ღმერთი

ღმერთი

четверг, 11 апреля 2013 г.

“ბოროტების გაგება”

პროფ. ა. ოსიპოვი “ბოროტების გაგება”

ვსაუბრობთ რა ხსნაზე, ჩვენ ვეხებით ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს – რისგან ხსნა? ამ კითხვაზე ყველა რელიგია, ყველა მსოფლმხედველობა ერთხმად გიპასუხებთ – ბოროტისაგან. რა იგულისხმება ბოროტებაში? და აქ იწყება – აქ, კონკრეტულად ამ კითხვაზე, რომლისგანაც გამომდინარეობს ყველა შემდგომი აზრი, როგორც რელიგიური, ისე არარელიგიური. ეს კითხვა წარმოადგენს იმ შუქურას, იმ ამოსავალ წერტილს, რომელიც ხსნის, თუ გნებავთ თავის თავზე კონცენტრაციას ახდენს რელიგიური აზროვნების მთელი არსისა, რელიგიური ჭეშმარიტებისა, რელიგიური გამოცხადებისა თითოეულ რელიგიაში.

როგორ გვესმის ბოროტება? ჩვენ ამის შესახებ ათასობით განსხვავებულ შეხედულებას ვხვდებით. ერთ–ერთი ასეთია ბოროტების მეტაფიზიკური გაგება.როცა მსგავს ბოროტებაზე საუბრობენ, მოიაზრებენ შემდეგს: თვითონ სიტყვა მეტაფიზიკა, იმედი მაქვს, გასაგებია, ფიზიკის გარეთ, ანუ ამ სამყაროს საზღვრებს მიღმა, ის, რასაც ადგილი აქვს იმ სამყაროში, რომლის შესახებაც ჩვენ ძალზედ ცოტა რამ ვიცით, უფრო სწორედ, ფაქტიურად არაფერი არ ვიცით. რა იგულისხმება ბოროტების მეტაფიზიკურ გაგებაში? აქ ჩვენ, როგორც ჩანს, ილუსტარცია დაგვჭირდება. თუ ამისათვის ავიღებთ არაქრისტიანულ ცნობიერებას, ამ დამოკიდებულებაში შეიძლება ყველაზე ნათელ მაგალითად სპარსელების რელიგია – ზოროასტრიზმი გამოგვადგეს. იქ ძალზედ ნათლადაა გამოკვეთილი, თუ რა ხდება იმ სამყაროში. ეს რელიგია დუალისტურია. ის აღიარებს ერთდროულად ორი საწყისის არსებობას – სიკეთისა და ბოროტებისა, რომლებიც განუწყვეტლივ ებრძვიან ერთმანეთს. აქ ბოროტება თავიდანვე არსებობს ამ ყოფაში. მართალია ეს რელიგია გვთავაზობს, რომ საბოლოო ჯამში სიკეთე სძლევს ბოროტებას, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია. თავად ბოროტების ბუნება წარმოჩენილია არა როგორც წარმოქმნილი, არა როგორც რაიმეს მიზეზი, არამედ თავიდანვე არსებული.

არსებობს ასევე სხვაგვარი გაგება მეტაფიზიკური ბოროტებისა, ის , რომელსაც ჩვენ ბიბლიაში ვკითხულობთ. გაგება, რომელიც თავიდანვე იყო ძველაღთქმისეულ რელიგიაში და რომელიც დღესაც რჩება ერთ–ერთ ჭეშმარიტებად ქრისტიანული რწმენისა.რა მოიაზრება ბოროტების ამგვარ მეტაფიზიკურ გაგებაში? რა თქმა უნდა აი ეს:

ბიბლიის მიხედვით, უფლის მიერ შექმნილი სამყარო, როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური იყო „კეთილ ფრიად“(ძველ სლავურად „добра зело“). ყველაფერი მშვენიერი და სრულ შესაბამისობაში იყო თავის შემოქმედთან, და მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე იყო, თავისუფალი აქტის შედეგად მოხდა განდგომა ამ სიკეთისგან, სხვა სიტყვებით, დანგრევა ამ სიკეთისა. სად მოხდა ეს? ჯერ კიდევ იქ, მეტაფიზიკურ სფეროში. ამიტომაც ბოროტებამ არსებობა დაიწყო ჯერ კიდევ იქ,მეტაფიზიკურ სამყაროში, მაგრამ ხედავთ რა მიზეზითაც, სხვა მიზეზით: ბოროტება წარმოდგა სიკეთის დამახინჯებად, მის დარღვევად, მოშორებად სიკეთისგან.

წმინდა მამები ერთხმად ამბობენ, რომ ბოროტების არსებობა დედამიწაზე, ბოროტებისა, რისგან სახსნელადაც განკაცდა ძე ღვთისა, მთელი პრობლემა გამომდინარეობას ადამიანური თავისუფლებიდან. რა არის ეს? რა მოხდა? როგორ გახდა შესაძლებელი, რომ უფლის ხატად, სრულყოფილებისათვის შექმნილი ადამიანი დაცემულიყო ცხოველის დონემდე ან კიდევ უფრო დაბლა? თავისუფლების პრობლემა… არსებობს კი რაიმეგვარი განსაზღვრება თავისუფლებისა? უთვალავი რაოდენობის. და თუ მაინც შევეცდებით მის გარკვეულ განსაზღვრებებში და ინტერპრეტაციებში მოქცევას, მაშინ მივიდოდოით ამ დასკვნემდე (არ გაგიკვირდეთ თუ ვინმე არ დამეთანხმება, მე ამას ყოველგვარი წყენის გარეშე მივღებ. მე უბრალოდ შევეცდები გავაკეთო შემდეგი ექსკურსი):

მე მეჩვენება, რომ თავისუფლება – ეს არის შესაძლებლობა ადამიანისა დაიწყოს რიგი ქმედებებისა, ნებელობითი ქმედებებისა, საკუთარი ნებიდან გამომდინარე და არა რაიმე სხვა მიზეზით. ეს ალბათ ძალზედ რთული გასაგებია, მაგრამ სხვა განსაზღვების არსებობა ძნელად წარმოსადგენია. საქმე იმაშია,რომ როგორც კი ჩვენ ვსვამთ კითხვას რატომ – ჩვენ უკვე უარვყოფთ თავისუფლებას. თავისუფლება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის თავის უფლებაა, არ არის დამოკიდებული არაფერზე. სწორედ ამას ამტკიცებს შემდეგი გაგება –რომ თავისუფლება, ეს არის უნარი ადამიანისა, შესაძლებლობა ადამიანისა დაიწყოს რიგი ქმედებები არა რაიმე მიზეზის გამო, რომელიც განაპირობებს ამ ქმედებებს, არამედ საკუთარი მიზეზით, რის გამოც მოქმედებს ის ასე. მხოლოდ ამ განსაზღვრების მიღებით შეგვიძლია ჩვენ გვქონდეს რაიმენაირი სიტყვიერი განსაზღვრება თავისუფლებისა.

სინამდვილეში, თუ არსობრივად ვიტყვით, მაშინ გაგება თავისუფლებისა შეუძლებელია გადმოვცეთ გასაგებად. თავისუფლება ეხება ერთ–ერთ პირველ კატეგორიებს, გახსოვდეთ პლატონი, არ დაგავიწყდეთ. პირველსაწყისებს განსაზღვრება არ აქვთ, არ გადმოიცემიან. თავისუფლება წარმოადგენს სწორედ ერთ–ერთ ამგვარ კატეგორიას და ამიტომაც გააზრება თავისუფლებისა შესაძლებელია მხოლოდ მისი პირდაპირი განცდით, საკუთარ თავში, საკუთარ პირად გამოცდილებაში. და მე ვფიქრობ, რომ ყურადღებიან ადამიანს ამის გაკეთება შეუძლია. ცხოვრებაში გვაქვს ხოლმე გარკვეული ნათელი წუთები. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს აღსარების შემდეგ, განწმენდისას, როდესაც ადამიანი გრძნობს მთლიან სამყაროს თავისი სულიერი ძალებისა, გრძნობს თავისუფლებას ტვირთისგან, საცთურისაგან და ა.შ. ასე რომ, თავისუფლება განიცდება და არა აღიწერება სიტყვებით.

აი, ამის შემდეგ შეიძლება ვთქვათ იმის შესახებ, თუ რა მოხდა ჩვენს, ადამიანურ სამყაროში. როგორ მოხდა, რომ ადამი, ღვთივსულიერი არსებიდან მიწიერ არსებათა მსგავსი შეიქმნა. თქვენ იცით, რომ საკითხი წყდება ან მხოლოდ ფსიქოლოგიურად, ან სულიერ–ფსიქოლოგიურად. ამიტომ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დაახლოებით ასეთი სურათი (ისევ და ისევ, უკეთესი იქნებოდა, თუ ამ ყველაფერს ჩვენი საკუთარი გამოცდილებით გავიაზრებდით. ამის ცდა ყველას შეუძლია): თქვენ ყველა იცნობთ იმ ფაქტს, თუ როგორ განიმარტება ადამიანის მიერ ქმნილებებისათვის სახელების დარქმევა. ამ დამოკიდებულებაში განმმარტებლები ურთიერთთანხმობაში არიან. ისინი ამბობენ, რომ ეს არის იმის ნიშანი, რომ ადამი ხედავდა ყველა ქმნილების არსს, და ეს სახელები იყო არა რაიმე შემთხვევით შერჩეული, არამედ სახელი გამოხატავდა იმ არსების არსს. ამის გაკეთება კი მხოლოდ იმას შეეძლო, ვინც ხედავდა ამ არსების არსს. ადამი ფლობდა საოცარ ხედვას არსებებისა გარშემო სამყაროსი. ამის გარდა , თავად გაგების უნარი იმისა, რასაც ამოწმებდა… თუ მივმართავთ ისტორიას იმ ეპოქისა, როცა შეიქმნა ბიბლიური წიგნები, მაშინ თქვენ ალბათ გეცოდინებათ, ვის ქონდა უფლება სახელის დარქმევისა. ვინ არქმევდა სახელებს? ან მამა, რომელსაც ქონდა სრული ძალაუფლება ოჯახში, ან მეფე, რომელსაც ქონდა სრული ძალაუფლება სახელმწიფოში. მონათმფლობელი, რომელსაც ქონდა სრული ძალაუფლება მონებზე და ა.შ. ერთი სიტყვით, ამას აკეთებდა მეუფე.

აქედან განმარტება გვაძლევს მეორე დასკვნას: ადამი ფლობდა მთელს ძალაუფლებას. მისთვის მიცემული იყო ძალაუფლება ყველა ქმნილებაზე, ის გვირგვინი იყო, მეუფე იყო ყველა ქმნილებისა.

აი ეს ორი დასკვნა, რომელიც ძალზე ლოგიკურია, არაფრით არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, დასკვნები, რომლებშიც ეჭვის შეტანა ძალზე ძნელია, გვაძლევს შესაძლებლობას ვილაპარაკოთ იმაზე, რომ პირველქმნილი ადამი – ის იყო ჭეშმარიტად არსება, დიდებულების განხორციელება, იმაზე რაზეც „კეთილი ფრიად“ არაფერს ამბობს. ის სავსე იყო მშვენიერებით, ყოველგვარის შეცნობით, ყოველგვარი ძალაუფლებით, ყოველგვარი ხედვით. ამასთან ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო და არა ღმერთი.და აი, ამის შეცნობა და ასეთად თავის დანახვა გახდა საფუძველი, ნიადაგი, არა მიზეზი, არამედ ნიადაგი, რომელზედაც შესაძლებელი იყო რამე მომხდარიყო. და რა უნდა ყოფილიყო ეს?

მანამ, სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, მე მინდა ვუპასუხო სხვას. არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ქონდა თუ არა ადამს ყველაფერი, რაც უნდა ჰქონოდა? ალბათ კი, რაც სჭირდებოდა, ყველაფერი ქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა მას არ ქონდა ყველაფერი, რაც შეეძლო რომ ჰქონოდა. ის ხომ სრულყოფილებისათვის იყო მოწოდებული. ის ხომ არ იყო სტატიკური, დასრულებული, საბოლოო არსება. არა, რამდენადაც ის იყო დასახელებული უფლის ხატად, რაც მისი სრულყოფლილების უსასრულო პერსპექტივის მიმანიშნებელი იყო.

რა არ ჰქონდა ადამს? ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესი რამ აკლდა და ვერც ექნებოდა, და მას ამას თავად ღმერთიც ვერ მისცემდა. ეს ერთია – მას არ ქონდა საკუთარი თავის გამოცდილი ცოდნა, გამოცდილი ცოდნა იმისა, თუ ვინ არის ის თავად უფლის მადლმოსილი ძალის გარეშე. გესმით, როცა ადამიანი იზრდება შესანიშნავ მატერიალურ პირობებში, ის ვერც წარმოიდგენს, როგორ შეიძლება, რომ მას რაიმე არ ქონდეს, როგორ შეიძლება, რომ ადამიანი უკანასკნელ კაპიკებს ითვლიდეს. როგორ უნდა გაიანგარიშო, რისი ჭამა შეიძლება დღეს და როგორ გავყოთ, რომ ის საკმარისი აღმოჩნდეს. მას თავშიც კი არ მოუვა არასოდეს, ის ვერც კი წარმოიდგენს ამას. ისევე როგორც ახალგაზრდებს არ შეუძლიათ გაიგონ, მიუხედავად იმისა რომ ხედავენ, რომ მოხუცი ადამიანი ძლივძლივობით მიბანცალებს, ახალგაზრდებს ამაზე ეცინებათ. ისინი ვერც კი წარმოიდგენენ, ეჩვენებათ რომ ესმით, ხედავენ, უყურებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. აი ადამი, რა თქმა უნდა, თეორიულად მან იცოდა – ის ჭვრეტდა უფალს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ადამიანისათვის, რა თქმა უნდა, ის ურთიერთობდა ღმერთთან, ეხებოდა მას, ესმოდა, რომ ყველაფერი ღვთისგანაა და ამავდროულად არ გააჩნდა ამის მარცვლისოდენა სულიერი გამოცდილებაც კი, გამოცდილება იმის ცოდნისა, რომ ღვთის გარეშე ის არაფერია.ეს ადამს არ გააჩნდა და არც შეეძლო რომ ჰქონოდა. და ამის არქონამ, არქონამ გამოცდილებითი შეცნობისა, იმ დიდებულების ნიადაგზე, რომელზედაც ის იმყოფებოდა და რომელმაც მას თავისუფლება მიანიჭა, დატოვა ის თავისუფლებამ, როცა მოინდომა საკუთარი თავის ღმრთაებად ნახვა, ისეთივე ღმრთაებად, როგორიც თავად ღმერთია, – მე ისეთივე ვარ, როგორც ღმერთი, ყველაფერი მე მემორჩილება, მე ყველაფერი ვიცი, მე სავსე ვარ დიდებულებით და სილამაზით. გაამახვილეთ თქვენი ყურადღება პირველ ცდუნებაზე – „ და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი“ – ნუ მიაქცევთ ყურადღებას მრავლობით რიცხვს, ჩვენ ახლა ამას არ ვეხებით, საუბარია „ვითარცა ღმერთნი“–ზე. აი, რა შეიძლებოდა აღმოცენებულიყო პირველი ადამიანის ფსიქოლოგიაში და ეს არანაირად არ არის გასაკვირი. სხვა არის, თუ როგორ მოეკიდა ამას ადამიანი. აი აქ ის თავისუფალი იყო, გესმით, ის თავისუფალი იყო. მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ვნება ამპარტავენებისა, არ ჰქონდა ვნება სიამაყისა, ის არ იყო შეკრული ვნებით. თავისუფლებას ვკარგავთ მაშინ, როცა ადამიანი ცოდვით იკვრება. გახსოვთ, როგორც გითხარით, აღსარების შემდეგ ადამიანი თავისუფალია, შემდეგ გადის მცირე დრო და ის კვლავ კარგავს თავისუფლებას. ადამი თავისუფალი იყო. და აქ მოხდა ზუსტად ის აქტი, რომელსაც ჩვენ თავისუფლების აქტს ვეძახით, ასევე შესაძლებლობას რიგი მოქმედებების დაწყებისა საკუთარი ნებით. მან დაიწყო ეს ქმედება, მან მისცა თავისუფლება იმ იდეას, იმ აზრს, იმ თვითგაგებას, რომ ის შეესაბამება ღვთაებრიობას, სხვაგავრად, რომ ის თავად ღმერთია. აი, ერთ–ერთი შესაძლებლობა, რომელიც მე თქვენ წარმოგიდგინეთ. მე თქვენ არასოდეს არ წარმოგიდგენთ საბოლოო სურათს, საერთოდ დაივიწყეთ ასეთი პასუხების შესახებ.

ორჯერ ორი ოთხია, თუმცა ეს მხოლოდ ათობით სისტემაში. ორობით სისტემაში ოთხი საერთოდ არ არსებობს. აქაც ასეა. მე თქვენ წარმოგიდგენთ ერთ–ერთს იმ ვარიანტთაგან, რომელიც , როგორც მე მეჩვენება, ძალზედ შეესაბამება ადამიანის ფსიქოლოგიას, შეესაბამება იმ რეალობას, რომელშიც იმყოფებოდა პირველი ადამიანი. შესაძლებელია მომხდარის მიზეზის გაგება, გაგება იმ მიზეზისა, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ის, რასაც ჩვენ ბიბლიაში ვკითხულობთ. განხორციელდა ზუსტად თავისუფალი, არა ვნების იძულებით, არა და არა, არამედ ადამიანის მიერ ამ აზრის თავისუფალი განხორციელება. რა მოხდა? სავსებით ნათელია რაც მოხდა. საკუთარი თავის ღმერთად მიჩნევა სხვა არაფერია, გარდა საკუთარი თავის ღმერთის წინააღმდეგ დაყენებისა. აქტი წინააღმდეგობისა, აქტი განდგომისა, აქტი განყოფისა ღმრთისაგან. აი რა მოხდა, აი როგორია ბუნება ბოროტებისა.

საინტერესოა, რომ წმინდა მამათა აზრი პირდაპირ ამტკიცებენ ერთ იდეას, ის მოიყვანება ყველგან – ბოროტებას არსებობა არ გააჩნია. ქრისტიანობა პირდაპირ უარყოფს იმ მეტაფიზიკურ გაგებას ბოროტებისა, რომელიც არსებობდა წარმართულ ცნობიერებაში, როდესაც ბოროტებას უყურებდნენ როგორც არსებულს, ისევე არსებულს, როგორიც სიკეთეა. ქრისტიანობა ხაზგასმით უარყოფს ამას და ამტკიცებს – ბოროტებას არსებობა არ გააჩნია. მოყავთ მაგალითები ძალზედ უბრალო, გასაგები მაგალითები, რომლებიც გვიჩვენებს, თუ რას ნიშნავს ბოროტება. ავადმყოფობა, მაგალითად, თავისთავად არ არსებობს. ის არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა ის არსებობს ადამიანში, რაც ვლინდება ადამიანის დაავადებით. ავადმყოფობა –რა არის ეს? ეს არის ადამიანის ნორმალური მდგომარეობის მოშლა, აი რას ვეძახით ჩვენ ავადმყოფობას. ამგვარად, ბოროტება არ არის რაიმე სუბსტანცია, სიკეთესთან ერთად თანაარსებული, არამედ ის არის დარღვევა სიკეთისა, დამახინჯება სიკეთისა. აქედან ძალზედ საინტერესო კითხვა – საიდან მოდიან ჩვენი ვნებები? როგორ ჩნდებიან ისინი? – სათნოებების დამახინჯებით. ჩვენ ვნებებს რაღაც უცხოსავით ვუყურებთ, რომელიც საიდანღაც მოვიდა. არა და არა. ვნება, რომელიც არ უნდა ავიღოთ – ეს სათნოების დამახინჯებაა. ის წარმოადგენს დამახინჯებას იმ სიკეთისა, რაღაცნაირ მდგომარეობას ადამიანისა, კარიკატურას პირველქმნილი „ფრიად კეთილისა“.

  თარგმნა ს. აბრალავამ.

Комментариев нет:

Отправить комментарий