თქვენ მოისურვეთ იცოდეთ იმ შვიდი სიტყვის მნიშვნელობა, რომელიც უფალმა წარმოთქვა ჯვრიდან. განა ეს ცხადი არ არის? პირველი: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან". (ლუკ 23,34). ამ სიტყვებით უფალმა უპირველესად გულმოწყალება გამოიჩინა თავისი მტრების მიმართ, რომელთა ბოროტება, ჯვარზე ტანჯვის დროსაც კი არ სტოვებდა მას. ამასთან, გოლგოთის მთის წვერიდან მან წარმოთქვა ერთი დამტკიცებული, მაგრამ ვერშეცნობილი ჭეშმარიტება, სახელდობრ, ის რომ ბოროტმოქმედებმა არასოდეს არ იციან, რას აკეთებენ. მართლის მოკვდინებით, ისინი სინამდვილეში თავს იკლავენ, მართალს კი ამით მხოლოდ განადიდებენ, ღვთის კანონს ფეხქვეშ თელავენ და ვერ ხედავენ დოლაბს, რომელიც შეუმჩნევლად ეშვება მათ თავზე, რათა მტვრად აქციოს ისინი. ღმერთს გმობენ და ვერ ამჩნევენ, როგორ ემსგავსება მათი სახე პირუტყვის ცხვირპირს. ბოროტებით მთვრალებმა არასოდეს იციან, რას აკეთებენ. მეორე: "ამინ გეტყვი შენ, დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა" (ლუკ. 23.43). ამ სიტყვებით ჯვარზე გაკრულ მონანულ ავაზაკს მიმართა, ეს მეტად მანუგეშებელი სიტყვებია იმ ცოდვილთათვის, რომლებიც თუნდაც ბოლო წამს შეინანებენ. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უფალი გამოიხსნის მათ, ვინც თუნდაც უმცირეს სურვილს გამოიჩენს ცხონებისას. მესამე: `დედაკაცო! აჰა, ძე შენი~ (იოან. 19,26) ეს სიტყვები უთხრა თავის წმინდა დედას, რომელიც `ჯვარცმული სულის~ ჯვართან იდგა. იოანე მახარებელს კი მიმართა: "აჰა, დედა შენი" (იოან. 19,27) ეს სიტყვები ვაჟიშვილის იმ ზრუნვას გამოხატავს, რომელიც ყველასთვის სავალდებულოა მშობლებთან დამოკიდებულებაში. ხედავთ, ის ვინც მისცა კაცთ მცნება `პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა~ (ლუკ.18.20) თვით აღასრულებს მისსავე მცნებას ბოლო წუთამდე. მეოთხე: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რისათვის დამიტევე მე?~ (მათ 27.46; მარკ 15,34) ეს სიტყვები გამოხატავენ არამარტო კაცობრივი ბუნების უძლურებას, არამედ შორსმჭვრეტელობასაც. რადგან ღმერთკაცი იტანჯება. მაგრამ აქ არის ადამიანურ ტკივილზე უფრო ღრმა საიდუმლო. ყურადღება მიაქციეთ; მხოლოდ ამ სიტყვებს შეეძლო დაემსხვრია ერესი, რომელმაც მოგვიანებით შეარყია ეკლესია და რომელიც მცდარად ასწავლიდა, რომ ჯვარზე ღვთაება იტანჯებოდა, მაშინ, როდესაც მარადიულმა ძემ ღვთისა იმიტომაც შეისხნა ხორცნი და განკაცნა, რომ როგორც სულით ხორცამდე ადამიანი წამებულიყო კაცთათვის და მომკვდარიყო მათთვის. რადგან თუკი ღვთაება ეწამებოდა ქრისტეში, მაშინ ღვთაებავე მოკვდებოდა მასში. ამის წარმოდგენა კი შეუძლებელია. რაც შეიძლება ღრმად ჩაწვდით ამ დიადსა და საშინელ სიტყვებს: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რისათვის დამიტევე მე? მეხუთე: "მწყურის" (იოან. 19,28) სისხლი მისი უკვე დაიღვარა. ამის შედეგია წყურვილი. დაღმავალი მზე სახეში სცემდა და უმოწყალოდ სწვავდა მას. ბუნებრივია, რომ მოსწყურდა. მაგრამ ო, ღმერთო, რა გწყურია, წყალი თუ სიყვარული? გწყურია როგორც კაცს თუ როგორც ღმერთს, თუ ერთსაცა და მეორეს? აი, რომაელი ლეგიონერი გაწვდის ღრუბელს, ძმრით გაჟღენთილს (იხ. მათ. 27,48, მარკ 15,36; იოან 19, 29). ეს გულმოწყალების ის წვეთია, რომელიც შენ ჯვარზე ყოფნის სამი საათის მანძილზე იგრძენი კაცთაგან. ეს რომაე-ლი მეომარი პილატესა თუ რომაელთა სამეფოს მიერ ჩადენილ ცოდვას ამსუბუქებს, თუნდაც, ძმრის მეშვეობით. მეექვსე: "მამაო! ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა" (ლუკ 23,46) ძე სულს თვისას აძლევს მამას _ რათა იცოდნენ, რომ მამისაგან მოვიდა და არა საკუთარი ნებით, როგორც ებრაელები სდებდნენ ბრალს. მაგრამ გარდა ამისა, ეს სიტყვები იმისათვისაც ითქვა, რომ გონს მოეგონ ბუდისტები, პითაგორელები, ოკულტისტები და ყველა ფილოსოფოსი, რომელიც ზღაპართმეტყველებს სულთა გადასახლების შესახებ სხვა ადამიანებში, ცხოველებში ან ფრინველებში, ვარსკვლავებსა და მინერალებში. განიშორეთ ეს ფანტაზია და იხილეთ, სად მიდის სული გარდაცვლილი მართლისა: "მამაო! ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა." მეშვიდე: "აღსრულებულ არს." (ლუკ. 19. 30) ეს არ ნიშნავს, რომ დასრულდა სიცოცხლე. არა, მაგრამ აღსრულდა კაცთა მოდგმის გამოსყიდვისა და დახსნის მისია. აღსრულდა და დედამიწაზე სისხლითა და სიკვდილით აღიბეჭდა ერ-თადერთი ჭეშმარიტი მესიის ღვთაებრივი საქმე. წამება დასრულდა, მაგრამ სიცოცხლე მხოლოდ ახლა იწყება. დასრულდა ტრაგედია, მაგრამ არა დრამა. რიგშია ბოლო, უდიდესი ქმედება: ძლევაი სიკვდილისა, აღდგომა და დიდება. წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი).
თარგმნა ლელა ბერძენიშვილმა.
თარგმნა ლელა ბერძენიშვილმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий