”რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება;
არაფერია მზის ქვეშ ახალი.”
ეკლესისტე 1.9;
სკოლიდან გამოყოლილი საზეპირო
ჩვენი ზედამხედველები, ამჟამინდელი ბატონ-პატრონები, თავიანთ მზაკვრულ იდეოლოგიას გვინერგავენ და მრავალი ჩვენგანი გადაიბირეს სისასტიკით, ვერაგობით და დაპირებებით.
სარგებლობენ ჩვენი შვილების ახალგაზრდული გამოუცდელობით და ცდილობენ მათ გადაგვარებას.
ისინი კი, ვინც ჯერ ისევ ვინარჩუნებთ რწმენას, ძალადობით დათრგუნულები საკუთარი უსუსურობის ბორკილებით ვიტანჯებით და შიშით ვცახცახებთ როგორც ლერწმები ძლიერი ქარისგან, თუმცა, მაინც არ ვთმობთ მამაპაპეული ცხოვრების წესს („ჩვეულებისაებრ მამულისა სლვას!“) და ვინარჩუნებთ ქრისტეს სიყვარულს.
ეს გახლავთ თავისუფალი პერიფრაზი იონე საბანისძის ”აბოს წამების” ერთი ნაწყვეტისა, რომელსაც სკოლაში გვაზეპირებდნენ.
მე–8 საუკუნეში არაბები აპირებდნენ ქართველებისგან ახალი ადამიანების შექმნას, შთააგონებდნენ მათ, რომ იყვნენ ჩამორჩენილები, ბნელები, მცდარი სარწმუნოების მიმდევარნი და არწმუნებდნენ სხვა რჯულის უპირატესობაში, რომელიც სამოთხეს დაუმკვიდრებდათ.
დარწმუნების პარალელურად ზოგს მზაკვრობით და ძალადობით იბირებდნენ, ზოგს აცდუნებდნენ; ახალგაზრდებს ატყუებდნენ, არ ერიდებოდნენ სისასტიკეს. ისინი კი ვინც, მიუხედავად ყველაფრისა, ძველ რწმენას ინარჩუნებდნენ, შიშით ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ.
ამ დროს არაბეთის ძლევამოსილი იმპერია ინდოეთიდან ესპანეთამდე იყო გადაჭიმული, დუღდა და გადმოდუღდა – კულტურა, მეცნიერება, ტექნოლოგიები უმაღლეს დონეზე; ბაღდადი დიდებული ქალაქი და მსოფლიოს საქმიანი ცენტრი; აწყობილი საფოსტო სისტემა; გამართული საბანკო სფერო, ბაღდადში შეტანილი ფულის მეორე დღეს მაროკოში გამოტანა შეიძლებოდა.
არაბეთი განასახიერებდა თავისი დროის მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევებს და, მიუხედავად იმისა, რომ შეშინებული ქართველები ”ირხეოდნენ ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”, ისინი მაინც უარს აცხადებდნენ ასეთ ცივილიზაციასთან შერწყმაზე და აგრძელებდნენ ”ჩვეულებისაებრ მამულისა სლვას.”
არაბების მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, თუმცა, ისტორიიდან ჩანს, რომ ქართველებისგან ახალი ადამიანების გამოყვანის მცდელობა განუწყვეტლივ მეორდება.
მეთოდები იგივეა – ქართული ცნობიერების მოშლის მცდელობა, მოტყუება, დაშინება, ცდუნება, ქართული წირვა-ლოცვის გაუქმება, ეკლესიებში სიარულის აკრძალვა, მართლმადიდებლობის გაბიაბრუება და შედეგიც მეორდება - ქართველები ”ირხევიან ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”, მაგრამ მაინც უარს აცხადებენ ძალად ცხონებაზე და აგრძელებენ ”ჩვეულებისაებრ მამულისა სლვას”.
ვთქვათ, ქართველები მართლაც ბნელები ვართ, კაცმა რომ თქვას, რატომ გვტანჯავენ და თავს იღლიან ჩვენი გაახალადამიანურებისა და გაბედნიერებისთვის, ბოლო-ბოლო, მათთვის ხომ სულ ერთი უნდა იყოს, ვცხონდებით, თუ – არა?!
ეტყობა, არ არის სულ ერთი!
გეოპოლიტიკური გრავიტაცია
როცა ქართველებმა ტაშისკარის ბრძოლაში ოსმალეთის ქვეშევრდომი ყირიმელი თათრები დაამარცხეს, აი, ისინი, თევდორე მღვდელმა რომ გზა-კვალი აურია, მათი მოკვეთილი თავები შაჰ აბასს მიართვეს, რომელმაც, მადლობის ნიშნად, სამაგიერო საჩუქრები გამოგზავნა.
ქართველები საკუთარი ქვეყნის დასაცავად იბრძოდნენ და არა სპარსეთის, მაგრამ ყირიმელთა დამარცხება ოსმალეთის დასუსტებას ნიშნავდა და ეს ირანის ინტერესებში შედიოდა.
ქართველებს შაჰ აბასი როგორც უყვარდათ, ცნობილია, მაგრამ მაშინ საქართველო ირანის ზედამხვედველობის ქვეშ იყო (დღევანდელი ენით სტრატეგიული მოკავშირე) და თანაც ძლიერი მოკავშირის გარეშე თურქეთს ვერ დაუპირსპირდებოდა.
ცოტა ხნის შემდეგ უკვე ოსმალეთი იქცა ქართლ-კახეთის მოკავშირედ ირანის წინააღმდეგ.
ხელსაყრელ გეოპოლიტიკური მდებარეობას ბევრი ხიფათი მოაქვს პატარა ქვეყნისთვის. აუცილებლად გამოჩნდებიან ხოლმე მეგობარი დიდი სახელმწიფოები, რომლებიც მოინდომებენ, თავად ისარგებლონ ამ ხელსაყრელი მდებარეობით.
საქართველო დიდი სახელმწიფოების ინტერესების ჭიდილის სივრცეს წარმოადგენდა და სწორედ ამ დიდ ინტერესთა დაბალანსებით ცდილობდა საკუთარი ინტერესებისა და თვითმყოფადობადობის დაცვას.
გეოპოლიტიკის ისტორია ერთ სიუჟეტის ირგვლივ ვითარდება - დიდი სახელმწიფოები განუწყვეტლივ ებრძვიან ერთმანეთს გავლენის სფეროების გასაფართოებლად, ხოლო მათ შიგნით მოქცეული ქვეყნები კი თვითმყოფადობისა და განვითარებისთვის აუცილებელი საარსებო სივრცის შენარჩუნებას ცდილობენ.
მეტნაკლებად დამოუკიდებელი პატარა სახელმწიფოების არსებობა შესაძლებელია მხოლოდ დიდ სახელმწიფოებს შორის სპეციფიური ბალანსის ჩამოყალიბების შედეგად წარმოქმნილ ნეიტრალურ ზონებში.
საქართველომ ბევრი სტრატეგიული პარტნიორი და უფროსი მეგობარი გამოიცვალა, მე-18 საუკუნის ბოლოს რუსეთმა ჩაანაცვლა სპარსეთი და თურქეთი და თითქმის 200 წლის განმავლობაში კავკასიაში ერთპიროვნული ჰეგემონი იყო.
ევროპა შუასაუკუნეებიდანვე იჩენდა დაინტერესებას კავკასიის მიმართ და თურქეთისა და სპარსეთის მეშვეობით ცდილობდა, ხელი შეეშალა რუსეთისთვის სამხრეთისკენ გაფართოებაში.
ეპიზოდური გამოდგა რევოლუციის შემდეგ ჯერ გერმანელების და მერე ინგლისელების მცდელობა, ფეხი მოეკიდებინათ კავკასიაში; რუსეთმა, ამჯერად უკვე საბჭოთა კავშირის სახით, მალევე აღადგინა კონტროლი მთელ კავკასიაზე.
დღეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია აშშ.
დავალებული სისასტიკე
საქართველოში შიდა პოლიტიკის ხასიათს ყოველთვის გეოპოლიტიკური პროცესები განსაზღვრავდა. ზედამხედველობაზე პრეტენზიის მქონე ერთი ქვეყნის გაძლიერება იმავდროულად ნიშნავდა მეორის დასუსტებას, ზედამხედველი კი განაპირობებდა საგარეო ორიენტაციას და მმართველი და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ვინაობას.
საქართველოს შიდა პოლიტიკაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გადიოდა დიდ სახელმწიფოებს შორის მიმდინარე სასტიკი ბრძოლის ფრონტის ხაზი, ამიტომაც მათ დაპირისპირებაც დაუნდობელი და განადგურებისკენ მიმართული იყო. ერთმანეთს აღიქვამდნენ, არა როგორც განსხვავებული აზრის და ორიენტაციის მქონე ჯუფებს, არამედ როგორც დაუძინებელ მტრებს. პოლიტიკური ჯგუფი ძალაუფლების მოპოვებისთანავე მოწინააღმდეგეს ქვეყნის მოღალატედ რაცხდა და სასტიკად დევნიდა.
ამგვარ სისასტიკეს უკვეთავდა და ავალებდა ჰეგემონი ქვეყანა, რომელიც მის საზედამხედველო სივრცეში არსებულ განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის ჯგუფს განიხილავდა როგორც მტრის დესანტს და პოტენციურ საფრთხეს მისი ინტერესებისთვის.
დიდ ქვეყნებს შორის ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ვითარება სწრაფად იცვლებოდა და საქართველოშიც, შესაბამისად, ხშირად ერთი ნაბიჯი იყო ხელისუფლებაში ყოფნიდან მოღალატეობამდე და - პირიქით.
საქართველოს ისტორიამ ბევრი პოლიტიკური მოღვაწე იცის, რომელმაც რამდენიმეგზის განიცადა როგორც ძალაუფლების ხიბლი, ისე – მოღალატეობის სიმწარე.
რუსეთთან შეერთების პერიოდში საქართველოში არსებობდა ძლიერი პრორუსული პოლიტიკური ფრთა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ერთმორწმუნე რუსეთთან მტკიცე კავშირი (შეერთებაც კი) მუსულმანურ გარემოცვაში მოქცეული ქვეყნისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო.
არანაკლებ ძლიერი იყო ჯგუფი, რომელსაც დამოუკიდებლობის შენარჩუნება მიაჩნდა აუცილებლად და ამის მიღწევას ცდილობდა სპარსელების და თურქების დახმარებით.
დღევანდელი ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, მაშინდელ საქართველოში საზოგადოება დაყოფილი იყო პრორუსულ, პროსპარსულ და პროთურქულ პარტიებად, თითოეული მათგანი დარწმუნებული იყო, რომ თავად გამოხატავდა საქართველოს ინტერესებს და დანარჩენებს ადანაშაულებდა ღალატში.
თურქეთისთვის საქართველო ტყვეთა საბადო იყო, სხვა უბედურებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
სპარსელებს სულ რამდენიმე წლის წინ და უკვე მერამდენედ ჰქონდათ აოხრებული ქვეყანა.
რუსებმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმეს და გუბერნიად გამოაცხადეს.
ნებისმიერი პარტიის წინააღმდეგ უამრავი ასეთი არგუმენტის მოხმობა შეიძლებოდა, თუმცა, ყველა მათგანი ქვეყნის გადარჩენის გზას ეძებდა და ერთმანეთის მოღალატეებად შერაცხვა მხოლოდ ზედამხედველისგან დავალებული დაუნდობლობის გამოვლინებას წარმოადგენდა.
მარადი ”ზაცია”
დიდი სახელმწიფოების საქართველოში შემოსვლის ძირითადი მიზანი იყო სტრატეგიული გზაჯვარედინის, ენერგოდერეფნის და სამხედრო პლაცდარმის გაკონტროლება. ვინც ფლობს კავკასიას, იგი მნიშვნელოვან უპირატესობას და სტატეგიულ ინიციატივას იღებს შემდგომი მანევრებისთვის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით.
საქართველოს ისტორიის ბევრი ტრაგიკული ფურცელი გამოწვეულია არა თვითმიზნურად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებით, არამედ, როგორც წესი, იგი წარმოადგენს დიდ იმპერიებს შორის არსებული დაპირისპირების შედეგს.
ამ პლაცდარმის ერთხელ და სამუდამოდ დასასაკუთრებლად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საქართველოს ტერიტორიის ინტეგრირებას საკუთარ სივრცესთან, რა მიზნითაც სერიოზული ღონისძიებები ტარდებოდა - ფიზიკური განადგურებიდან დაწყებული, დამთავრებული ცნობიერების შეცვლით და ცხოვრების სხვა წესზე გადაყვანის მცდელობით.
სხვადასხვა დროს ეს გამოიხატებოდა არაბიზაციაში, თურქიზაციაში, სპარსიზაციაში, რუსიფიკაციაში. დღეს იმავე მიზნით მიმდინარეობს ამერიკანიზაცია. ამ ”ზაციის” ტაქტიკა და მეთოდები, ქვეყნებისა და ეპოქების ხასიათიდან გამომდინარე, სხვადასხვა იყო, მიზანი და სტრატეგია იგივე.
ვინაიდან ამ ინტეგრირების და გადასხვისების უმთავრეს ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა სარწმუნოება და იგი თვითმყოფადობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი მუხტი იყო, მის აღმოსაფხვრელად სერიოზული ღონისძიებები ტარდებოდა.
ისლამური ქვეყნები მიზნის მიღწევას ცდილობდნენ ისლამიზაციით, რუსეთმა გააუქმა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა, დღეს ამერიკიდან პირდაპირ და არაპირდაპირ მომდინარეობს აზრი, რომ მართლმადიდებლობა აფერხებს საქართველოში პროგრესს.
ცხადია, ამას საფუძვლად ქართველების სულიერებაზე ზრუნვა არ უდევს საფუძვლად, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად რწმენის უარმყოფელი ადამიანი იღებს მძიმე სულიერ ტრამვას და იგი ადვილად ექვემდებარება გადასხვისებას ანუ სხვასთან ინტეგრირებას.
ამგვარი ქმედებების მიზანი კი, ისევ და ისევ, ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის დაუფლება და მოგების მიღებაა.
ბრძოლა უფლის საფლავისა და დემოკრატიისათვის
”სახელმწიფოთა ურთიერთოები ეფუძნება მხოლოდ ინტერესებს და არა სიყვარულს.”
უილიამ პიტ უფროსი,
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი
ვენეციელი და გენუელი ვაჭრების მიერ დაფინანსებულ ჯვაროსნული კამპანიის დეკლარირებული მიზანი უფლის საფლავის განთავისუფლება იყო, რისიც ბევრ იდეალისტს ეჯერა კიდეც, თუმცა, სინამდვილეში, უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა აბრუშუმის გზაზე კონტროლის დასაწესებლად და კიდევ უფრო დიდი მოგების მისაღებად.
იდეალისტი რაინდები მხოლოდ კეთილშობილურ იერს სძენდნენ და ლეგიტიმაციას ანიჭებდნენ სრულიად ჩვეულებრივ ექსპანსიას.
მსოფლიო არ იმართება მორალური კატეგორიებით და ღირებულებებით, სახელმწიფოთა ურთიერთობები ეფუძნება მხოლოდ ინტერესებს, რომელთაც განსაზღვრავს მოგებისკენ სწრაფვა.
”მეგობარი ქვეყანა”, ”მეგობრები საზღვარგარეთ”, ”სტრატეგიული მეგობრები” და სხვა მსგავსი ტერმინები ხშირად გამოიყენება, თუმცა, საერთაშორისო ურთიერთობები მხოლოდ ინტერესებით ვაჭრობაა და იგი მეგობრობის კატეგორიას არ იცნობს. სახელმწიფოები ყოველთვის საკუთარი ეგოისტური მიზნების მიღწევას ლამობენ.
პოლიტიკაში მეგობრობა ეწოდება ინტერესთა დროებით დამთხვევას, ხოლო ინტერესთა შეჯახებას - მტრობა. ჩვეულებრივი ამბავია, რომ დღევანდელი მტრები ხვალ მოკავშირეები აღმოჩნდებიან ხოლმე, მეგობრები კი - მტრები.
გეოპოლიტიკის შინაარსს ყოველთვის მოგების ინტერესი განაპირობდა. მით უმეტეს ასეა დღეს, როცა ყველაზე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებსაც კი მეყსეული კოლაფსი ელით საერთაშორისო სავაჭრო-სატრანსპორტო გზების გადაკეტვისა და წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის, ლითონების, გაზის და ნავთობის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში.
რაც უფრო ძლიერია ეკონომიკა, მით უფრო დიდია საფრთხე.
კატასტროფისგან თავის დასაზღვევად, ყველა დიდ სახელმწიფოს და პირველ რიგში ამერიკას, სასიცოცხლო ამოცანად მიაჩნია, რომ წარმოდგენილი იყოს ყველა საკვანძო რეგიონში და აკონტროლოს გეოგრაფიული გზაჯვარედინები, რადგან ამაზეა დამოკიდებული მისი კეთილდღეობა. არ გააკონტროლებს ამერიკა და გააკონტროლებს სხვა, გაიზრდება სხვისი გავლენა და ნედლეულის ფასი.
სწორედ მოგებისადმი სწრაფვა განაპირობებს, რომ უზარმაზარი ეკონომიკური სუბიექტის, ამერიკის ნაციონალური ინტერესები მისი საზღვრებიდან გაცილებით შორს იწყება და, ფაქტობრივად, მთელ დედამიწას მოიცავს.
კავკასია წარმოადგენს ევროპა-აზიის და აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაჯვარედინს, ენერგოდერეფანს, ჩრდილოეთის მიმართულების, ახლო და შუა აღმოსავლეთის - მათ შორის ირანის საკონტროლო პლაცდარმს, ტერორიზმთან ბრძოლის შუალედურ რგოლს და მსოფლიოსთვის საინტერესო რესურსებით მდიდარი რეგიონს.
სწორედ ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე, კავკასიის ისეთი მნიშვნელოვანი გასაღები როგორიც საქართველოა, ამერიკის ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ისიც ჩაერთო ”ძველ სამეულსა” და ევროპას შორის ტრადიციულად არსებულ ინტერესთა ჭიდილში და მალე მნიშვნელოვანი საზედამხედველო პოზიციებიც მოიპოვა.
თავის დროზე თურქეთის და სპარსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ, რაც საფრთხეს უქმნიდა ”ჩვეულებისამებრ მამულისა სლვას” ანუ ქართულ თვითმყოფადობას, გააძლიერა პრორუსული ორიენტაცია და გაუადვილა რუსეთს კავკასიაში შემოსვლა.
რუსეთ-საბჭოთა კავშირის საპყრობილეში მცხოვრებთ და მათ შორის ქართველებს ამერიკა ესახებოდათ დემოკრატიის სიმბოლოდ, რომელიც დაეხმარებოდათ თავისუფლად ცხოვრებაში და ”ჩვეულებისამებრ მამულისა სლვაში”.
ჯინსები და კოკა-კოლა შარვალი და გამაგრილებელი სასმელი კი არ იყო, არამედ პროტესტი და თავისუფლების სიმბოლო.
ამერიკას ამანაც გაუადვილა საქართველოში შემოსვლა.
ამერიკა საქართველოსთვის საინტერესო იყო იმით, რომ ”დემოკრატიის სიოთი” დაებალანსებინა ”ძველი სამეულის” და განსაკუთრებით რუსეთის მიზიდულობა, რაც შედარებით დამოუკიდებელი მოძრაობის საშუალებას მისცემდა.
თავის მხრივ, ამერიკის კავკასიაში შემოსვლის რეალური მიზეზი, ჯვაროსნული კამპანიის მსგავსად, გეოპოლიტიკური გზაჯვარედინის კონტროლი და მოგების მიღება იყო.
ამერიკელი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებები, იდეალისტი რაინდების მსგავსად ბევრი იდეალისტი დემოკრატი მთელ მსოფლიოში იღვწის დემოკრატიის გასავრცელებლად, თუმცა, ამერიკის პოლიტიკის მაგისტრალურ ხაზს განსაზღვრავენ კორპორაციები, რომელნიც მხოლოდ მოგებაზე არიან ორიენტირებულნი.
თავის მხრივ, კორპორაციების მოგებაზე დამოკიდებულია ამერიკის მოქალაქეების კეთილდღეობა.
ამერიკის ინტერესები კი ამერიკის მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში მდგომარეობს.
ინტეგრირებული ტერიტორია-პლაცდარმი
ზბიგნევ ბჟეზინსკიმ, თავის წიგნში ”დიდი საჭადრაკო დაფა: ამერიკის უპირატესობა და გეოსტრატეგიული იმპერატივები”, წარმოადგინა ამერიკის გეოპოლიტიკური ხედვები, რომლის მიხედვითაც ევრაზიის კონტინენტის მართვა ნიშნავს მმართველობას მთელ დედამიწაზე და სწორედ ამიტომ ცენტრალურ აზიისა და მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა 21-ე საუკუნეში ამერიკის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიზნად დასახა.
საქართველო და კავკასია ამ მიმართულებითაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლაცდარმია.
ევრაზიის კონტროლი, რაც ამერიკის სტრატეგიული უსაფრთხოების ქვაკუთხედს წარმოადგენს, ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსის ნიკოლას სპაიკმენის მიერ შემუშავებული გეოპოლიტიკური კონცეფციის მიხედვით ხორციელდება.
ამ კონცეფციის თანახმად ევრაზია გარშემორტყმული უნდა იყოს ამერიკასთან ინტეგრირებული ტერიტორია-პლაცდარმებით, რათა ამერიკას განუწყვეტელი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეს ევრაზია და, ამასთან, არ მისცეს გეოპოლიტიკურ კონკურენტებს გაძლიერების საშუალება.
ვინაიდან საქართველოს ენერგოდეროფნობასთან ერთად ევრაზიის მაკონტროლებელი პლაცდარმის ფუნქციაც დაეკისრა, გრძელვადიანი საიმედოობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელი გახდა მისი ამერიკასთან ინტეგრირებულ ტერიტორიად გადაქცევა და ყველაფერ იმის აღმოფხვრა, რაც ხელს უშლის ამ ინტეგრაციას.
თავისთავად, ეს ნოვაციას არ წარმოადგენს და საქართველოს ინტეგრირებულ ტერიტორიად გადაქცევას მანამდეც ცდილობდა კავკასიაში შემოსული ყველა დიდი სახელმწიფო და ამისთვის იყენებდა როგორც იდეოლოგიურ ზეწოლას, ისე ცეცხლსა და მახვილს.
ამგვარ ინტეგრაციას კი პირველ რიგში ხელს უშლის ”ჩვეულებისამებრ მამულისა სლვაჲ” - სწრაფვა თვითმყოფადობის შენარჩუნებისკენ, ამიტომ მთავარი დარტყმა მისკენ იქნება მიმართული.
კონტროლირებადი დემოკრატია
საქართველოს ამერიკასთან ინტეგრირებულ ტერიტორიად გადაქცევა ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს (არ უნდა დავივიწყოთ თურქეთის, ირანის და ასევე ევროპის ინტერესებიც), რომელიც სამხრეთ კავკასიას და მათ შორის საქართველოს საკუთარ საზედამხვედველო სივრცედ მიიჩნევს და ყველა ღონეს ხმარობს, რათა არ დათმოს პოზიციები.
სამხრეთ კავკასიაში და კერძოდ საქართველოში ამერიკის და რუსეთის ინტერესები მიბჯენით და მძაფრ კონკურენციაში რომ თანაარსებობენ, სწორედ ეს არის აისბერგის ის წყალქვეშა ნაწილი, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ახსნა.
მძაფრი კონკურენციის პირობებში და იმ ფუნქციების გათვალისწინებით, რასაც ამერიკის გეოპოლიტიკა აკისრებს საქართველოს, ამერიკის ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს მართავდეს ერთმნიშვნელოვნად ანტირუსული და ერთმნიშვნელოვნად პროამერიკული ხელისუფლება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი ინტერესების გატარებას და საქართველოს ამერიკასთან ინტეგრირებულ ტერიტორია–პლაცდარმად გადაქცევას.
ამერიკისთვის მუდმივად მგრძნობიარე საკითხია დემოკრატია, თუმცა, დემოკრატია ცვლილებებზე და განახლებაზე ორიენტირებული სისტემაა, სადაც ქვეყნის ხელისუფლების ვინაობას განსაზღვრავს მოქალაქეთა განწყობიდან გამომდინარე არჩევანი.
იმ სახის დემოკრატია, როგორიც ამერიკის მოქალაქეებს მიაჩნიათ თავის უმთავრეს მონაპოვრად და ღირებულებად, საქართველოში ვერ უზრუნველყოფს დღევანდელის მსგავს ერთმნიშვნელოვნად პროამერიკულ ხელისუფლებას და, შესაბამისად, რისკის ქვეშ დააყენებს ამერიკის ინტერესებს. საკუთარ არჩევანში მეტნაკლებად თავისუფალი საქართველო ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ავღანეთის კამპანიაში და ევრაზიის საკონტროლო პლაცდარმის მსგავს სახიფათო პროექტებში მონაწილეობაზე დათანხმდეს. ასეთი უამრავი თემა გამოჩნდება.
აქედან გამომდინარე, ამერიკა, ერთი მხრივ, მზად არის, ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას, თუმცა, როცა კი საქართველოში არჩევანი დგება დემოკრატიასა და ამერიკის ინტერესებს შორის, იგი, ცხადია, ამერიკის მოქალაქეთა კეთილდღეობას იცავს. ასეთი არჩევანი კი მუდმივად დგას.
ამჟამად საქართველოს ჰყავს ერთმნიშვნელოვნად პროამერიკელი პრეზიდენტი, პროამერიკელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება და ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილიც კი პროამერიკელია.
შეიძლება ბევრი მათგანის წარმოდგენა დემოკრატიაზე რუსულ ხედვებს უფრო ეთანადება ვიდრე - ამერიკულს, მაგრამ ეს არ აბრკოლებთ, რომ უყოყმანოდ მიიღონ ამერიკის სასარგებლო გადაწყვეტილებები. ამერიკისთვის ამაზე ხელსაყრელი პოლიტიკური სპექტრი შეუძლებელია არსებობდეს.
ამგვარი პოლიტიკური ლანდშაფტი ნამდვილად არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის განწყობა-შეხედულებას, რომელიც ასე ერთსულოვნად პროამერიკელი არ არის, მით უმეტეს - მემარჯვენე ლიბერალი.
ამერიკულ-სახელისუფლო კვლევებიდანაც კი ჩანს, რომ მოსახლეობაში მემარცხენე, სოციალ-დემოკრატიული იდეები ბევრად პოპულარულია, რაც ადვილად აიხსნება საქართველოში არსებული ეკონომიკური გაჭირვებით.
ამ ფონზე უკონტროლო დემოკრატიული არჩევნების შედეგად საქართველოში, ნებისმიერ შემთხვევაში, არსებულზე ნაკლებ პროამერიკული ხელისუფლება ჩამოყალიბდება. სწორედ პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ამერიკისთვის ხელსაყრელია ეფექტური ხელისუფლება, რომელიც ”რკინის ხელით” მართავს ქვეყანას და განუხრელად იცავს მის ინტერესებს.
ხელისუფლების დემოკრატიზაცია და დიალოგის რეჟიმში გადასვლა, პირდაპირპროპორციულად შეამცირებს გადაწყვეტილებათა ეფექტურობას, რაც შეასუსტებს ამერიკის გავლენასაც.
გაუკონტროლებელი არჩევნები, ძალიან მაღალი ალბათობით, ხელისუფლებისკენ გზას გაუხსნის იმ ძალებს, რომლებიც მოსალოდნელია, რომ რადიკალურად პროამერიკული, ერთპოლუსიანი პოლიტიკიდან დაბალანსებულ პოლიტიკაზე გადასვლას შეეცდებიან.
ამ ვითარებაში, ცხადია, რომ ამერიკისთვის ბევრად უფრო მისაღებია ის ხელისუფლება, რომელიც ”რკინის ხელით” უზრუნველყოფს პროამერიკული პოლიტიკის გატარებას, ვიდრე ბუნდოვანი პოლიტიკური მომავალი, რომელიც მის ინტერესებს დემოკრატიული პროცედურების ლაბირინთში უპირებს დაკარგვას. აქედან გამომდინარე, სანამ ერთპოლუსიანი პოლიტიკა გაგრძელდება, საქართველოს პარლამენტში სახელისუფლო პარტია ყოველთვის შეინარჩუნებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.
ეს სულაც არ არის პარადოქსი, სინამდვილეში ყოფიერებასთან ბრძოლაში ცნობიერების მიერ განცდილი მორიგი მარცხია.
ლიბერალური აპარტეიდი
15-20 წელიწადი საჭიროა არა მხოლოდ ახალი ადამიანის შესაქმნელად, არამედ იმ თაობების გასასტუმრებლადაც, რომლებიც წარსულს განასახიერებენ და გარდაქმნას არ ექვემდებარებიან. საქმე მხოლოდ ბუნების კანონს და ფიზიკურ ყოფნა-არყოფნას არ ეხება, აუცილებელია მათი მორალური ლიკვიდაცია და დეავტორიტეტიზაცია, რათა ”ახალმა ადამიანმა” წარსულთან ყოველგვარი კავშირი ”ჩახსნას” და არსებობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
ტრადიციული ღირებულებების, წესების, ისტორიზმისადმი, რელიგიისა და ეროვნული რელიქვიების მიმართ მოწიწებით გამსჭვალული საზოგადოება, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ერთიანობის განცდა, ისტორიული მიზნები და იდეალები - ანუ ახასიათებს ”ჩვეულებისამებრ მამულისა სლვაჲ”, ყოველთვის მიდრეკილია თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებისკენ და მუდმივად ცდილობს საკუთარი ინტერესების დაცვას. ამგვარი საზოგადოება რომელიმე სახელმწიფოს ინტეგრირებულ ტერიტორია-პლაცდარმად გადაქცევას ადვილად არ შეეგუება.
ახალი ადამიანის საწრთობ ქურას ხშირად უწოდებენ ლიბერალიზმს, თუმცა, რეალურად ეს საკმაოდ თავისებური და რეალური ლიბერალიზმისგან თვისებრივად განსხვავებული მიმდინარეობაა, რომელიც ლიბერალიზმის დამკვიდრებას ეპირება არალიბერალური მეთოდებით და ანტილიბერალური ელემენტების ჩარეცხვა–უტილიზაციით.
ეს ეგრეთ წოდებული ”მომავლის ლიბერალიზმი” გულისხმობს, რომ ლიბერალიზმის ფუნდამენტური პრინციპების სრულად განხორციელება ცხოვრებაში შესაძლებელი გახდება მხოლოდ ახალი ადამიანის შექმნის შემდეგ, მანამდე კი, გარდამავალ ეტაპზე, ლიბერალიზს ჩაენაცვლება პროამერიკანიზმი, რაც აშშ-ს უპირობო მხარდაჭერაში გამოიხატება.
პროამერიკანიზმი მოიაზრება როგორც გარდამავალი ეტაპი ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრების გზაზე.
”მომავლის ლიბერალები” მზად არიან თვალი დახუჭონ ისეთ ანტილიბერალურ ქმედებებზეც კი, რასთან შეგუებაც ასამარებს ლიბერალიზმის იდეას და ლიბერალური იერის შენარჩუნებას ცდილობენ მეორე-მესამეხარისხოვან თემებზე ხმაურით.
ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება საფრთხე, რომ ანტილიბერალური ელემენტები მოქალაქეების განწყობებით ისარგებლებენ და დემოკრატიული პროცედურების გამოყენებით საქართველოს დააბრუნებენ არალიბერალურ სივრცეში. ამიტომ, გარდამავალ ეტაპზე, ”მომავლის ლიბერალები” გამართლებულად და აუცილებლად მიიჩნევენ ”რკინის ხელს”, რომელმაც უნდა მოუმზადოს და გაუსუფთაოს ნიადაგი განვითარებულ ლიბერალიზმს
ნიშანდობლივია, რომ ეს ჰგავს ცნობილ თეორიას პროლეტარიატის დიქტატურისა და პროლეტარული ტერორის აუცილებლობის შესახებ კომუნიზმში შესვლის დაჩქარების მიზნით.
”მომავლის ლიბერალები” მოქმედებენ შიდა განაწესით, რომელსაც არც მაინცდამაინც ასაიდუმლოებენ - დემოკრატია ყველასთვის და ადამიანის უფლებების დაცვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ ქვეყანაში ლიბერალიზმის საბოლოო გამარჯვების შემდეგ, როდესაც ახალი ადამიანი შეიქმნება და საზოგადოება შეუქცევადად ლიბერალური გახდება.
მანამდე კი იქნება ლიბერალური აპარტეიდი, სადაც იცხოვრებენ ”რჩეულები” რომელთაც ექნებათ უფლებები და იბოგინებენ უუფლებო ”ჩარეცხილები”.
ამ აპარტეიდს ხატოვნად აღწერს ”მომავლის ლიბერალიზმის” ქომაგი და ქართველი ”მომავლის ლიბერალების” მეგობარი ქალბატონი ვალერია ნოვოდვორსკაია:
”Гражданские права существуют для людей просвещенных, сытых, благовоспитанных и уравновешенных. В зоне все откровеннее. Там есть права для всех, кроме как для "опущенных", "для петухов". И дело здесь не в физиологии, а в силе духа, в моральном уровне. Жалкие, несостоятельные в духовном плане, трусливые спят у параши и никаких прав не имеют. Если таким давать права, понизится общий уровень человечества. Так что апартеид - это правда, а какие-то всеобщие права человека - ложь.”("Новый взгляд" N46. 28.08.93).
ნოვოდვორსკაიას ხედვები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც აღნიშნული პრინციპები დაჟინებით მკვიდრდება ქართულ სინამდვილეში. ბუნებრივია ისიც, რომ ქალბატონ ვალერიას წარმოდგენები ადამიანის უფლებებზე სრულად შეესაბამება ქართველი ”მომავლის ლიბერალების” დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი.
”Я лично правами человека накушалась досыта. Некогда и мы, и ЦРУ, и США использовали эту идею как таран для уничтожения коммунистического режима и развала СССР. Эта идея отслужила свое и хватит врать про права человека и про правозащитников. А то как бы не срубить сук, на котором мы все сидим.” ("Новый взгляд" N46. 28.08.93).
„მომავლის ლიბერალიზმი“ წარმოადგენს დღეს საქართველოში ამერიკის უმთავრეს მხარდამჭერ მოძრაობას. „მომავლის ლიბერალი“ პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები თუ ექსპერტები ქვეყნის მართვასთან ერთად მნიშვნელოვან სეგმენტს ფლობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების სფეროში და მიზანმიმართულად იღვწიან საქართველოს ამერიკასთან ინტეგრირებულ ტერიტორიად გადაქცევისთვის.
თავის მხრივ, ამერიკა ყველა გადამწყვეტ მომენტში მხარს უჭერს ”მომავლის ლიბერალებს” და მათ ხედვებს, რაც დემოკრატიის მომავალში გადატანას გულისხმობს.
ერთმორწმუნე ამერიკა და ერთმორწმუნე რუსეთი
ქართველი ”მომავლის ლიბერალებისთვის” ერთმორწმუნე ქვეყანას წარმოადგენს ამერიკა და მათთვის, ისევე როგორც ამერიკისთვის, სრულიად მიუღებელია ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.
ამ მიუღებლობას სააფუძვლად არ უდევს თეოლოგიური წანამძღვრები.
ეკლესიას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საქართველოს ცხოვრებაზე, რაც დიდ დაბრკოლებას უქმნის როგორც ახალი ადამიანის გამოყვანის პროცესს, ისე საქართველოს ევრაზიის და, პირველ რიგში, რუსეთის მაკონტროლებელ პლაცდარმად გადაქცევას. ცხადია, რომ ქართული ეკლესია, ამ სახით, არასოდეს გახდება პროამერიკული ორიენტაციის და ერთმორწმუნე რუსეთთან ბრძოლის იარაღი.
ერთმორწმუნეობის მნიშვნელობა, ძალიან კარგად ესმით ”მომავლის ლიბერალებს” და სწორედ აქედან გამომდინარეობს განუწყვეტელი შეტაკებები ეკლესიასთან, რაც დიდი ბრძოლის რეპეტიციებს წარმოადგენს.
ვიდრე ეკლესიას ისეთივე მაღალი ავტორიტეტი ექნება, როგორიც – დღეს, იგი მუდმივ დაბრკოლებად იქნება აღმართული ახალი ამერიკანიზირებული ქართველის გამოყვანის გზაზე. სწორედ ამიტომ ეკლესიის გაუვნებელყოფა ”მომავლის ლიბერალების” ერთ-ერთი უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს.
ეგრეთ წოდებული ”ძველი ადამიანი”, რომლისთვისაც მართლმადიდებლობა თვითიდენტობის მნიშვნელოვანი ნიშანია, ბუნებრივია, ვერ იქნება სანდო ამერიკისთვის, განსხვავებით იმ მომავალი ახალი ადამიანისგან, რომელიც ერთმორწმუნე ქვეყანად მიიჩნევს ამერიკას და არა – რუსეთს.
მეორეს მხრივ, რაც უფრო ენერგიულად მიმდინარეობს ახალი ადამიანის გამოყვანაზე მუშაობა და საქართველოს ინტეგრირებულ ტერიტორია-პლაცდარმად გადაქცევა, სულ უფრო იზდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ფიქრობენ, რომ ამჯერად უკვე ამერიკა ემუქრება ”ჩვეულებისამებრ მამულისა სლვას” - ანუ ეროვნულ ცნობიერებას.
საქართველოს ინტერესები
”ინგლისს არც მარადიული მეგობრები ჰყავს და არც - მარადიული მტრები,
ინგლისს მარადიული მხოლოდ ინტერესები აქვს!”
ლორდი პარლმერსტონი,
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი
თუმცა, დიდი სახელმწიფოები საქართველოს საკუთარი ნაციონალური ინტერესებისთვის აუცილებელ ტერიტორია-პლაცდარმად განიხილავენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებსაც აქვთ გარკვეული მიზნები და ინტერესები, რომელთა შესახებაც პრეზიდენტის ფიცშია საუბარი:
„მე საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის!“
აქ ყველა აქცენტი ზუსტად არის დასმული, თუმცა, ბოლოს ნახსენები ერთ-ერთი პრიორიტეტი ”ვიზრუნებ ძლევამოსილებისთვის”, რაც შეიძლება ვინმეში სასიამოვნო ემოციებს იწვევს, საერთო მიზანდასახულობის კონტექსტიდან ამოვარდნილია. ძლევამოსილება ვერ იქნება საქართველოს ნაციონალური მიზანი.
გარდა იმისა, რომ ძლევამოსილება ზესახელმწიფოთა ატრიბუტია, ძლევამოსილების მიღწევაზე ორიენტირებული სახელმწიფოს მოქალაქეთა ხვედრი იშვიათად არის კეთილდღეობა. მით უმეტეს, ძლევამოსილებისკენ სწრაფვა მძიმე ტვირთი იქნება საქართველოსთანა პატარა ქვეყნისთვის, იგი პრიორიტეტების აღრევას გამოიწვევს და საფრთხეს შეუქმნის დანარჩენი მიზნების განხორციელებას.
საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქციაა, დაიცვას საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, რისთვისაც აუცილებელია ამ ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი სუვერენიტეტი, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სივრცე, სტაბილური და თვითრეგულირებადი პოლიტიკური სისტემა. ეს ქმნის იმ აუცილებელ გარემოს, სადაც შესაძლებელია თვითმყოფადობის შენარჩუნება, კეთილდღეობის მიღწევა და განვითარება ანუ ”ჩვეულებისაებრ მამულისა სლვაჲ”.
ფარტაძის პოსტულატი
უძველესი დროიდან დღემდე ყველა სტრატეგიული პარტნიორის მიზანი იყო საქართველოს გადაქცევა საკუთარ ტერიტორია-პლაცდარმად. სწორედ ამაში უშლიდათ მათ ხელს ქართველების ”ჩვეულებისაებრ მამულისა სლვაჲ.” აქედან გამომდინარე, საქართველოს ზედამხედველების მთავარ ამოცანა ყოველთვის იყო და იქნება ქართული ფენომენის გადასხვისება და გამოყვანა იმ ახალი ადამიანებისა, რომელთაგანაც დაკომპლექტდება ტერიტორია-პლაცდარმის მომსახურე პერსონალი.
ზედამხედველი ქვეყნების მიერ ქართული ცნობიერების აღმოფხვრის მცდელობა ქართველების მიმართ სიძულვილით კი არ არის განპირობებული (პირიქით, მათი მხრიდან თავისებური პატივისცემაც კი იგრძნობა ქართული ფენომენის მიმართ), არამედ პოლიტიკის ცოდვა-ბრალიანი კანონზომიერებით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები მუდმივად ესწრაფვიან უპირატესობის მოპოვებას და ამით მეტი მოგებისა და კეთილდღეობის მოხვეჭას.
ალბიონის კუნძულზე შექმნილი ფორმულა, რომ არ არსებობენ მარადიული მეგობრები და მტრები, უნივერსალურია და, მოსწონს ეს ვინმეს თუ - არა, მოქმედებს ყველგან, მათ შორის - საქართველოშიც.
კავკასიაში არსებულ გეოპოლიტიკურ ჭიდილში საქართველო გადამწყვეტ ფაქტორს ვერ ქმნის, თუმცა, მისი როლის გაუთვალისწინებლობა და ნიჰილისტურად შეფასება (”ჩვენ არაფერს გვეკითხებიან და ყველაფერი ჩვენს გარეშე წყდება!”) დიდი შეცდომა იქნება. ეს რომ ასე იყოს, ამხელა ენერგია და რესურსი არ დაიხარჯებოდა ახალი ადამიანის გამოსაყვანად.
რაც უფრო დაძაბულია ბალანსი იქნება დიდ სახელმწიფოებს შორის მით უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება საქართველოს პოზიციას.
ქართული პოლიტიკური ყოფის იდეალად რჩება ეგრისის სახალხო კრება, სადაც პროსპარსული და პრობიზანტიური მიმართულების პარტიები ერთმანეთის არგუმენტებს უსმენდნენ და ჰქონდათ საკმარისი თავისუფლება, რომ განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად ერთმანეთისთვის ქვეყნის ღალატი არ დაებრალებინათ.
ორივე პარტიისთვის მთავარი იყო საკუთარი ქვეყნის ინტერესი და არა ბიზანტიის ან სპარსეთის მითითებების შესრულება.
უმთავრესი პოლიტიკური გაკვეთილი მაინც ის არის, როგორ აიძულა ეგრისის კრებამ (რომელიც იმ დროს ხელისუფლებას წარმოადგენდა) ბიზანტია, დათმობაზე წასულიყო.
აიეტმა სპარსული ორიენტაციის სასარგებლოდ სერიოზული არგუმენტები მოიხმო , რაზეც ფარტაძმა უპასუხა:
”შევატყობინოთ კეისარს, რაც მოხდა და ვნახოთ, რა პასუხს მოგვცემს. თუ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა უარყოფილი იქნა, მაშინ ვიფიქროთ სპარსელებთან კავშირზე.“
მას არც ბიზანტია მიაჩნდა მუდმივ მეგობრად, არც - სპარსეთი და არც საქართველო - მათ მარადიულ მოვალედ. პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი მისთვის მხოლოდ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვის საშუალება იყო.
ქმედითი პროსპარსული პარტიის არსებობა საქართველოს მრავალპოლუსიანი პოლიტიკური მანევრების საშუალებას აძლევდა და კეისარს აფრთხილებდა, რა მოჰყვებოდა ქართველების მოთხოვნების შეუსრულებლობას.
როდესაც პატარა ქვეყანას სერავენ დიდი ქვეყნების ინტერესები და ეს მკაცრი რეალობაა, ფარტაძისა და აიეტის კოორდინირებული დაპირისპირება არის ქვეყნის დამოუკიდებლობის შესაძლო მაქსიმუმის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება, რათა ქვეყანამ მაქსიმალურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების უნარი შეინარჩუნოს.
ფარტაძმა შეიმუშავა ზედამხედველ სახელმწიფოებთან ურთიერთობის პოსტულატი: საქართველოს არა აქვს მუდმივი პოლიტიკური ორიენტაცია და იგი შეიძლება შეიცვლოს, თუ მისი მეგობარ-პარტნიორები მისგან ინტეგრირებული ტერიტორია-პლაცდარმის შექმნას მოინდომებენ.
ეგრისის კრების ძალა მდგომარეობდა დაპირისპირებულთა ერთიანობაში, სხვადასხვა ორიენტაციების პარტიები არ წარმოადგენდნენ ზედამხედველი ქვეყნების დესანტებს, თავისუფლები იყვნენ გადაწყვეტილების მიღებაში და მათი დემოკრატიული თანაარსებობა გეოპოლიტიკურ მორევში მოხვედრილ პატარა ქვეყნას თავისუფალი მოქმედების გარკვეულ სივრცეს უტოვებდა.
რომელიმე ერთი სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა, რაც ქვეყნის შიგნით თავისთავად იწვევს ერთპარტიულ მმართველობას, საქართველოს ემუქრება ინტეგრირებულ პლაცდარმად გადაქცევით და ახალი ადამიანის გამოყვანის მცდელობის მტკივნეული პროცედურებით.
ნებისმიერი მიმზიდველი პოლუსიც კი ბალანსის გარეშე თავად იქცევა საბედისწერო მახედ.
საქართველოს დღეს შუაზე ყოფს ამერიკა-რუსეთს შორის არსებული გეოპოლიტიკური საზღვარი. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერთმნიშვნელოვნად რუსეთის გავლენის ქვეშ არიან, დანარჩენი საქართველოს მკვეთრად პროაამერიკული გეზი უჭირავს. საქართველოს ფაქტობრივად ურთიერთობა არა აქვს რუსეთთან, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ ურთიერთობენ ამერიკასთან. ორივე ზედამხედველ სახელმწიფოს საკუთარი მეთვალყურეობის ქვეშ მოქცეული პლაცდარმები სჭირდება შემდგომი გავლენის გასავრცელებლად სამხრეთით და ჩრდილოეთით. ამგვარი ვითარება გადაულახავ დაბრკოლება უქმნის ქვეყნის გაერთიანებას.
ერთმნიშვნელოვან აქსიომად მიჩნევა, რომ რაც კარგია ამერიკისთვის და ცუდი რუსეთისთვის, აუცილებლად სასიკეთო იქნება საქართველოსთვის, პოლიტიკის კანონზომიერებიდან გამომდინარე, არც სწორია და არც ქვეყნის ინტერესებში შედის, რადგან ეს მას მანევრირების უნარს უკარგავს.
იმ შემთხვევაშიც კი თუ ვინმე მოახერხებს რუსეთის კავკასიიდან გაძევებას, თუნდაც მის დაშლას ან სულაც გადაყლაპვას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ამ შემთხვევაში საქართველო შეიძლება კიდევ უფრო მძიმე პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.
მწვავე კონფრონტაციის შენარჩუნება რუსეთთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე პირველ რიგში გაყინულ მდგომარეობაში ამყოფებს სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს არსებულ ვითარებასთან შეგუებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ.
დროთა განმავლობაში, საკუთარი ინტერესებიდან და კონიუნქტურიდან გამომდინარე, პოზიციას შეიცვლიან ის სახელმწიფოებიც, რომლებიც დღეს რუსეთს საქართველოს დეოკუპაციისკენ მოუწოდებენ ხოლმე და მშვიდობისა და სტაბილურობის სახელით, მოსთხოვენ საქართველოს, შეეგუოს და ცნოს დეფაქტო ვითარება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ საქართველოსთვის არის მტკივნეული თემა, ყველა სხვა სახელმწიფო, ბუნებრივია, არსებულ კონფლიქტს რუსეთთან სავაჭროდ და საკუთარი ინტერესების მისაღწევად გამოიყენებს.
ამერიკის და რუსეთის გარდა, საქართველოში ინტერესები აქვთ სხვა მეზობელ სახელმწიფოებს და ევროპის ქვეყნებს. ეს ინტერესები განუწყვეტლივ დინამიკაში არიან, ხან ემთხვევა ერთმანეთს, ხან - ეწინააღმდეგება. მათ აქვთ საკუთარი ურთიერთობები ამერიკასთან და რუსეთთან, საკუთარი ხედვები და სწორედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არავინ აპირებს, შეიზღუდოს თავი იმ წარმოდგენით, რომ ამერიკა ერთმნიშვნელოვნად კარგია, ხოლო რუსეთი - ცუდი.
საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომ მისი ტერიტორია არ წარმოადგენდეს პლაცდარმს ვინმეს წინააღმდეგ და, პირიქით, ჰქონდეს დაბალანსებული ურთიერთობები გარესამყაროსთან. განსაკუთრებით აუცილებელია იმის გათვალისწინება, როგორ ხედავს ევროპული გეოპოლიტიკა ევროპის მომავალს და მასში რუსეთის ადგილს. სწორედ ევროპული გეოპოლიტიკის გათვალისწინებით არის მიზანშეწონილი არჩევანის გაკეთება ნეიტრალიტეტსა და სამხედრო ბლოკის წევრობას შორის.
ორ კონკურენტ ზედამხედველს შორის გაყოფილი საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ისეთ სახელმწიფოდ გადაქცევა, სადაც დიდი ინტერესები საკუთარ პლაცდარმებად კი არ დაყოფენ ქვეყანას, არამედ მთელ ქვეყანაში დააბალანსებენ ერთმანეთს.
საკუთარი ინტერესების დაცვისთვის დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და სტრატეგიულ სტაბილურობას საქართველოს შესძენს მხოლოდ ევროპისკენ მობრუნება და ორად გაყოფილი, სხვადასხვა პოლუსისკენ მიმართული ტერიტორიიდან გეოპოლიტიკური ვექტორებით დაბალანსებულ და გაწონასწორებულ ერთიან სივრცედ გადაქცევა. ცხადია ისიც, რომ დიდი ზედამხედველების ინტერესებში არ შედის ამგვარი საქართველო და ისინი, თავისი ნებით, ხელს არ შეუწყობენ მოვლენათა ამგვარ განვითარებას.
სწორედ მათი დაყოლიების თუ იძულების მეთოდზე მიანიშნებს ფარტაძის შეგონება: ”კეისარი არასდროს შეისმენს ჩვენს სამართლიან თხოვნას, თუ არ ეცოდინება, რომ სპარსეთის გზაც ვიცით!”
ვასილ მაღლაფერიძე.

Комментариев нет:
Отправить комментарий