მე ადრე უკვე გითხარი, რომ როდესაც რაიმე სიკეთეს აკეთებ, იცოდე ეს ღვთის ნიჭია, რომელიც ღმერთმა თვისი სიკეთით მოგანიჭა; რამეთუ ღმერთი ყველას იწყალებს. ამიტომ საკუთარ თავს დაუკვირდი, რათა არ დაკარგო სისუსტის გამო შენს მიმართ გამოჩენილი წყალობა, რომელიც ყველა ცოდვილზეც ვრცელდება. ის, რაც ღმერთმა სიკეთისთვის მოგანიჭა, ბოროტებაში არ გაფლანგო; ამ ნიჭს კი მაშინ გაფლანგავ, როდესაც საკუთარ თავს სულგრძელი მოთმინებისთვის შეაქებ და შენი გამაკეთილშობილებელი ღმერთი დაგავიწყდება. და როგორც კი გაბედავ და შენს თავს იმას მიაწერ, რისთვისაც კაცთმოყვარე ღმერთს უნდა უმადლოდე, ამით დამატებით განკითხვას მოიწევ საკუთარ თავზე. მოციქული ამბობს: „რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო, უკუეთუ მიგიღებიეს, რასა იქადი, ვითარცა არამიღებულსა?“ (1 კორ. 4, 7). იმ აზრს კი, რომელიც რაღაცის გამო ხოტბას გასხამს, ასე უთხარი: ზღვაოსნებს სიწყნარის დროსაც არ ავიწყდებათ ზღვის მორევში რომ იმყოფებიან და ყოველთვის ქარიშხალს, საფრთხეს და დანთქმას მოელიან; მცირე დროით მათზე მოწევნულ მყუდროებას კი სრული კეთილდღეობა არ მოაქვს მათთვის, იმიტომ რომ ისინი მხოლოდ მაშინ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ, როდესაც ნავთსაყუდელს მიაღწევენ. და მრავალი მოღვაწის გემი თვით ნავსადგურში შესვლისას დაინთქა. ასევე ცოდვილს, სანამ ამ სოფელშია, ყოველთვის უნდა ეშინოდეს დანთქმისა. ამიტომ არ მოიხიბლო და არასოდეს დაუჯერო იმ აზრს, რომელიც კეთილი საქმისთვის გაქებს. ყველაფერი კეთილი ღვთისაა. ჩვენ კი, ჩვენი დაუდევრობის გამო, არ შეგვიძლია მისი შენარჩუნება. როგორ გავბედავთ ამის შემდეგ ქედმაღლობას?
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
Комментариев нет:
Отправить комментарий