ღმერთი

ღმერთი

вторник, 30 апреля 2013 г.

ადამიანთა ურთიერთობები.

 “ჯანსაღი ურთიერთობა ჯანსაღ ადამიანებს შეუძლიათ…” 

ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, აქვთ განსხვავებული შეხედულებები სხვადასხვა ფაქტებისა თუ მოვლენების მიმართ. შესაბამისად, სხვა ადამიანთან კომუნიკაციისას ხშირად ვაწყდებით აზრთა შეუთავსებლობას. ურთიერთობა ზოგჯერ გაღიზიანებაში გადადის და დისკომფორტი გვექმნება. ამგვარი ურთიერთობა შეიძლება ჩამოგვიყალიბდეს ნებისმიერ ადამიანთან, განსაკუთრებით ჩვენთვის საყვარელ პიროვნებებთან… როგორ, რა ფორმით დავამყაროთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომ კონტაქტი სასიამოვნო იყოს? ადამიანთა ურთიერთობების შესახებ „ამბიონს“ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ესაუბრა:

„სანამ გარე სამყაროსა და სხვა ადამიანებზე გადავიდოდეთ, პირველ რიგში, ალბათ, ჯობს აღვიქვათ, საკუთარ შინაგან სამყაროსთან რამდენად ვართ სრულ ჰარმონიაში. საკუთარი შინაგანი სისტემაც კი არ გვემორჩილება ყოველთვის და მუდამ. რამდენჯერ ყოფილა, გინდოდათ სხვებთან ერთად გემხიარულათ და არ გამოგყოლიათ თქვენივე ურჩი განწყობა, რამდენჯერ გინდოდათ თავაზიანი ყოფილიყავით და უხეშად მოქცეულხართ, რამდენჯერ, პირიქით, მკაცრი და გადამჭრელი პასუხი იყო თითქოს გასაცემი და ეს პასუხი მხოლოდ სახლში მისულს ჩამოგყალიბებიათ? რამდენჯერ ყოფილხართ უკმაყოფილო საკუთარი თავის გამო? მაშინ რა წვრილმანებს ვედავებით სხვა ადამიანებს, თუნდაც ძალიან ახლობლებს?


ადამიანები, ცხადია, განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ბევრად მეტი აქვთ საერთო და მსგავსი. მაშინაც კი მეტი აქვთ საერთო, ვიდრე განსხვავებული, როცა სხვადასხვა რელიგიურ, რასობრივ, კულტუროლოგიურ სივრცეში არსებობენ. ალბათ, ძალიან ძირითად რამეს ვგულისხმობ, იმას, რაც ღმერთმა, ბუნებამ ადამიანებს, როგორც სახეობას, ერთნაირად გვიბოძა. ცხადია, ქრისტიანული ცივილიზაციის სივრცეში სხვაგვარი დამოკიდებულებები გაჩნდა ფასეულობებისა და სიკვდილ-სიცოხლის ფილოსოფიის მხრივაც და სხვა რელიგიურ სივრცეში აღზრდილ ადამიანებს სხვაგვარი ხედვა და დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ, მაგრამ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ყოველთვის არის საერთო. ადამიანებს ერთნაირად სტკივათ, სცივათ, აქვთ ცოდნა სიკეთესა და ბოროტებაზე, მორალსა და უღირსობაზე. უმეტეს შემთხვევაში, ერთნაირი ჟესტიკულაციითა და მიმიკით მეტყველებს ნებისმიერი ეროვნებისა და რჯულის ადამიანის სახე და სხეული… ვერ ვიტყოდი, რომ უცხოტომელშიც კი არ შეგვიძლია რაღაც დოზით საკუთარი თავის პოვნა და აღმოჩენა და მით უმეტეს, საკუთარ სოციუმში არ უნდა იყოს ეს ძალიან ძნელი.

რა თქმა უნდა, ბევრად მარტივია ცხოველთან ურთიერთობა, დავუშვათ ძაღლთან, რომელსაც ვაჭმევთ, ვეფერებით და მას ვუყვარვართ, – გაცემისა და მიღების ყოველგვარი ლოგიკური ნორმა დაცულია. საფრთხეც რომ იყოს მოსალოდნელი ცხოველისგან, ეს საფრთხეც წინასწარ ცნობილია, გასაგებია, თავისი მარტივი ლოგიკა აქვს. ადამიანი კი სულ სხვაა, პლანეტის ყველაზე სრულყოფილად მოაზროვნე ბინადარი სწორედ მისი განვითარებულობის გამო არის მრავალწახნაგოვანი, რთული, გაუთვალისწინებელიც ერთგვარად – შეიძლება თან ვყვებოდეთ, სიკეთის მეტი არაფერი გავუკეთოთ და ვძულდეთ, თქვენს მეტი რომ დამხმარე არავინ ჰყავდეს, იმაზეც შეუძლია გაბრაზდეს, რომ დახმარების უნარი გაქვთ, ან პირიქით, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვუყვარდეთ და იყოს ჩვენი ქომაგი. მიუხედავად ამისა, სწორედ ამიტომ ადამიანთან ურთიერთობა ყველაზე საინტერესო და მომხიბლავი რამაა, ისევე, როგორც რთული ტექნოლოგია შესაძლოა იოლად გახდეს საფრთხის შემცველი ჩვენთვისვე, მაგრამ მაინც გვიზიდავს იმ შესაძლებლობების გამო, რაც მას გააჩნია.“

ძირითადად როგორ ადამიანებს და რატომ უჭირთ სხვა ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება?

სწორი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარის შეძენა სრულფასოვანი, ადეკვატური ადამიანისთვის დაუძლეველი სირთულე არაა. მთავარი, ალბათ, იმ ძირითადი მოთხოვნების სწორ პრიორიტეტებად დახარისხებაა, რასაც საზოგადოებას, ან კონკრეტულ პირს ვუყენებთ საიმისოდ, რომ შეგვეწყოს და შევეწყოთ.

პრობლემა ჩნდება ჩვენი წინასწარი დაყენებების დროს, რომელიც მარტივად გამოიხატება სიტყვებით – “ასე უნდა” ან “ასე არ უნდა”. მაგალითად ის, რომ ადამიანი კაციჭამია არ უნდა იყოს, ამ საკითხში საზოგადოებისგან ან კონკრეტული პიროვნებისგან თანხმობა, პრაქტიკულად, გარანტირებულია, მაგრამ თუკი ჩვენი აზროვნების წყობა ელემენტარულ ყოფით ურთიერთობებსა და საკითხებშიც “უნდა-არ უნდას” წინასწარი დაყენების პრინციპზეა განმტკიცებული, აქ უკვე აუცილებლად შეგვექმნება პრობლემები. ამიტომ ჯობს კარგად დავიმახსოვროთ, რომ ამქვეყნად არაფერი და არავინ არ “უნდა” იყოს ისე, როგორც ჩვენ მოგვწონს, არამედ ყველაფერი ურთიერთპატივისცემაზე, დათმობასა და კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამას თუ გავიაზრებთ, ნაკლებს ვიბრაზებთ და უფრო ხშირად ვიქნებით სხვისი მადლიერი.

ჯანსაღი ურთიერთობა ჯანსაღ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთაც ადეკვატური რეაქცია აქვთ სიკეთესა და სიყვარულზე და გააჩნიათ კარგად განვითარებული ეგო (“მე”).

სწორად განვითარებულმა პიროვნებამ იცის, რამდენი მოითხოვოს სხვისგან, რა მოლოდინი წაუყენოს ახლობელს და გარეშე პირს, რა გასცეს და რა მიიღოს. შესაბამისად, ის არასდროს არ არის წვრილმანების გამო გულში დაჭრილი და ზედმეტად იმედგაცრუებული. სამყარო მთლიანად და იოლად ემსხვრევა მას, ვისი “მე” არ განვითარდა, ვერ ადაპტირდა, ვერ გადაიბარა პასუხისმგებლობა და საკმარისად ვერ შეიძინა “თვითკმარობა”, ვინც ფსიქოლოგიურად ვერ დააღწია თავი ბავშვობის ასაკს, როცა მის ცნობიერებაში სამყარო მარტივი და მთლიანი იყო, ან სამწუხარო რეალობის გამო, “სამყარო” ბავშვობაშივე დაიმსხვრა და “აწყობა” ვეღარ მოახერხა. განსხვავებული შეხედულებები ორ ადამიანს შორის მხოლოდ მაშინაა დაუძლეველი დაბრკოლება, როცა ეს ძირითად, ფუნდამენტურ ღირებულებებსა და ფასეულობებს ეხება და კონტრასტშია ჩვენს ყველაზე მთავარ რწმენებთან. სხვა დანარჩენ შემთხვევაში უნდა გვესმოდეს, რომ როგორც სარკეში იმეორებს ჩვენი ანარეკლი ჩვენს მოძრაობებს, ასეთ სინქრონულ თანხვედრას სხვა ადამიანისგან ვერასდროს ვერ მივიღებთ და არცაა საჭირო. მცირე და ნაკლებად მცირე განსხვავებებსაც ბრაზით კი არა, ინტერესითა და მეტი სიმპათიით უნდა ვუყუროთ. საბედნიეროდ, ღმერთმა ცხოველებისგან განსხვავებით ერთ-ერთი საუკეთესო უნარი – იუმორის გრძნობაც მოგვცა, რომელიც უამრავი გამაღიზიანებელი ფაქტორის დადებითად გადამუშავებაში გვეხმარება. მეტად უნდა ავამუშაოთ თავდაცვის ეს იარაღი, იმისათვის, რომ ჩვენც გადავრჩეთ და სხვაც გადავარჩინოთ ჩვენს რისხვას სრულიად უბრალო წვრილმანებზე.

ბოლოს და ბოლოს, მივიღებთ სხვებს ისეთებს, როგორიც არიან, თუ არ მივიღებთ და გავღიზიანდებით, სამყაროსადმი ჩვენი დამოკიდებულებებისა და აღქმის არჩევანია.

თქვენი აზრით, თანამედროვე ადამიანები რამდენად ახერხებენ პიროვნებებთან ურთიერთობის დამყარებას და რამდენად მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა?

არაფერია ცის ქვეშ ახალი… თუ არ ჩავთვლით ინფორმაციისა და ცოდნის მეცნიერულ სიახლეებს. ადამიანები ურთიერთობდნენ და ურთიერთობენ, ომობდნენ და ომობენ, კლავდნენ და კლავენ, ამთელებდნენ, კურნავდნენ და ამთელებენ დღესაც, პრობლემებს თავად იგონებდნენ და ქმნიდნენ და თავადვე ჭრიდნენ და ასე გრძელდება კვლავაც, ასე იქნება მუდამ. ყველაფრის გაფორმება იცვლება მხოლოდ, როგორც კინოში ძველი ფილმი სხვა ტემპში, სხვა შეფერილობისაა, სხვა გამომსახველობითი ფორმა აქვს, თემატიკა კი მარადიულია და უცვლელი. დღეს ადამიანები ურთიერთობების დამყარებას, რა თქმა უნდა, ახერხებენ.

ხალხთან ურთიერთობა, ცხადია, მნიშვნელოვანია… ცხოველებიც კი ჯოგებად, ხროვებად და ოჯახებად ერთიანდებიან. თუმცა მარტოც შეიძლება იყოს ადამიანი, თუ ეს მისი არჩევანია და არც ესაა პრობლემა. თუკი პიროვნება თავის თავს ყოფნის, მაშინ მისი განმარტოება ტრაგედიად არ მიმაჩნია.

როგორი ურთიერთობა და დამოკიდებულება უნდა გვქონდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან?

იმისათვის, რომ ადამიანმა თავი სრულყოფილ პიროვნებად იგრძნოს ჩვენ გვერდით, უნდა ვიყოთ ჩვეულებრივები, როგორებიც ვართ. არც განსაკუთრებული გამომეტყველებითა და აცრემლებული თვალებით უნდა ვეურთიერთოთ და არც ხელოვნურად გათამაშებული გამამხნევებელი რიტორიკა შევიძინოთ. ისევ და ისევ, უნდა შევძლოთ ერთი წამით გავიაზროთ საკუთარი თავი მის მდგომარეობაში და ყველაფერი ბუნებრივად თავის ადგილზე დადგება. თუმცა ჩვეულებრივ ქცევაში ვგულისხმობ პიროვნულ დამოკიდებულებასა და პატივისცემას, თორემ ის, რომ ინვალიდის ეტლში თუ ზის ადამიანი, საკოცნელად ჩვენ უნდა დავიხაროთ, სწავლებას არ საჭიროებს.

არასოდეს არ დამავიწყდება ამერიკელი პროფესორის, დოქტორ გორდონის სიტყვები, რომელიც მეორადი ფსიქიკური დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობდა. ბავშვებს, რომლებსაც ხელი, ფეხი აკლდათ, თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთის შედეგად ფსიქიკური აშლილობა განუვითარდათ და ა.შ., – თვალი რომ გადავავლე, დავითრგუნე-მეთქი, – ვუთხარი და მიპასუხა: “ეს ყველაფერი უმნიშვნელო დეტალებია, მალე ისწავლი მხოლოდ სულის დანახვას”.

არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანს, ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანს დახმარების ხელი ისე უნდა გავუწოდოთ, რომ ზედმეტი უხერხულობა არ შევუქმნათ და ისე არ გადავაჭარბოთ, რომ პირიქით, შევაწუხოთ და ვიმოქმედოთ მის ღირსებაზე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სუფთა სახით ალტრუიზმი არ არსებობს და გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანები ჩვენ უფრო გვეხმარებიან, რომ თავი ხანდახან მაინც ვიგრძნოთ კეთილ და კარგ პიროვნებებად და დამაკმაყოფილებელი თვითშეფასება შევიძინოთ. ასე რომ, სიკეთის კეთების შინაგან მექანიზმს კარგად თუ დავუკვირდებით, მადლობა ხშირად იქით გვაქვს სათქმელი.

როგორ შევძლოთ ადამიანებთან ურთიერთობის გაუმჯობესება და ხალხში პატივისცემის შენარჩუნება?

ადამიანებს შორის ურთიერთობა ინტერესთა თანხვედრაზე იგება, მაგრამ განსხვავებულობის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით ნარჩუნდება.

ღრმა ურთიერთობა ინტერესთა და ქცევის ნორმათა ღრმა თანხვედრაზეა. არათუ ადამიანი, წიგნი, ფილმი, მუსიკა, მოვლენა მაშინ მიგვაჩნია საინტერესოდ, როცა ჩვენს ინტერესთა არჩევანს ემთხვევა და მეტი არაფერი. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც ჩვენ არ გვაინტერესებს, ნაკლებ საინტერესო კი არაა, უბრალოდ ჩვენ არ გვაინტერესებს და ამდენად, ჩვენი და ჩვენი ინტერესთა სივიწროვის პრობლემა უფროა, ვიდრე ადამიანის, სხვა შინაარსის წიგნის, სხვა ჟანრის ფილმის, ან სხვა კატეგორიის მოვლენის.

თუ ადამიანების მიმართ პატივისცემით, თანაგრძნობითა და ინტერესით განვეწყობით, თუ იოლად ვაღიარებთ მათ კარგ თვისებებს და მიზანმიმართულად არ ვეცდებით უარყოფითის აღმოჩენასა და აქცენტირებას, თუ საკუთარი თავის სრულყოფას მეტ დროს მოვახმართ, ვიდრე სხვების კრიტიკას, აუცილებლად მივიღებთ უკან იმდენ სამაგიეროს, რაც ჩვენ ამქვეყნად სიამოვნებით არსებობისთვის გვეყოფა.

ერთი სიტყვით, ხსნა სიყვარულშია, რაც თუმცა ასე მარტივად ჟღერს, სინამდვილეში ყველაზე რთულია, რადგან სიყვარული ნიჭია, ნიჭი ლიმიტირებულია და მაინც, თუ შევეცდებით და გვეყვარება ადამიანი თავისი არსით, წვრილმანებს აღარ მიენიჭება იმდენი მნიშვნელობა, რომ მთელი ურთიერთობა გააფუჭოს და გარესამყაროს რწმენაც კი დააზიანოს.

“ჯანსაღი ურთიერთობა ჯანსაღ ადამიანებს შეუძლიათ…”
ავტორი: თეონა ნოზაძე

http://www.ambioni.ge/adamianta-urtiertobebi

Комментариев нет:

Отправить комментарий