ღმერთი

ღმერთი

суббота, 27 апреля 2013 г.

ვინც ვინატრეთ.

ვალერიან ვეკუა.

ვინც ვინატრეთ.

გოლგოთაზე აჰყავთ ქრისტე,
ხელებს იბანს პილატე,
ქრისტეს გზაზე უარი ვთქვით,
ბარაბას გზით ვიარეთ.

გოლგოთაზე აჰყავთ ქრისტე,
ხელებს იბანს პილატე,
მან ნათელი მოგვაფინა
ჩვენ კი ბნელში ვიარეთ...

გოლგოთაზე აჰყავთ ქრისტე,
ხელებს იბანს პილატე,
მან ცხებული მოგვივლინა,
ჩვენ ბარაბა ვინატრეთ.

გოლგოთაზე აჰყავთ ქრისტე,
ხელებს იბანს პილატე,
ღმერთმა მადლი მოგვაფრქვია,
ჩვენ იუდა ვიწამეთ.
გოლგოთაზე აჰყავთ ქრისტე,
ხელებს იბანს პილატე,
აგერ, აქ გვყავს, ვინც ვინატრეთ,
ბარაბაც და პილატეც.
*****

ლაბირინთები.

საოცარია წუთისოფლის ლაბირინთები,
ფიქრობ ბოლომდე გასული ხარ, უკან ბრუნდები,
დღეს რუბიკონზე გადასულან არაკაცები,
მაშ რა გეწოდოს, არაკაცო, ორჯერ თუ კვდები...

საწუთრო ბრუნავს, აგური აგურს ისევ ეწყობა,
ბევრს არ აწუხებს, რომ არ ფასობს კაცურ-კაცობა,
მაწუხებს აზრი-ხსნა სადღაა, რა გაეწყობა?!
ღმერთო, მითხარი, სანამ გასტანს მუხანათობა?!
*****

წყვდიადზე განა ითქმის ნათელი?...

გამოეხვია ცხვრის ქურქში მგელი,
იყო ყვავი და გამხდარა მღვდელი,
აქ, ჩვენთან ვარქმევთ ყორანს მიმინოს,
ვისაც ყური აქვს, უნდა ისმინოს!

ცრუობს ფლიდი და ფარისეველი,
ჩემობს კრავობას ეგ მწვალებელი,
ახლა დემონი დევნის ანგელოზს,
ვისაც ყური აქვს, უნდა ისმინოს!

წყვდიადზე განა ითქმის ნათელი?
გვედრი, უფალო, იხსენ ქართველი.
მხოხავმა ცაში როგორ იფრინოს?
ვისაც ყური აქვს, უნდა ისმინოს.
*****

კიდევ ვიტყვი.

ვიტყვი, ვიტყვი, უფლის ნებით,
კიდევ ვიტყვი სადღეგრძელოს...
იბერიის გაბრწყინების,
ერთიანი საქართველოს...

ვლოცავ ყველას, ვინც ბოლომდე
უერთგულა უფლის რჩევას...
ვინც კი ტაში არ დაუკრა
უნამუსოდ ქვეყნის ნგრევას...

ყველა იმათ, სიყვარულით
ვინც იწვოდა მოძმის მიმართ...
ვინაც თვალი გაუსწორა,
არ დახარბდა ოქროს რიალს...
ვინც სული არ ანაცვალა
ოცდაათი ვერცხლის ჩხრიალს...

ვიტყვი, ვიტყვი, უფლის ნებით
კიდევ ვიტყვი სადღეგრძელოს..
გაუმარჯოს ერის ნებას,
გაუმარჯოს საქართველოს.
*****

"მე მოგიკვდი"

ღმერთო ჩემო, რა შევცოდე,
რომ არ გინელდება ბრაზი?!
მითხარ, მითხარ, რომ ვიცოდე,
გადაესვა გრძნობებს ხაზი?!...

გზაზე ვდგავარ, დღეებს ვითვლი,
ნუთუ, ფუჭად ნათესს ვმკიდი,
ანდა იმას ვეღარ მივხვდი,
რას ნიშნავდა "მე მოგიკვდი".

მითხარ, მითხარ, რომ ვიცოდე,
გადაესვა გრძნობებს ხაზი?!
ღმერთო ჩემო, რა შევცოდე,
რომ არ გინელდება ბრაზი?..
*****

Комментариев нет:

Отправить комментарий