ღმერთი

ღმერთი

понедельник, 14 апреля 2014 г.

"ქრისტიანმა მორწმუნე ადამიანებთან უნდა იმეგობროს"

"არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი...…უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი. გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა", - შეგვაგონებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.



ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა, რომელიც ღმრთისა და მოყვასის სიყვარულს გულისხმობს. ეკლესიის მამები გვასწავლიან, რომ უხილავი ღმერთის მიმართ ჩვენი რწმენა და სიყვარული, ხილული მოყვასის, ჩვენ გვერდით მდგომი ადამიანებისადმი დამოკიდებულებით განისაზღვრება. ერთ-ერთი წმინდა მამა წერს, თუ ღმერთი გიყვარს, ისიც უნდა გიყვარდეს, ვინც ღმერთს უყვარს, რადგან უფალს ყველა ჩვენგანის მიმართ მამობრივი გული აქვსო. წმინდა მამები იმასაც შეგვაგონებენ, რომ რადგან ღმერთი ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე, ამიტომ ჩვენ მოვალენი ვართ მოყვასზე ვიზრუნოთ. ალბათ, მიხვდით, ადამიანური ურთიერთობები, მოყვასის სიყვარული, მეგობრობააDდღევანდელი ინტერვიუს თემა. "გუმბათის" შეკითხვებს ჯვარის მამის ეკლესიის მოძღვარი, დეკანოზი თავმას ჩოხელი უპასუხებს.


- მამა თავმას, ადამიანურ ურთიერთობებზე ვისაუბროთ. რამდენად ვალდებულია ყოველი ქრისტიანი, გამოიჩინოს მზრუნველობა სხვა ადამიანის მიმართ, შეეწეოდეს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ანუგეშოს, სიყვარული გაუნაწილოს.


- ადამიანის ცხოვრება, როგორც ჩვენი უწმინდესი ბრძანებს, ჯვარს უნდა ჰგავდეს, ჯვარს, რომელიც 2 ძელისგან შედგება. ვერტიკალური ძელი ღვთისკენ სწრაფვის გამომხატველია, ჰორიზონტალური კი - ადამიანებისკენ სწაფვისა. ეს ხანმოკლე ცხოვრება ღვთისგან, როგორც მოსამზადებელი პერიოდი, ისე მოგვეცა. ამიტომ უნდა ვეცადოთ ღვთის მცნებები აღვასრულოთ და პირნათელნი წარვდგეთ უფლის წინაშე. შეძლებისდგვარად, დავეხმაროთ ადამიანებს, ჩვენი პროფესიით იქნება ეს თუ უბრალოდ, ადამიანური სითბოთი გავუადვილოთ ცხოვრება. ყოველ ადამიანს ერთი ოჯახი უნდა ჰყავდეს, რომელსაც სისტემატიურად დაეხმარება და შეუმსუბუქებს ცხოვრებას. 20 წლის წინ, მე საპატრიარქოში ვცხოვრობდი, სადაც უწმინდესისგან ბევრი რამ ვისწავლე. ის ყოველთვის გვეუბნებოდა, თუ არ შეგიძლია ადამიანს დაეხმარო ეკონომიკურად, კეთილი სიტყვა უთხარი, ესეც დიდი დახმარებააო. ერთ-ერთი მწერალი ამბობს, არაფერი ისე იაფი არ გვიჯდება და ისე ძვირად არ ფასობს, როგორც ზრდილობაო. რა არის ზრდილობა? ესაა გვერდით დგომა, კარგად მოქცევა ადამიანისთვის, რაც იგივე სიკეთეა.


- ამბობენ, რომ დღეს ურთიერთობები შეიცვალა, ადამიანებში ურთიერთსიყვარულის განელება შეინიშნება. თქვენი აზრით, რა უნდა იყოს ამის მიზეზი?


- ცხოვრება ცოტა აჩქარდა, ადამიანები ვეღარაფერს ასწრებენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, მათ ერთმანეთი დაივიწყონ. ადამიანმა მაინც უნდა იპოვოს თავის თავში ძალა, რომ ნათესავთანაც ჰქონდეს ურთიერთობა, მეგობართანაც, მეზობელთანაც. ჩვენ, ქართველები, ტრადიციების ხალხი ვართ. ჩვენთვის ეს ურთიერთობები ოდითგანვე ძვირფასია და არ უნდა დავკარგოთ. უნდა შევეცადოთ, მოვასწროთ და შევასრულოთ ჩვენი ადამიანური მოვალეობები. ნათქვამია, ადამიანმა ადამიანს ზემოდან მხოლოდ მაშინ უნდა დახედოს, როცა, ის ასაყენებლად ხელს გაუწოდებსო. ჩვენ, ყველა უნდა შევეცადოთ ჩვენი საკეთებელი საქმე ვაკეთოთ, მოძღვარმაც, მრევლმაც. ტრადიციები რომ არ დაიკარგოს,Aადამიანებმა, პირველ რიგში, ოჯახებში უნდა ააღორძინონ.


- ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, ვინც მარტო თავისი თავისთვის ცხოვრობს და მხოლოდ საკუთარ გამორჩენას დაეძებს, ის ბედნიერი ვერ იქნებაო.


- დიახ, ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე თუ იფიქრებს, მას გარშემო მყოფთა ბედიც უნდა აღელვებდეს და მადლობა უფალს, ჩვენ ქვეყანაში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც კეთილ საქმეებს აღასრულებენ. ჩვენ ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, ღმერთი მოწყალეა. საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და იმედია, ღვთის მადლით, ყველაფერი კარგად იქნება.


- ჩემი აზრით, შეუძლებელია ყოველი ადამიანი გვიყვარდეს, თუმცა, მაცხოვარი მტრის სიყვარულსაც მიგვითითებს. როგორ დავიცვათ ზომიერება ისე, რომ ადამიანი არ შეგვძულდეს?


- შესაძლოა, ყველა ადამიანი ვერ შეიყვარო, მაგრამ არ უნდა გვეჯავრებოდეს. ზოგადად, უნდა ვცდილობდეთ, ადამიანები გვიყვარდეს. თუ ვინმემ რამე გვაწყენინა, მისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ. ვიფიქროთ, იქნებ, ადამიანმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ უშეცდომო ვინაა?!


- მათ მიმართ როგორი დამოკიდებულება უნდა ვიქონიოთ, ვინც ჩვენდამი უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებს?


- ადამიანი ცუდს რომ გაგვიკეთებს, უნდა შევეცადოთ, ჩვენ კარგი მივაგოთ, მოვეფეროთ, სიყვარულით მოვეპყრათ და ამგვარი დამოკიდებულების შემდეგ, ის მიხვდება, რომ არასწორად მოიქცა და შემდეგში თვითონაც უკეთესად მოიქცევა. ჩვენი ცხოვრების წესით, ბოროტ ადამიანებზე კეთილი ზემოქმედება უნდა მოვახდინოთ და ღვთისნიერად წარმოვჩინდეთ. უმჯობესია, ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ, ვიდრე ეჯავრებოდეთ, სამწუხაროდ, ასეც ხდება.


- არის შემთხვევები, როდესაც ერთმანეთთან მომდურებული ადამიანები დაუმძრახდებიან ხოლმე. ეს საქციელი როგორ ფასდება?

- უნდა შევეცადოთ, ადამიანებთან ურთიერთობა ამ დონეზე არ გავართულოთ. უმძრახობა სწორ ფორმად არ მიმაჩნია. ეს უფრო ბავშვური დამოკიდებულებაა. ამგვარი საქციელით ადამიანი საკუთარ თავს შეურაცხყოფს.


- მამაო, მეგობრობაზეც გავამახვილოთ ყურადღება. ვისთან უნდა იმეგობროს ქრისტიანმა ადამიანმა? ან თუნდაც, როგორ უნდა შეარჩიოს მეგობრები?


- ჩვენ სიყვარული და მეგობრობა თავად უფალმა გვასწავლა. იესო ქრისტე ლაზარეს მეგობარი იყო, მას ძალიან უყვარდა მართალი ლაზარე. შევეცადოთ, ჩვენი მეგობრებიც მართალი ადამიანები იყვნენ. მნიშვნელოვანია სულიერ ადამიანებთან ურთიერთობა. შესაძლებელია ითქვას, რომ ქრისტიანმა მორწმუნე ადამიანებთან უნდა იმეგობროს. თუმცა, მეგობარს ცხოვრება გირჩევს. ყველაფერი ღმრთის ნებაა და მეგობრების შერჩევაც მთლად ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ღმრთის ნებით, ყოველგვარი ჩარჩოებისა და წესების გარეშე უმეგობრდებიან ადამიანები ერთმანეთს. საოცრად ძვირფასი გრძნობაა მეგობრობა. ადამიანი არანაირი ნათესავი არ არის შენი და ამ დროს ძალიან გიყვარს. პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მეგობრებს.


- ვის შეიძლება ადამიანი ბოლომდე გაენდოს?


- არის რაღაც, რაც იმდენად პირადულია, რომ მხოლოდ აღსარებაში უნდა ითქვას. ამისთვის არსებობს ეკლესია და მოძღვარი.


- და რასაც მოძღვართან იტყვის ადამიანი, იმაზე სხვასთან აღარ უნდა ისაუბროს?


- მოძღვარს რასაც აღსარებაში ეუბნებიან მრევლის წევრები, ამის შესახებ სხვა ადამიანებთან არ უნდა ისაუბრონ. აღსარება წმინდა საიდუმლოა. მოძღვარი თავისი მრევლის წევრების მეგობარია და ზომიერად მასთან მეგობრობა შესაძლებელია.


- მამაო, თქვენ მთიდან ხართ წარმოშობით. სოფელში და მით უფრო, მთაში განსაკუთრებული მეზობლობა იციან. ამ ტრადიციის შესახებ რამეს თუ გაიხსენებთ?


- მე ორი რაიონიდან ვარ და ჩემი ორმაგი სოფლელობა ძალიან მეამაყება. ჩემს ბავშვობაში, მახსოვს, ასეთი ტრადიცია არსებობდა, როცა მეზობელი პურს გამოაცხობდა, პირველად, აუცილებლად, მეზობელს მიაწვდიდა. ახლაც მინახავს ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან. შესაძლოა, ითქვას, რომ ძველი ტრადიციები ბოლომდე არ დაკარგულა. ეს ტრადიციები შენარჩუნებული უნდა იყოს, რადგან მამული, ენა, სარწმუნოება - სწორედ ჩვენმა ტრადიციებმა შეგვინარჩუნა.


- მთაში კიდევ რომელი ტრადიციაა განსაკუთრებული?


- მთაში განსაკუთრებულია უფროსისადმი პატივისცემა. უფროსთან მყოფი უმცროსი მანამ არ დაჯდებოდა, ვიდრე უფროსი ფეხზე იდგა. ერმა უფროსის პატივისცემა არ უნდა დაკარგოს. მშობლებს ბავშვი ზოგჯერ სახელებით მიმართავს. ეს არ არის კარგი. დედა და მამა უნდა დაუძახოს.


- მამაო, კიდევ მინდა გკითხოთ, ვინ არის ადამიანი ადამიანისთვის და მაინც, რატომ უნდა გვიყვარდეს მოყვასი?

- ერთი ადამიანი მეორე ადამიანისთვის არის იმედი ხვალინდელი დღისა. ღმერთი თვითონ სიყვარულია, რომელმაც ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და მრავალ სიკეთესთან ერთად, მასში სიყვარულის უნარიც ჩადო. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ღვთისადმი ხატება და მსგავსება და ჩვენი ცხოვრების წესით, მცირედ მაინც მივემსგავსოთ იმ ქრისტიანებს, ვინც ყველაზე ძვირფასი, თავისი სიცოცხლე შესწირა უფლის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულს.


- საუბრის ბოლოს, რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?


- ყოველ დილას, ადამიანი რომ გაიღვიძებს, მადლობა უნდა უთხრას უფალს კიდევ ერთი გათენებული დღისთვის და დილიდანვე იფიქროს იმაზე, თუ ვის რას არგებს. ყოველ დღეს ადამიანი უნდა შეეცადოს, თუნდაც ერთი, სულ პატარა, სიტყვიერი სიკეთე მაინც აღასრულოს.


georwmena.tk



Комментариев нет:

Отправить комментарий