მიშელ კენო.
ჩვენს ნარკვევს ლოცვის სიტყვები წავუმძღვაროთ, ლოცვისა, რომელსაც ამბობს ხატმწერი საქმის დაწყების წინ:
შენ მეუფეო და ღმერთო ყოველთაო, განანათლენ და განაბრძენ სული, გული და გონება მონისა შენისა და წარმართე ხელი მისი, რათა უცოდველად და ჩინებულად გამოსახოს ცხოვრება შენი, ყოვლადწმიდისა დედისა შენისა და ყოველთა წმიდათა, სადიდებლად ყოვლად წმიდისა სახელისა შენისა, სამკაულად წმიდისა შენისა ეკლესიისა და მისატევებლად ცოდვათა ყოველთა სულით თაყვანისმცემელთა და სასოებით ამბორისმყოფელთა წმიდათა ხატთა შენთათა, ვითარცა პირველსახეთა შენთა. ამინ.
შესავალი
ხატი ახლა მოდაშია. ეს არაა გასაკვირი - მას ხომ ჩვენს ცივილიზაციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. კერძო კოლექციებში ყოველ წელს სულ უფრო მეტი ხატი ჩნდება. მაგრამ ამ მიდრეკილების უკან მორწმუნეებსა და ურწმუნოებს სხვადასხვა მოტივები უდგას.
ურწმუნოები ხატში ხელოვნების ნიმუშს ხედავენ, რომელსაც დიდი ესთეტიკური ღირებულება გააჩნია, ზოგიერთისთვის ხატი - ეგზოტიკაა, რომელიც ხიბლავს მაყურებელს თავისი უცნაურობით. მართლმადიდებლობით დაინტერესებული მორწმუნეები ხატში სულიერი სახის მოვლენას ხედავენ. მიუხედავად ყოვლისა, დასავლეთის ქრისტიანთა უმრავლესობა უგულებელყოფს ხატში დაუნჯებულ სიმდიდრეს. ხშირად ეს გამოწვეულია მუდმივად განახლებად ხატმებრძოლურ განწყობილებებით, ან კიდევ კეთილზნეობრივი, მაგრამ არასწორად მიმართული წარმოსახვით. ნიშანდობლივია, რომ ახალგაზრდობა ცდილობს უკეთ გაეცნოს ხატებს, თუმცა გულუბრყვილობა იქნებოდა, რომ ამ მოვლენაში წარმავალი მოდის გავლენა არ შეგვენიშნა. თუ, ეს მაინც გულისხმაა, ჭეშმარიტების შემეცნების ცდა? რადგან, სანამ ხატის სილამაზეს დაინახავ, მასში ჭეშმარიტება უნდა შეამჩნიო. ხატი ჯერ გულს ეხება და მხოლოდ ამის შემდეგ გონებას. ჩვენს დროში, როდესაც სახეზე არ გენდობიან, როცა გრძელდება რასობრივი დისკრიმინაცია, როცა ხალხს სურს ნამდვილი ურთიერთობები, ხატწერული სახეები, რომელნიც ბრწყინავენ არაამქვეყნიური ნათებით, სვამენ ჩვენს წინაშე გარკვეულ საკითხებს. ისინი მეტყველებენ ღმერთზე - მაგრამ ადამიანზეც.
მაშ ასე, ჩვენი თემაა - ხატი, მაგრამ მისი განვითარების სრულყოფილი განხილვა ცდება ამ მცირე გამოკვლევის ჩარჩოებს. ავტორის ჩანაფიქრია, გააცნოს ხატები მათ, ვისაც აინტერესებს. ქრისტიანული იკონოგრაფიის შესახებ მცირე ისტორიული შესავლის შემდეგ, ჩვენ განვსაზღვრავთ ტერიტორიებს, რომლებზეც წარმოიშვა ხატწერა და დაიკავა დღევანდელი ადგილი აღმოსავლეთის ეკლესიაში. რა თქმა უნდა, ხატწერის შესწავლა მოითხოვს გარკვეულ შედარებას დასავლეთის რელიგიურ ხელოვნებასთან, აგრეთვე, ფერწერის დეტალურ ანალიზს, სიტყვისა და გამოსახულების ურთიერთზემოქმედების თავისებურებების განხილვას. რამდენიმე ხატის ანალიზის ლოგიკურ შედეგს წარმოადგენს დამასრულებელი ნარკვევი - საღვთისმეტყველო მსჯელობა ხატის შესახებ. სილამაზის სიყვარული - (ბერძ. ფილოკალია) აღგვავსებს სიხარულით. სილამაზე ანთია ღმრთის გამოხედვაში, რომელიც ეხება სამყაროს ღმრთაებრივი ენერგიებით. მხოლოდ ღმრთით გვეძლევა ჩვენ ყოველი საგნის სილამაზის აღმოჩენა. უნდა შეხვიდე მდუმარებაში და განმარტოვდე საკუთარ გულში, რომ გაიგო შინაგანი სამყაროს ფერისცვალების გულის ვიბრაცია.
ეს მცირე ნაშრომი ეძღვნება ყველას, ვისაც ატყვევებს ეს სილამაზე, მოგვითხრობს „ჭეშმარიტად ხილულ ჰუმანიზმზე“. განა ყოველი ხატი არ მეტყველებს ღმერთზე, რომელიც გახდა კაცი, რათა ადამიანს განღმრთობა შესძლებოდა?
როდესაც ხატს ხელოვნების ნიმუშამდე დაიყვან, შეუძლებელია მისი მთავარი ფუნქციის დანახვა. ხატი, როგორც „ღვთისმეტყველება ფერებში“, აცხადებს და ფერში ხორცს ასხამს იმას, რასაც სახარება აცხადებს სიტყვით. ამგვარად იგი წარმოადგენს ღმრთაებრივი გამოცხადებისა და ჩვენი ღმერთთან ერთობის ერთ-ერთ ასპექტს. ღვთისმსახურებისათვის ტაძარში შეკრებილი მართლმადიდებელი მორწმუნეები ხატებისა და ლოცვების მეშვეობით უკავშირდებიან ზეციურ ეკლესიას.
გამოჩენილი ღვთისმეტყველი მამა სერგი ბულგაკოვი თავის მნიშვნელოვან ნაშრომში „მართლმადიდებლობა“ - ხაზს უსვამს: „მსოფლიოს ქრისტიანობის ყოველ ისტორიულ განშტოებას თავისი განსაკუთრებული ნიჭი ახასიათებს: კათოლიკობას - ორგანიზებულობისა და ძალაუფლების გატარების ნიჭი, პროტესტანტობას - საყოფაცხოვრებო და ინტელექტუალური მართლწესრიგის ეთიკური ნიჭი, მართლმადიდებელ ხალხებს კი - სულიერი სამყაროს გონიერი სილამაზის ჭვრეტის ნიჭი“.
ამგვარად, ხატი არის მართლმადიდებლობის გამომხატველი და, რადგან საეკლესიო გადმოცემა სიტყვით გადმოიცემა, ჩვენც სიტყვით უნდა განვსაზღვროთ, რა არის ხატი.
ერთი შეხედვით, ტერმინი „ხატი“ საკმაოდ შეთვისებულია. მისი განსაკუთრებული გავრცელება XVIII ს. ხდება. ჩვენს დროში, ეკლესიის აღორძინების იმედით, იგი უკვე ყველგან გამოიყენება. რადგან პრობლემა არსებობს, იგი უნდა გადაწყდეს. გარდა ამისა, ჩვენი დასავლური მენტალობა მუდამ ცდილობს, დაიყვანოს ხატი რელიგიურ გამოსახულებამდე - რომაულ-კათოლიკური გაგებით - რაც უბრალოდ მცდარია, ცნებათა ამგვარ აღრევას ხშირად მივყავართ ხატის სპეციფიკის უარყოფამდე.
ჩვენი ნაშრომის თემაა - სრული, დამოუკიდებელი სამყარო. ხატწერა წარმოიშვა ბიზანტიაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდა V საუკუნეში. ბიზანტიის იმპერია 1453 წელს დაეცა. მართლმადიდებელ ხალხებთან ერთად ხატწერამ გაიარა უზარმაზარი გზა დროსა და სივრცეში.
ხატი მჭიდროდაა დაკავშირებული ქრისტიანული აზროვნების ევოლუციასთან, ამის მრავალი მაგალითი კატაკომბურმა ხელოვნებამ დაგვიტოვა. ქრისტოლოგია (სწავლება ქრისტეზე), ხატმებრძოლეობა, პნევმატოლოგია (სწავლება სული წმიდის შესახებ) - ყოველივე ეს აისახა ხატებში, რომლებიც აიგება კანონების შესაბამისად, რაც თავისებური ზღუდეებია, რომლებსაც მათი საღვთისმეტყველო ფუნქციისათვის აწესებს ეკლესია.
სამყაროს კონცეფციის გამომხატველი ხელოვნება, გარკვეულ ენას წარმოადგენს, თანაც, ზედმიწევნით დამუშავებულ ენას. რომ გაიგო ხატის ენა, მხოლოდ ადამიანს კი არ უნდა იცნობდე, არამედ ამ ენის სინტაქსიც უნდა გესმოდეს. ხატის ხელოვნება გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე სხვა ყველაფერი, ითვალისწინებს ხილულიდან უხილავზე გადასვლას. სწორედ ამისკენ მიისწრაფიან მისი ფაქიზი და რთული სტრუქტურები. თუ ამ სტრუქტურებს მოიშორებ - ტექსტის არსებით ელემენტებს მოაკლდები. ამგვარად, ხატის გაგება შესაძლებელია მხოლოდ მისი სრული სახით.
აქ საუბარია არა მხოლოდ ხატის ესთეტიკურ სილამაზეზე! ხატის სილამაზეს ხომ შინაგანი არსი აქვს, მისი წყარო - არქეტიპია (პირველსახე). ცხადია, ეს სილამაზე ესთეტიკასაც განეკუთვნება, რადგან ხატის არსის შეცნობა შინაგანი ნათელით აღავსებს მაცქერალ ადამიანს. იგი აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, შეიცნოს ნათელი, რომელიც თვით ღმერთია (ინ. 1,9; 8,12), რათა განწმენდილი ხედვით იხილოს თაბორის ნათლის სისპეტაკე, რომელიც ფერს უცვლის მატერიას.
http://www.orthodoxy.ge/khatebi/keno/khati1.htm
Комментариев нет:
Отправить комментарий