ღმერთი

ღმერთი

четверг, 25 апреля 2013 г.

ათი მცნების განმარტება.I

კითხვა: რა ცხადყოფს ქრისტიანზე ჭეშმარიტი რწმენის მოქმედებასა და მის ნაყოფს?
პასუხი: სიყვარული და, შესაბამისად, კეთილი საქმენი.
"რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთილებაჲ, არამედ სარწმუნოებაჲ, სიყვარულისგან შეწევნული", – ამბობს პავლე მოციქული (გალატ. 5,6).
კითხვა: იქნებ ქრისტიანისთვის საკმარისია მხოლოდ რწმენა, სიყვარულისა და კეთილ საქმეთა გარეშე?
პასუხი: არ არის საკმარისი. რადგან სიყვარულისა და კეთილ საქმეთა გარეშე რწმენა უმოქმედოა და მკვდარი, ამიტომაც მას არ ძალუძს მარადიულ ცხოვრებამდე ჩვენი მიყვანა.
"ჩუენ უწყით, რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გვიყუარან ძმანი. რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ, სიკუდილსა შინა დადგრომილ არს. ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თვისი, იგი კაცის-მკლველი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკლველსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მის თანა დადგრომილად. ამით ვცნათ სიყუარული მისი, რამეთუ მან სული თვისი ჩუენთვის დადვა და ჩუენცა თანა-გუაც ძმათათვის სულთა ჩუენთა დადებაჲ. უკუეთუ ვისმე აქუნდეს საცხორებელი სოფლისაჲ ამის და იხილოს ძმაჲ თვისი, რომელსა ეხმარებოდის რაჲმე და დაჰხშნეს ნაწლევნი თვისნი მისგან, ვითარ-მე ჰგიეს მის თანა სიყუარული ღმრთისაჲ?" (1 იოან. 3,14-18).
"რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაჲ მაქუს და საქმენი არა ჰქონდინ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა?... რამეთუ ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს" (იაკობ. 2,14,26).
კითხვა: იქნებ შესაძლებელია პირიქით, მხოლოდ სიყვარულითა და კეთილი საქმეებით გადარჩენა რწმენის გარეშე?
პასუხი: შეუძლებელია ადამიანს, რომელსაც არა აქვს ჭეშმარიტი რწმენა, ნამდვილად უყვარდეს ღმერთი. ამასთან, ცოდვით დაზიანებულ კაცს არ ძალუძს ჭეშმარიტად კეთილ საქმეთა აღსრულება, თუკი იესო ქრისტეს რწმენით არ მიიღებს სულიერ ძალას, ანუ საღვთო მადლს.
"თვინიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაჲ; რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს, რომელი მოუხდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიებელთა მისთა სასყიდლის მიმცემელ ექმნების" (ებრ. 11,6).
კითხვა: რა უნდა ვიფიქროთ ისეთ სიყვარულზე, რომელსაც არ ახლავს კეთილი საქმეები?
პასუხი: ეს არ არის ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც ბუნებრივად ავლენს თავის თავს კეთილი საქმეებით.
იესო ქრისტე ბრძანებს: "რომელსა აქუნდეს მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე... უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს" (იოან. 14,21,23).
იოანე მოციქული წერს: "რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ" (1 იოან. 5,3).
"ნუ ვიყუარებით სიტყვითა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა" (1 იოან. 3,18).
საღვთო სჯულისა და მცნებათა შესახებ
კითხვა: რა საშუალებები არსებობს კეთილი საქმის ბოროტისგან გამოსარჩევად?
პასუხი: საღვთო სჯული შინაგანი, ანუ სინდისის მოწმობა, და საღვთო სჯული გარეგანი, ანუ ღვთის მცნებანი.
კითხვა: თუ არის შინაგანი სჯული ნახსენები წმიდა წერილში?
პასუხი: პავლე მოციქული წარმართებზე ამბობს: "რომელნი გამოაჩინებენ საქმესა შჯულისასა, დაწერილსა გულთა შინა მათთა, თანა-მოწამებითა მათდა გონებისა მათისაჲთა და შორის ურთიერთას გულის სიტყუანი შეასმენდენ ანუ სიტყუას უგებდენ" (რომ. 2,15).
კითხვა: თუ ადამიანებში შინაგანი სჯული არსებობს, მაშინ რისთვის მიეცათ გარეგანიც?
პასუხი: იგი იმიტომ მიეცათ, რომ ადამიანები შინაგან სჯულს არ ემორჩილებოდნენ, მისდევდნენ ხორციელ და ცოდვილ ცხოვრებას, საკუთარ თავში ახშობდნენ სულიერი სჯულის ხმას; ამიტომაც იყო საჭირო მათთვის ამ სჯულის გარეგნულად, მცნებათა საშუალებით შეხსენება.
კითხვა: როდის და როგორ მიეცათ ადამიანებს ღვთის გარეგანი სჯული?
პასუხი: როდესაც აბრაამის მოდგმამ – ებრაელმა ერმა სასწაულებრივად დააღწია თავი ეგვიპტეში მონობას და მისთვის აღთქმული მიწისკენ გზას დაადგა, ღმერთმა უდაბნოში, სინას მთაზე, ისრაიტელთა წინამძღოლის – მოსეს ხელით სჯული მისცა მათ.
კითხვა: რომელია ამ სჯულის მთავარი და საყოველთაო მცნებები?
პასუხი: ქვის ორ ფიქალზე ანუ სჯულისფიცარზე დაწერილი შემდეგი ათი მცნება:



1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.

2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველივე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე და რაოდენი არს წყალთა შინა, ქუეშე ქუეყანისა, არა თაყუანის-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

3. არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა.

4. მოიხსენე დღე იგი შაბათთაჲ და წმიდა-ყავ იგი: ექუს დღე იქმოდე და ჰქმენ ყოველი საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღმრთისა შენისა.

5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა ზედა. 


6. არა კაც-კლა.

7. არა იმრუშო.

8. არა იპარო.

9. არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა.

10. არა გული გითქუმიდეს ცოლისათვის მოყუსისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისა მოყუსისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვრისა მისისა, არცა ყოველი, რაჲ იყოს მოყუსისა შენისა. (გამოსლვ. 20,1-17). 




კითხვა: თუ ეს მცნებანი მიეცა ისრაელის ერს, ჩვენც გვმართებს მათი დაცვა?
პასუხი: გვმართებს – თავისი არსით ეს მცნებები იგივე სჯულია, რაც, პავლე მოციქულის სიტყვით, ყველა ადამიანის გულშია დაწერილი, რათა მის თანახმად იქცეოდნენ.
კითხვა: იესო ქრისტე გვასწავლიდა ათი მცნების თანახმად მოქცევას?
პასუხი: იესო ქრისტე გვიბრძანებდა მცნებათა დამარხვას მარადიული ცხოვრების დამკვიდრებისთვის და გვასწავლიდა, რათა უფრო სრულყოფილად შეგვეცნო და აღგვესრულებინა ისინი, ვიდრე მაცხოვრის მოვლინებამდე ესმოდათ და ასრულებდნენ (იხ. მათ. 19,17; თ. 5).

ორ სჯულისფიცრად მცნებათა გაყოფის შესახებ

კითხვა: რას ნიშნავს ათი მცნების გაყოფა ორ სჯულისფიცრად?
პასუხი: ეს ნიშნავს, რომ მათზე აისახა ორი სახის სიყვარული: ღვთისა და მოყვასისა. ამიტომაც გვეკისრება ორგვარი მოვალეობა.
კითხვა: იესო ქრისტე ხომ არ ამბობს რამეს ამის შესახებ?
პასუხი: შეკითხვაზე – "რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა?" – მან მიუგო: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან" (მათ. 22,36-40).
კითხვა: ყველა ადამიანი ჩვენი მოყვასია?
პასუხი: ყველა, რაკი ყველა ერთი ღმერთის ქმნილებაა და ერთი ადამიანიდან წარმოიშვა. მაგრამ ერთმორწმუნენი ორმაგად მახლობელნი არიან ჩვენთვის, როგორც ერთი ზეციური მამის შვილნი იესო ქრისტეს სარწმუნოებით (შდრ. ფილიპ. 3,9).
კითხვა: რატომ არ არსებობს საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის მცნებაც?
პასუხი: იმიტომ, რომ მცნების გარეშეც, ბუნებრივად, "არავინ სადა თავი თვისი მოიძულოს, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას" (ეფ. 5,29).
კითხვა: რა კანონზომიერებით უნდა გვიყვარდეს ღმერთი, მოყვასი და საკუთარი თავი?
პასუხი: საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ღვთისთვის და ნაწილობრივ – მოყვასისთვის; მოყვასი – ღვთისთვის, ხოლო ღმერთი უნდა გვიყვარდეს თავად ღვთისთვის და ამასთან – ყველაზე მეტად. საკუთარი თავის სიყვარული მსხვერპლად უნდა შევწიროთ მოყვასის სიყვარულს, ხოლო საკუთარი თავისა და მოყვასის სიყვარული – ღმერთს.
"უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის" (იოან. 15,13).
"რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს" (მათ. 10,37), – ბრძანებს იესო ქრისტე.
კითხვა: თუკი მთელი სჯულის გადმოცემა შესაძლებელია ორი მცნებით, მაშინ ათი მცნება რატომღა მოგვეცა?
პასუხი: იმიტომ, რომ უფრო ცხადი წარმოდგენა გვქონდეს ღვთისა და მოყვასის მიმართ ჩვენს მოვალეობებზე.
კითხვა: რომელი მცნებების თანახმად გვეკისრება ღვთის მიმართ მოვალეობანი?
პასუხი: პირველი ოთხის თანახმად.
კითხვა: სახელდობრ, რა მოვალეობანი გვეკისრება?
პასუხი: პირველი მცნება გვავალებს, შევიცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი და პატივი მივაგოთ.
მეორე – ვერიდოთ ცრუ ღმერთთა თაყვანისცემას.
მესამე – არ დავარღვიოთ ღვთისადმი თაყვანისცემა სიტყვითაც კი.
მეოთხე – წესიერად და გულმოდგინედ აღვასრულოთ ღვთის თაყვანისცემის საქმენი.

კითხვა: რომელი მცნებების თანახმად გვეკისრება მოვალეობები მოყვასის მიმართ?
პასუხი: უკანასკნელი ექვსი მცნების თანახმად.
კითხვა: რა მოვალეობებზეა საუბარი?
პასუხი: მეხუთე მცნება გვავალებს, გვიყვარდეს მოყვასი და პატივი ვცეთ მას, განსაკუთრებით ჩვენს ახლობლებს, მშობლებით დაწყებული.
მეექვსე მცნება – საფრთხე არ შევუქმნათ მოყვასთა სიცოცხლეს.

მეშვიდე – არ შეურაცხვყოთ მათი ზნეობრივი სიწმინდე.
მერვე – არ ხელვყოთ მათი საკუთრება.
მეცხრე – არ ვავნოთ მათ სიტყვით.
მეათე – არ ვუსურვოთ ცუდი.

კითხვა: შედის თუ არა ათ მცნებაში საკუთარი თავის მიმართ მოვალეობანიც?
პასუხი: ისინი შედის მოყვასის მიმართ მოვალეობის ცნებებში იმიტომ, რომ მოყვასი საკუთარი თავივით უნდა გვიყვარდეს.


პირველი მცნების შესახებ
კითხვა: რას ნიშნავს სიტყვები: "მე ვარ უფალი ღმერთი შენი?"
პასუხი: ამ სიტყვებით ღმერთი საკუთარ თავზე მიუთითებს და, მაშასადამე, ადამიანს უფალი ღმერთის შეცნობას უბრძანებს.



კითხვა: ღვთის შეცნობის შესახებ ამ ბრძანებაში რა განსაკუთრებული მოვალეობები შეიძლება ვიგულისხმოთ?
პასუხი: 1. უნდა ვეძიოთ ღვთის შეცნობა, რაც უმნიშვნელოვანესია ყველა ცოდნათა შორის.
2. ბეჯითად ვისმინოთ სწავლანი ღვთისა და მისი საქმეების შესახებ ეკლესიაში და ღვთისმოსავი საუბრები – სახლში.
3. საჭიროა ისეთი წიგნების კითხვა ან მოსმენა, რომლებიც ღვთის შეცნობას გვასწავლიან: პირველი – წმიდა წერილი, მეორე – წმინდა მამათა ნაწერები.

კითხვა: რას გვავალებს სიტყვები: "არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე?"
პასუხი: გვავალებს, მივმართოთ და მივემსჭვალოთ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, ანუ კეთილკრძალულებით მას მივაგოთ პატივი.
კითხვა: რა მოვალეობები განეკუთვნება ღვთისადმი შინაგან პატივისცემას?

1. რწმენა ღვთისა.
2. ღვთის წინაშე სვლა, ანუ ხსოვნა ღვთისა და ყოველთვის წინდახედულად მოქცევა, რადგან იგი (ღმერთი) ხედავს არა მხოლოდ საქმეებს, არამედ ჩვენს ყველაზე დაფარულ ფიქრებსაც.
3. ღვთისმოშიშება ანუ მის წინაშე კეთილკრძალულება. ეს ნიშნავს – ზეციური მამის რისხვა ჩვენთვის უდიდეს უბედურებად ჩავთვალოთ; ამიტომაც უნდა ვეცადოთ, არ განვარისხოთ იგი.
4. ღვთისადმი სასოება.
5. ღვთის სიყვარული.
6. ღვთისადმი მორჩილება, ანუ მუდმივი მზადყოფნა – ვაკეთოთ ის, რასაც ღმერთი გვიბრძანებს და არ ვდრტვინავდეთ, როდესაც იგი ისე არ გვექცევა, როგორც ჩვენ გვსურს.
7. ღვთის, როგორც უზენაესი არსების თაყვანისცემა.
8. ღვთის, როგორც ყოვლადსრულყოფილი არსების განდიდება.
9. ღვთის, როგორც შემოქმედის, განმგებლისა და მაცხოვრის მადლიერება.
10. ღვთის, როგორც ყოვლადსახიერისა და ყოველ კეთილ წამოწყებაში ყოვლისშემძლე შემწის მოხმობა.

კითხვა: რა მოვალეობანი განეკუთვნება ღვთის გარეგან პატივისცემას?
პასუხი: 1. ღვთის აღიარება. ეს ნიშნავს ვაღიაროთ, რომ ის არის ჩვენი ღმერთი, და არ უარვყოთ იგი, თუნდაც ამისთვის ტანჯვა და სიკვდილი გველოდეს.
2. ღვთისგან დადგინებულ და მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაწესებულ საზოგადო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა.
კითხვა: პირველი მცნების უკეთ გასააზრებლად და დასაცავად საჭიროა კიდევ ვიცოდეთ: რომელია მისი საწინააღმდეგო ცოდვები?
პასუხი: 1. უღმერთობა – როდესაც ადამიანები, რომელთაც ფსალმუნთმგალობელი სამართლიანად უწოდებს უგუნურებს, ამბობენ "გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი" (ფს. 13,1) და ამით სურთ ღვთის სამსჯავროს შიშისგან განთავისუფლება.
2. მრავალღმერთიანობა – როდესაც ერთი ჭეშმარიტი ღმერთის ნაცვლად ცრუ ღმერთებს აღიარებენ. აქ უნდა ვიგულისხმოთ ყველა ძველი და თანამედროვე წარმართული რელიგია – ინდუიზმი, ბუდიზმი, ცეცხლთაყვანისმცემლობა და ა. შ.
3. ურწმუნოება – როდესაც აღიარებენ ღმერთის არსებობას, მაგრამ მისი განგებულებისა და გამოცხადების არ სჯერათ.
4. ერესი – როდესაც ადამიანები ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას სიცრუეს შეურევენ. წმინდა მამები ერესის ცნებაში აერთიანებენ როგორც მართლმადიდებლობიდან განდგომილ მიმდინარეობებს (მაგ. კათოლიციზმი, მონოფიზიტობა, პროტესტანტობა), ასევე ე. წ. მონოთეისტურ რელიგიებს – იუდაიზმი და ისლამი.
5. განხეთქილება ანუ თვითნებური გამოყოფა მართლმადიდებელი ეკლესიისგან.
6. ღვთისგან განდგომა – როდესაც უარყოფენ ჭეშმარიტ ღმერთს ან ჭეშმარიტ სარწმუნოებას ადამიანური შიშის გამო ან ამქვეყნიური სარგებელის შესაძენად.
7. სასოწარკვეთილება – როდესაც ღვთისგან მადლის მიღებისა და გადარჩენის იმედი საერთოდ აღარ აქვთ.
8. ჯადოქრობა – როდესაც არ სწამთ ღვთის ყოვლისშემძლეობა და სჯერათ ადამიანის ყოვლისშემძლეობისა, საიდუმლო ძალებისა, განსაკუთრებით ბოროტი სულებისა, და მათი მეშვეობით ცდილობენ თავიანთი სურვილების აღსრულებას. ჯადოქრობას განეკუთვნება სხვადასხვაგვარი ოკულტიზმი, შავი და თეთრი მაგია, იოგა, ე. წ. თეოსოფია და ანთროპოსოფია, სპირიტიზმი, ასტროლოგია, მკითხაობა, შელოცვა, "ექსტრასენსული" მკურნალობა, ძენ-ბუდიზმი, ის აღმოსავლური ორთაბრძოლები, რომლებიც მიზნად ისახავენ ადამიანის ე. წ. შინაგანი ძალების განვითარებას და ა. შ.
9. ცრურწმენა – როდესაც სწამთ რომელიმე ჩვეულებრივი ნივთის ღვთიური ძალა და ღმერთის სანაცვლოდ მას სასოებენ, მისი ეშინიათ, ან რაიმე მოვლენას მიაწერენ ბედნიერებას ან უბედურებას, როგორც, მაგალითად, ბედნიერ ან უბედურ დღეებსა და წლებს, ვარსკვლავების განლაგებას, კარგ და ცუდ "ფეხს", შავ კატას, 13 რიცხვს და ა.შ.
10. მცონარება (სიზარმაცე) კეთილმსახურების შესწავლის (1 ტიმ. 6,3), ლოცვისა და საზოგადო ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიმართ.
11. ღმერთზე მეტად ქმნილების სიყვარული.
12. კაცთმოთნეობა – როდესაც ადამიანების მომადლიერებისთვის ზრუნავენ და არ ცდილობენ – სათნოეყონ ღმერთს.
13. კაცთმოიმედეობა – როდესაც საკუთარი ან სხვათა შესაძლებლობის იმედი აქვთ და არა საღვთო წყალობისა და შემწეობისა.

კითხვა: რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ კაცთმოთნეობა და კაცთმოიმედეობა ეწინააღმდეგება პირველ მცნებას?
პასუხი: იმიტომ, რომ ადამიანი, რომლის გულის მოგებაც გვინდა ან ვისი იმედიც გვაქვს, გარკვეულწილად ჩვენთვის უცხო ღმერთი ხდება და ჭეშმარიტი ღმერთის ადგილს იკავებს.
კითხვა: რას გვასწავლის წმიდა წერილი კაცთმოთნეობის შესახებ?
პასუხი: პავლე მოციქული ამბობს: "აწ კაცთა-მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა? ანუ ვეძიებ რას კაცთა მოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ" (გალ. 1,10).
კითხვა: რას გვეუბნება წმიდა წერილი კაცთმოიმედეობის შესახებ?
პასუხი: "ესრეთ იტყვის უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ, და განიმტკიცოს ხორცი მკლავისა თვისისაჲ და უფლისაგან განდგეს გული მისი" (იერემ. 17,5).
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, უკეთ რომ შეძლოს ღვთის წინაშე საკუთარი მოვალეობების წარმატებით შესრულება?
პასუხი: უნდა უარყოს თავი თვისი.
"რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ", – ბრძანებს იესო ქრისტე, – "უვარ-ყავნ თავი თვისი" (მარკ. 8,34).
კითხვა: რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა?
პასუხი: ბასილი დიდი ამას ასე განმარტავს: "თავისთავს უარყოფს ის, ვინც განიძარცვავს ძველ ადამიანს – მაცდური გულისთქმებისგან გახრწნილს – და მის საქმეებს. აგრეთვე უარყოფს ყველა საერო მიდრეკილებას, რომლებიც წინ აღუდგებიან ღვთისმსახურების წადილს. სრული განდგომა ნიშნავს თავად ცხოვრებისაგან განშორებას, სიკვდილზე ფიქრს, საკუთარი თავის იმედის არქონას" (ვრცელი მართლმადიდებლური პასუხები, 8).
კითხვა: რა ნუგეში შეიძლება მიიღოს ადამიანმა, როდესაც საკუთარი თავის უარყოფით მოიკლებს ბევრ ბუნებრივ სიამოვნებას?
პასუხი: მადლმოსილი, საღვთო ნუგეში, რასაც ტანჯვაც კი ვერ დააკარგვინებს.
"რამეთუ, ვითარცა-იგი ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინის-ცემანიცა ჩუენნი" (2 კორ. 1,5).
კითხვა: თუ პირველი მცნება გვიბრძანებს, რომ კეთილკრძალულებით მივაგოთ პატივი ერთ ღმერთს, მაშინ ეთანხმება თუ არა ამ მცნებას ანგელოზთა და წმინდა ადამიანთა თაყვანისცემა?
პასუხი: ანგელოზთა და წმინდანთა ჯეროვანი პატივისცემა სრულად ეთანხმება ამ მცნებას იმიტომ, რომ ჩვენ თაყვანს ვცემთ მათში დავანებულ და მოქმედ ღვთის მადლს და მათი მეშვეობით ღვთისგან ვითხოვთ შემწეობა.

მეორე მცნების შესახებ
კითხვა: რა არის კერპი, რის შესახებაც მეორე მცნებაშია საუბარი?
პასუხი: ამ მცნებაში განმარტებულია, რომ კერპი ანუ ცრუღმერთი არის ცაში, მიწაზე ან წყალში ბინადარი რომელიმე ქმნილების გამოსახულება, რომელსაც ღმერთის ნაცვლად ეთაყვანებიან და ემსახურებიან.
კითხვა: ამრიგად, რას კრძალავს მეორე მცნება?
პასუხი: კრძალავს კერპების, როგორც ცრუ ღმერთების ან როგორც მათ გამოსახულებათა თაყვანისცემას.
კითხვა: ამის გამო ხომ არ იკრძალება წმინდა გამოსახულებანი?
პასუხი: არ იკრძალება. ეს ცხადად ჩანს იქიდან, რომ მოსე წინასწარმეტყველმა, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა კერპების აკრძალვის მცნება მოგვცა, იმავდროულად ღვთისგან მიიღო ბრძანება – კარავში, ანუ ებრაელთა მოძრავ ტაძარში, სახელდობრ, მის შიდა ნაწილში, სადაც ერი ღმერთს სცემდა თაყვანს, დაედგა წმიდა ქერუბიმთა ოქროს გამოსახულებები.
კითხვა: რატომ არის ეს მაგალითი ღირსშესანიშნავი მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიისთვის?
პასუხი: იმიტომ, რომ იგი განმარტავს მართლმადიდებელ ეკლესიაში წმიდა ხატების თაყვანისცემის მართებულობას.
კითხვა: რა არის ხატი?
პასუხი: ხატი ნიშნავს სახეს ან გამოსახულებას. მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ სახელით იწოდება განხორციელებული ღმერთის – იესო ქრისტეს, მისი ყოვლადწმიდა დედის, ანგელოზებისა და წმინდანების გამოსახულებანი.
კითხვა: ეთანხმება თუ არა მეორე მცნებას წმიდა ხატების თაყვანისცემა?
პასუხი: ეთანხმება. შეუსაბამობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, ვინმეს ხატები რომ გაეღმერთებინა. მაგრამ ამ მცნებას ოდნავადაც არ ეწინააღმდეგება ხატთა, როგორც წმიდა გამოსახულებათა, თაყვანისცემა და მათი გამოყენება ღვთისა და მისი წმინდანების საქმეთა კრძალვით გასახსენებლად; ასეთ შემთხვევაში ხატი იგივე წიგნია, სადაც ასოების ნაცვლად სახეები და საგნებია ჩაწერილი (წმ. გრიგოლ დიდი. წერილები, წ. 9, წერილი 9).
წმიდა ბასილი დიდი ბრძანებს: "პატივი ხატისაჲ პირმშოჲსა მის სახისა მიმართ მიიწევის", ანუ ხატის თაყვანისცემა მასთან ადის, ვის გამოსახულებასაც ვცემთ თაყვანს.
წმიდა მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის: "თაყუანის-ვსცემ და ამბორს-უყოფ პატიოსანსა ხატსა ქრისტესსა, რამეთუ სახე არს განხორციელებისა მისისაჲ; თაყუანის-ვსცემ ძელსა პატიოსანსა ჯუარისასა და ყოველთა სამღდელოთა ჭურჭელთა, წმიდასა სახარებასა და წმიდასა ბარძიმსა, და რაჲცა შეეხების დიდებულთა მათ საიდუმლოთა და წმიდათა ეკლესიათა, მის ძლით, რომელმან ჯერ-იჩინა ჩუენთვის ხელით-ქმნილთა ტაძართა შინა დამკვიდრებაჲ; თაყუანის-ვსცემ ხატსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა და ყოველთა წმიდათასა, სიყუარულისათვის მხოლოჲსა ღმრთისა, და არა ფერთა მათ და წამალთა შინა დაუტეობ გონებასა, არამედ სულიერთა თუალთა ავამაღლებ პირმშოთა მათ სახეთა მიმართ; თაყუანის-ვსცემ ნაწილთა წმიდათასა, რამეთუ აქუს მათ ღმრთისა მიერ მადლი სიწმიდისაჲ".
კითხვა: ზოგადად რა ეწოდება მეორე მცნების წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვას?
პასუხი: კერპთაყვანისმცემლობა.
კითხვა: კიდევ არსებობს სხვა ცოდვები მეორე მცნების წინააღმდეგ?
პასუხი: გარდა ტლანქი კერპთაყვანისმცემლობისა, მეორე მცნებას ეწინააღმდეგება შინაგანი კერპთაყვანისცემაც:
1. სახმართმოყვარება ანუ ანგარება, ქონების სიყვარული.
2. გემოთმოყვარება, ნაყროვანება (გაუმაძღრობა) და მემთვრალეობა (ლოთობა).
3. ამპარტავნება ანუ სიამაყე (დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე) და პატივმოყვარეობა (კაცთამიერი დიდების სიყვარული).
კითხვა: რატომ ითვლება ანგარება კერპთაყვანისმცემლობად?
პასუხი: იმიტომ, რომ ანგარებისმოყვარე ადამიანი უფრო სიმდიდრეს ემსახურება, ვიდრე ღმერთს. პავლე მოციქული ამბობს: "ანგაჰრებაჲ... არს კერპთმსახურებაჲ" (კოლას. 3,5).
კითხვა: მეორე მცნება ანგარებას რომ კრძალავს, ამით რას გვასწავლის?
პასუხი: უანგარობასა და გულუხვობას.
კითხვა: რატომ განეკუთვნება გემოთმოყვარება კერპთაყვანისმცელობას?
პასუხი: იმიტომ, რომ გემოთმოყვარენი ყველაფერზე მაღლა გრძნობისმიერ სიამოვნებას აყენებენ; ამიტომაც ამბობს მოციქული, რომ მათი ღმერთი "მუცელი არს" (ფილიპ. 3,19), სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ თავიანთი მუცელი კერპად გაიხადეს.
კითხვა: მეორე მცნება გემოთმოყვარების აკრძალვით რას გვასწავლის?
პასუხი: თავშეკავებასა და მარხვას.
კითხვა: რატომ ითვლება სიამაყე და პატივმოყვარეობა კერპთაყვანისმცემლობად?
პასუხი: იმიტომ, რომ ამაყი ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებსა და უპირატესობებს ყველაფერზე მეტად აფასებს, ამით კი საკუთარ თავს კერპად იხდის და სურს, სხვებიც ეთაყვანებოდნენ. სიამაყისა და პატივმოყვარეობის ამგვარი განწყობა დაუფარავად გამოავლინა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, როდესაც საკუთარ თავს ოქროს კერპი დაუდგა და მისი თაყვანისცემა ბრძანა (დან. 3).
კითხვა: კიდევ ხომ არ არსებობს რაიმე მანკიერება, რაც კერპთაყვანისმცელობას უახლოვდება?
პასუხი: ასეთი მანკიერება არის ფარისევლობა ანუ თვალთმაქცობა, როდესაც ვინმე კეთილმსახურების გარეგან საქმეებს, როგორებიცაა მარხვა და საეკლესიო წესების ზუსტი დაცვა, იყენებს კაცთაგან პატივისცემის მოსახვეჭად და არ ზრუნავს გულის გამოსწორებაზე (მათ. 6,5-7).
კითხვა: მეორე მცნება სიამაყეს, პატივმოყვარებასა და ფარისევლობას რომ კრძალავს, ამით რას გვასწავლის?
პასუხი: თავმდაბლობასა და სიკეთის ფარულად კეთებას.


მესამე მცნების შესახებ
კითხვა: როდის წარმოითქმის ამაოდ ღვთის სახელი?
პასუხი: ამაოდ, ანუ ტყუილუბრალოდ იგი წარმოითქმის უსარგებლო და ფუჭი საუბრების დროს, მით უმეტეს, თუ ღმერთის სახელს სიცრუისთვის და ღვთისმოშიშების გარეშე ახსენებენ.
კითხვა: რა ცოდვები იკრძალება მესამე მცნებით?
პასუხი: 1. ღვთისმგმობელობა, ანუ უფლის მოხსენიება უხამსი სიტყვებით.
2. ღმერთზე დრტვინვა, ანუ მისი განგებულებით უკმაყოფილება.
3. მკრეხელობა, როდესაც წმიდა საგნებს დასცინიან ან შეურაცხყოფენ.
4. უყურადღებოდ ლოცვა.
5. ღვთისადმი მიცემული აღთქმების დარღვევა.
6. ფიცილი, ანუ ჩვეულებრივ საუბარში ფიცის დაუფიქრებლად გამოყენება.



Комментариев нет:

Отправить комментарий