ღმერთი

ღმერთი

понедельник, 15 апреля 2013 г.

მანუგეშებელი ხატის სასწაული.

 დედამიწაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უამრავი ხატი განიდიდა სასწაულებითა და საოცარი თავგადასავლებით. მათ შორის ერთ-ერთი ვატოპედის მონასტერში დაბრძანებული ხატია, რომელსაც მანუგეშებელი ეწოდება.

IX საუკუნეში, 807 წელს. 20 იანვრის საღამოს, ვატოპედის მონასტერს ყაჩაღთა ბრბო მიუახლოვდა. მათ მონასტრის აკლება ჰქონდათ განზრახული -გამთენიისას, ალაყაფის გაღებისთანავე, მონასტერში უნდა შეცვენილიყვნენ და გაეძარცვათ. განზრახვის ასასრულებლად მონასტერთან ახლოს, ბუჩქნარში, დაიმალნენ და გათენებას ელოდებოდნენ.

გათენდა. ბერებმა ცისკრის ლოცვა აღასრულეს და სენაკებში დაბრუნდნენ. ტაძარში მარტო მონასტრის წინამძღვარი დარჩა. უცებ ხმა გაიგო, რომელიც უბრძანებდა: "დღეს სავანის კარს ნუ გაააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ!" ხმა ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. გაოცებულმა წინამძღვარმა ხატს შეხედა და დაინახა, რომ ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს სახეები გაცოცხლებულიყო. იესომ დედის ბაგეს ააფარა თავისი მარჯვენა, რათა გაეჩუმებინა, და მკაცრად უთხრა: "ნუ ეუბნები მათ ამას: დაე, დაისაჯონ!" მაგრამ ღვთისმშობელმა თავი გასწია, რათა აერიდებინა შვილის ხელი, სახე მარჯვნივ შეაბრუნა და კვლავ წარმოთქვა ორგზის: "დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ!"

შეძრწუნებულმა წინამძღვარმა სასწრაფოდ შეკრიბა საძმო და ყველაფერი უამბო სულიერ ძმებს. ბერებმა შეხედეს ხატს და დაინახეს, რომ შეცვლილიყო მთელი დაწერილობა ხატისა: ღვთისმშობელიცა და ქრისტეც ამ ხატზე იმ მდგომარეობაში იყვნენ გამოსახულნი, როგორიც ჰქონდათ სამგზის ხმის ამოღებისას - ღვთისმშობელი ცდილობდა, ბაგე მოერიდებინა მაცხოვრის მარჯვენისათვის, რომელსაც მისი გაჩუმება სურდა, და გაეფრთხილებინა ბერები. ასეთ მდგომარეობაშია ხატი დღემდე.

ყველამ ერთხმად განადიდა დედა ღვთისა და მისი გულმოწყალება. მათ მოიგერიეს ყაჩაღთა თავდასხმა და გააძევეს ისინი. ხოლო ხატს მას შემდეგ "ნუგეში", "მანუგეშებელი" ეწოდა. ეს ხატი იმის ნიმუშად იქცა, თუ რამხელაა ყოვლადწმინდა მარიამის კადნიერება თავისი ღვთაებრივი ყრმის წინაშე; თუ როგორი მოწყალე და ლმობიერია იგი ჩვენი ცოდვების მიმართ და როგორ ცდილობს თითოეული ჩვენგანის გადარჩენას.

და კიდევ: ეს ხატი მშობლის, დედის, პატივისცემის მაგალითიცაა: თავად ღმერთიც კი უთმობს დედას და ასრულებს მის სურვილს, არ სჯის ცოდვილთ და მათ გამოსწორების კიდევ ერთ შანსს აძლევს.

ეს სასწაული 807 წლის 21 იანვარს (ახალი სტილით-3 თებერვალს) აღესრულა. სწორედ ამიტომაცაა დაწესებული ამ ხატის ხსენების დღედ 3 თებერვალი.

http://www.kvirispalitra.ge/mariam-burjanadzis-blogi/16628-manugeshebeli-khatis-sastsauli.html

Комментариев нет:

Отправить комментарий