ღმერთი

ღმერთი

вторник, 9 апреля 2013 г.

"ეს იყო ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი"

   
მღვდელი გიორგი კალჩუ.

"ეს იყო ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი"


ფრაგმენტები ამერიკაში მოღვაწე რუმინელი მართლმადიდებელი მღვდლის, გიორგი კალჩუს საუბრიდან. საუბარი, რომელსაც უძღვებოდა დედა ნინო (მღვდელდმონაზონ სერაფიმე როუზის სულიერი შვილი), გაიმართა 1996 წლის 6 ნოემბერს.

მამა გიორგი: დავიბადე გლეხის ოჯახში, სადაც თერთმეტი ბავშვი იზრდებოდა. მე მათ შორის ყველაზე უმცროსი ვიყავი. დედაჩემი დიდად ღვთისმოსავი ქალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა მხოლოდ ოთხი კლასის განათლება, იყო ბრძენი და იცოდა საღვთო ჭეშმარიტება. ჩვენ პატარა ტაძარში დავდიოდით. მაშინ ძალიან პატარები ვიყავით და რაკი იქ სკამები არ იყო, ორ-სამ საათს დგომა გვიძნელდებოდა, ამიტომ ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდით. როდესაც შინ ვბრუნდებოდით, დედა გვეტყოდა ხოლმე: „ხომ იცით, რომ ეს არის ღვთისადმი თქვენი ლოცვა. იდექით, სანამ ფეხები არ გეტკინებათ. ბავშვის ლოცვაც ეს არის“...

ასე ვიზრდებოდით ჩვენს ოჯახში. თერთმეტი შვილიდან მხოლოდ მე დავდიოდი სკოლაში, დანარჩენები სოფელში ფერმერებად დარჩნენ. არასოდეს დამიკარგავს რწმენა, რომელიც დედამ ჩამინერგა. როდესაც არდადეგებიდან ვბრუნდებოდით, ყოველთვის მივდიოდით ეკლესიაში და გუნდში ვგალობდით. გლეხების ტრადიციები ძლიერი და ჯანსაღი იყო, ისინი კომუნიზმს ჯერ კიდევ არ შეერყვნა. შემდეგ სამედიცინო კოლეჯში ჩავაბარე, სადაც ორი წელი ვისწავლე. მე იმ ქრისტიან სტუდენტთა ჯგუფს ვეკუთვნოდი, რომელიც ესწრებოდა და უსმენდა „მაყვალი შეუწველის“ შეკრებებსა და ლექციებს. ეს ხდებოდა ბუქარესტში. როდესაც კომუნისტებმა რელიგიის მარქსისტული ფილოსოფიით შეცვლა დაიწყეს, სამედიცინო კოლეჯში ჩვენც გვაიძულებდნენ მის შესწავლას. მე ვიყავი ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ეს გააპროტესტა. ამისთვის დამაპატიმრეს და ციხეში ჩამსვეს. ეს მოხდა 1948 წელს. კომუნიზმმა ფეხი 1944 წლიდან მოიკიდა.

დედა ნინო: ამგვარად, კომუნისტების მოსვლიდან მასობრივი დაპატიმრებების დაწყებამდე ოთხი წელი გავიდა?

– დიახ, იმიტომ, რომ ოპოზიცია ჯერ კიდევ ძლიერი იყო. 1947 წელს მეფე იძულებული გახდა, დაეტოვებინა რუმინეთი. კომუნისტებმა ხელში აიღეს სრული ძალაუფლება. მათ რუსეთის მსგავსი სიტუაცია შექმნეს. პოლიტიკური მრჩევლებისა და უშიშროების თანამშრომლების უმრავლესობა რუსი იყო. ისინი რუსეთიდან ჩამოვიდნენ, ახალგაზრდა რუმინელი კომუნისტებისათვის თავიანთი გამოცდილების გასაზიარებლად.

– რატომ მომწიფდა ნიადაგი კომუნიზმისთვის რუმინეთში 1945-48 წლებში?

– არ იყო მომწიფებული. კომუნიზმი შემოვიდა, რადგან რუსეთის ჯარი იდგა ქვეყანაში. ტერორი 1944-1945 წლებში დაიწყო. 1947 წელს რუსულმა არმიამ აიძულა მეფე, დაეტოვებინა ქვეყანა.

– შეიძლება ძნელი იყოს თქვენთვის ამაზე საუბარი. მე ცოტა რამ ვიცი იმის შესახებ, რაც ხდებოდა რუმინეთში, პიტესტის ციხეში, მაგრამ ამერიკელთა უმრავლესობას არასოდეს სმენია არც პიტესტიზე, არც იქაურ ამბებზე და არც „ხელახალი აღზრდის“ ექსპერიმენტზე, რომელიც ამ ციხეში ხორციელდებოდა. შეგიძლიათ, გვიამბოთ ამის შესახებ?

– პიტესტი იყო მაკარენკოს ექსპერიმენტის ასლი. მაკარენკო – კომუნისტი განმანათლებელი – დაკავებული იყო იმ ბავშვებისა და ახალგაზრდების ხელახალი აღზრდით, რომლებიც კომუნისტური სამყაროს წინააღმდეგი იყვნენ. თავის წიგნში „პედაგოგიური პოემა“ იგი საამო ფერებში აღწერს, რაც იქ ხდებოდა, მაგრამ თუ ყურადღებით წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ ეს ნამდვილი ტერორი იყო. კომუნისტებმა მაკარენკოს ეს ექსპერიმენტი გაავრცელეს რუმინეთის სტუდენტებზეც – ახალგაზრდა თაობაზე.

– რა ასაკისანი იყვნენ სტუდენტები?

– თვრამეტიდან ოცდახუთ წლამდე. კომუნიზმს უნდოდა, გაეჩინა ნაპრალი თაობებს შორის. კომუნიზმისთვის ყველაზე უფრო საშიში კატეგორია სტუდენტობა, ახალგაზრდობა იყო. ჩვენ მემკვიდრეობით გადმოგვეცა ქრისტიანული განათლება, ოჯახური ღირებულებანი და ძირითადი ქრისტიანული პრინციპები. უფროსი თაობა მოკვდებოდა, ხოლო ახალგაზრდა თაობა უნდა გარდაექმნათ... ამიტომ მათ ამ ექსპერიმენტის ჩატარება მოინდომეს ახალგაზრდებზე, რათა ნაპრალი გაეჩინათ უმცროს და უფროს თაობებს შორის და სტუდენტობა კომუნისტებად ექციათ. მათ სწადდათ ახალი, კომუნისტური მსოფლიოს შექმნა, ახალი ადამიანის – კომუნისტის – აღზრდა და ა. შ. ასე რომ, ისინი აპატიმრებდნენ ახალგაზრდებს – სტუდენტებს, და სწორედ ამ ექსპერიმენტისათვის ათავსებდნენ განსაკუთრებულ ციხეში, პიტესტიში...

ისინი თავიანთი მიზნის განხორციელებას ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობდნენ. პირველი ნაბიჯი იყო ახალგაზრდობის პიროვნების დანგრევა. მაგალითად, მცველები გაკომუნისტებული ახალგაზრდა პატიმრების ჯგუფთან ერთად შედიოდნენ საკანში, სადაც დაახლოებით ოცი ახალგაზრდა იყო, და აშინებდნენ, დაუნდობლად სცემდნენ. ვინც იყო ყველაზე გამორჩეული და მეტ წინააღმდეგობას უწევდა, კლავდნენ. ამგვარად დაიწყო ტერორი. შემდეგი ნაბიჯი იყო „ნიღბის ჩამოხსნა“.

– რას გულისხმობთ?

– მათ სურდათ, იძულებით გეთქვათ: „მე ვიცრუე, როდესაც ვთქვი, რომ ღმერთი მწამს. ვიცრუე, როდესაც ვთქვი, რომ მიყვარს დედ-მამა. ვიცრუე, როდესაც ვთქვი, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა“. ასე რომ, ყველას უნდა უარეყო თავისი პრინციპები, თავისი გრძნობები, ყველაფერი ღირებული, რაც გააჩნდა. აი, ამას ნიშნავდა „ნიღბის ჩამოხსნა“. ეს იმის დასამტკიცებლად კეთდებოდა, რომ ჩვენ ვითომ ბურჟუაზიის ნაყოფი ვიყავით – ბურჟუები კი მატყუარები არიან. ჩვენ ვცრუობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ქალწულები ვართ, ქრისტიანები ვართ და როდესაც ვცდილობთ, უბიწოდ დავიცვათ სხეული ქორწინებისათვის.

– ისინი ამის წინააღმდეგი იყვნენ?

– დიახ. ისინი გვაიძულებდნენ გვეთქვა, რომ ვიყავი მემრუშე, ისეთი, ვისაც ურთიერთობა ჰქონდა ყველა გოგოსთან, ან რომ – „ლეგიონერებში“ და „გლეხთა პარტიაში“ იყო გარყვნილება. ჩვენ უნდა ვეტანჯეთ მანამ, სანამ არ უარვყოფდით ყველაფერს, რისიც მანამდე გვწამდა. ამას ნიშნავდა „ნიღბის ჩამოხსნა“. ეს კეთდებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ქრისტიანული პრინციპები არ იყო პრინციპები, რომ ჩვენ ვტყუოდით, როდესაც ვამბობდით: გვიყვარს იესო ქრისტე, დედა, მამა, და ა. შ. ... ყველაფერი უნდა განადგურებულიყო ჩვენს სულში! ეს იყო მეორე ნაბიჯი.

ამის შემდგომი ნაბიჯი იყო ყველას დასმენა, ვისაც ჩვენთან რაიმე შეხება ჰქონდა და ისევე სწამდა, როგორც ჩვენ. მე ყველა უნდა დამებეზღებინა, ვინც იცოდა ჩემი ორგანიზაციისა თუ ქმედების შესახებ, რათა მემხილებინა ყველა – დედაც, მამაც და დაც. სრულიად უნდა ჩამოვშორებოდით ნებისმიერ ქრისტიანულ კავშირსა და მორალურ პრინციპს.

საბოლოო ნაბიჯით უნდა დაგვემტკიცებინა, რომ უარვყავით ჩვენი სარწმუნოების ყველა პრინციპი და ყველაფერი ის, რაც მასთან გვაკავშირებდა. ამით ჩვენ უკვე ვხდებოდით „ახალი კაცი“, „კომუნისტი კაცი“, რომელიც მზად არის ტანჯოს სხვა, ჩაეხუტოს კომუნიზმს, ამხილოს ყველა, მზად იყოს ინფორმაციის მისაცემად და ღვთის დასაგმობად.

– ეს ექსპერიმენტი გრძელდებოდა პიტესტიში სამ წელიწადს. ამის შემდეგ ის შეწყდა?

– მათ შეწყვიტეს იმიტომ, რომ ამის შესახებ გაიგეს დასავლეთში. წამება გრძელდებოდა (მე ვგულისხმობ იძულებით შრომას, შიმშილს, ცემას და ა. შ.), მაგრამ არა ისეთივე ინტენსივობით, როგორც პიტესტიში. ახლა აწამებდნენ მხოლოდ მცველები და ადმინისტრაცია.

– მათ აღარ მიჰყავდათ სტუდენტები სხვა სტუდენტების საცემად?

– არა. ისინი გვცემდნენ, რადგან ძალიან სუსტები და გამხდრები ვიყავით და არ გვქონდა ძალა, რომ გვემუშავა და დაგვეკმაყოფილებინა ის ნორმები, რაც მოგვეთხოვებოდა. ისინი გვამყოფებდნენ იზოლაციაში, არ გვაძლევდნენ საკვებს. სამი დღის ან ერთი კვირის უჭმელები, ან მხოლოდ პატარა პურის ნაჭრისა და წყლის მიღების შემდეგ უნდა დავბრუნებულიყავით სამუშაოდ სავსებით დაუძლურებულები... ისინი, ვინც ასეთი ამტანი არ იყო, დაიხოცნენ ან დაავადდნენ ტუბერკულოზით და ა. შ. წამება და ტანჯვა გრძელდებოდა, მაგრამ არა ისეთივე ძალით. მე ვგულისხმობ იმას, რომ დარწმუნებული ვიყავით, საკანში არ გვაწამებდნენ. ისინი გცემდნენ, არ გაძლევდნენ საკვებს, გაიძულებდნენ უფრო მეტი გემუშავა, ვიდრე შეგეძლო. ბევრი ჩვენგანი დაავადდა.

– პიტესტიში თქვენ არ გქონდათ მუშაობის უფლება?

– არა, არ გვქონდა უფლება. მათ არ აინტერესებდათ ჩვენი სხეული. ჩვენი სხეული მათთვის ინსტრუმენტი იყო, რომლითაც ჩვენს სულში უნდა შეეღწიათ. მათ აინტერესებდათ ჩვენი რწმენა, ჩვენი სულების განადგურება.

...

მე ძალიან გამიმართლა, რადგანაც მოვხვდი იმ თექვსმეტ ადამიანს შორის, რომლებიც უშიშროებამ ჯილავას ციხეში მიიყვანა, სადაც ჩემი გამოჯანსაღება დაიწყო. ჯილავაში ააშენეს სპეციალური საპყრობილე. ის შუაზე გაჭრილ ცილინდრს ჰგავდა. ჩვენ ვიყავით მიწის ქვეშ; ჯილავა აშენებულია მიწის ქვეშ. საკნის თავზე შვიდი მეტრი მიწა იყო. ჯილავას ვერ დაინახავ – მთელი ციხე მიწის ქვეშაა. ამ ცილინდრში ააშენეს ოთხი საკანი უფანჯროდ, მხოლოდ კარით. ჩვენ გვქონდა ელექტრონათურა, ის დღე და ღამე ენთო. თითო საკანში ოთხ-ოთხი მოგვათავსეს. ყოველ საკანში უნდა ყოფილიყო ვინმე ან ძალიან ავადმყოფი, ან გიჟი. ჩემს საკანში იყო ერთი კაცი – კონსტანტინე ოპრისანი, რომელსაც ფილტვები მთლიანად დაავადებული ჰქონდა ტუბერკულოზით. დღეში ორჯერ ის ფილტვებიდან სისხლს ამოახველებდა... რადგან მე სამედიცინოს სტუდენტი ვიყავი, გადავწყვიტე, მასზე მეზრუნა... ის წმინდანივით იყო. პირველად ვიყავი ასეთ ადამიანთან კონტაქტში. ამ მდგომარეობაში იმიტომ იყო, რომ სამი წლის განმავლობაში აწამებდნენ თურმე პიტესტიში. ისინი ურტყამდნენ მას მკერდზე, ზურგზე და ფილტვები გაუნადგურეს. ის მთელი დღე ლოცულობდა. არასოდეს უთქვამს რაიმე ცუდი თავისი მტანჯველების წინააღმდეგ, გველაპარაკებოდა იესო ქრისტეზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, როგორი ღირსეული კაცი იყო იგი. ჩვენთვის იგი ამ საკანში ჩვენი ყოფნის გამართლება იყო. მთელი წლის განმავლობაში კონსტანტინე უფრო და უფრო დასუსტდა; გრძნობდა, რომ უკვე ასრულებდა თავის ცხოვრებას და აქ უნდა გარდაცვლილიყო.

კვირაში ერთხელ ჩვენ ვალდებული ვიყავით, რომ წვერი გაგვეპარსა. მე ვდარაჯობდი კონსტანტინე ოპრისანს და ჩემი მეგობრები ამ დროს იპარსავდნენ. ამის შემდეგ, მე ვიწყებდი პარსვას და ერთ-ერთი ჩემი მეგობართაგანი დარაჯობდა კონსტანტინეს, თვალს არ ვაშორებდით მას დღე და ღამე... მე წვერს ვიპარსავდი. მარსელმა, სტუდენტმა, რომელიც ჩვენზე ახალგაზრდა იყო, შეამჩნია, რომ კონსტანტინე კვდებოდა. მან მითხრა: „წადი და ნახე კონსტანტინე, ის კვდება“. მე მას შევხედე, სახე სრულიად დაუძლურებოდა. თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ დავინახე, რომ მათზე ბურუსის ფარდა გადაჰფარებოდა. შემეშინდა, რომ მოკვდებოდა და დავრჩებოდი მარტო მის საკანში. დავადე ხელი მის ხელს და ჩავძახე: „კონსტანტინე, არ მოკვდე, არ მოკვდე! დაბრუნდი უკან, დაბრუნდი უკან!“ მე ვყვიროდი მაღალი ხმით! ის მაშინვე მობრუნდა. მას თვალები დაეწმინდა. შემომხედა. არ ვიცი, რა მოხდა მის სულში, მაგრამ დავინახე, რომ უზარმაზარი შიში გამოესახა სახეზე. მას თვალები შიშით აევსო და ტირილი დაიწყო. ვგრძნობდი, რომ მზად იყო სულიერ სამყაროში შესასვლელად, მე კი ვთხოვდი საკანში დაბრუნებას. ის ატირდა. თვალებიდან ცრემლები მოედინებოდა. სახე ბავშვისა გაუხდა, ახალშობილი ბავშვისა... კონსტანტინე ოპრისანი ტიროდა იმიტომ, რომ მე ვაიძულე, უკან დაბრუნებულიყო. ორ წუთში ის გარდაიცვალა.

– რამდენ ხანს იყავით მასთან ერთად საკანში?

– ერთი წელი. მისი სიკვდილის შემდეგ ყველამ იგრძნო, რომ რაღაც მოკვდა ჩვენში. ჩვენ მივხვდით ამას. ავადმყოფი და ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი კაცი საკანში ჩვენი სიცოცხლის სვეტს წარმოადგენდა. ჩვენ მარტონი დავრჩით, კონსტანტინე ოპრისანის გარეშე.

ავიღეთ პირსახოცი და დავბანეთ ცხედარი, რათა გაგვეპატიოსნებინა მიწისთვის მიბარებამდე. შემდეგ დავაკაკუნე კარზე და დაცვას ვუთხარი, რომ კონსტანტინე გარდაიცვალა. ისინი სამი საათის შემდეგ მოვიდნენ. ჩვენ მანამდე არასოდეს დაგვეტოვებინა უფანჯრო საკანი, კედლებში წყალი მოჟონავდა, დამპალი ჩალის ლეიბებზე ვიწექით. ამგვარად, ორი საათის შემდეგ მცველმა გვიბრძანა მე და ჩემს მეგობარს, აგვეღო ცხედარი და გავსულიყავით გარეთ.

საოცარი სილამაზე იყო გარეთ – ყვავილები, ხეები და ლურჯი ცა. საკანში ყოფნისას ჩვენ დაგვავიწყდა ლამაზი სამყაროს არსებობა. როდესაც გამოვედით, დავინახეთ, რომ ის არ შეცვლილა. ეს მცენარეები, ეს ყვავილები... მზე ჩადიოდა და ოქროსფერი ნათელი იდგა. ყველაფერი ოქროსავით ბრწყინავდა. ჩვენ დავასვენეთ ცხედარი მიწაზე – მთლად შიშველი, რადგან ციხის ტანსაცმელი უკან უნდა დაგვებრუნებინა. მის გალეულ სხეულს რომ შევყურებდით, ვერ ვიჯერებდით, რომ ეს ადამიანი იყო. სულ დაპატარავებულიყო, მხოლოდ ძვლები, მხოლოდ ძვლები. ვფიქრობ, რომ გარდაცვალების მომენტში ნაღველი გადავიდა სისხლში, რადგანაც ცხედარი სულ მთლად გაყვითლდა. ჩემმა მეგობარმა აიღო ყვავილი და მიცვალებულს მკერდზე დაადო – ლურჯი ყვავილი. მცველმა ყვირილი დაგვიწყო და იძულებით დაგვაბრუნა უკან, საკანში. სანამ საკანში შევიდოდით, მოვბრუნდით და შევხედეთ კონსტანტინე ოპრისანს – მის ყვითელ სხეულს და ამ ლურჯ ყვავილს. ეს სურათი შენახულია ჩემს მეხსიერებაში – კონსტანტინე ოპრისანის სრულიად გალეული სხეული და ლურჯი ყვავილი მის მკერდზე. ის მხოლოდ ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი – მეტი არაფერი... მისი ცხედარი ესვენა მიწაზე ლურჯ ყვავილთან ერთად...

– მე დარწმუნებული ვარ, ის ლოცულობს თქვენთვის. ახლა, ალბათ, თქვენ გამუდმებით ლოცულობთ მისთვის.

– დიახ, ყოველთვის. ყოველ ლიტურგიაზე მე ვიხსენებ მას და ყველა ადამიანს, ვინც მოკვდა ციხეში...

მე ამ საკანს სიკვდილის გემი დავარქვი, რადგანაც მასში ყველას სიკვდილი ელოდა. ჩვენს მარჯვნივ საკანში ორი კაცი გარდაიცვალა. ჩვენს საკანში ერთი, ჩვენს მარცხნივ საკანში – სამი. სხვა საკანში ერთი გარდაიცვალა. ამგვარად, თექვსმეტიდან შვიდი გარდაიცვალა ერთ წელიწადში ცუდი პირობების გამო. ჩვენ არ გვქონდა სამედიცინო დახმარება, არც საკვები, არც ჰაერი, წყალი ჟონავდა კედლებში, ლეიბები დამპალი იყო. ჯილავაში ორი წლის ყოფნის შემდეგ გადავედით აიუდში. იქ ვცხოვრობდი ოთხ წელიწადს, რის შემდეგაც ციხიდან გამომიშვეს და მომისაჯეს შინაპატიმრობა ბერგანში. ბერგანი არის უზარმაზარი დაბლობი დუნაის ჩრდილოეთით, რომელსაც იგივე დანიშნულება ჰქონდა [რუმინეთის] კომუნისტური მთავრობისათვის, რაც ციმბირს პატიმრებისთვის რუსეთში. ეს იყო სოფელი მხოლოდ ყოფილი პოლიტიკური პატიმრებისათვის. მე იქ ვცხოვრობდი 1963-1964 წლებში.

– და შემდეგ გამოგიშვეს. რა მოხდა 1964 -ში, როდესაც ყველა გაათავისუფლეს ციხიდან?

– რუმინეთი მიიღეს გაეროში იმ პირობით, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდებოდა. როდესაც 1964 წელს გამოვედი ციხიდან, ვცდილობდი დაბრუნებას სამედიცინო კოლეჯში, მაგრამ არ მიმიღეს.

– შეგიძლიათ გვიამბოთ იმ ქალების შესახებ, ვინც ციხეში ჩასვეს რუმინეთში?

– შევხვდი რამდენიმე ქალს ციხეში, როდესაც გადავდიოდი ერთი ციხიდან მეორეში. შემიძლია ვთქვა, რომ ქალები უფრო მეტად მამაცები და ტანჯვის ამტანები იყვნენ, ვიდრე მამაკაცები. გავიგე, რომ უშიშროებამ სცემა ერთი ქალი, რომელიც ძალიან უშიშარი იყო და სანამ სცემდნენ სულ იმეორებდა: „თქვენ დამნაშავეები ხართ!“ მე არ მქონდა გამბედაობა, მეთქვა ამგვარი რამ. ის ეკითხებოდა: „რატომ მაწამებთ?“ აპროტესტებდა და ყვიროდა. ძალიან გულადი იყო. ვერ გავიგე, ვინ იყო ის. ეს ბუქარესტის ციხეში მოხდა – დასაწყისში, დაკითხვის დროს.

მოგვიანებით მე შევხვდი ქალს, რომელიც იყო მისლეას ციხეში. იქ ძლიერი სულიერი ცხოვრება ჰქონდათ. ეს ციხე ბუქარესტიდან შორს არ არის. მათ მიამბეს თავიანთი სულიერი ცხოვრების შესახებ – ლოცვით ცხოვრებაზე. ვფიქრობ, ისინი უფრო მამაცები არიან, ვიდრე კაცები.

– თქვენ ახსენეთ დედა მიქაელა.

– დიახ. ის იყო მონაზონი ვლადიმირესტიდან. ის მონასტრის მდივანი იყო. როდესაც კომუნისტებმა მონასტერი გაანადგურეს, უშიშროებამ დედა მიქაელა და სხვა მონაზვნები დააპატიმრა. ის დიდი სულიერების მქონე ადამიანი იყო.

– იცნობდით მას?

– არა. ციხეში სამი თვის განმავლობაში იგი მხოლოდ წმიდა ზიარებით ცხოვრობდა. მე ვფიქრობ, უშიშროებას რაღაც განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა იმისათვის, რომ იგი მეტისმეტად ეტანჯათ, ედევნათ და განმარტოებით პატიმრობაში ჰყოლოდათ. ის გარდაიცვალა ციხეში რამდენიმე წელიწადში. არ იყო მოხუცი, ახალგაზრდა იყო, დაახლოებით 40 წლის...

– შეგიძლიათ გვიამბოთ მეტი რამ კონსტანტინე ოპრისანზე? როგორ გასწავლიდათ და გაძლიერებდათ ის?

– ის ბევრს არ ლაპარაკობდა. გვესაუბრებოდა დღეში დაახლოებით ერთ ან ორ საათს, იმიტომ, რომ არ შეეძლო ბევრი ლაპარაკი. მაგრამ ყოველი სიტყვა, მისი პირიდან გამოსული, იყო წმიდა სიტყვა, მხოლოდ იესო ქრისტეს შესახებ, მხოლოდ სიყვარულზე, მხოლოდ მიტევებაზე. ის ამბობდა თავის ლოცვებს და (რა დიდი ზეგავლენა ჰქონდა ამას ჩვენზე) იმ ლოცვების მოსმენით მიხვდებოდი, როგორი ნატანჯი იყო... უკანასკნელ დღეებშიც კი, როდესაც უკვე აღარ შეეძლო ლაპარაკი, არ დაუკარგავს გულისხმიერება ჩვენს მიმართ. ჩვენ შეგვეძლო ამოგვეკითხა მის თვალებში სულიერი სინათლე და სიყვარული. მისი სახე სიყვარულით იყო სავსე.

– გიყვებოდათ იმ დროის ამბებს, როდესაც ის „ჯვრის საძმოს“ მეთაური იყო?

– დიახ, მან გვიამბო, თუ როგორ მუშაობდა ახალგაზრდებთან. დარწმუნებული ვარ, მას უყვარდა ახალგაზრდობა და ახალგაზრდებს უყვარდათ იგი. ის თავს წირავდა ადამიანისთვის. ძალიან ჭკვიანი კაცი იყო – გასაოცრად ჭკვიანი. თავის თავზე ბევრს არ ლაპარაკობდა. ლაპარაკობდა რწმენაზე, სიყვარულზე, ლოცვაზე. ის გამუდმებით ლოცულობდა. არ არის ადვილი, იყო საკანში სულ ერთსა და იმავე ადამიანებთან ერთად. ჩვენ შორის კონფლიქტი თუ ჩამოვარდებოდა, ის ლოცულობდა და მის ლოცვას ნაყოფი გამოჰქონდა. ჩვენ გვრცხვენოდა, უბრალოდ იმიტომ, რომ ის ლოცულობდა, და ჩვენ ვიცოდით ეს. ის არ ლოცულობდა ხმამაღლა, მაგრამ სახე სრულიად გარდაექმნებოდა. ჩვენ ვხვდებოდით, რომ ის ჩვენთვის ლოცულობდა და კამათს ვწყვეტდით.

– რას იტყვით გაფენსუზე, იცნობდით მას?

– დიახ. ის პიტესტიში გარდაიცვალა. ის არ უწამებიათ, აღესრულა მანამ, სანამ დაიწყებდნენ „ხელახალ აღზრდას“. ის 1949 წელს გარდაიცვალა, სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა. მას ღმერთი იფარავდა. გაფენსუს მე ორჯერ თუ სამჯერ შევხვდი. ყველა პატიმარი, რომელიც მასთან ერთად იყო საკანში, დაყოფილი იყო კატეგორიებად: იძულებითი შრომა, ციხე განსაკუთრებული რეჟიმით და გამოსასწორებელი. ის იყო იძულებითი შრომის კატეგორიაში. ასე რომ, სანამ „ხელახალ აღზრდას“ დაიწყებდნენ, ჩვენ ხანდახან ვხვდებოდით ერთმანეთს ექიმთან, რადგან ის ძალიან ავადმყოფი იყო. ბიჭებმა გადაიყვანეს თავისი საკნიდან. საკმარისი იყო უბრალოდ მისი დანახვა და მის გვერდით ჩავლა, რომ მაშინვე გეგრძნოთ გაფენსუს გავლენა. მამაკაცები, რომლებსაც ციხიდან ათავისუფლებდნენ, ხშირად გადაჰყავდათ საკნიდან საკანში. ამგვარად, მის საკანში შეიძლება მოხვედრილიყო 400 სხვადასხვა ადამიანი. იმ წუთიდან, რა წუთშიც ისინი მოთავსდებოდნენ გაფენსუს საკანში, სრულიად ივიწყებდნენ ცუდ აზრებს და ამბოხს იესო ქრისტეს წინააღმდეგ. საკანში ეკლესია იყო დაფუძნებული. იყო ახალგაზრდა ხალხი, ამბოხი, კონფლიქტები და ა. შ., მაგრამ გაფენსუ ცვლიდა მათ სულსა და გონებას. ამიტომაც მის ხსოვნას დიდ პატივს მიაგებენ და ისინი, ვინც მასთან ერთად ცხოვრობდა საკანში, ისე ევედრებიან მას, როგორც წმინდანს.

***

(მეორე პატიმრობა, მღვდლად კურთხევის შემდეგ)

მარტში დამაპატიმრეს და დამადანაშაულეს, რომ ვიყავი უცხო ქვეყნის, რა თქმა უნდა, ამერიკის აგენტი. ამერიკაში არავის ვიცნობდი და ამ ქვეყანასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა. მათ დამაბრალეს, თითქოს მე ვაწვდიდი სახელმწიფო უშიშროების საწინააღმდეგო ინფორმაციას...

– რომელ წელს ჩაგსვეს ციხეში?

– 1979 წელს. ციხეში დიდი გამოცდილება მივიღე. ჩაუშესკუ ჩემზე ძალიან იყო გაბრაზებული. მე არასოდეს მილაპარაკია მის საწინააღმდეგოდ, მის სახელსაც კი არ წარმოვთქვამდი. ვსაუბრობდი რეჟიმის, ტერორის, ახალგაზრდობისთვის სწავლების აკრძალვის წინააღმდეგ. ვეუბნებოდი: „თქვენ, ახალგაზრდები, ღვთისგან სიბრძნით ხართ დაჯილდოებულნი. თქვენ უფლება გაქვთ ეს იცოდეთ. უფლება გაქვთ, იცოდეთ როგორც მატერიალიზმი, ასევე ქრისტიანობა. უფლება გაქვთ, გააკეთოთ არჩევანი. სანამ იცით მხოლოდ ის, რასაც მთავრობა გთავაზობთ, თავისუფალი არა ხართ; ხართ მონები და სულიერი მონობა უფრო ცუდია, ვიდრე ხორციელი. გონებით მონობა სხეულით მონობაზე უარესია. არც ერთ მთავრობას არა აქვს უფლება, რომ დაიმონოს ადამიანთა გონება და რწმენა. რაკი მხოლოდ კომუნიზმი და მატერიალიზმი იცით, არჩევანის საშუალება არა გაქვთ... ვესაუბრებოდი სტუდენტებს სიყვარულზე, ღირსებაზე, ეკლესიაზე, მეგობრობაზე, რწმენაზე და საშინელ სამსჯავროზე.

ციხეში ყოფნის დროს ჩაუშესკუ ჩემზე ძალიან გაბრაზებული იყო და ჩემი მოკვლაც უნდოდა, მაგრამ, რადგან ჩემი ამბავი მთელ მსოფლიოში გახმაურდა, სიკვდილი ვერ მომისაჯა. ამიტომ გასცა ბრძანება, რომ ჩავესვით საკანში სადისტ კრიმინალებთან. ასე რომ, ჩამსვეს ორ სადისტ კრიმინალთან ერთად. ერთ-ერთმა მათგანმა საკუთარი დედა მოკლა. იგი მკვლელობამდე ყოველდღე აწამებდა მას, აჭრიდა თითებსა და სხეულის ცალკეულ ნაწილებს. მეორემ – ასევე სადისტურად მოკლა ორი ახალგაზრდა კაცი. მე მაიძულებდნენ საკანში მათთან ერთად მემუშავა. უარი განვაცხადე მუშაობაზე და ციხის უფროსს ვუთხარი, რომ არ ვიმუშავებდი იმ მთავრობისთვის, რომელიც ხოცავს ხალხს, დევნის მათ და ანადგურებს ადამიანთა სულებს. მე ვუთხარი მას: „არ მინდა ვიმუშაო შენთვის, ციხისთვის. მე მინდა ვიღვაწო იესო ქრისტესთვის. მე მზად ვარ ქადაგებისთვის და არა იმისათვის, რომ ვიმუშავო თქვენი პროგრესისათვის“. ამგვარად, ციხის უფროსმა სადისტებს მოუწოდა, იძულებული გავეხადე, რომ მემუშავა. თუ უარს ვიტყოდი, მათ ჩემი მოკვლის უფლება ჰქონდათ. მათ მაშინვე დამიწყეს შევიწროება, მაგრამ არც ისე მძლავრად. მათში მაინც იყო რაღაც ადამიანური. მე შევამჩნიე, ამ სულიერად გამოფიტულ ადამიანებში – კრიმინალებში, ქურდებში და ა. შ. – იყო რაღაც ძალიან ძვირფასი და ძალიან წმინდაც კი... მე მათ ვუამბობდი სიყვარულზე, იესო ქრისტეზე. ვუთხარი, რომ იესო ქრისტეს უყვარდა ისინი. თავდაპირველად ისინი იცინოდნენ: „როგორ შეუძლია იესო ქრისტეს ვუყვარდე? მე დედა მოვკალი! მე ორი ახალგაზრდა კაცი მოვკალი! ან სიცოცხლის ნებასაც კი როგორ გვრთავს?“ მე ვუთხარი: „მას შეუძლია! და მას ნამდვილად უყვარხართ“. მაშინ დავიწყე მათთან საუბრები...

ადმინისტრაცია ამ ორ ადამიანს ყოველდღე იძახებდა. მე ვფიქრობ, მათ ლანძღავდნენ იმის გამო, რომ არაფერს აკეთებდნენ ჩემს საწინააღმდეგოდ. ისინი მუშაობდნენ, მე არ ვმუშაობდი, მთელ დღეს ლოცვაში ვატარებდი. ვფიქრობ, მათ ჩემი მოკვლა მოსთხოვეს. ერთ დღეს, სამი თვის შემდეგ, ისინი კვლავ ადმინისტრაციაში გამოიძახეს. როდესაც უკან დაბრუნდნენ, ძალიან შეწუხებული იყვნენ. კვირაში ორჯერ უფლება გვქონდა გამოვსულიყავით გარეთ პატარა შიდა ეზოში, იგი ამ ოთახზე პატარა იყო, თხუთმეტი ფუტი ოც ფუტზე. როდესაც გარეთ გავედით, მათ მითხრეს: „მამაო, აქ დარჩი“. ისინი მეორე კუთხეში მივიდნენ და ლაპარაკი დაიწყეს. დავრწმუნდი, რომ ჩემი მოკვლის დრო მოვიდა. სახით კედლისკენ ვიდექი. ვლოცულობდი, ღვთის წინაშე ჩემს ცოდვებს ვაღიარებდი. ათი წუთის შემდეგ – ჩვენ მხოლოდ ათი წუთი გვქონდა სეირნობისთვის – მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: „მამაო!“ – მაშინ პირველად დამიძახეს „მამა“, – „მამაო“, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ მოგკლათ, დაე, მცველებმა მოგკლან. მე ავტირდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვკვდებოდი. შევედით საკანში და დავიწყეთ საუბარი. ვუამბე მათ ჩემს შესახებ ყველაფერი. მათ თავიანთ შესახებ მიამბეს და მითხრეს, რომ ახლაღა შეამჩნიეს, რომ კარგი ადამიანი ვიყავი...

ციხის ადმინისტრაციამ სპეციალურ საკანში განმაცალკევა, განმარტოებით პატიმრობაში.

– რამდენ ხანს იყავით განმარტოებით პატიმრობაში?

– შვიდი თვე. მე მავიწყდებოდა რუმინული. ყოველ მესამე დღეს უპუროდ ვრჩებოდი...

დაპატიმრებამდე გარდამეცვალა დედა. საკანში სრულიად იზოლირებული ვიყავი. არაფერი ვიცოდი ოჯახის შესახებ. არ ვიცოდი, რა ხდებოდა გარეთ. მხოლოდ მცველების სიძულვილით ვიყავი გარემოცული. გულში ჩემს თავს ვეკითხებოდი: „ამ ქვეყანაზე არავის ვუყვარვარ? არავის ვუყვარვარ?“ უშიშროებიდან მოვიდნენ და მითხრეს: „მეუღლე გაგეყარა. შვილს დაავიწყდი. შენი სტუდენტები ამბობენ, რომ გაიძვერა ხარ და ცდილობდი მათ გაცემას, გსურდა, კონფლიქტში შეგეყვანა ისინი მღვდლებთან, მღვდელმთავრებთან და სახელმწიფოსთან. ყველას სძულხარ“. ამიტომ ვეკითხებოდი ჩემს თავს: „ნუთუ არავინ არსებობს ამ ქვეყანაზე, ვისაც ვუყვარვარ?“ მე გამაჩნდა იესო ქრისტეს სიყვარული – ვიცოდი ეს და დავიწყე საუბარი დედაჩემთან. ვეკითხებოდი: „დედა, მოხვალ, რომ დამიცვა და მითხრა რამე?“ მალე, თოთხმეტი კვირის შემდეგ, მე ვნახე დედაჩემი. ვფიქრობ, ეს ძილის დროს იყო. ასე ვფიქრობ, მაგრამ, შესაძლოა, ასე არ არის. არა ვარ დარწმუნებული. ის ძალიან გაბრაზებული იყო და მითხრა: „როგორ წარმოიდგინე, რომ დამავიწყდი? ჩემი სიყვარული შენთან არის. იყავი ძლიერი და ერთგული. გწამდეს ღმერთის. გჯეროდეს ჩემი“. იქნებ ეს იყო ჩემს წარმოდგენაში, მაგრამ ეს იყო ძალიან რეალური. მომდევნო დილას კარგ გუნებაზე გავიღვიძე და სამი დღის შემდეგ ჩემს ცოლს პირველად დართეს ნება, მოსულიყო ჩემს სანახავად. დარწმუნებული ვარ, რომ დედაჩემი ლოცულობდა ჩემთვის. ამის შემდეგ ძალიან ვწუხდი ჩემი გრძნობებისა და ფიქრების გამო. იმ დროიდან მოყოლებული, აღარასოდეს მიფიქრია ცუდად ჩემს მეუღლეზე და არც სხვა ადამიანებზე. მივხვდი, რომ ყველას ვუყვარდი. სატუსაღოში მყოფნიც კი მიკაკუნებდნენ კარებზე და მეუბნებოდნენ: „მამაო, მტკიცედ იყავი!“ ისინი არც კი მიცნობდნენ. ალბათ კრიმინალები იყვნენ და მამხნევებდნენ.

მახსოვს, 1979 წლის აღდგომა იყო. ეს ღამით მოხდა. იყო ერთი ახალგაზრდა, სიმპათიური, ძალიან კარგი გარეგნობის მცველი. სახე ანგელოზს უგავდა. იგი გლეხი იყო, მაგრამ ძალიან ცუდი კაცი. ყოველ დღე სცემდა სულ ცოტა, სამ ან ოთხ პატიმარს მაინც. ის ისეთი ცუდი იყო, რომ მე ჩემს გონებაში ვერ ვაკავშირებდი მის ლამაზ თვალებსა და სახეს მისსავე სასტიკ საქციელთან. აღდგომა იყო. დილით გავიგე ზარების ხმა, რომელიც ქრისტეს აღდგომას გვამცნობდა. მე ვგალობდი „ქრისტე აღდგას“ ჩემს საკანში...

დილით ეს მცველი იყო მორიგე, ახალგაზრდა, მშვენიერი კაცი, ანგელოზისსახიანი, მაგრამ ასეთი დაუნდობელი. ვლოცულობდი ღვთის წინაშე: „ღმერთო, მოგვეცი მშვიდი დღე, აღდგომის დღე!“

დილის შვიდ საათზე მოვიდა ახალი მცველი (ზემოთ ნახსენები) და შემოვიდა საკანში. ციხეში რვა განყოფილება იყო და ყველა განყოფილებას ჰყავდა თავისი მცველი. როდესაც ცვლა იცვლებოდა, ყველა, რვავე მცველი მოდიოდა და თითო რჩებოდა თითო განყოფილებაში, დანარჩენი შვიდი მიდიოდა მომდევნო განყოფილებებში. როდესაც მცველი საკანში შესამოწმებლად შედიოდა, სატუსაღოში მყოფნი სახით კედლისკენ უნდა დამდგარიყვნენ, ისე, რომ არ შეძლებოდათ მისი დანახვა. თუ მცველი დაგელაპარაკებოდა, ამას ისე ხმამაღლა აკეთებდა, რომ მის ამხანაგებსაც გაეგოთ; და თუ რამეს გვკითხავდა, ჩვენც ასევე ხმამაღლა უნდა გვეპასუხა. ამგვარად, ყველას (ყველა მცველს) ესმოდა საუბარი პატიმარსა და მცველს შორის.

ამ დილით (ამ განსაკუთრებულ დილას) მე არ შევტრიალდი კედლისკენ; მე მისკენ შევბრუნდი და ვთქვი: „ქრისტე აღდგა!“ მან შემომხედა, მიაბრუნა თავი და შეხედა მცველებს, რადგანაც ხმამაღლა ვამბობდი. რამდენიმე წუთის ყოყმანის შემდეგ მან მიპასუხა: „ჭეშმარიტად აღდგა!“ და იმ დღეს მას აღარავინ უცემია.

დაახლოებით 11-12 საათზე ჩემთან საკანში ციხის უფროსი შემოვიდა. რა თქმა უნდა, მცველი მოახსენებდა, რაც მოხდა, რადგან მცველებს ყოველდღიურად ევალებოდათ, მოეხსენებინათ პატიმრების საქციელის შესახებ. პოლკოვნიკი დარწმუნებული იყო, რომ მასაც იმავე სიტყვებს ვეტყოდი. მე გავიგე მისი ხმა. გავიგე ნაბიჯების ხმა დერეფანში და ვიცოდი, რისი თქმა უნდოდა ჩემთვის. მანაც იცოდა, რა უნდა მეთქვა. ეს თამაშს ჰგავდა. ის შემოვიდა საკანში. კედლისკენ არ მივბრუნდი. მე მას პირდაპირ ვუყურებდი და ვუთხარი: „ქრისტე აღდგა!“ და მან მითხრა: „შენ დაინახე?“ – "არა, მე არ დამინახავს. არ დამინახავს, მაგრამ მჯერა, რასაც ამბობენ მოციქულები და მოწამეები. გინახავს ჩრდილოეთი პოლუსი? გინახავს სტალინი და მარქსი? მაგრამ შენ გჯერა მათი და იმათი ავტორიტეტის, ვინც მათ შესახებ დაწერა. მოციქულების, მღვდლების, მოწამეების გამო კი მე მწამს იესო ქრისტე და ვიცი, რომ ნამდვილად აღდგა მკვდრეთით". მან პასუხი ვერ გამცა, მაგრამ თავი დამანება. ამგვარად, ეს აღდგომის დღე მშვიდი და წმიდა დღე იყო ჩემთვის...

– რა მოხდა შვიდთვიანი განმარტოებული პატიმრობის შემდეგ?

– ამის შემდეგ მე სხვადასხვა ხალხთან ვიყავი, სხვადასხვა ციხეებში. მე ვიყავი, მაგალითად, გალატიში ქურდებთან, ჯილავაში გიჟებთან. დიახ, მათ გიჟებთან ჩამსვეს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვფიქრობ, მათ ჩემი გიჟად გამოცხადება უნდოდათ. შესაძლოა ორგანიზაციებისა და მთავრობების ზეწოლით მათ ჩემი გათავისუფლება უნდოდათ, მაგრამ არ უნდოდათ ხალხს სცოდნოდა, რომ ეს ზეწოლით გააკეთეს. მათ ჩემი გიჟად შერაცხვა და შემდეგ საზოგადოებაში დაბრუნება სურდათ.

ამ განყოფილებაში იყო ექიმი, რომელიც ძალიან ცუდად მეპყრობოდა. მახსოვს, სამი გიჟი იყო ჩემთან ერთად საკანში. ისინი თავს იგიჟიანებდნენ. იგონებდნენ, რომ გიჟები იყვნენ. იცით, სინამდვილეში არ იყვნენ გიჟები.

– გულისხმობთ, რომ არ იყვნენ გიჟები. თვალთმაქცობდნენ?

– დიახ. ერთ დღეს ვლოცულობდი და მცველმა კარებიდან დამიყვირა: „შეწყვიტე ლოცვა!“ მე არ მივაქციე ყურადღება და ლოცვა განვაგრძე. ის ჩემს საკანში შემოვიდა და ხელებში ხელკეტით ცემა დამიწყო. საინტერესო ის იყო, რომ მე ვერაფერს ვგრძნობდი, მინდოდა, მაგრამ ხელებს ვერ ვაცალკევებდი. მისი გაბრაზება არ მინდოდა. მე ლოცვაში ვიყავი... რაკი მას ჩემი ხელების განცალკევება ეწადა, ხოლო მე ეს არ შემეძლო, ის მირტყამდა და ხელებიდან სისხლი წამომივიდა. შემდეგ ექიმი ქალბატონი მოვიდა და მკითხა: „რა დაგემართა, მამაო?“ ჩემი დასისხლიანებული ხელები რომ დაინახა, მითხრა: „ამის შესახებ არაფრის გაგონება არ მინდა. მიამბეთ თქვენი ღვიძლის შესახებ“. მე ღვიძლი არ მაწუხებდა. გავბრაზდი მასზე, მაგრამ როდესაც ციხიდან გამოვედი, გავიგე, რომ ეს ექიმი თვეში ერთხელ მიდიოდა ჩემს ცოლთან და ჩემს შესახებ უამბობდა. წარმოგიდგენიათ? ის ძალიან ულმობელი იყო ჩემს მიმართ, მაგრამ საიდუმლოდ მიდიოდა ჩემს მეუღლესთან. ჩემი მეუღლე სამედიცინო ინსტიტუტში მუშაობდა, ბიოლოგი იყო. რადგანაც იქ სამედიცინო ინსტიტუტი იყო, ამ ექიმს შეეძლო მისვლა ეჭვის აღუძვრელად. ეძებდა სართულ-სართულ, ოთახიდან ოთახში, ახერხებდა ჩემი ცოლის პოვნას და უამბობდა ჩემს შესახებ...

საკანში ყოფნის პერიოდში დროდადრო სხვა ტუსაღები გაივლიდნენ ხოლმე ჩემი ფანჯრის ქვეშ და დაიძახებდნენ: „ხალხი გიცნობს შენ; ხალხი ლოცულობს შენთვის“. ზოგჯერ ციხეში მქონდა დიდი სულიერი სიხარულიც. ამას ვერ ახსნი. მე ვიყავი ნატანჯი, ვიყავი იზოლირებული, ვიყავი მარტო, არ მქონდა კავშირი სამყაროსთან, ზოგჯერ თავს სავსებით დაკარგულად ვგრძნობდი ციხეში. არ მქონდა გათავისუფლების პერსპექტივა. ჩემი ერთადერთი პერსპექტივა იყო ციხეში სიკვდილი, მაგრამ მქონდა სულიერი სიხარულის მომენტები. მე არ ვიცინოდი, მე ვგრძნობდი რაღაც ბედნიერებას, ყოველთვის არა, მაგრამ დროდადრო. მოგვიანებით შევიტყვე, რომ მთელ მსოფლიოში ჯგუფები ლოცულობდნენ ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიხარული იყო ამ ხალხთან ლოცვითი ერთობის მომენტი, რადგან არ არსებობს ზღუდე ლოცვის შესაჩერებლად. ასე რომ, მე მქონდა სულიერი სიხარულის მომენტები.

– ყველა ციხეში ნამყოფი, ვისთანაც მე მისაუბრია, იმავეს ამბობს.

– შეუძლებელია ციხის გარეთ მყოფი ადამიანებისთვის ამის გაგება. ჩვენ გაგვათავისუფლეს და ამით ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ გვქონდა რაღაც ნოსტალგიისმაგვარი ციხის მიმართ. და ჩვენ ვერ ვუხსნიდით ამას სხვებს. ისინი ამბობდნენ: გიჟები ხომ არ ხართ, როგორ შეგიძლიათ ციხის მონატრება? გვენატრებოდა იმიტომ, რომ ციხეში გვქონდა ყველაზე ძლიერი სულიერი ცხოვრება. ჩვენ მივწვდით საფეხურებს, რომლებსაც ვერ ვწვდებით ამ სოფელში. იზოლირებულებს, განმტკიცებულებს იესო ქრისტეში, გვქონდა სიხარული და სინათლე, რასაც ეს ქვეყანა ვერ შემოგვთავაზებს. არ არსებობს სიტყვები იმ გრძნობის ზუსტად გამოსახატად, რაც იქ გვქონდა. ისინი, ვისაც არ ჰქონია ჩვენნაირი სულიერი გამოცდილება, ვერ გაიგებენ, რომ შეიძლება ბედნიერი ვყოფილიყავით ციხეში. უმეტესად ცუდ დღეში ვიყავით, მაგრამ იქ იყო ბედნიერების მომენტებიც. როდესაც ვზრუნავდი კონსტანტინე ოპრისანზე საკანში, მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. ძალიან ბედნიერი ვიყავი იმიტომ, რომ ვიგრძენი – მისმა სულიერებამ შემოაღწია ჩემს სულში. მე ვისწავლე, ვყოფილიყავი უკეთესი, მიმტევებელი, არ დამეწყევლა მტანჯველი, არ მიმეჩნია რაიმე ამქვეყნიური განძად. ფაქტობრივად, ის სხვაგან ცხოვრობდა. მხოლოდ მისი სხეული და მისი სიყვარული იყო ჩვენთან. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ – ჩვენ ვიყავით უფანჯრო, უჰაერო საკანში, ნესტიანში, ბინძურში – და მაინც გვქონდა ბედნიერების ის მომენტები, რაც არასოდეს გვიგრძნია თავისუფლებაში. მე არ შემიძლია ამის ახსნა...

თარგმნილია წიგნიდან:

Fr. George Calciu “Christ is calling you”, Platina, Kalifornia, 1977.

 მღვდელი გიორგი კალჩუ გარდაიცვალა 2007 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ცხოვრობდა 1985 წლიდან, ჩაუშესკუს რეჟიმის მიერ რუმინეთიდან გაძევების შემდეგ.



http://www.martlmadidebloba.ge/cxovreba1.html


Комментариев нет:

Отправить комментарий