ღმერთი

ღმერთი

вторник, 16 апреля 2013 г.

ქართველ ებრაელთა ისტორია

ელდარ მამისთვალაშვილი

საქართველოში ებრაელები უძველესი დროიდან ცხოვრობენ. საისტორიო ტრადიციის მიხედვით, საქართველოს ძველ დედაქალაქში, მცხეთაში, ებრაელები პირველად ძვ.წ. VIII საუკუნის დასასრულს მოვიდნენ. ებრაელთა მეორე ნაკადი მოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II -ის მიერ იუდეას განადგურების შემდეგ. მნიშვნელოვანი ნაკადი უნდა მოსულიყო იუდეური ომის /66-73/ შემდეგ. ებრაელები საქართველოში მოდიოდნენ მეზობელ ქვეყნებში /ბიზანტია, სომხეთი, ხაზარეთი, თურქეთი, რუსეთი/ ანტისემიტიზმის გაძლიერების პერიოდში.

იუდაიზმის მიმდევრები საქართველოში, ჩვეულებრივ, მოიხსენიებოდნენ ერთი ზოგადი სახელით - "ებრაელი", რომელიც შემოსული უნდა იყვეს ბერძნულის გავლენით, ბერძნულში შევიდა არამეულიდან, არამეულში კი ებრაულიდან.

ქართველსა და ებრაელის ერთმანეთისაგან განუყოფლობის მაჩვენებელი იყო და არის ტერმინი "ჰურიანი ქართველნი" /ქართველი ებრაელები"/. იგი ქართული ენის ლექსიკაში უნდა გაჩენილიყო IV-XI საუკუნეებში.

ზოგიერთი ანტროპოლოგი ვარაუდობს, რომ არ არსებობს ებრაელის წმინდა რასობრივ -ეთნიკური ტიპი, რადგან ათასეული წლების მანძილზე იგი სხვადასხვა ეთნიკურ ფორმაციას შეერია.

ქართველი ებრაელები, ანთროპოლოგიური ტიპის მიხედვით, არ განსხვავდებიან აღმოსავლეთის ქართველებისაგან. ზოგიერთი სპეციფიური თავისებურებანი, რომლებიც შეიძლება განვასხვავოთ ქართველი ებრაელი ქართველისაგან, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ეთნოგრაფიული თავისებურებებით. ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველი ებრაელები წარმოადგენენ კავკასიის ებრაელების ეთნიურ ბაზას. ამგვარად, ებრაელები უხსოვარი დროიდან მოვიდნენ საქართველოში და გაიზიარეს ქართველი ხალხის ისტორიული ბედი. ისინი მცხეთიდან თანდათანობით გადასახლდნენ ჯერ საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ხოლო შემდეგ გავრცელდნენ დანარჩენ კავკასიაში. მოხდა მათი ასიმილაცია კავკასიის აბორიგენებთან. ცხადია, რომ დიასპორის ებრაელებმა თითქმის ყველგან შეინარჩუნეს თავიანთი რასობრივ-ანთროპოლოგიური მაჩვენებლები, მაშინ, როცა კავკასიაში საერთო ებრაული მაჩვენებლებიდან გადახრას ვხედავთ. ამიტომ აქვთ ფიზიკური ნიშნების ერთობა კავკასიის ებრაელებს. ამიტომ ჩანს მისი მკვეთრი განსხვავება პალესტინის და ევროპის ებრაელებისაგან. საინტერესოა საზიარო გვარები, რომლებიც ქართველებსაც აქვთ და ებრაელებსაც, რაც მრავალი საუკუნის მანძილზე თანაცხოვრებით უნდა იყოს განპირობებული. ებრაელები მაშინ მოვიდნენ საქართველოში, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა გვარები. როდესაც იწყება და მიმდინარეობს გვარების ჩამოყალიბების პროცესი, ებრაელთა გვარების წარმოქმნაც საერთო ქართულ პრინციპს ემორჩილება. ამიტომაა, რომ ქართველ ებრაელთა გვარები გარეგან გაფორმებასთან ერთად ხშირად ქართულ შინაარსს იძენს და, სრულიად ბუნებრივია, რომ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ყალიბდება ერთნაირი გვარები, როგორც ქართველებში ისე ებრაელებში.

ებრაელთა განსახლება საქართველოში სხვადსხვა პერიოდში განსხვავებული იყო. გვიანფეოდალურ პერიოდში ებრაელები თითქმის აღარ ცხოვრობდნენ ანტიკური და ადრეფეოდალური განსახლების ადგელებში. მათი კვალი ზოგჯერ ტოპონიმებმა შემოგვინახა. შეგვიძლია ისევ ვივარაუდოთ, როდის მოხდა მათი ჩასახლება ამ თანამედროვე ქალაქებში, სადაც გვიანფეოდალურ პერიოდში არ ჩანდნენ.

ებრაელთა რაოდენობა საქართველოში ცვალებადი იყო. მის პერიოდულ შემცირებას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განაპირობებდა. ვერ ვიტყვი, რომ ამ პროცესს სახელმწიფოს, ეკლესიის ან ქრისტიანი მოსახლეობის მიერ გატარებული რაღაც განსაკუთრებული ღონისძიებები ედო საფუძვლად. მისი მიზეზები უმთავრესად ქვეყნის ტრაგიკულ ბედში უნდა ვეძიოთ. ხშირი ომები, რასაც თან სდევდა ამოწყვეტა და დატყვევება, ეპიდემიები, მოტაცება, სარწმუნოების შეცვლა... ყველა ამ უბედურებას ებრაელები ქართველ ხალხთან ერთად იზიარებდნენ და მათი შემცირება ქართველთა შემცირების პროპორციული იყო.

ფეოდალიზმის ეპოქაში ებრაული მოსახლეობა პერიოდულად იცვლიდა თავის სამოსახლოს ქვეყნის შიგნით - ზოგჯერ საკუთარი სურვილით, ზოგი ძალდატანებით. ძველი და გვიანდელი ხანის განსახლების ადგილების დადგენა წარმოდგენას შეგვიქმნის ებრაული მოსახლეობის დინამიკაზე და მის მიზეზებზე.

XIX ს. დასაწყისიდან შეიმჩნევა ებრაელების გადასახლების ტენდენცია სოფლებიდან ქალაქებში. ქართული საისტორიო წერილობითი წყაროები განსაკუთრებულ ადგილს მიუჩენს ებრაელებს ქართლის გაქრისტიანების საქმეში. ჩანს, რომ ქართველ ებრაელებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ქრისტიანობის კერასთან - იერუსალიმთან.

ქართველი ებრაელები მუდმივად საქმის კურსში იყვნენ იერუსალიმში მიმდინარე პოლიტიკურ-რელიგიური მოვლენებისა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროისათვის მეფის ხელისუფლების დამოკიდებულება ებრაელებისადმი საერთოდ და კერძოთ, მცხეთელი ებრაელებისადმი, ჩვენთვის ცნობილი წყაროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არ შეიცვალა. ქართველი ებრაელების ღვაწლი ქვეყნის გაქრისტიანების საქმეში ჯეროვნად შეფასდა.

ქართველებსა და ებრაელებს შორის ანტაგონიზმის არარსებობა შემდეგში უნდა ვეძიოთ:
1.ებრაელები საქართველოში იმ პერიოდში მოვიდნენ, როდესაც ქართული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა, მათ თან მოიტანეს ვაჭრობისა და ხელოსნობის წარმოების მოწინავე ფორმები, რითაც მაშინდელი ქართული საზოგადოების პატივისცემას მოიპოვებდნენ.
2.ებრაელები ყურადღებას მიიპყრობდნენ თავიანთი მონოთეისტური რელიგიით, რომელიც თავის მრევლს კონსოლოდაციის, კაცთმოყვარეობისა და პატიოსნებისაკენ მოუწოდებდა. ძველი აღთქმის მცნებებს ქართული საზოგადოება სხვა ხალხებთან შედარებით კარგა ხნით ადრე გაეცნო.
3.ებრაელების მიმართ მტრული დამოკიდებულების არარსებობას ხელს უწყობდა ისიც, რომ ისინი ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ კი არ მოვიდნენ საქართველოში, არამედ თვოთონ მიიღეს უშუალო მონაწილეობა ამ რელიგიის დანერგვაში. ქართველი ებრაელები ითვლებოდნენ ებრაელების იმ ნაწილად, რომლებსაც ბრალად არ ედებოდათ მაცხოვრის ჯვარცმა.
4.მართალია, ქართველი ებრაელები შორს იყვნენ თავიანთი ისტორიული სამშობლოდან, მაგრამ არ წყვეტდნენ კავშირს მასთან. ეს კავშირი საქართველოსათვის არ იყო საზიანო, პირიქით.
5.წინააღმდეგობა ვერ იქნებოდა იმიტომაც, რომ უკვე მომხდარი იყო ქართველების და ებრაელების ნაწილობრივი ურთიერთშერევა.
6.ადრექრისტიანული ქართული ლიტერატურა ებრაელების მონაწილეობით იქმნებოდა და, ამდენად, მასში ვერ აიხსნება წინააღმდეგობა.

საქართველოში ებრაელების გაქრისტიანება დაიწყო მანამდე, ვიდრე ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა, შემდეგ კი მასობრივი ხასიათი მიიღო. ეს პროცესი გრძელდებოდა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში და, რადგანაც მაშინ იუდაიზმის დათმობა და ქრისტიანობაზე გადასვლა ებრაელის გაქართველების ტოლფასი იყო, სხვა მიზეზებთან ერთად, ებრაელთა საერთო რაოდენობის შემცირებას იწვევდა საქართველოში.

საქართველოში ებრაელების უფლებრივი მდგომარეობის ამსახველი წერილობითი ცნობები უაღრესად მცირეა. ერთი რამ ცხადია: რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე, ქართველი ებრაელი და ქართველი ქრისტიანი, უფლებრივი მდგომარეობით თანასწორნი იყვნენ. საქართველოში არასოდეს არ ყოფილა ებრაელთა დევნა და რბევა, არასოდეს არ ყოფილა სხვა ქვეყნებისათვის ასე დამახასიათებელი ებრაელთა ცხოვრების ზონები და ე.წ. გეტოები, ეს კი არა და, ფეოდალური ხანის მწირი ცნობებიც ნათელს ხდის, რომ საქართველოში ისინი ზოგჯერ გარკვეული პრივილეგიებითაც კი სარგებლობდნენ.

ფეოდალური საზოგადოების სოციალური და კულტურული ბუნებიდან გამომდინარე, ქართველი ყმა ებრაელი, ისევე, როგორც საერთოდ ყველა ეროვნების ყმები, მებატონის სრულ საკუთრებას წარმოადგენდა.

ქართული ფეოდალური სამართალი ისევე იცავდა ებრაელის საკუთრებას, როგორც ქართველი მემამულისას მიწაზე, ყმებზე თუ სხვა რამეზე. საუკუნეების განმავლობაში კანონმდებლობითა და ტრადიციებით შედუღაბებული ქართულ-ებრაული ურთიერთობა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგაც გრძელდებოდა. მიუხედავად ცარიზმის მოხელეების მრავალი ცდისა, ქართველები დაეპირისპირებინა ებრაელებისათვის, მიზანს ვერ მიაღწიეს, მხედველობაში თუ არ მივიღებთ ზოგიერთ ინსინუაციას რელიგიურ ნიადაგზე. რუსულმა მმართველობამ ქართველი ებრაელების უფლებების შეკვეცა, უპირველეს ყოვლისა, იმით დაიწყო, რომ აუკრძალა ყმების ყოლა, რაც ადრინდელ პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

ებრაელები, მართალია, სხვა მოსახლეობის მსგავსად იხდიდნენ სახელმწიფო და საზოგადოებრივ გადასახადებს, მაგრამ ისინი ვერ სარგებლობდნენ საერთო სახელმწიფოებრივი ფონდიდან ისეთი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, როგორც იყო განათლება, რელიგიური რიტუალი, ავადმყოფთა თავშესაფარი, ღარიბებზე მზრუნველობა, სტიქიური ან სხვა სახის უბედურება. აღნიშნული ღონისძიებებისათვის ებრაელებს მხოლოდ თვითონ უნდა გამოენახათ სახსრები. ამგვარად, ებრაელთა ინტერესების იგნორირება ხდებოდა მთელს იმპერიაში როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მიერ.

უაღრესად მწირია საბუთები ებრაელთა მიწისმფლობელობაზე. დოკუმენტურ მასალაში ებრაელთა მიწისმფლობელობა აისახა ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან დაკავშირებით, საეკლესიო შეწირულობებში და სხვ. ირკვევა, რომ ზოგისთვის მიწა იყო არსებობის ძირითადი საშუალება, ხოლო ზოგისთვის დამხმარე, დამატებითი შემოსავლის წყარო. ერთი რამ ცხადია, ებრაელთა აბსოლუტურ უმრავლესობას კავშირი ჰქონდა სოფლის მეურნეობასთან.

ებრაელები საქართველოში მოსვლის პირველ საუკენეებში, რამდენადაც ისინი ქალაქებში ჩასახლდნენ, ძირითადად, ვაჭრობითა და ხელოსნობით შემოიფარგლებოდნენ და ანტიკურ და ელინისტურ სამყაროსთან ურთიერთობაში ჩაბმულ საქართველოში ეკონომიკური ცხოვრების ამ სფეროში კარგი გასაქანიც ექნებოდათ. მაგრამ ელინისტური სახელმწიფოების დაცემის, ფეოდალური ურთიერთობის და ნატურალური მეურნეობის დამკვიდრების გამო, ვაჭრობა შეიკვეცა. ფეოდალიზმის დამკვიდრებას საქართველოში თან ახლდა ქართველი ებრაელებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი - ქრისტიანობის გავრცელება, რომელმაც მნიშვნელოვანწილად მოიცვა თვით ებრაელები. მათი ერთი ნაწილი გაქრისტიანდა და ასიმილაცია განიცადა. მეორე ნაწილი კი, რომელმაც იუდაიზმი შეინარჩუნა, ქრისტიანობის ძირითად კერებს - იმდროინდელ ქალაქებს - გაეცალა და პერიფერიებში დასახლდა, სადაც ნატურალური მეურნეობა კიდევ უფრო ძლიერი იყო. ამ დროს მიმდინარეობდა ქვეყნის ფეოდალიზაციის პროცესი, რაც, ბუნებრივია, ებრაელების ძირითად მასა დაყმევებას უმზადებდა. ფეოდალი, როგორც საერო ისე საეკლესიო, შეძლებისდაგვარად აღჭურავდა ებრაელს მიწით და ყმად გადააქცევდა. ქართველი ებრაელების მდგომარეობა, როგორც სოციალური ისე იურიდიული თვალსაზრისით, დიდად განსხვავდებოდა სხვა ქვეყნების ებრაელთა მდგომარეობისაგან. საქართველოში არ არსებობდა ქრისტიანი და ებრაელი ბატონის ან ყმის განსხვავება კანონმდებლობის საფუძველზე. უფრო მეტიც, ებრაელ ბატონს ჰყავდა ქრისტიანი ქართველი ყმები, მაგრამ მაშინდელი საზოგადოება ამაში ვერ ხედავდა რაიმე შეურაცხმყოფელს, სადაც ანალოგიურ შემთხვევაში ებრაელი სასტიკად ისჯებოდა.

საუკუნეების განმავლობაში ეკლესიის ხელში თავი მოიყარა მრავალმა ყმა-ებრაელმა, ეკლესიის მიერ ყმის მოპოვება უმთავრესად შეწირვის გზით ხდებოდა. წირავდნენ მეფე-მთავრები, მათი ოჯახის წევრები, ფეოდალები და სხვა. არ იყო იშვიათი ანა თუ იმ მიზეზით საკუთარი ნებით თავის შეწირვა. ფეოდალური ძალადობის ეპოქაში გავლენიანი მფარველის მოპოვების მიზნით, ეკლესიისათვის თავის შეწირვას ხშირად ეკონომიკური ინტერესები ედო საფუძვლად. შეწირული ვაჭარი და ხელოსანი, როგორც წესი, თავისუფლდებოდა სახელმწიფო და საბატონო გადასახადებისაგან. ისინი გარკვეულ ვალდებულებებს კისრულობდნენ ახალი ბატონის - ეკლესიის წინაშე.

ებრაელებს მნიშვნელოვანი წვლილი ჯქონდათ ანტიკური და ფეოდალური ხანის საქართველოს როგორც საშინაო ისე საგარეო ვაჭრობაში. სოციალურად და ეკონომიურად განსხვავებულ მდგომარეობაში იყვნენ ქალაქისა და სოფლის ებრაელი ვაჭრები. ქალაქის ვაჭრები მთლიანად ვაჭრობას მისდევდნენ და მათი საქმიანობის სივრცეც შედარებით ფართო იყო. ქალაქელი ვაჭრები შეძლებითაც დიდად განსხვავდებოდნენ მოძმე სოფლელებისაგან. სოფლელი ვაჭრები მოწყვეტილნი არ იყვნენ სოფლის მეურნეობას და მათი ვაჭრობა უფრო სეზონურ ხასიათს ატარებდა.

ქალაქის და სოფლის ებრაელი ვაჭრები ისევე როგორც სხვა ეთნიკური ვაჭრების უმრავლესობა, სხვადასხვა მებატონის /მეფის, მეფის ოჯახის წევრების, ეკლესიის, თავადების, აზნაურების/ ყმები იყვნენ და ბატონს ნატურით ან ფულით, ზოგჯერ ორივე სახით უხდიდნენ გადასახადს. XIX ს. 60-იანი წლებიდან, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, ებრაელთა მდგომარეობა გაუმჯობესდა. ებრაელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იწყებს ქალაქებში გადასახლებას, ჩნდება ებრაული ინტელიგენცია.

რუსეთის რევოლუციებმა სერიოზული გავლენა მოახდინა ქართველ ებრაელთა პოლიტიკურ გამოღვიძებაზე. საქართველოს ქალაქებში გაჩნდა სიონისტური ორგანიზაციები. ებრაელთა გარკვეული ნაწილი იზიარებდა ბოლშევიკურ იდეებს. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირობებში /1918-1921/ ებრაელებმა მიიღეს სრული მოქალაქეობრივი უფლებები. მათ თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდათ მენშევიკურ მთავრობაში.

გასაბჭოების შემდეგ, ებრაელები მიუხედავად საბჭოთა მთავრობის მიერ განხორციელებული ანტი ებრაული პოლიტიკისა, საქართველოში, განსხვავებით სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისაგან, უკეთეს მდგომარეობაში ცხოვრობდნენ.

XX ს. დამდეგიდან იწყება ებრაელთა მასობრივი გადასახლება ისრაელსა და დასავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში. არასრული მონაცემებით დღეისათვის საქართველოში ცხოვრობს ათი ათასამდე ებრაელი.

ქართველ ებრაელთა ისტორია პერიოდების მიხედვით პირობითად ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:
1. ებრაელთა მოსვლიდან /ძვ.წ. VIII ან VI სს/ -ჩვ.წ. საუკუნამდე. ეს არის ებრაელთა სხვადასხვა ნაკადების მოსვლის და მცხეთაში და სხვა მნიშვნელოვან ქალაქებში განსახლების დრო.
2. ადრეფეოდალური ხანა /IV-X სს/, ქრისტიანობის გამარჯვების გამო, იშლება მცხეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ქალაქების ებრაული თემები; ხდება ებრაელთა გაფანტვა ქვეყნის შიგნით თითქმის ყველა რეგიონში და კავკასიაში საერთოდ; განუხრელად მიმდინარეობს მათი დაყმევების პროცესი.
3. განვითარებული ფეოდალიზმის ხანა /XI-XVსს/. სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად ეს არის უშუალო მწარმოებელთა, მათ შორის ებრაელების, საბოლოოდ დაყმევების პერიოდი.
4. გვიანდელი ფეოდალიზმის ხანა /XVI-XIX სს. პირველი ნახევარი/. ქართველ ებრაელებს მათი სოციალურ-ეკონომიური და უფლებრივი მდგომარეობის მიხედვით ამ ჩარჩოში ვერ ჩავტევთ. უნდა გამოვყოთ ს. პირველი ნახევარი.
5. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობიდან ბათონყმობის გაუქმებამდე /1801-1860-იანი წლები/ ძირეულად იცვლება ებრაელთა უფლებრივი მდგომარეობა. ცარიზმი ანტიებრაული კანონების დანერგვით ლამობს გამოყოფას საქართველოს მოსახლეობისაგან; იწყება დაპირისპირება მებატონეებთან; ებრაელი ყმები ცდილობენ საერთო ბატონებს გასცილდნენ და შევიდნენ მართმადიდებელი ეკლესიის მფარველობაში.
6. XIX ს. 60-იანი წლებიდან 1917 წლამდე. სხვებთან ერთად თავისუფლებას იღებენ ებრაელი ყმებიც; ებრაელები აქტიურად ებმებიან კაპიტალისტურ ურთიერთობაში, განსაკუთრებით ვაჭრობაში; ებრაელთაგან იცლება მთელი რიგი ძველი დასახლების ადგილები. ებრაელები მასიურად გადადიან ქალაქებში; ქართული ინტელიგენცია იბრძვის ებრაელთა უფლებების დასაცავად.
7. 1918-1921 წწ. ებრაელთა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობა დამოუკიდებელ საქართველოში.
8. 1921წ. - დღემდე. ქართველი ებრაელები საბჭოთა ხელისუფლების დროს, სიონისტური იდეებისა და პროპაგანდის გავლენა; ნაციონალური სულის გაღვიძება და ემიგრაცია ისრაელში.

Комментариев нет:

Отправить комментарий