ღმერთი

ღმერთი

четверг, 25 апреля 2013 г.

„მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!“

„მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება,
მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!“
პოლემიკამ მეცხრე მცნების დარღვევამდე არ უნდა მიგვიყვანოს

ღვთაებრივი სიბრძნე არის არა მარტო შემეცნების მიზანი და ერთგვარი საბოლოო ორიენტირი, - არამედ ყოველივეს დასაბამიც. ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან იყო ჩამოყალიბებული ქრისტიანების ურთიერთობის ძირითადი პრინციპი: „მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!“ უმთავრესია უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მასთან ერთობა! მის გარემე თვით მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებიც კი არაფერს ნიშნავს.

ქრისტიანი მუდამ ჭეშმარიტების დაცვის სადარაჯოზე უნდა იდგეს. წმინდა წერილი გვმოძღვრავს: „იყავი მტკიცე შენს ცოდნაში და ერთი იყოს სიტყვა შენი. იყავი სწრაფი მოსასმენად და პასუხი სულგრძელობით გაეცი. თუ გაქვს ცოდნა მოყვასს უპასუხე, თუ არა და ბაგეზე გედოს ხელი. პატივი და უპატიობა სიტყვებშია და კაცის დამღუპველი მისი ენაა“ (ზირ. 5,10-13). ქრისტიანი ყოველივეს სიყვარულით უნდა იქმოდეს; უფალი მოგვიწოდებს, ვიყოთ მმვიდობისმყოფელნი და მამინ ჯილდოდ „ძე ღმრთისას“ უმაღლეს წოდებას გვპირდება (მთ. 5,9). ამ ჯილდოს პატივი ერგება წილად მას, ვინც ბაძავს ძეს ღვთასას, რომელმაც ცოდვით დაცემული კაცობრიობა თავის შემოქმედს შეარიგა!

ქრისტიანს არ შეჰფერის მტრობისა და შუღლის ჩამოგდება; იგი არ უნდა გახდეს მღელვარების მიზეზი. მაგრამ თუკი ქრისტიანს პოლემიკაში ჩაბმა მაინც მოუწევს, მისთვის კამათის მიზანი უფალთან და მის ჭეშმარიტებასთან მიახლოება უნდა იყოს.

ადამიანებთან პოლემიკის დროს ზედმიწევნითი სიფრთხილე გვმართებს, რათა ოპონენტთათვის ბრალის წაყენებისას ქრისტეს მცნებებს არ ვუღალატოთ და ჩვენს მოყვასს უნებლიედ ცილი არ დავწამოთ. „...განიშორეთ ტყუილი, იტყოდით ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუსისა თვისისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთას ასოებ“ (ეფეს. 4,25).

ვნებებს აყოლილი მოკამათენი კარგავენ ორიენტირებს და მათი დავა ამპარტავნული, არაქრისტიანული ხდება. იგი მიმართულია მოწინააღმდეგის პიროვნული შეურაცხყოფისა თუ დაკნინებისკენ.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ასეთი მეთოდებით დისკუსირებდა ეკლესიასთან ათეისტური პროპაგანდა. ამ დემაგოგიური სტილის მიმდევარ ოპონენტებს ახასიათებთ კამათის დროს „შულერული“ ხრიკების გამოყენება, - რაც მოწინააღმდეგის შეხედულებების დამახინჯებას, თვალთმაქცობასა და მსგავს სამარცხვინო ქმედებებს გულისხმობს.

თუკი კამათის დროს ჩვენი ბრძოლა მიმართულია არა იდეებისა, არამედ ამ მოსაზრებაზე მყოფი პიროვნების წინააღმდეგ, - უნდა გავაცნობიეროთ, რომ იგი უკვე მიზნად აღარ ისახავს სიმართლის მტკიცებას. კამათის სენით შეპყრობილ ადამიანებზე მოციქული ამბობს: „სნეულ არს ძიებისათვის და სიტყუათა ლალვისათა, რომლისაგან იქმნებიან შურნი, ჰდომანი, გმობანი, იჭუნი ბოროტნი“ (1ტიმ. 6,4). ამ გზით მავალი მოპაექრე, ნებსით თუ უნებლიედ, უარჰყოფს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლჟბა, სიყვარული, დაბოლოს, - თავად ქრისტესაც, რადგან მეცხრე მცნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს! მოციქული გვმოძღვრავს: „ძმათ-მოყუარებითა ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით; პატივის-ცემასა ერთი-ერთსა უსწრობდით“ (რომ. 12,10); „ყოველი სამწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით. იყვენით ურთიერთარს ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ თავთა თჳსთა, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ“ (ეფეს. 4,31-32).

დაუცხრომელი კამათი მეტოქის სრულ დამარცხებამდე, ისევე როგორც დევნის ნებისმიერი სხვა ფორმა, ხშირად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს მრისხანე „მამხილებელი“, რომლიც არაქრისტიანული კამათის ერთგვარ ნიმუშად გვევლინება. „ვიდრე ალაპარაკდებოდე მოიფიქრე...“ (სიბრძნე ზირაქისა 18,19) - გვმოძღვრავს წმინდა წერილი. ამგვარ კამათს შედეგად მოსდევს დაბნეულობა, დეზორიენტაცია და მღელვარება.

სამწუხაროდ, დღევანდელი ჟურნალისტიკის რეალობა თავის ასახვას ხშირად სწორედ ამგვარ დისკუსიებში პოულობს და ივიწყებს წმინდა წერილის შეგონებას: „...ნუ მრავალსიტყვაობ, როცა სხვა საუბრობს. ქუხილს ელვა უსწრებს წინ, ხოლო მორიდებულ კაცს - კეთილგანწყობა“ (სიბრძნე ზირაქისა 32,9-10).

როდესაც მოკამათე უარს აცხადებს, მოისმინოს სხვისი მოსაზრება იმის გამო, რომ მას მცდარად მიიჩნევს, - იგი აბსოლუტურ თავდაჯერებულობას ავლენს და საკუთარ თავს უცდომელობას მიაწერს. მოციქული გვმოძღვრავს: „...ნუ მაღალსა მას ჰზრახავთ, არამედ მდაბალსა მას შეეყვენით; ნუ იქმნებით ბრძენ თავით თვისით; და ნუცა ვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ; წინაწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა. უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშვიდობასა ჰყოფდით...“ (რომ. 12,16-18), ვინაიდან „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ (იაკობ 4,6).

თუკი მართალი ხარ, - სხვისი მოსმენაც უნდა შეძლო და მოწინააღმდეგისთვის საკუთარი მოსაზრების მშვიდად დასაბუთებაც. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ცდებოდეს, - ცოტა ვინმე თუ ფრთხილობს და უშვებს აზრს, რომ ის იდეები, რომელიც მას მართებულად მიაჩნია, შესაძლოა, მცდარი აღმოჩნდეს. ამასთან, ისიც დავძინოთ, რომ ერთია - ამტკიცო საკუთარი სიმართლე და ნება დართო ოპონენტებს, გეკამათონ მასზე და, სულ სხვაა - პრეტენზია იქონიო სრულ ჭეშმარიტებაზე და შენთვის სრულებით მიუღებელი იყოს დავა ამ საკითხზე. ესეც ადამიანის დაცემული ბუნებისთვის დამახასიათებელი ამპარტავნების ნაყოფია, რაზეც წმინდა წერილი შეგვაგონებს: „ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე...“ (იგავ. 16,5), „ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს“ (მთ. 23,12). ადამიანის სულიერი მდგომარეობა შესაბამისად მის საქმეებზეც აისახება: „...ყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ; ანუ ყავთ ხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მისი ხენეშ; რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს... კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი“ (მთ. 12,33,35).

მით უფრო საშიში და სავალალოა, თუკი ამგვარი ცნობიერების ადამიანი რეალურ ძალაუფლებას მოიპოვებს. ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს იმისა, როცა კანონის სახელით საუკეთესო ადამიანებსა თუ ამაღლებულ იდეებს ასამარებდნენ. მაგალითისთვის საკმარისი იქნება სოკრატეს გახსენება. ეს უდიდესი ფილოსოფოსი, პლატონისა და არისტოტელეს აღიარებული მასწავლებელი თანამოქალაქეებმა უწესობასა და ამორალურობაში დაადანაშაულეს - გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს! მისი ბრალმდებელი ამტკიცებდა, რომ სოკრატეს სწავლება და საუბრები „რყვნის ახალგაზრდობას.“

ქრისტიანობა უძველესი დროიდან მიისწრაფოდა წარმართული შეხედულებების „გაეკლესიურებისკენ“, ცდილობდა მათში ეპოვა ისეთი რაციონალური მარცვალი, რომელიც მისაღები იქნებოდა ქრისტიანობისათვის და ამასთან წარმართებსაც აზიარებდა ქრისტეს ნათელს (ამის ცოცხალი მაგალითებია მოციქული პავლე, წმინდა ბასილი დიდი და მრავალი სხვა). ასე, ქრისტიანობამ გაითავისა სოკრატეს მიდგომა პოლემიკისადმი, მისი დიალექტიკა.

ზოგატად, ერისტიკის (კამათის წარმოების ტექნიკა და მეთოდი) ისტორია თავისი ფესვებით ძველ საბერძნეთს უკავშირდება, სადაც მიჩნეული იყო, რომ კამათში იბადება ჭეშმარიტება. დროთა განმავლობამი ერისტიკა ორ ნაწილად გაიყო - დიალექტიკასა (რომელიც სოკრატემ შეიმუშავა) და სოფისტიკაზე. დიალექტიკის მიზანი დარჩა ჭეშმარიტების ძიება მოპაექრეთა ორმხრივი მცდელობის საფუძველზე, - პოვონ სიმართლე. მათგან განსხვავებით, სოფისტიკის (რომელიც არისტოტელეს ეპოქიდან ერისტიკასთან იგივდება) მიზანია - კამათში გამარჯვება ნებისმიერ ფასად, იმისდა მიუხედავად, თუ ვის მხარეზეა სიმართლე.

სოკრატე ბრწყინვალედ ფლობდა დისკუსიის ხელოვნებას, მაგრამ მისი იარაღი ოპონენტების წინააღმდეგ ყოველთვის კეთილსინდისიერება და სიმართლე იყო. იგი პრინციპულად ემიჯნებოდა მოდავე სოფისტებს, ასევე კატეგორიულად მიჯნავდა თავის საუბრებს - სოფისტთა კამათისა და სიტყვიერი პაექრობისგან. სოფისტთა კამათი მიმართულია გამარჯვების გარეგნული ეფექტის შესაქმნელად. ამ დროს მოპაექრე სოფისტი იგნორირებას უკეთებს საკითხის არსს, უარჰყოფს ჭეშმარიტების ობიექტურ ხასიათს, მიმართავს თავის დასაძვრენ ყოველგვარ სიტყვიერ ხრიკსა თუ ეშმაკობას. სოკრატესათვის საუბარი - უპირველესად, ჭეშმარიტების ძიებაა; იგი შესაბამის საგანზე დიალოგური ფორმით მსჯელობს. სოკრატესათვის დიალექტიკა წარმოადგენს მსჯელობის, საუბრის წარმოების ფილოსოფიურ ხელოვნებას.

ყოველი მოპაექრის არგუმენტების უმეტესი წილი იმისკენაა მიმართული, რომ დააკნინოს საწინააღმდეგო მოსაზრების ღირსებები. ციცერონი წერდა, რომ მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ზედმიწევნით უნდა მეიმეცნო და ფლობდე მათ უკეთ, ვიდრე საკუთარს, რათა მოწინააღმდეგის ლოგიკის ჯაჭვს ჩაწვდე და თუკი მართალი ხარ, - დაარწმუნო იგი. მათ, ვინც მარტოოდენ საკუთარ მოსაზრებას ფლობს, - მცირე რამ ცოდნია და არასწორ გზას ადგას. ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ კამათის დროს არცერთი მოპაექრე პატიოსანი დისკუსიის საზღვრებს არ უნდა გასცდეს. ყველაზე უპატიოსნო საქციელი პოლემიკისას - საწინააღმდეგო მოსაზრების დამახინჯება, ფაქტების დამალვა და სხვა სოფისტური ხრიკების გამოყენებაა.

თუკი ჯერ კიდევ ანტიკური ფილოსოფია ფლობდა პოლემიკის კულტურის საფუძვლებს, მით უფრო მეტი გვმართებს ქრისტიანებს, რომელთაც გვაქვს მოცემული სჯული და მცნებები.

ქრისტიანის პოლემიკა სამართლიანი და თავშეკავებული უნდა იყოს, სადაც სრულებით გამორიცხულია პიროვნული შეურაცხყოფა. ქრისტიანი ებრძვის ცოდვას ადამიანმი და არა თვითონ ადამიანს. მაცხოვარი ბრძანებს: „...რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თვისსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა“ (მთ. 5,22).

წმინდა წერილიდან ვიცით, როგორ ცდილობდნენ ფარისევლები მაცხოვრის პროვოცირებას, რათა შემდეგ სიტყვებზე გამოკიდებოდნენ მას. ამ მიზნით ისინი მაცხოვარს ერთდროულად უამრავ კითხვას უსვამდნენ და იმედოვნებდნენ, რომ ამით დააბნევდნენ და სიტყვაში გამოიჭერდნენ. „და მი-ვინმე-ავლინეს მისა ფარისეველნი და ჰეროდიანნი, რაითა მოინადირონ იგი სიტყვითა“ (მარკ. 12,13). ქრისტიანს არ შეჰფერის, ფარისეველთა მსგავსი უღირსი საქციელი და მოყვასისადმი ჩასაფრებული დამოკიდებულება.

მოწინააღმდეგის მხილება კამათის დროს მის განკითხვაში არ უნდა გადაიზარდოს. ამით, უნებლიედ, თავად შემოქმედს შეურაცხვყოფთ, რადგან განმკითხველი საკუთარ თავს ღვთაებრივი სამსჯავროს უფლებას ანიჭებს. მოციქული კი ამბობს: „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხვისა მონასა? თვისისა უფლისა დგეს, გინა თუ დაეცეს, დგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისდა“ (რომ. 14,4). ხშირად თვითმარქვია მსაჯული ღვთის სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, ჩვენ განვიკითხავთ მას, ვინც უფალმა ამ ვნების გამო უკვე შეიწყალა! შემთხვევით არაა, რომ ეფრემ ასური უფალს შეჰღაღადებს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“.

წმინდა მოციქული პეტრე ამბობს, რომ ლანძღვა-გინება, როგორც ნიშანი სიყვარულის გალევისა და, როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობის დამახინჯებული ფორმა, ბოლო ჟამს საზოგადოებაში გაძლიერდება ისევე, როგორც სხვა ვნებები - „..რამეთუ მოიწინენ უკუანაისკნელთა დღეთა მეკიცხევარნი გულის თქუმისაებრ თვისისა მავალნი“ (2პეტრ. 3,3).

ამგვარად, უსიყვარულობაა თავი და თავი ყოველი არაქრისტიანული კამათისა! „სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის...“ (1 კორინთ. 13,4). ქრისტიანული სიყვარული ყველაფერს ფარავს - „ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ“ (1 კორინთ. 13,7). და თუკი კამათში ქრისტიანი უსიყვარულობის მსხვერპლი ხდება, მაშინ წმინდა მამების დარიგებას მიჰყვეს: „სვით შეურაცხყოფა, როგორც ცხოველსმყოფელი წყალი და ჰმადლრბდით მხილებისა გამო“, - რათა თავადაც არ დაზიანდეს უსიყვარულობითა და განკითხვის სულით.

და რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი წარმოთქმული სიტყვით უპირველესად საკუთარ თავს ვაზიანებთ, რადგან უფალი ამბობს: „რამეთუ მე გეტყვი თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაი უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“ (მთ. 12,36-37).

თუმცა, ამასოფლის სული სხვა კანონებით არის განმსჭვალული, ამიტომ ამბობს მოციქული, რომ „...აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების“ (იაკობ. 4,4).

მარიამ გაგუა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 6, 2008 წ

Комментариев нет:

Отправить комментарий