ღმერთი

ღმერთი

четверг, 17 апреля 2014 г.

ცოდვების გამოაშკარავება - ბერი პაისი ათონელი

 როდესაც ჩვენ რაღაც ცუდს ვხედავთ, დავმალოთ ის და ნუ გავავრცელებთ. უმართებულოა, როდესაც ზნეობრივი დაცემები ყველასათვის ხდება ცნობილი. დავუშვათ, რომ გზაზე სიბინძურე ყრია. კეთილგონიერი ადამიანი გავლისას მას
რაღაცით დამალავს, რათა მან ადამიანებში ზიზღი არ გამოიწვიოს. უჭკუო პირიქით, იმის ნაცვლად, რომ დააფაროს, გაჩიჩქნის მას და მხოლოდ გააძლიერებს მის სიმყრალეს. ასევე ვართ ჩვენც, დაუფიქრებლად ვააშკარავებთ სხვების ცოდვებს, ამით კი უფრო მეტ ბოროტებას ვიწვევთ.

 სახარებისეული სწავლება უთხრა კრებულსა (მათ. 18,17) არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გახდეს ცნობილი, რადგან დღეს ეკლესია ესაა მორწმუნეები, რომლებიც ისე ცხოვრობენ, როგორც ქრისტეს უნდა. და არა მარტო ისინი, ვინც ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვიან. ქრისტიანობის პირველ წლებში, როდესაც აღსარება ყოველი წევრის თვალწინ ბარდებოდა, უფლის სიტყვას – უთხარ კრებულსა – სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენს დროში კი, როდესაც იშვიათობა გახდა, რომ მთელი ოჯახი ერთ მოძღვარს აბარებდეს აღსარებას, ნუ მივცემთ მტერს საშუალებას, დაგვაბნიოს ამ უთხარ კრებულსა-თი. იმიტომ, რომ მაგალითად, რომელიმე ზნეობრივი ცოდვის გამოაშკარავებით ჩვენ მის შესახებ ეკლესიის მტრებს ვამცნობთ და მათ საბაბს ვაძლევთ, მის წინააღმდეგ ომი წამოიწყონ. ასეთი სახით კი სუსტ სულებში რწმენა ირყევა.

თუ დედას მეძავი ქალიშვილი ჰყავს, მაშინ იგი ამას ქვეყანას კი არ მოსდებს და არ დაამცირებს მას სხვების თვალწინ, არამედ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აღადგინოს მისი სახელი. იგი ყველაფერს გაყიდის უკანასკნელ კაპიკამდე,წაიყვანს შვილს და სხვა ქალაქში წავა. შეეცდება, გაათხოვოს იგი და ამ გზით გამოასწოროს მისი წარსული ცხოვრება.

ზუსტად ასეთი სახით მოქმედებს ეკლესიაც. კეთილი უფალი ჩვენ სიყვარულით გვითმენს და არავინ გამოჰყავს დასაცინი, თუმცა მისთვის, გულთამხილავისთვის, ცნობილია ჩვენი შეცოდებანი. არც წმიდანები შეურაცხყოფდნენ არასდროს ცოდვილთ საქვეყნოდ, არამედ სიყვარულით, სულიერი სიფაქიზით და ფარულად ეხმარებოდნენ ბოროტს გამოსწორებაში. ჩვენ კი თავად ცოდვილნი, საწინააღმდეგოდ ვიქცევით – როგორც თვალთმაქცნი. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა არ გავხდეთ მარტივი მსხვერპლნი გაუგებრობებისა და არ მივიჩნიოთ ბოროტებად ის, რასაც სხვები აკეთებენ.


– მამაო, თქვენ შეეხეთ ზნეობრივი შეცოდებების გამოაშკარავებას. საჭიროა თუ არა, ვაუწყეოთ სხვებს ცოდვებზე ან სხვათა ხასიათის არაჯანსაღ მდგომარეობაზე?


  – შეხედე: ზოგიერთ ჩემ ნაცნობს მე ასე ვექცევი. მაგალითად, ვხედავ, რომ ვიღაც უღირსად იქცევა და სხვებს აცდუნებს. მე ვურჩევ მას გამოსწორდეს: ერთხელ, ხუთჯერ, ათჯერ, ოცჯერ, ოცდაათჯერ, მაგრამ იგი არ იცვლება. თუმცაღა მრავალგზისი შეხსენებების შემდეგ მას აღარ აქვს უფლება, უღირსად იქცეოდეს. რადგან ამით ცდუნდებიან სხვებიც და მის მიბაძვას იწყებენ. ხომ ხედავ, ადამიანებს ძალუძთ, იოლად მიბაძონ ბოროტებას და არა სიკეთეს.

სწორედ ამიტომაც დგება დრო, როდესაც მე იძულებული ვარ, ვთქვა ამის შესახებ სხვებთან, რომლებიც ხედავენ ამ უღირსობას, რათა დავიცვა ისინი.სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, როდესაც მე მათ ვეუბნები: – ის, რასაც აკეთებს მავანი, არ მომწონს, ამას ვამბობ არა განკითხვისათვის, რადგან მე უკვე ხუთასჯერ ვუთხარი თავად მას ამის შესახებ, არამედ იმიტომ, რომ სხვები, რომლებიცხედავენ მის სისუსტეს, ზეგავლენის ქვეშ ექცევიან, ბაძავენ მას და დამატებით ამბობენ: რაკი ბერი პაისი მას არაფერს ეუბნება, მის საქციელში არაფერი საშინელი არ ყოფილა.

თუ მე არ გამოვხატავ ჩემს აზრებს იმის შესახებ, რომ ეს არ მომწონს, მაშინ შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ მე ამას ვაკურთხებ და მეც მომწონს ეს ყოველივე. ამ სახით კი მთლიანობა ინგრევა, რადგან ვიღაცას შეუძლია გადაწყვიტოს, თითქოს უღირსის ტაქტიკა მართებულია და თავად დაიწყოს მისი გამოყენება. და რა გამოვა აქედან? სხვათაშორის, ფიქრობენ, რომ მე მას არაფერს ვეუბნებოდი, რადგან არ იციან, როგორ დამტანჯა მან მთელი ამ დროის მანძილზე.

ეშმაკიც მაშინვე იქ გაჩნდება და ამბობს: არაფერია საშიში, ამას რომ აკეთებ.ხედავ, სხვებიც იგივეს აკეთებენ და ბერი პაისი მათ არაფერს ეუბნება. ამიტომ, როდესაც ვხედავ, რომ ვიღაც ცხოვრებას თავისი ტიპიკონის* მიხედვით აგრძელებს, უღირსად იქცევა, მაშინ, როდესაც მე მას გამოსწორებას ვურჩევდი, იმ ადამიანთან საუბრისას, ვინც იცნობს მას, ვამბობ: ის, რასაც აკეთებს მავანი, არ მომწონს, რათა იგი გაღიზიანებისაგან დავიცვა. ეს არაა დაძრახვა, არ უნდა აგვერიოს სხვადახვა საგნები ერთმანეთში.

ხოლო შემდეგ მოდიან ზოგიერთები და მამტყუნებენ: რატომ უამბე ამის შესახებ სხვებს? ეს ხომ საიდუმლო იყო? –  რომელი საიდუმლო? – ვპასუხობ მე – მე შენ ათასჯერ მაინც გითხარი, შენ კი არ გამოსწორდი. შენ არ გაქვს უფლება, გააფუჭო სხვები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მე ვეთანხმები იმას, რასაც შენ ჩადიხარ. ისღა მაკლდა დავდუმებულიყავი, თუკი სხვებს დააზიანებდა! განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოდის ბავშვი ჩემთვის ნაცნობი ოჯახიდან და ვხედავ, რომ თავისი საქციელით იგი ოჯახს ანგრევს, ვეუბნები მას: მომისმინე, თუ არ გამოსწორდები, ამის შესახებ დედაშენს ვუამბობ.

არავის მოუცია უფლება, ჩემთან მოსულიყავი, ეს ყველაფერი მოგეყოლა და შემდეგ კვლავ გაგეგრძელებინა შენს სტვირზე დაკვრა. მე ყველაფერს დედაშენს ვეტყვი, რათა თქვენი ოჯახი დავიცვა. თუ მას აქვს სინანული, ეს სხვა საქმეა. მაგრამ თუ იგი აგრძელებს თავის ტაქტიკას, მაშინ მოვალე ვარ, დედამისს ყველაფერი ვუთხრა, რადგან ამაზე პასუხს ვაგებ.



თარგმნა თამარ ასათიანმა


bu.org.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий