ღმერთი

ღმერთი

суббота, 20 апреля 2013 г.

„შეიყვარეთ სიყვარული''

    „შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!“ - სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)

1992 წელს, როცა საქართველოში ძმა ძმას ტყვიას ესროდა, როცა ცოდვა იყო გამრავლებული და მადლი - არ გარდამეტებული, თბილისში ერთმა სქემარქიმანდრიტმა დიდი ღვაწლი აიღო: მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა, ისედაც მცირედი საკვების მიმღები პურსა და წყალზე გადავიდა, ხოლო როცა მოსაღამოვდებოდა, ანთებდა უამრავ სანთელს, მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეეტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს, შესთხოვდა, სიმშვიდის სული გარდამოევლინა ქართველთა ზედა. იგი არ გახლდათ ხორციელი ნათესავი ქართლოსიანთა, რუსი იყო, მაგრამ ჭეშმარიტად დიდი მოყვასი ივერიისა.

მამა ვიტალი (სიდორენკო) კრასნოდარის მხარეში დაიბადა 1928 წელს. როცა მისი დედა, ალექსანდრა (შემდგომში - მონაზონი ანდრონიკა), ორსულად იყო მასზე, უფალს ევედრებოდა: „ღმერთო, ისეთი შვილი მომეცი, შენც სათნო გეყოს და ხალხსაცო“. ერთხელ ძილში ორი მზე უხილავს და ხმაც გაუგია: „ერთი მზე შენს წიაღშიაო“. დაიბადა ყრმა. მერვე დღეს, ტაძრად მიყვანისას, მოძღვარმა, წესისამებრ, საკურთხეველში შეიყვანა იგი. საოცარი მადლი გარდამოვიდა ჩვილისგან. შეშინებულმა მოძღვარმა ბავშვი წმიდა ტრაპეზზე დააწვინა, მერე კი, გონს რომ მოვიდა, მშობლებს დაუბრუნა და უთხრა, დიდი ადამიანი გახდებაო. გადმოგვცემენ, ნათლობისას ყრმა ემბაზში ფეხზე იდგა და იღიმებოდაო, ხორცის ჭამა სულ პატარას აღუკრძალავს, ხოლო ოთხშაბათ-პარასკევს რძესაც არ აკარებდა პირს. კითხვა რომ უსწავლია, მისი საყვარელი წიგნი წმინდა სახარება გამხდარა. ზარების რეკას რომ გაიგებდა, სამუშაოს მიატოვებდა და ტაძრისკენ გარბოდა.

მეშვიდე კლასში ყოფილა. ნეკრასოვის „რკინიგზის“ წაკითხვა უთხოვიათ, მას კი ასე წაუკითხავს: „სამყაროს მართავს მეფე დაუნდობელი. ეს მეფე სტალინიაო“. მის რელიგიურ „დანაშაულს“ პოლიტიკურიც მიემატა და სკოლიდან გარიცხეს.

16 წლის ვიტალიმ საბჭოთა პასპორტი დახია, რადგან მხოლოდ ზეცის მოქალაქეობა სურდა. ბერობის სურვილი მტკიცედ ჩაწვნოდა სულში.

ერთხანს წმიდა სერგის ლავრაში ცხოვრობდა, ომის შემდეგ რომ გაიხსნა, მაგრამ იქ მისი უსაბუთოდ გაჩერება არ მოხერხდებოდა, ამიტომ მამებმა გლინის უდაბნოში წასვლა ურჩიეს. იმხანად იქ დიდი მამები სერაფიმე რომანცევი, სერაფიმე ამელინი, ანდრონიკე ლუკაში და სხვანი მოღვაწეობდნენ. მათგან ისწავლა ვიტალიმ სიმდაბლე, მორჩილება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული. „რაში ჩანს სულიერი წარმატება? - სიმდაბლეში. ვინც რარიგად დამდაბლდება, ისევე წარემატება სულიერად“, - ასწავლიდა მამა ანდრონიკე და ვიტალიც საქმით აღასრულებდა. მერე და მერე მისი გლინის უდაბნოში დამალვაც გაჭირდა და მოძღვრის კურთხევით ტაგანროგში გადავიდა. იქ გარს შემოიკრიბა მორწმუნენი, რომლებიც მერე მისი სულიერი შვილები გახდნენ. მათთან ერთად ფეხით მოივლიდა და მოილოცავდა ხოლმე რუსეთის სიწმინდეებს. ხშირად იჭერდნენ, სცემდნენ, შეურაცხყოფნენ. ამ შეჭირვებაში ტუბერკულოზი დამართნია. საავადმყოფოში ღამღამობით წამოდგებოდა თურმე და მძიმე ავადმყოფებისთვის ლოცულობდა, მის გვერდით რომ იწვნენ.

მოხდა სასწაული - ვიტალი გადარჩა.

ხრუშჩოვის პერიოდი იდგა. ჩანდა, გლინის უდაბნოს მალე დახურავდნენ, ამიტომ მამებმა ვიტალი ბერად აღკვეცეს და აფხაზეთის მთებში გაუშვეს. იმხანად იქ მრავალი ბერი მოღვაწეობდა. ძალზე შეუყვარდათ ძმებს ვიტალი, მაგრამო, - ამბობდნენ მასზე - ერთი ნაკლი აქვს - ყველაფრის გაცემა უყვარსო. ეს იყო ის „ნაკლი“, სიცოცხლის ბოლომდე რომ არ მოსცილებია.

ისეთ სიმდაბლეს მიაღწია, ყველაფრისთვის უღირსად მიიჩნევდა თავს, ამიტომ საჭმელს, სასმელს, საწოლს, სამოსს ყველაზე უბრალოსა და შეურაცხს ეტანებოდა.

დიდი იყო ძმათა მიმართ მისი სიყვარულიც. ერთხელ ერთ ძმას, ძალზე მოშორებით რომ ცხოვრობდა, პურის გამოცხობა უთხოვია. მამა ვიტალის პური გამოუცხვია, მაგრამ ფეხსაცმელი ვერ უპოვია - ძმებს ჩაეცვათ და სოფელში წასულიყვნენ საქმეზე. ფეხები ნავთით დაუზელია და რამდენიმე კილომეტრი ქვიანი და თოვლიანი გზა ფეხით გაუვლია. მაგრამ ძმას უუკადრისებია მისი მიტანილი პური. მამა ვიტალი ხმაამოუღებლად დაბრუნებულა უკან. თანამესენაკენი აღშფოთდნენ თურმე: „აღარ მიხვიდე მასთანო“. „ჩემს მამებს ასე არ უსწავლებიათო“, - მიუგია.

დადგა 1969 წელი. მთებში უკვე სახიფათო იყო დარჩენა - მილიციამ რამდენჯერმე დაარბია იქაურობა. ბერებმა აკურთხეს მამა ვიტალი და ისიც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც იმხანად მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა მოღვაწეობდა (მეუფე ზინობის აღკვეცილია ბერად უწმიდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია II). ვიტალიმ ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაიწყო მსახურება. 1976 წელს მღვლად აკურთხეს. თუმცა არ უნდოდა, მაგრამ მეუფე ზინობის კურთხევით მოიხსნა ჯაჭვები, რომელსაც ჩვიდმეტი წელი ფარულად ატარებდა და მოძღვრობის ჯვარი აღიღო.

გაძნელდა მისი უსაბუთოდ დაფარვა: „აირჩიე - ან ციხე, ან პასპორტიო“. რა იყო მისთვის ციხე, მაგრამ მოყვასის სიყვარულმა სძლია...

დიდუბეში, ერთ პატარა ქოხში დასახლდა. მიტროპოლიტ ზინობის კურთხევით, შეეძლო აქვე შეეწირა უსისხლო მსხვერპლი ან მონაზვნები აღეკვეცა. მალე მისი სახლი მონასტრად იქცა.

საქართველოს სიყვარული მამა ვიტალის მეუფე ზინობისგან გადაედო - გარდაცვალების წინ უხმო და აკურთხა თურმე, უწმინდესის გვერდით ყოფილიყო და არასოდეს დაეტოვებინა საქართველო...

ძალზე ჰყვარებია მამა ვიტალის ქართული ღვთისმსახურება, გალობა, დიდად აფასებდა თურმე ქართველ წმინდანებს. დიდი სინოდიკი ჰქონია და ყოველ წირვას ქართველების მოხსენიებით იწყებდა, რუსებს კი ამის მერეღა მოიხსენიებდა ხოლმე. ძალზე უხაროდა საქართველოში რწმენის აღორძინება, „რუსეთს კი სძინავსო“, - იტყოდა სინანულით. მისთვის საქართველო ყოველთვის „წმინდა ივერია“ იყო. ომი 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. მეტისმეტად განიცდიდა ამ ძმათამკვლელ ბაქკანალიას, წუხდა საშინლად ქართველთა შინაომის გამო. მონაზონთა თქმით, თბილისს ყოველ საათს ოთხივ კუთხივ აკურთხებდა და უფალს მის დაცვას ევედრებოდა. გახსოვთ ალბათ, მეტრო „დიდუბესთან“ იარაღით დატვირთული ვაგონები რომ აფეთქდა. მამა ვიტალი ღვთისმშობლის ხატით ხელში ისეთ ადგილას დადგა, საიდანაც კარგად ჩანდა ეს საშინელება და ლოცვა დაიწყო. ხატი მაღლა აწეული ეკავა და გამოტყორცნილ ჭურვებს აკურთხებდა. არავინ დაღუპულა. ეს ცხადი სასწაული იყო...

სოხუმში ომი რომ დაიწყო, მაშინ აღიღო ის ღვაწლი, წერილის დასაწყისში რომ ვახსენეთ. ჯერ კიდევ ომამდე რამდენიმე წლით ადრე აფრთხილებდა გარშემო მყოფთ: „იქნება მიწაზე საშინელი სისხლისღვრა, ძმათა კვლა, შიმშილი. ნუ გადააგდებთ საჭმელს, რადგან მაშინ ნარჩენებითაც კმაყოფილნი იქნებით. შეიცანით საკუთარი თავი და გაიგეთ, რომ რაც სამყაროში ხდება, ჩვენი ბრალია, ჩვენი ცოდვებისა“. საქართველოდან წასვლის კურთხევისთვის რომ მივიდოდნენ მასთან, უარს ეუბნებოდა:„ არ არის ეს ღვთის ნება! თქვენს ადგილას უნდა იდგეთ და ღმერთი თვითონ მოვა თქვენთან“. ამბობენ, რომ ახლაც გამოსცხადებია სულიერ შვილებს და საქართველოს დატოვება აუკრძალავს.

„მთელი სამყარო ჩემი მამა და დედაა. უცხო არავინ მყავს - ყველანი ჩემი ახლობლები არიანო“, - იტყოდა ხოლმე. ძალზე განიცდიდა, თუ სადმე კატასტროფა მოხდებოდა, აანთებდა სანთლებს და იმდენ მეტანიას აკეთებდა, რამდენი ადამიანიც დაიღუპა, ყველას სათითაოდ ავედრებდა უფალს.

მთელი ქვეყნიდან მოდიოდნენ მასთან ნუგეშის მისაღებად. მასთან შესვლისას „ღირს არსს“ ილოცებდი და მოძღვარს კურთხევას სთხოვდი, ის კი პასუხად მუხლს მოიდრეკდა შენს წინაშე, ხელზე გეამბორებოდა და აქეთ გთხოვდა კურთხევას (სულ ერთი იყო, კაცი იყავი თუ ქალი). შემდეგ დაგსვამდა, თვითნ იატაკზე მოირთხამდა ფეხს და საათობით იჯდა გაუნძრევლად, გისმენდა, მერე წიგნს აიღებდა და მამათა ნაწერებს გიკითხავდა. ცხოვრებაზე მოწუწუნეს ანუგეშებდა: „ამქვეყნად არაფერია რთული. თუ ადამიანები გეყვარება და გულწრფელად ეცდები მათ დახმარებას, ცხოვრება გაგიიოლდებაო“.

ძალზე მკაცრი იყო მათ მიმართ, ვინც სასულიერო პირებს განიკითხავდა: როცა მღვდელი მსახურებას აღავლენს, ის ცეცხლის ალს ჰგავს. საკუთარი თავის დანახვა რომ შეეძლოს, ამხელა პატივისა თავადვე შეეშინდებოდა; იმ ადგილს უნდა ეამბოროთ, სადაც მღვდელი იდგა მსახურებისას, რადგან მადლით არისო განწმენდილი, იტყოდა ხოლმე.

საოცარი გახლდათ მასთან ცოდვების აღსარება. დაფარულთმცნობელობის გამო მისთვის არაფერი იყო დამალული. დიდ ეპიტიმიას არ ადებდა მათ, ვინც ვერ აღასრულებდა; სამაგიეროდ, მივიდოდა მამა ანდრონიკესთან და სთხოვდა: „ეპიტიმია დამადე - აბორტი გავიკეთეო“. „გგონიათ, ადვილია, იყო დაფარულისმხილველი? როცა ხედავ, ადამიანი იღუპება, იცი, როგორ დაეხმარო და ისიც იცი, რომ ამ დახმარებას არ მიიღებს, გული დიდი მწუხარებით გევსებაო“, - უთქვამს ერთხელ.

დადგა მისი ამქვეყნიდან გასვლის ჟამიც. ცამეტი წლის წინ წყლულის გამო კუჭის ორი მესამედი ამოჰკვეთეს. მაშინ ხუთი დღე რეანიმაციაში იწვა. სული მისი, ზეცად აღტაცებული, ღვთისმშობელმა დააბრუნა უკან: „დაბრუნდი მიწაზე, იქ ცრემლებით დასველდა ყველაფერიო“. 1992 წელს კი წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა, სიყვარულის მოციქულმა, მოაბრუნა, ისიც - მხოლოდ ორი კვირით, რათა ნუგეში ეცა ხალხისთვის, უფროის კი პატრიარქისთვის, რომელიც იმხანად ხშირად ნახულობდა მას.

სულიერ შვილებს დაუბარა, მუდამ უწმინდესის გვერდით მდგარიყვნენ. 1992 წლის 1 დეკემბერს კი მისი მართალი სული წარდგა უფლის წინაშე და მისთვის გამზადებული ადგილი დაიმკვიდრა. მიცვალებულს წესი უწმინდესმა და უნეტარესმა, პატრიარქმა ილია II-მ აუგო. როცა მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი ისევ მომუჭა (სწორედ ისე, წმინდა სერაფიმე საროველისთვის წესის აგების დროს რომ მოხდა). „მონაზონთა ცრემლების გამო კუბოდან ხელს გამოვიწვდიო“, - გაახსენდათ დედებს მამა ვიტალის ნათქვამი. კიდევ ერთი ნუგეშის სიტყვა დაუტოვებია: „მოდით ჩემს საფლავთან, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო“, - ამიტომაც არის, რომ ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში, საკურთხევლის წინ, მის საფლავზე არასოდეს წყდება მლოცველთა დენა. ისიც მრავალს შეეწევა, მრავალსაც გამოცხადებია და ნუგეში უცია. ერთ ეპისკოპოსს ეჭვი შეჰპარვია, ნუთუ მართლა ასეთი მოღვაწეაო, და ზეცაში, იოანე ნათლისმცემელსა და სერაფიმე საროველთან ერთად უფლის ტრაპეზის წინ მომსახურე უხილავს.

„წმინდანო ღმრთისანო, გამხსენით ყოველთა საკრველთაგან და მიმაჯაჭვეთ ზეცას“ - შეჰღაღადებს ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩი. ჩვენც მივიდეთ მამა ვიტალის საფლავთან, ვესაუბროთ მას, როგორც ცოცხალს, სული მოვიბრუნოთ მის საფლავთან მომდინარე მადლით, - ეგებ გაგვეხსნას სულიერ თუ ხორციელ სნეულებათა საკრველნი და მცირე ხნით მაინც „მივეჯაჭვოთ ზეცას“.

მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
წიგნის „მამა ვიტალის ცხოვრების“ მიხედვით
ჟურნალი „კარიბჭე“, №11, 2004 წ.
მოგონებები მამა ვიტალიზე

სამთავისისა და გორის ეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა): „მამა ვიტალისთან პირველად მისულს მისთვის არანაირი შეკითხვა არ დამისვამს.

არც ისე მნიშვნელოვანი იყო, რას მეუბნებოდა იგი, უბრალოდ, მინდოდა, მასთან ახლოს ვყოფილიყავი, და მე მასთან ხშირად სიარული დავიწყე.

ერთხელ გავუმხილე ჩემი სანუკვარი ოცნება - ბერად შედგომის სურვილი და კურთხევა ვთხოვე, ოპტის უდაბნოში გავეშვი. მამა ვიტალიმ მიპასუხა: „დიახ, ოპტის უდაბნოში კარგი იქნებოდა, მაგრამ შესაძლოა, სხვაგვარადაც მოხდეს“. მან მიამბო, როგორ მივიდა მასთან ერთი ახალგაზრდა და უთხრა, რომ მონასტერში წასვლა სურდა, მაგრამ ორი წელი გავიდა, სანამ იგი იქ მოხვდებოდა.

მაშინ არც მიფიქრია, რომ ეს მე მეხებოდა. ჩემი სურვილის განხორციელება მხოლოდ ორი წლის შემდეგ შევძელი. ამას ხელი შეუშალა აფხაზეთის ომმა. მე მას კურთხევა ვთხოვე, ჩემს მშობლიურ ქალაქში, სოხუმში წავსულიყავი. გამგზავრების წინ მამა ვიტალიმ მაჩუქა ხატები და 90-ე ფსალმუნი: „წაიკითხე!“ - მითხრა მან. მთელი ომის განმავლობაში ვატარებდი გულით ამ სიწმიდეებს და ცოცხლად გადავრჩი.

როცა მამა ვიტალის გარდაცვალების ამბავი შევიტყვე, თბილისში ჩამოვედი. ტაძარში გამოვემშვიდობე მას და უკან ისე გავბრუნდი, რომ დაკრძალვას არ დავსწრებივარ. მთელი ომის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ იგი მიფრთხილდებოდა და მეხმარებოდა. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ მისი: იმისთვის, რომ ბერი გავხდი, რომ ღმერთმა დავით გარეჯის ლავრის წინამძღვრად დამადგინა, ჩემი მღვდელმთავრობისათვის (მამა ვიტალიმ ახალგაზრდა ანდრიას უწინასწარმეტყველა მღვდელმთავრობა. აი, როგორ იხსენებს ამას სქემიღუმენია სერაფიმა: როდესაც ანდრია ჩვენგან გავიდა, მამა ვიტალიმ უცებ მითხრა: „რატომ არ აიღე კურთხევა მღვდელმთავრისაგან?“ მაშინ ვერ მივხვდი, რომელ მღვდელმთავარზე მელაპარაკებოდა, მაშინ ხომ ანდრია ბერიც კი არ იყო“).
* * *

როდესაც მამა ვიტალი ძალიან ცუდად ხდებოდა, დედა სერაფიმა პატრიარქს ურეკავდა და უწმიდესიც აუცილებლად რამეს უგზავნიდა ან თვითონ მოდიოდა მასთან. ერთხელ მან მოიტანა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კანადის მირონმდინარე ხატის ზეთი და თვითონ სცხო მამა ვიტალის. ამ დროს მისი უწმიდესობა ყოველთვის ამხნევებდა მას და ყველა იქ მყოფს. შემოვიდოდა და გასხივოსნებული გაუღიმებდა: „მამა ვიტალი, ყველაფერი კარგად იქნება!“ როდესაც მისი ოთახიდან გამოდიოდა, ემჩნეოდა, როგორ განიცდიდა, მაგრამ მამა ვიტალის ამას არასოდეს აჩვენებდა. მისი მონახულების შემდეგ მამა ვიტალი ყოველთვის გახარებული და გამხნევებული იყო.
* * *

სქემიღუმენია სერაფიმა: „გარდაცვალების წინა დღეს უეცრად მან ხელით მანიშნა, რომ ფანჯარაზე ფარდები გადამეხსნა. მე ვკითხე: „ვის ხედავთ?“ იგი მდუმარედ მიყურებდა, შემდეგ თავის ხელს ემთხვია და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე მიმითითა. ხატი მივაწოდე და მან ყველა დაგვლოცა. შემდეგ ვკითხე: „დედა ღვთისმშობელი მობრძანდა?“ მან თავი დამიქნია და ატირდა.
* * *

მამა ვიტალი 1992 წლის 1 დეკემბერს 18 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა.

მობრძანდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რათა გამომშვიდობებოდა საყვარელ ადამიანს. მან თქვა: „თქვენ არ იცით, ვინ დავკარგეთ“. უწმიდესმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უვლიდა მამა ვიტალის და მიუთითა ოთახზე, სადაც ცხოვრობდა, ლოცულობდა და გარდაიცვალა უდიდესი ბერი, თან დასძინა: „მოდით, თაყვანი ვცეთ ამ ადგილს“.
* * *

1992 წლის 5 დეკემბერს მისი უწმიდესობის კურთხევით მამა ვიტალი წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღასრულებდა. ქადაგებაში მან ბრძანა:

„დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს უდიდეს ხუცესს, სქემარქიმანდრიტ ვიტალის. ვინც მას იცნობდა, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა, იცის, რაოდენ წმიდა იყო ამ გასაოცარი ბერის ცხოვრება.

გასაოცარი და წმიდა რწმენა, განუზომელი სიყვარული, სამაგალითო თავმდაბლობა და მორჩილება - ეს ყველაფერი ქმნიდა იმ სულიერ ატმოსფეროს, რომელსაც სიყვარული მოჰქონდა ყველასთვის, ვისაც მისგან ნუგეშის მიღება ჰქონდა. ეს იყო წმიდა ხუცესი, მე არაერთხელ მინახავს ეს სიწმიდე, რომელსაც იგი თავის გარშემო აფრქვევდა. დღეს, ძმანო და დანო, ჩვენ ვაცილებთ მას, მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მამა ვიტალი მარადჟამს ჩვენთანაა და იმისათვის, რომ ყველას ყოველდღიურად გვქონდეს სულიერი ნუგეში, გადავწყვიტეთ, იგი წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დავკრძალოთ. ეს ყველას მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ხშირად მივიდეთ მასთან, მივიღოთ მისი კურთხევა. ისევე, როგორც სიცოცხლეში, იგი ყოველთვის დაგვეხმარება ჩვენ. უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა სანახებში.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ერთ-ერთი იმ ხუცესთაგანია, რომლებიც განსაცდელის მძიმე ჟამს სიყვარულით მიიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრმა ღვთივკურთხეულმა ივერიამ...“
* * *

მღვდელი პავლე კოსაჩი: „პატრიარქმა შენდობის ლოცვა წაიკითხა და მე გადმომცა იგი, რათა მამა ვიტალისთვის ხელში ჩამედო. ამ დროს მისი ხელის დიდი თითი გაიხსნა, მე ლოცვის ფურცელი მის ხელისგულზე დავდე - და ხელი თვითონ შეიკრა. იმდენად თავზარდაცემული ვიყავი, რომ მოულოდნელობისაგან წამოვიყვირე: „თვითონ გამომართვა!“ მოგვიანებით მივიღე ეს ფაქტი ჩვეულებრივად - ეს ადამიანი ხომ არაამქვეყნიური იყო“.

„თვითონ აიღო!“ - დამიდასტურა გვერდით მდგომაა მღვდელმა მიქაელ დიდენკომ (იგი 2000 წელს გარდაიცვალა არქიმანდრიტის ხარისხში).

უწმიდესმა პატრიარქმა თანხმობის ნიშნად უსიტყვოდ დაიქნია თავი და მსახურება განაგრძო (მღვდელმსახურთა ეს რეაქცია დაფიქსირებულია ვიდეოკამერით).

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით მამა ვიტალი დაკრძალულია წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის საკურთხევლის პირდაპირ, ტაძრის ეზოში. საფლავზე ჩაუქობლად ანთია კანდელი, არ ქრება სანთლები და ყოველთვის არის ყვავილები. მამა ვიტალის საფლავთან მოდიან ისინიც, ვინც ადრე მას არ იცნობდა, მოდიან ხუცესის მადლიანი შეწევნისათვის, რომელსაც ისინი რეალურად გრძნობენ თავიანთ ცხოვრებაში. სიცოცხლეში ხომ მამა ვიტალი ხშირად ამბობდა: „როდესაც მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავზე და მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს, მე დაგეხმარებით“.

„მამა ვიტალი, დამეხმარე! მამაო, შემეწიე!“ - უხმობენ სულიერი შვილები და არა მხოლოდ ისინი და მწუხარება განქარდება, სული სიხარულით ივსება და სულიერი თუ ფიზიკური სნეულებანი იკურნება.

მამა ვიტალის სიყვარული მისი ზეციურ იერუსალიმში წასვლის შემდეგ კვლავ ჩვენთანაა, რამეთუ პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, „სიყვარული არასადა დავარდების!“ (1 კორ. 13, 8).

მოამზადა ხათუნა რაქვიაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 47 (255), 2003 წ

orthodoxy.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий