„შენს შვილებს, ანუ ბოროტ აზრებს აღზრდისა და ბოროტების აღსრულების საშუალება არ მისცე. არამედ, ვიდრე ჯერ კიდევ ჩვილნი იყვნენ, ვიდრე გაიზრდებოდნენ და მასზე გაფართოვდებოდნენ, შეიპყარი და კლდეს, იესო ქრისტეს შეახეთქე”...
როგორ უნდა ვებრძოლო ჩვენს გონებაში, სხეულში, წუთისოფელში არსებულ ცოდვებს, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ჩვენ, ყველა ქრისტიანმა, წმიდა წერილიდან ვიცით და გვწამს, რომ ღმერთმა ადამიანი თავის ხატისამებრ და მსგავსებისამებრ შექმნა. ამიტომაც, შექმნისას, ადამიანს უცოდველი ბუნება ებოძა. მაგრამ‚ ჯერ კიდევ პირველი ადამიანი – ადამიც არ დარჩენილა უცოდველი. დაკარგა რა პირველქმნილი სიწმიდე, პირველ, სამოთხისეულ ცოდვით დაცემაში, ცოდვიანობის ამ საწამლავმა შემცოდე წინაპართაგან წარმოშობილი კაცობრიობის მთელი მოდგომა დაასნებოვნა. ხოლო‚ რადგანაც თითოეული ადამიანი წინაპართაგან ცოდვისკენ მემკვიდრეობით მიღებულ მიდრეკილებებს საკუთარ, პირადულ ცოდვებს უმატებს, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ წმიდა ბიბლია ყოველი ჩვენგანის მისამართით ამბობს: არ არსებობს ადამიანი, თუნდაც ერთი დღე ეცოცხლოს და არ შეეცოდოს. აბსოლუტურად სუფთაა ყოველგვარი ცოდვისგან მხოლოდ უფალი იესო ქრისტე. წმიდანებსაც კი ჰქონდათ ცოდვები, თუმცა‚ ღვთის შეწევნით ებრძოდნენ მათ, მაგრამ, მორჩილად მაინც უწოდებდნენ საკუთარ თავს ცოდვილებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცოდვა სულისმიერი კეთრია, ავადმყოფობა, წყლული, რომელმაც დააზიანა სულის სამივე უნარი: ძალა, გონება, გრძნობა (გული) და ნებისყოფა.
რომაელებს ჰქონდათ ასეთ გამონათქვამი: ადამიანებს შეცდომები ახასიათებთ. მაგრამ‚ შესაძლოა‚ კიდევ უფრო მეტად არის დაზიანებული ცოდვით ადამიანის გული – ცენტრი მისი განცდებისა, კეთილისა და ბოროტის, ნაღველისა და სიხარულის შეგრძნებებისა და წმიდის, სულისმიერისა და ქრისტიანულად ამაღლების შეგრძნებას კარგავს. მაგრამ‚ ყველაზე მეტად მაინც ცოდვით ზიანდება და იბოჭება ადამიანის ნებისყოფა, როგორც უნარი ქმედებებისა და ადამიანის განზრახულთა აღსრულებისა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი დაბრკოლების ნამდვილი მიზეზი საკუთარი თავის უდანაშაულოდ მიჩნევაა. იმიტომ ვერ ვპოულობთ სიმშვიდეს, რომ ჩვენს თავს არ ვადანაშაულებთ. ზოგჯერ კაცი თავის სენაკში ზის და ჰგონია‚ მშვიდად არის, მაგრამ, როგორც კი ძმა საწყენ სიტყვას ეტყვის, მაშინვე აღშფოთდება და ამბობს: „მშვიდად ვიჯექი ჩემს სენაკში. ეს სიტყვა რომ არ ეთქვა ჩემთვის, არც აღვშფოთდებოდი“. ამანაც არ იცის, რომ ეშმაკები დასცინიან. ამ სიტყვების მთქმელმა კი არ შთაუგდო ვნება გულში, არამედ, ეს ვნება უჩვენა, რათა, თუ მოიწადინებს, შეინანოს. ის იმ თეთრი პურის მსგავსია, შიგნიდან დაობებული რომ არის, გარედან კი საღი ჩანს და, როცა გადატეხენ, მაშინღა ჩანს მისი სიდამპლე. ამასაც ეგონა‚ მშვიდად იჯდა, მაგრამ, მის შიგნით იყო ეს ვნება და არ იცოდა, თუმცა, როგორც კი ძმამ ცოტა რამ უთხრა, დაუყოვნებლივ გამოჩნდა მასში დამალული გესლი... ამიტომ‚ არაფერი გვარგებს ისე, როგორც საკუთარი თავის დადანაშაულება. ამიტომ ვერ ვაღწევთ წარმატებას ვერანაირ სათნოებაში, ვერც სარგებელს ვპოულობთ, რადგან, თითოეული ჩვენგანი თავს ვიმართლებთ, ჩვენს თავს ვპატიობთ, არც მცნებებს არ აღვასრულებთ და მოყვასისგან მოვითხოვთ მცნებების აღსრულებას. ამიტომ ვერ ვხვდებით‚ რა არის კეთილი. თუ რამე მცირე სათნოებას აღვასრულებთ, მყისვე მოყვასისგანაც იმავეს მოვითხოვთ და ვამბობთ: რატომ ისიც არ აკეთებს? მამა ანტონმა თქვა: „დიდი საქმეა, კაცმა მთელი შეცოდება თავის თავზე აიღოს ღვთის წინაშე და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მოელოდოს განსაცდელს“. მამები იცავდნენ ამას – რაც შეემთხვეოდათ‚ ყველაფერს ღმერთს მიანდობდნენ და ამიტომ ჰპოვეს სიმშვიდე.
როგორც წმიდა მარკოზი ამბობს: „გულში ნაწრთობი სიბოროტე გულს აფიცხებს. რაჟამს ლოცვითა და სასოებით ჩაქრება, მაშინ გული შეიმუსრება“, გულისწყრომა არის გულში სისხლის ადუღება, როგორც წმიდა ბასილი ამბობს: „აი, ესაა გულისწყრომა, რომელსაც მწარედ გაფიცხება ეწოდება“. მისი ჩაქრობაც შესაძლებელია. როგორ მივაგებთ ბოროტებას ბოროტების წილ და ამას ვერ ვხვდებით? ბოროტების მიგება არა მარტო საქმით ხდება, არამედ, სიტყვითაც, სახითაც ან შეხედვითაც. ასეთ დროს ადამიანმა უნდა თქვას: „ღმერთო, შეეწიე ჩემს ძმასაც და მეც, დამიცავი მისი ლოცვით“. ეს არის ლმობიერება და სიყვარული მისი მხრიდან, რადგან, თავის ძმაზე ლოცულობს და მისი ლოცვით თავმდაბლად ითხოვს ღმერთის შეწევნას. სადაც ლმობიერებაა, იქ უძლურია გულისწყრომა, ღვარძლიანობა და სხვა რამე ვნება. როგორც მამა ზოსიმე ამბობს: „თუნდაც ეშმაკმა მთელი თავისი უკეთურების მანქანა აამოქმედოს ყველა ეშმაკთან ერთად, ყოველივე დაუძლურდება და შეიმუსრება ქრისტეს მცნებების თანახმად გაწეული თავმდაბლობით“.
tbiliselebi.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий