს ემსახურება: ადამიანის მიერ საკუთარი „უსაზღვრო შესაძლებლობების“ დაჯერებას, ამპარტავნების აღზევებას, და ბოლოს, იმ ბნელი არსებისადმი სრულ მიმსგავსებას და დამორჩილებას, რომელიც არის მამა და შთამაგონებელი სიცრუისა და ამპარტავნებისა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანების ცდუნება მხოლოდ ამ სწავლებების გარეგნული მიმზიდველობითა და უხვი დაპირებებით არ არის განპირობებული. პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ აღმოსავლური სწავლებები ისტორიულად ქრისტიანული ქვეყნების მაცხოვრებლებს უმეტესად დახვეწილი, თვალშისაცემი სისულელეებისა და სიბილწეებისგან გაცხრილული სახით მიეწოდება. მაგრამ ეს ლამაზად შეფუთული სწავლებები მაინც ვერ მიიზიდავდა მილიონობით მიმდევარს, რომ არა ცრუსასწაულები, რომელთა მოწმე ადამიანი ხშირად ძალიან მალე ხდება, როგორც კი ამ სწავლებებით დაინტერესდება – ან ე.წ. გურუს „სასწაულების“ მოწმე გახდება, ან თუ თვითონ ივარჯიშებს ბეჯითად, თავადვე იგრძნობს რაიმე არაჩვეულებრივს. რით განსხვავდება ცრუსასწაული ჭეშმარიტი სასწაულისგან? ჭეშმარიტი სასწაული ღვთაებრივი ძალით აღესრულება, ხოლო ცრუსასწაული ეშმაკის დახმარებით. ეშმაკის ძალით ადამინი ვერასოდეს შეძლეს ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებას, ჭეშმარიტ კურნებას, მკვდრის აღდგენას; ყველაფერი რასაც ვითომ სასწაულებრივად გააკეთებს, მოჩვენებითი და ყალბი იქნება, იმგვარი, რასაც ბოროტი სულის სივერაგე მოიმოქმედებს, და რაც მთავარია, მიმნდობებისთვის დიდი სულიერი ზიანის მომტანი. საქმე ის არის, რომ დემონებს, როგორც ყოფილ ნათლის ანგელოზებს, გააჩნიათ ჩვენთან შედარებით იმდენად აღმატებული ცოდნა და ძალა, რომ თავისი უხილავი ზემოქმედებით და ცოდნის გამოვლენით გაუფრთხილებელი ადამიანები ადვილად შეყავთ შეცდომაში.

და მაინც, რატომ ხდება, რომ ქრისტიანი ბერები მონასტრებში და უდაბნოებში მარხვასა და ლოცვაში ატარებენ ათწლეულებს და იშვიათი შემთხვევაა, რომ რომელიმე მათგანი ღვთისაგან სასწაულთქმედების მადლით დაჯილდოვდეს, ხოლო აღმოსავლური სწავლებების მიმდევრები, დიდ, ხმაურიან ქალაქებში და კომფორტულ ბინებში მცხოვრებნიც კი, რაღაც ვარჯიშების და მედიტაციების საშუალებით სულ რამდენიმე წელიწადში ხდებიან „მკურნალები“, „წინასწარმცნობელები“, „გულთამხილავები“, „გადიან ასტრალში“, „გამოიმუშავებენ და მართავენ ენერგიებს“, ადვილად ზემოქმედებენ სხვა ადამიანებზე და ა.შ. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ადამიანის ბუნება ცოდვით არის დაზიანებული, სული ვნებების (სულის სნეულებების) ტყვეობაშია, განსაკუთრებით ამპარტავნების ვნება მძლავრობს ჩვენს თაობაში, ყველაზე საშიში და ვერაგი ვნება; ამიტომაც, თავდაუზოგავი ქრისტიანული მოღვაწეობის დროსაც კი, ძალიან დიდი ხანი სჭირდება სულის განწმენდას, რაც აღესრულება ერთის მხრივ მოღვაწის ძალისხმევით, მეორეს მხრივ – ღვთის მადლის შეწევნით. და რაც მთავარია, ღმერთმა ვნებებისგან განუწმენდელ და ხშირად გარეგნულად შეუმჩნეველი ამპარტავნებით მძიმედ სნეულ ადამიანს რაიმე განსაკუთრებული ნიჭი რომ უბოძოს, ეს მისი კიდევ უფრო გაამპარტავნებისა და დაღუპვის მიზეზი გახდება.

მეორე შემთხვევაში, როცა ადამიანი აღმოსავლური სისტემებით იწყებს ვარჯიშებს (გონებრივს ან ფიზიკურს), ის გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად ზურგს აქცევს თავის შემოქმედს და თანდათანობით ბოროტი ძალების გავლენის ქვეშ ექცევა. ამ დროს ის აკლდება უფლის შეწევნას და ასე ვთქვათ, საკუთარი თავის ამარა რჩება. სანამ ადამიანს ღვთის მადლი იფარავს, ბოროტი ძალა უძლურია, მისი გონება და სული დაიმორჩილოს; რაც მეტს სცოდავს ადამიანი (ხორციელად იქნება თუ გონებრივად), მით მეტ ძალაუფლებას იღებენ დაცემული ანგელოზები მასზე. ხშირად ისინი მონდომებულ ოკულტისტებს აძლევენ ძალებს და უნარებს, რომლებიც მას კანონიერი გზით მოპოვებული, საკუთარ არსებაში მთვლემარე და ვარჯიშებით განვითარებული ენერგიები და უნარები ჰგონია; ამის შემხედვარე მას უფრო მეტად უმტკიცდება აზრი, რომ სწორ გზას ადგას, და შემდეგ, ამ უცნაური ძალების დახმარებით, სხვებსაც არწმუნებს მის მიერ არჩეული სწავლების სისწორეში. მსგავს მოვლენას (ოღონდ ქრისტიან „მოღვაწეებში“) აღწერს იოანე სინელი, ქრისტიანული ასკეზის უდიდესი მასწავლებელი: „როდესაც ამპარტავნების ეშმაკი განმტკიცდება თავის მსახურებში, მაშინ ეცხადება მათ ძილში ან ცხადად, ნათლის ანგელოზის ან მოწამის სახით, გამოუცხადებს მათ საიდუმლოებს და თითქოს ნიჭებს უბოძებს, რომ ეს უბადრუკები მოიხიბლნენ და სრულიად გონებაცდომილნი გახდნენ“.

შეიძლება გაჩნდეს ასეთი კითხვა: ღმერთმა ხომ იცის, რომ ეს ადამიანი მოტყუებით არის ამ ცდომილ გზაზე დამდგარი და რატომ უშვებს, რომ ბოროტმა სულებმა სასაცილოდ აიგდონ და სულიერად დაღუპონ? ცხადია, ღმერთს ყველა ადამიანის გადარჩენა სურს, მაგრამ ღმერთმა ანგელოზები და ადამიანები, სხვა ქმნილებებისგან განსხვავებით თავისუფალი ნებით დააჯილდოვა. შეუძლებელია, ადამიანი გულის სიღრმიდან ღმერთს ეძებდეს, ჭეშმარიტების შეცნობა სურდეს, და ღმერთმა ამის საშუალება არ მისცეს. ადამიანის საშუალებით თუ არა, ანგელოზის საშუალებით მაინც დაანახებს სულიერ სინათლეს. ამის მრავალი მაგალითი მოიძებნება წმინდანების ცხოვრებებში, თუნდაც ყოფილი ჯადოქრის – კვიპრიანეს, აბო თბილელის ან მარიამ ეგვიპტელის მაგალითები. მაგრამ, როდესაც ადამიანი შინაგანად, სულის სიღრმეში ამპარტავნებისკენ და ბოროტებისკენ მიილტვის, ღმერთი უშვებს მას თავის ნებაზე და ასეთი კაცი იმას პოულობს, რაც გულით უნდა. თუმცა, ცხადია, ასეთი პროცესი სწორხაზოვნად არ მიმდინარეობს. შეიძლება ადამიანი ათწლეულების განმავლობაში მცდარი სწავლების მიმდევარი ან მძიმე ცოდვებში ჩაფლული იყოს და შემდეგ ღვთის რჩეული მოწაფე გახდეს, ან პირიქით, არაერთ ქრისტიან განდეგილსა და სასწაულთმოქმედს სავალალოდ დაუმთავრებია ცხოვრება. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია – იუდა ისკარიოტელი და ჯვარცმული ავაზაკი. კაცის ასეთი, ერთი შეხედვით უეცარი სახეცვლილების მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ, რა ხდება ადამიანის სულის სიღრმეში, რა მზაკვარი ვნებები ან რა ფარული სათნოებები იმალება იქ, რა სურს ადამიანს შინაგანად, რისკენ მიილტვის. ეს ყველაფერი მხოლოდ ღმერთმა იცის, ჩვენთვის საიდუმლოა.

ასე რომ, ქრისტიანული მოღვაწეობის, ქრისტიანული ასკეზის საფუძველია თავის დამდაბლება, საკუთარი სისუსტის განცდა და ღვთისაგან წყალობის მოლოდინი, რაც გამოიხატება ქრისტიანების მიერ ყველაზე ხშირად წარმოთქმულ ლოცვებში: უფალო შემიწყალე; ან: უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე; ან: უფალო იესო ქრისტე ძეო ღმრთისაო შემიწყალე მე ცოდვილი. ამ და მსგავს ლოცვებს უნდა იმეორებდეს ქრისტიანი განუწყვეტლივ, მთელი ცხოვრების განმავლობაში. როგორც წმიდა წერილიდან და წმიდა მამების სწავლებებიდან ვიგებთ სიმდაბლის მოპოვების საშუალებებია – პირველ რიგში ჭეშმარიტი რწმენა და შემდეგ მცნებების დაცვა. როგორც წმიდა ისააკ ასური გვასწავლის: „მცნებები მოგვეცა ვნებების საწინააღმდეგოდ, რომ განიწმინდოს ჩვენი სული და დაუბრუნდეს პირვანდელ (დაცემამდელ) მდგომარეობას“. ნებისმიერი მართლმორწმუნისთვის პირველ რიგში საჭიროა ნათლისღება და შემდეგ რეგულარულად: აღსარება და ზიარება, წელიწადში ერთხელ მაინც – ზეთის კურთხევის საიდუმლოში მონაწილეობა. ხორციელი სნეულების მკურნალობისას ერთის მხრივ იმ საკვებს კრძალავენ, რაც სნეულებას აძლიერებს, მეორე მხრივ იმ წამალს ნიშნავენ, რაც სნეულებას თრგუნავს. ასევეა სულიერი სნეულებების – ვნებების შემთხვევაშიც. ამპარტავნების ვნებას კვებავს და აძლიერებს: საკუთარი აზრების მინდობა და საკუთარი ნების აღსრულება, ძალაუფლების გამოხატვა სხვა ადამიანებზე (სამაგიეროს გადახდა, დასჯა, ბრძანება, დაცინვა, განკითხვა, შეურაცხყოფა და ა.შ.), ქება-დიდება ხალხისგან და საკუთარ ოცნებებში და სხვ. ხოლო თრგუნავს და ასუსტებს: დამცირებულ მდგომარეობაში ყოფნა, სხვებისგან შეურაცხყოფა, დაცინვა, უგულვებელყობა, ავადმყოფობა და ყოველგვარი სულიერი და ხორციელი გასაჭირი. ამიტომ, ამპარტავნებასთან საბრძოლველად საჭიროა: ყველა სიკეთის მაქსიმალურად ფარულად აღსრულება, ყველა საქმის დროს გულში ფიქრი, რომ უვარგისი მონები ვართ ღვთისა და რასაც ვაკეთებთ – მხოლოდ ღვთის შეწევნით და არა საკუთარი ძალითა და სიბრძნით; მორჩილება, ანუ საკუთარი აზრებისა და ნების უარყოფა და დაჯერება მოძღვრის, მშობლის, უფროსის, მეგობრის და ა.შ., თუ ნათქვამი უფლის მცნებებს არ ეწინააღმდეგება; სხვების შეურაცხოფის, დაცინვისა და განკითხვისაგან ყველანაირად თავშეკავება; ყველასთვის პატიება, შეურაცყოფის სიმშვიდით მოთმენა, მოწევნული განსაცდელებისთვის ღვთისთვის მადლობის შეწირვა, ყველა უსიამოვნების დროს გულში საკუთარი თავის დადანაშაულება, პატიების თხოვნა, გულშიც და გარეგანადაც ყველაფრის ღმერთის და არა ხალხის დასანახად კეთება, მუდმივი ლოცვა სინანულით – ყოველგვარი წარმოდგენის და რაიმე შეგრძნების ან ნიჭის მიღების სურვილის გარეშე, და ა.შ. სწორედ ამ ვნებისგან თავდასაცავად მრავალი ქრისტიანი უარს ამბობდა მაღალ საერო თუ საეკლესიო წოდებაზე, ზოგიერთი ეპისკოპოსი კათედრასაც კი ტოვებდა და უცხო ქვეყანაში უბრალო მოსამსახურის შრომას ეწეოდა, არაერთი დიდგვაროვანი ასკეტი სამშობლოს ტოვებდა და შორეულ ქვეყანაში იხვეწებოდა, რომ ნაცნობ-ნათესავებისაგან დიდებასა და პატივისცემას გარიდებოდა.

როგორც წმიდა მამები ამბობენ, ვნებათაგან ყველაზე რთულია ამპარტავნებასთან ბრძოლა, რადგან ის ყველაზე ფარული და მზაკვარი ვნებაა და ყველანაირ მოღვაწეობაში ცდილობს დასაყრდენის მოძებნას. სულის ჭეშმარიტი მეცნიერი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) ხატოვნად ამბობს საგულისხმო სწავლებას ამპარტავნების შესახებ: „ერთხელ შევიპყარი ჩემს გულში ეს უგუნური მაცთუნებელი, რომელიც იქ თავისი დედის, მზვაობრობის მხრებზე ამხედრებული შემოსულიყო. შევკარი ორივე მორჩილების საკვრელით და ვცემე სიმდაბლის შოლტით, ვაიძულებდი ეთქვათ, როგორ შემოვიდნენ ჩემს სულში. ბოლოს დარტყმებისგან დატანჯულებმა მომიგეს: ჩვენ არც დასაბამი გვაქვს და არც შობა, რადგან ჩვენ თვითონ ვართ ყველა ვნების დასაბამი და მშობელი... თუკი ჩვენ ცაშიაც შფოთი მოვახდინეთ, შენ სადღა დაგვემალები? ჩვენ ხშირად უკან მივყვებით (გულში შესასვლელად) შეურაცხყოფის მოთმენას, მორჩილების აღსრულებას, ურისხველობას, ძვირუხსენებლობას, მოყვასის მსახურებას...“

ზოგადად, ქრისტიანული ასკეზა ვნებებთან ბრძოლას გულისხმობს, რაც ამავდროულად სულის განწმენდას ნიშნავს, რადგან ვნებებია ის სნეულება, სიბილწე, ნისლი, სიმყრალე, რომელიც ღვთის მადლს კაცის გულში არ უშვებს. ხოლო ვნებებისგან განწმენდილი გული სული წმიდის ტაძარი ხდება, რასაც ცხადად ვხედავთ უამრავი წმინდანის მაგალითზე. როგორც წმიდა მაკარი დიდი ამბობს: „მრავლმა მალე მიიღო ცოდვების მიტევება, მაგრამ უვნებელობა (ვნებებისგან გათავისუფლება) სწრაფად არავის მიუღია. ამისთვის საჭიროა დროც, დიდი ძალისხმევაც, და ღვთის შეწევნა“.

ქრისტიანები ვნებებს ებრძვიან აღსარების, ზიარების, თავმდაბლობის, მოწყალების, მარხვის, ლოცვის, მოთმინების, ენისა და გრძნობის ორგანოების მოთოკვის და სხვა სათნო საქმეების დახმარებით. ვნებებთან ბრძოლის, ლოცვისა და ზოგადად ქრისტიანული ასკეზის შესახებ დაწვრილებით არის მოთხრობილი წმიდა მამათა სწავლებებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია: წმ. აბბა დოროთეს სწავლანი, წმ. იოანე სინელის „კიბე“, წმ. ბარსანუფი დიდისა და წმ. იოანე წინასწარმეტყველის პასუხები, წმ. ანტონი დიდის და წმ. მაკარი დიდის სწავლებები, წმ. კასიანე რომაელის სწავლებები, წმ ისააკ ასურის სწავლებები, სამოღვაწეო სწავლებების კრებული „ფილოკალია“, (სათნოების მოყვარება, რუს. – დობროტოლუბიე), წმ. მღვდელმთავარ ეგნატე ბრიანჩანინოვის სწავლებები. თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ სასულიერო ლიტერატურა ყველამ უნდა იკითხოს გამოცდილი მოძღვრის რჩევით, თავისი სულიერი მდგომარეობისა და ცხოვრების წესის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში სარგებლის ნაცვლად ზიანს მივიღებთ – აღზვავებას, ხიბლს, სულიერ მეოცნებეობას და სხვ.

ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება მიანიჭა, თავის გზას ყველა თავად აირჩევს; ყველა ცალკეული გულის სიღრმეში საიდუმლოდ ხორცს შეისხამს ჭეშმარიტებასთან ან სიცრუესთან ზიარების სურვილი. ცხადია, ადამიანს მისი სურვილის გარეშე ვერავინ შეეწევა, ისევე, როგორც იუდას სამი წლის განმავლობაში განკაცებულ ღმერთთან ყოფნამ ვერ უშველა; ამავდროულად, რადგან ღმერთმა პირველ რიგში ურთიერთსიყვარული დაგვიბარა, – ჭეშმარიტების მაძიებელი, თუმცა ჯერ გზააბნეული ძმების გასაგონად ვამბობთ: ბილიკი, რომელსაც ადგახართ, ჭაობში ჩადის, და რაც უფრო ღრმად ჩახვალთ, მით უფრო ძნელი იქნება ამოსვლა.

ლაზარე გორგასლიძე


http://www.martlmadidebloba.ge/sacdurebi21.html

Комментариев нет:

Отправить комментарий