ღმერთი

ღმერთი

понедельник, 8 апреля 2013 г.

მეცნიერება და რელიგია.VI

ქრისტიანული მოძღვრება ბოროტებასთან ბრძოლის შესახებ

სახარებაშია ყველაზე ამაღლებული მოძღვრება ადამიანის შესახებ, მისი ღირსებების შესახებ, მაგრამ იგი შორსაა ილუზიისაგან. ქრისტიანული მსოფლმხედველობა ოპტიმისტურია, მაგრამ, ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი ყველაფერს ვარდისფერ ფერებში ხედავს. ქვეყნიერება ტანჯვითაა აღსავსე. იღვრება სისხლი, ცრემლები. ბოროტებას ღრმად აქვს ადამიანის გულში ფესვები გადგმული, ტანჯვას ერთმანეთს თავად ადამიანები აყენებენ (ჩვენ მხედველობაში გვაქვს არა ის ტკივილები და ტანჯვები, რომელთაც ადამიანი უბედურებათა და ავადმყოფობათა შედეგად განიცდის, არამედ მხოლოდ ის ტანჯვები, მორალურ პლანში რომ ჩნდება. ბოროტებას რომ განვერიდოთ, იგი მისი წყაროდან - გულიდან უნდა აღმოვფხვრათ. ადამიანი იდეალამდე რომ ავამაღლოთ, ისეთი მორალი უნდა შევქმნათ, რომელიც ადამიანის გულის გარდაქმნას შეძლებს. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ეს ადმაიანის უმაღლეს იდეალთან - ღმერთთან ერთიანობაში (შეერთებაში) ხორციელდება. ეს ერთიანობა, უპირველეს ყოვლისა, ქრისტეშია განხორციელებული. ბოროტების დასამარცხებლად და მსოფლიო რელიგიის შესაქმნელად, რომელსაც მიზნად პიროვნების სრულქმნა და ბოროტების მოსპობა ექნებოდა, ბოროტებასთან საბრძოლველად ქრისტე უნდა გამოსულიყო. ამ ბრძოლამ იგი გოლგოთამდე, ჯვარცმით დამამცირებელ სიკვდილამდე მიიყვანა. მაგრამ ეს ჯვარცმა მისი მოძღვრების გამარჯვებად და ზეიმად გადაიქცა, რადგან ქრისტემ ეს მორალი თავის თავში ბოლომდე განახორციელა, ამასთან ისე, რომ არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი ცვლილებების დროსაც სულის უზენაესი სიმაღლე შეინარჩუნა. მან დამცირების, შეურაცხყოფის, საყოველთაო შეგინების, უსასტიკეს ფიზიკურ წამებათა შედეგად მიყენებული ყველანაირი ტანჯვა გადაიტანა. სახარება მოგვითხრობს, რომ ქრისტეს სტოიკურობამ თვით რომაელი მმართველიც კი გააოცა და განაცვიფრა და ხალხის წინაშე განაცხადა: „აჰა, კაცი იგი!" (ინ. 19,5). სახარებისეული ქადაგებისა და ქრისტეს ჯვარცმის მნიშვნელობას ახალი ამაღლებული მორალის შესაქმნელად, რომელსაც ადამიანთა მოდგმა სრულქმნილებისაკენ მიჰყავს, აღიარებენ მნათობები კაცობრიობისა. გოლგოთის გმირობის ამ სიდიადისა და ძლევამოსილების წინაშე ყველაზე თავისუფლად მოაზროვნე პირებიც კი იდრეკდნენ თავს: „მარადიული წმინდა ქება-დიდება ტანჯული ღმრთის სიმბოლოს, მაცხოვარს, ეკლიანი გვირგვინით ჯვარცმულ ქრისტეს, ვისი სისხლიც ის მაკურნებელი ბალზამი იყო, კაცობრიობის ჭრილობებში რომ ჩაიღვარა", - წამოიძახებს ჰაინრიჰ ჰაინე, მწერალი, სრულიად შორს მყოფი ეკლესიისაგან. „ოთხივე სახარება, - წერს გოეთე, - აბსოლუტურად ნამდვილია, რადგან მასში აირეკლება ის სიდიადე, რომელიც ქრისტეს პიროვნებიდან მოდიოდა, იგი იმდენად ღმრთაებრივი იყო, რამდენადაც კი შეიძლებოდა ოდესმე ღმრთაებრივი მოვლენილიყო დედამიწაზე". ქრისტეში გოეთემ დაინახა „ზნეობის უმაღლესი საფუძვლის ღმრთაებრივი გამოცხადება".

„ადამიანური სრულქმნილების იდეალი არის იესო ქრისტე", „მან მოწამეობით აღბეჭდა და დაამოწმა თავისი მოძღვრების ჭეშმარიტება", - ამბობდა ბ.გ.ბელინსკი.

უღრმეს მორწმუნეობას გამოხატავდა ა.ს.პუშკინიც:

Того, чья казнь весь род Адамов искупила,
Владыку, тернием венчанного колючим,
Христа, предавшего послушно плоть свою
Бичам мучителей, гвоздям и копию?

А.С. Пушкин. Мирская власть
ბოგდანოვ-ბელსკის სურათზე „ზეპირი თვლა-ანგარიში სახალხო სკოლაში" გამოხატულია ს.ა.რაჩინსკი (1836-1902 წწ.) გაკვეთილის ჩატარების დროს სოფლის სკოლაში. პედაგოგმა ს.ა.რაჩინსკიმ, ბოტანიკის მაგისტრმა, მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორმა, პროფესურა მიატოვა და ქრისტესა და მოყვასის სიყვარულით ხალხში გავიდა, სოფელში დასახლდა, თავისი პიროვნება, თავისი სიცოცხლე მთლიანად ხალხს მიუძღვნა. მას მიაჩნდა, რომ სკოლა, უპირველეს ყოვლისა, „ღმრთისმოსაობისა და კეთილზნეობათა სასწავლებელი უნდა იყოს". მან შექმნა ახალი ტიპის სკოლა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ საგანს ქრისტიანული მორალი წარმოადგენდა.

ქრისტიანობა არ გახლავთ კულტი ტანჯვისა, კულტი პასიური მოთმინებისა. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ქრისტიანული ჯვარი არის სიმბოლო სიმამაცისა, მძლეველი ტანჯვისა, სიმბოლო გმირობისა, რომელიც სიმართლისათვის ბრძოლაში აღსრულდება. სხვათა გადარჩენისათვის მსხვერპლშეწირვის ნებაყოფლობით უნარი სულის ძლიერებაზე მეტყველეს და არა მის სისუსტესა და პასივობაზე. ქრისტიანობა არასოდეს არ განადიდებდა, ხოტბას არ ასხამდა ტანჯვას, როგორც რაღაც თავისთავად აუცილებელს, არასოდეს არ განიხილავდა მას, როგორც თვითმიზანს. მაგრამ ქვეყნიერება სავსეა ტანჯვით, ხოლო ქრისტიანობა, რამდენადაც ყოველთვის რეალისტურია იგი, ამტკიცებს, რომ ბოროტება ნებაყოფლობით არ დაყრის იარაღს, და რომ ის, ვინც მის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდა, თავიდან ვერ აიცილებს ტანჯვას. ჭირი გექნებათ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით, მე ვძლიე ქვეყანა, - ამბობდა ქრისტე მოწაფეებთან გამომშვიდობებისას (ინ. 16,33).

ქრისტიანობა არ მოგვიწოდებს, ვიტანჯოთ თვით ტანჯვისათვის, მაგრამ თუ მოსალოდნელი ტანჯვების შიში გვექნება, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებ ბოროტების დამარცხებას. იგულისხმება, რომ ლაჩრები და ეგოისტები ვერასოდეს ვერ გაბედავდნენ, შეებრძოლონ ბოროტებას, თუ არსებობს საფრთხე ვნებისა და ტანჯვისა. მაგრამ ასეთი მორალი ხომ მხოლოდ და მხოლოდ ზიზღის ღირსია.

ქრისტე მაცხოვრისადმი რწმენა - ესაა, უპირველეს ყოვლისა, სინათლის წყვდიადზე, სიკეთის ბოროტებაზე, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების რწმენა. სწორედ ამაში ვლინდება ქრისტიანული რელიგიის დიადი ჰუმანიზმი.

პასუხი სხვადასხვა ბრალდებათა წინააღმდეგ: „განათლების თვალსაზრისით დროთა განმავლობაში ადამიანები რაც უფრო მაღალ საფეხურზე ავლენ, მით უფრო მეტად შეძლებენ (არა ზერელი და ზედაპირული, რა თქმა უნდა, არამედ ჭეშმარიტად ბრძენი ადამიანები), ისარგებლონ ბიბლიით ხან როგორც საფუძვლით, ხან როგორც საშუალებით აღზრდისა", - გოეთე. სწავლება ფერთა შესახებ.

ჩვენ დროში ბევრი არ იცნობს ბიბლიას. მაგრამ განა ეს ვინმეს აძლევს იმის უფლებას, რომ ბიბლიურ მოძღვრებად გამოაცხადონ სრულიად სხვა რამ, ღირსი დაცინვისა?

ჩვეულებისამებრ მრავალ სიცრუეს ლაპარაკობენ ქრისტიანობის შრომისადმი დამოკიდებულებაზე. მაგრამ, როგორც ჩანს, ძალზედ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ცნობილი სიტყვები - თუ ვინმეს არ სურს მუშაობა, მაშინ ნურც ჭამს, - პავლე მოციქულს ეკუთვნის (2 თეს. 3,10). მოციქულის ამ ფრთიანმა გამოთქმამ მთელი მსოფლიო მოაიარა და იმდენად პოპულარული გახდა, დღეს ბევრს წარმოდგენაც კი არა აქვს, რომ იგი პირველად „წარმართთა დიდმა მოციქულმა" წარმოთქვა. მოციქულის ამ სიტყვების ციტირება ყოველთვის უყვარდა ვ.ი.ლენინს.

ზუსტად ასევე ბევრი სიცრუე ვრცელდება მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ, - ცდილობენ განხეთქილების ჩამოგდებას სახარებასა და ადამიანურ გონებას შორის, სახარებისეულ მორალსა და ყოველივე იმას შორის, რაც კი ადამიანს კარგი და დადებითი აქვს. საქმეს ისე წარმოადგენენ, თითქოსდა რელიგიური მორალი და მეცნიერება ურთიერთშეუთავსებელია, აცხადებენ, რომ მხოლოდ ის მორალია საჭირო, რომელიც მეცნიერებას ეყრდნობა, და ამ ურთიერთშეუთავსებლობის „დასამტკიცებლად" ბიბლიურ მორალს სრულიად დამახინჯებული სახით წარმოაჩენენ რა არის ბიბლიური მორალი, ჩვენ უკვე ვიცით. მეცნიერებასთან მის ურთიერთობას რაც შეეხება, ყველაზე უკეთესი იქნება, თუ სიტყვას ჩვენი მეცნიერების ფუძემდებელს, მ.ვ.ლომონოსოვს დავუთმობთ, რადგან უკვე მის დროს იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სარწმუნოების მეცნიერებასთან წაკიდებას ცდილობდნენ. ლომონოსოვი წერდა: „სიმართლე და სარწმუნოება ორი დაა, - ისინი ერთი უზენაესი მშობლის შვილები არიან, რომელთაც არასოდეს ექნებათ ერთმანეთთან უთანხმოება გარდა იმ შემთხვევებისა, თუ რაღაც პატივმოყვარეობისა და პირადი სიბრძნის წარმოჩენის მიზნით ვინმე მათ შორის მტრობის ჩამოგდებას შეეცდება. მაგრამ კეთილგონიერმა და სათნო ადამიანებმა რაიმე ხერხი უნდა მოიძიონ მათ შორის მოჩვენებითი შინაომის თავიდან ასაცილებლად". აი, კიდევ სიტყვები მ.ვ.ლომონოსოვისა: უზენაესმა „შემოქმედმა ადამიანთა მოდგმას ორი წიგნი უბოძა; ერთში თავისი სიდიადე აჩვენა, მეორეში - ნება. პირველი მის მიერ შექმნილი ეს ხილული სამყაროა, რათა ადამიანმა, რომელიც შემოქმედის შესაქმის სიდიადეს, სილამაზესა და სიმწყობრეს ხედავს, მისი ღმრთაებრივი ყოვლისშემძლეობა აღიაროს... მეორე კი წმინდა წერილია, რომელშიც მოცემული და ნაჩვენებია შემოქმედის ჩვენი მაცხოვნებელი კეთილი ნება და კურთხევა. ამ წინასწარმეტყველურ და სამოციქულო ღმრთივსულიერ წიგნთა განმმარტებელნი და ამხსნელნი დიდი საეკლესიო მასწავლებლები არიან. ხოლო ხილული სამყაროს მოვლენათა და მოქმედებათა განმმარტებელნი: ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ასტრონომები გარკვეულწილად ღმრთივსულიერ წიგნთა წინასწარმეტყველებს, მოციქულებსა და ეკლესიის მასწავლებლებს ჰგვანან. ჯანსაღად ვერ აზროვნებს ის მათემატიკოსი, ვინც ღმრთაებრივი ნების გაზომვას ფარგლით შეეცდება.

ასეთ მათემატიკოსს ჰგავს ღმრთისმეტყველების ის მასწავლებელიც, რომელიც ასტრონომიისა და ქიმიის შესწავლას ფსალმუნების მიხედვით აპირებს. წმინდა წერილის განმმარტევებლნი და მქადაგებელნი გვიჩვენებენ გზას, სათნოებისაკენ მიმავალს, წარმოგვისახავენ ცხონებასა და დაჯილდოვებას - მართალია, დასჯას - კანონდამრღვევთა, ღმრთის ნებასთან შეერთებული ცხოვრების კეთილდღეობას, ასტრონომები აღმოაჩენენ და უზენაესისადმი მადლიერებითა და კეთილკრძალულებით თვალწინ გადაგვიშლიან ღმრთაებრივი ძალის სიდიადისა და ბრწყინავლების ტაძარს. ორივენი ერთად კი გვიმოწმებენ და გვიდასტურებენ არამარტო ღმრთის არსებობას, არამედ უზენაესის ენითგამოუთქმელ უსაზღვრო სიკეთეს, წყალობასა და მადლს ყოველი ჩვენთაგანის მიმართ.

წმინდა იოანე დამასკელი, ღრმადმოაზროვნე ღმრთისმეტყველი და დიდი წმინდა ჰიმნოგრაფი, როდესაც სამყაროს შექმნის შესახებ გამოთქმულ სხვადასხვა შეხედულებებს იხსენებს, აცხადებს, რომ სამყაროს შექმნისა და მისი აგებულების შესახებ ფიზიკური თეორიები და მსჯელობები ღმრთის განდიდებას ემსახურებიან.

„ბრმა უნდა იყო, რომ ბუნების სურათმა არ დაგაბრმავოს, სულელი უნდა იყო, რომ მის შემოქმედს არ აღიარებდე, შეშლილი უნდა იყოს, რომ მის წინაშე მუხლს არ იდრეკდე. ათეიზმი საშიშია სწავლულ ადამიანთა შორის მაშინაც კი, როდესაც ისინი საკმაოდ ზნეობრივად ცხოვრობენ", - წერდა ვოლტერი.

„ჩემი რელიგია, - ამბობდა ა.აინშტაინი, - უსაზღვრო გონიერების წინაშე მოწიწებულ აღფრთოვანებაში გამოიხატება, გონიერებისა, რომელიც საკუთარ თავს სამყაროს იმ სურათის უწვრილმანეს დეტალებშიც კი ავლენს, რომელიც გონებით ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ ძალგვიძს შევიცნოთ. ეს ღრმად ემოციური რწმენა და დაჯერებულობა სამყაროს აგებულების უმაღლეს ლოგიკურ სიმწყობრეში (ჰარმონიაში) - არის სწორედ ჩემი იდეა ღმრთისა".

ამ დიდ მეცნიერთა პასუხები იმდენად ნათელია, რომ აქ უკვე ყოველგვარი კომენტარი სრულიად ზედმეტია.

სახარება თავისუფლებისაკენ მოწოდებაა და იგი შეიძლება მხოლოდ თავისუფლებიდან, თავისუფალი ნებიდან გამომდინარე იქნას აღქმული. ვისაც სურს, მე მომდიოს (მთ. 16,24), - ასე იწყებს ქრისტე თავის მოწოდებას ახალი მორალის საგმირო საქმეებისაკენ.

დაუშვებელია, სახარებისეული მორალი ადამიანს თავს ძალდატანებით მოახვიო. ქრისტეს სწავლების მთელი არსი ის გახლავთ, რომ ადამიანმა სახარება როგორც სასურველი და ამაღლებული რამ, ისე უნდა მიიღოს.

დოსტოევსკის რომანში „ძმები კარამაზოვები" - დიდი ინკვიზიტორი ქრისტეს სწორედ იმის გამო ამუნათებს, რომ მან მსოფლმხედველობის არჩევანში ყოველგვარი იძულება და ძალდატანება უარყო და ჩვეულებრივ ადამიანებს ის შესთავაზა, რაც ყველაზე ძნელია მათთვის - არჩევნის შესაძლებლობა: „შენ მოისურვე თავისუფალი სიყვარული ადამიანისა, რათა ის, შენით მოხიბლული და დატყვევებული, თავისუფლად გამოგყოლოდა".

ქრისტეს მთელი ქადაგება იქითკენაა მიმართული, რომ ადამიანში სიკეთისადმი, სინათლისადმი, ჭეშმარიტებისადმი გაცნობიერებული, შეგნებული და თავისუფალი არჩევანი გააღვიძოს.

სახარება გვასწავლის, რომ თავად ადამიანში, ადამიანის ძალასა და მის სურვილებშია ცოდვის ძირი; მაგრამ იმდენად, რამდენადაც საზოგადოება სწორედ ადამიანებისაგან შედგება, ამიტომ ცოდვა ადამიანის გულის საზღვრებს გარეთ გადის და იგი საზოგადოებას და საზოგადოებრივ ცხოვრებას ტბორავს. გარემო სწორედ იმის გამო ცოდვიანდება, რომ ასეთად მას სწორედ ადამიანები ხდიან.

შეიძლება ბოროტების განადგურება, თუ იგი სიღრმიდან, ე.ი. ადამიანის გულიდან და შეგრძნებიდან არ აღმოიფხვრება? თუ ფესვი დარჩება, მაშინ ეს შხამიანი მცენარე ნებისმიერ გარემოში აღმოცენებას კვლავ მოახერხებს. ბოროტი ადამიანს მაშინაც შეიძლება გაუჩნდეს გულში, როდესაც მას საარსებოდ აბსოლუტურად ყოველივე აუცილებელი გააჩნია და ყველაზე სამართლიან პირობებში ცხოვრობს.

როგორი დაპურებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას შეიძლება კიდევ მეტის და უფრო გემრიერი საკვების მიღება მოუნდეს. ადამიანი შეიძლება ეგოისტად რჩებოდეს სიყვარულში ჭეშმარიტად სამოთხისეულ პირობებში, ხოლო თვით ყველაზე უსაშინლეს პირობებშიც კი სულიერი სიმაღლის შენარჩუნებას ახერხებდეს. აქედან გამომდინარეობს, რომ ქრისტიანობა „უსამართლობისა და ბოროტების არსებობას კი არ ამართლებს, არამედ მათ აღმოფხვრას გვასწავლის".

ადამიანის დამოკიდებულება ღმერთზე - შემოქმედსა და სიცოცხლის მომნიჭებელზე არამც და არამც არ გულისხმობს ზნეობრივი თავისუფლების დაკარგვას. სინამდვილეში ასე რომ იყოს, მაშინ ადამიანს შესაძლებლობა აღარ ექნებოდა, ღმრთისა და მისი კანონების წინააღმდეგ ამხედრებულიყო. მოციქულის კლასიკური ფორმულა ამ გარემოებას შემდეგნაირად ხსნის: ღმერთი სიყვარულია... და სიყვარულში მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი - მასში... სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა, ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში... (1 ინ. 4,16,18).

ჩვენ გვიყვარს ღმერთი, გვიყვარს ადამიანიც - ხატება ღვთისა, ე.ი. ყოველივე ის, რაც საუკეთესოა მასში. ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ადამიანისადმი სიყვარული შეიძლება შთანთქას ღმრთისადმი სიყვარულმა, მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც შეგნებულად სურს ქრისტიანული მოძღვრების დამახინჯება.

ერთ-ერთმა ქრიატიანმა მოაზროვნენ სიყვარული ღმრთისა და სიყვარული ადამიანისადმი სქემატურად შემდეგნაირად გამოსახა: რადიუსები წრეში წრეწირს (წრეხაზს) აერთებენ ცენტრთან. რაც უფრო შორს არიან ისინი ცენტრიდან, მით უფრო დიდი მანძილიც რადიუსებს შორის, მით უფრო დაშორებულნი არიან რადიუსები ერთმანეთისაგან. ასევე ქრისტიანულ სიყვარულშიც: რაც უფრო ახლოს არიან ადამიანები ღმერთთან, მით უფრო ახლოს არიან ადამიანი ერთმანეთთან.

ბრალდებაზე, თითქოსდა ქრისტიანობა მტრულ დამოკიდებულებას მოითხოვს სხვა სარწმუნოების, სხვა ეროვნების წარმომადგენელთა მიმართ, არც ღირს პასუხის გაცემა. არავითარი რელიგიური და ნაციონალური სიძულვილი და ზიზღი სხვა რელიგიისა და სარწმუნოების ადამიანის მიმართ ქრისტიანობაში არ არსებობს. მოციქულის სიტყვების მიხედვით, ღმრთისათვის სათნოა სიმართლით მავალი ყოველი ადამიანი, რომელ ხალხშიც არ უნდა ცხოვრობდეს იგი.

სახარება გვაუწყებს, რომ ქრისტემ ამხილა თავისი თანამედროვენი, რომლებიც რელიგიურ სიძულვილს აღვივებდნენ და იგავი მოუთხრო გულმოწყალე უცხოტომელ სამარიტელზე. მტრულად განწყობილი ხალხისა და სხვა სარწმუნოების წარმომადგენელი არამარტო დაეხმარა ყაჩაღების მიერ ნაცემ, დაჭრილ, გაძარცვულ და გზაზე დაგდებულ ცოცხალ-მკვდარ იუდეველს, რომელსაც თანამემამულეებმა გულგრილად ჩაუარეს, არამედ ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა და თავს პირუტყვზე შესმული, სასტუმროში მიიყვანა, მეორე დღეს სასტუმროს პატრონს ფული დაუტოვა და სთხოვა, ეზრუნა და მოევლო მისთვის (ლკ. 10,30-37). ვინ აღმოჩნდა გვემულისათვის მოყვასი, „ახლობელი"? ეს იგავი არაორაზროვნად და მკაფიოდ გველაპარაკება ქრისტიანული რელიგიის დამფუძნებლის შეხედულებაზე რელიგიური და ნაციონალური მტრობისა და შუღლის შესახებ.

ბრალდება, თითქოსდა ქრისტიანობა მიესალმება სულით სიგლახაკეს, ე.ი. სიღარიბეს, ანდა თითქოსდა - გონებრივ სიმწირეს, ასევე არასამართლიანია. მცნებაში: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა - საუბარი სრულიადაც არ ეხება გონებას. სულიერი სიგლახაკის გრძნობა - ესაა საკუთარი პიროვნების სულიერი სიმდიდრის ნაკლოვანების შეგნება და გაცნობიერება. ქრისტიანული მორალისათვის უცხოა თვითკმაყოფილება და ამპარტავნება. მხოლოდ ის, ვინც საკუთარ თავს სულით გლახაკად შეიცნობს, ძალღონეს არ იშურებს მის გასამდიდრებლად და სულიერი ზრდის თვალსაზრისით წინსვლას აუცილებლად მოახერხებს. რაც შეეხება გონებას, განა ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი არ აღიარებს, რომ მისი ცოდნა მწირია? სწორედ ეს მაღალი შეგნება წარმოადგენს ქრისტიანის შემდგომი გონებრივი განვითარების სტიმულს.

ქრისტიანობა არასოდეს მოუწოდებდა სულის გაღატაკებისაკენ, გონებრივი შეზღუდულეობისაკენ, პირიქით: ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ სრულწლოვანნი იყავით გონებით (1 კორ. 14,20), - მოგვიწოდებს პავლე მოციქული.

„ჩვენი ხელმძღვანელი გონებაა, - ამბობს ქრისტიანული ღმრთისმეტყველების ფუძემდებელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, - ვფიქრობ, რომ ყველა, ვისაც ჭკუა აქვს, თავის პირველ სიკეთედ სწავლულობას მიიჩნევს".

სახარებისეული მორალი „სულით სიგლახაკის" გრძნობის შესახებ მოითხოვს სიცოცხლის სისავსისაკენ მარადიულ სწრაფვას. ასეთია ამ მცნების აზრი.

სახარებისეული მორალი, როგორც ზნეობრიობის უმაღლესი ფორმა, არ იყო მისაწვდომი პირველყოფილი ადამიანებისათვის. მომთაბარეთაგან, რომლებიც რამდენიმე ათასი წლის უკან ცხოვრობდნენ, შეუძლებელი იყო მაღალი მორალის მოთხოვნა. ამის გამოც ბიბლია შეიცავს ორ აღთქმას, რომლებიც კაცობრიობის განვითარების ორ სტადიას ეხება. ძველი აღთქმა, რომელშიც მოცემულია მორალის კოდექსი იმ ზომით, რამდენადაც მის შესრულებას ძველი ადამიანი შეძლებდა, და ახალი აღთქმა, რომელშიც მოცემულია ქრისტეს მიერ ჩვენთვის მოტანილი მორალი.

ორივე მორალური კოდექსი - ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა - არამარტო შინაარსით, არამედ ფორმითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ძველი კოდექსი მოწოდებათა ფორმითაა მოცემული. იგი ახალ კოდექსთან შედარებით მარტივი იყო. აი, ბიბლიის ძირითადი მცნებები: არა კაც ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი სწამო, გული არ გითქმიდეს შენი მოყვასის ცოლისათვის, მისი მიწისათვის, არაფერი ისურვო იქიდან, რაც შენი თანამოძმის არსებობის საფუძველს შეადგენს...

სავსებით შესაძლებელია, რომ კანონის მოთხოვნათა გარეგანი შესრულებით ადამიანი თავისი გულის სიღრმეში კვლავაც სასტიკ და ეგოისტურ პიროვნებად დარჩენილიყო. სწორედ ამ მხრივ განსხვავდება სახარება ძველი კანონისაგან, - იგი არა მარტო მარტივი მორალური კოდექსის შესრულებას მოითხოვს, არამედ შინაგანი გარდაქმნისაკენ, ჭეშმარიტი ჰუმანიზმის პრინციპების განხორციელებისაკენ მოგვიწოდებს. თუ ძველი კანონი, როგორც ბიბლია მოგვითხრობს, დაწერილი იყო ქვის ფირფიტებზე, ე.ი. ადამიანზე „გარედან" ახდენდა ზეგავლენას, ახალი აღთქმა (სახარება) დაწერილი უნდა იყოს გულის ფირფიტაზე. ძველსა და ახალ აღთქმებს შორის განსხვავება განსაკუთრებით მკვეთრად მტრებისადმი დამოკიდებულების საკითხში ჩანს. თუ ნახევრად ველურ ადამიანს სურვილი უჩნდება, შეურაცხყოფისათვის მოყვასს ათმაგად მიუზღოს (ეს თანამედროვე ადამიანსაც უჩნდება), ძველი რელიგიური კანონის (ბიბლია) თანახმად, რა წყენასა და შეურაცხყოფასაც მიიღებდა ადამიანი, მოყვასისათვის მიყენებულ წყენაზე მეტად არ უნდა მიეგო სამაგიერო. დატყმისათვის არ შეიძლებოდა მკვლელობით ეპასუხა, შეურაცხყოფისათვის - დასახიჩრებით. ცენტრალიზებული სახელმწიფოებრივი ძალაუფლებისა და სახელმწიფო სასამართლოს უქონლობის გამო ადამიანს შეეძლო თავად მოეთხოვა საზღუარი ზარალისათვის, ზიანისათვის, შეურაცხყოფისათვის, მკვლელობისათვის - „კბილი მხოლოდ კბილის წილ, თვალი მხოლოდ თვალის წილ", - მაგრამ - არა უმეტეს! - აი, ასეთი იყო კანონი ძველი სამყაროსი, მაგრამ არამც და არამც ქრისტიანობისა.

ასე მაგალითად, ჩვეულებრივ, ყველაზე მკაცრად თავს ესხმიან ქრისტეს მცნებას მტრისადმი სიყვარულის შესახებ. სახარებისეული მორალი კრძალავს მტრისადმი ბოროტებაზე ბოროტებით შურისგებას, რითაც ყველა ადამიანის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს, რადგან ადამიანი, როგორც ასეთი, საერთოდ ღირსია პატივისცემისა. ადამიანისადმი სიყვარული პირადულ ურთიერთობებზე მაღლა უნდა იდგეს. ასეთია ქრისტიანობის პრინციპული პირობა ადამიანების ურთიერთდამოკიდებულებათა შესახებ. და თუ ეს გაუგებარია, მაშინ ყველაზე უპრიანი იქნება, მეტი სიცხადისათვის ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრებიდან მოვუხმოთ მაგალითს. უნდა უყვარდეს თუ არა ექიმს ადამიანი (ხაზს ვუსვამთ - ნებისმიერი ადამიანი) და უნდა აღმოუჩინოს თუ არა მას დახმარება მისდამი პირადული სიმპათიების მიუხედავად?! მაშ, რატომ უნდა გვიკვირდეს, თუ ქრისტიანული მორალი თითოეულისაგან, ვინც ამ მორალს მიჰყვება, პირადულ ურთიერთობებზე მაღლა დგომას მოითხოვს?! ქრისტიანული მორალი ყველა ადამიანს მოუწოდებს, პირადი წყენა-შეურაცხყოფა დაივიწყონ და ავიდნენ მაღალ საფეხურზე, საიდანაც ყოველივე წვრილმანი და პირადული არარაობად ჩანს. ქრისტიანულ მორალს ავყავართ იმ სულიერ სიმაღლემდე, როდესაც ადამიანი მიისწრაფვის საკუთარი თავი, საკუთარი სიცოცხლე ადამიანებისადმი მსახურებას მიუძღვნას, განურჩევლად იმისა, მათ შორის რამდენის მიმართ არის სიყვარულით განწყობილი, და რამდენისადმი - გულგრილად.

სახარება გვაუწყებს, რომ თითოეული ადამიანი, სწორედ როგორც ადამიანი, ღირსია სიყვარულისა. თუ „პატივს მიაგებ ღმრთის ხატებას, მაშინ პატივს უნდა სცემდე ყოველი ადამიანს, მიუხედავად მისი მანკიერებისა", - წერდა წმ. მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი.

ადამიანს არ ეგების (არ შეჰფერის) შურისძიება პირადი წყენა-შეურაცხყოფებისათვის, მაგრამ ის განრიდებული არ უნდა იყოს მაშინ, როდესაც ბოროტებას სჩადიან და ფეხქვეშ თელავენ იმას, რაც სხვებისათვის წმინდაა. ქრისტიანის სულიერი მზერის წინაშე ყოველთვის დგას ქრისტეს ხატება, რომელმაც საბლის შოლტი გააკეთა და ტაძრის შემბილწველი ვაჭრები გამოყარა. ასეთ მორალს, ცხადია, პასიურს ვერ ვუწოდებთ. ზოგჯერ გვსაყვედურობენ: „თითქმის ოცი საუკუნეა, ქრისტიანობა მოყვასის სიყვარულს ქადაგებს, მაგრამ ამ ქადაგებამ ვერ შეძლო ხელი შეეშალა, კაცობრიობა დრო და დრო სისხლისმღვრელ ომებში არ გადაჩეხილიყოო". გვინდოდა, გვეკითხა: რამდენი ხანია რაც მედიცინა არსებობს? თითქოს ძალიან დიდი ხანია, და მიუხედავად ამისა, ადამიანები მაინც ავადმყოფობენ. ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ეწეოდა კაცობრიობას, მედიცინა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ეპიდემიებს რომ არ ებრძოდეს. ჩვენ არც ის ვიცით, რა მოუვიდოდა კაცობრიობას, ქრისტიანული რელიგია ომებისა და ადამიანური ნაკლოვანებების წინააღმდეგ რომ არ გამოდიოდეს.

ჩვენ, მაგალითად, ისტორიიდან ვიცით, რომ რუსეთის დაქუცმაცებულობის დროს, როცა თავადაზნაურობა რუსეთის მიწას შინაომებით გლეჯდა და ანაწევრებდა, მხოლოდ ეკლესია წარმოადგენდა შემაკავებელ საწყისსა და ძალას და ყველა ამ ძმათამკვლელ ომს უპირისპირდებოდა. ჩვენ გვეტყვიან: „თავადები ხომ მაინც აგრძელებდნენ ომებს?!" დიახ, აგრძელებდნენ შინაომებს, მაგრამ უდავოა, რომ კიდევ უფრო ბევრს და ხანგრძლივად იომებდნენ, ეკლესია მოყვასის, ძმის წინააღმდეგ მახვილის ამღებს ზეციური სასჯელით რომ არ დამუქრებოდა.

ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა ძმები - ბორილი და გლები, ხოლო მათი მოყვასი კი - სვიატოპოლკი - შეაჩვენა, ანათემას გადასცა. ეს უკვე რუსი ხალხის ცხოვრებასა და ცნობიერებაზე მორალური ზემოქმედების ძლევამოსილი ფაქტორი იყო. კეთილი საქმეების კეთებისათვის, სიყვარულისა და მშვიდობის სულით ცხოვრებისათვის, სრულიადაც არ გახლავთ აუცილებელი ყოველივესაგან განდგომა: საღმრთო მცნებების აღსრულება ერშიც შეიძლება, როცა ოჯახიც გაქვს და გყავს ცოლ-შვილი... მხოლოდ უვიცებს შეუძლიათ იფიქრონ, რომ სიკეთე მხოლოდ განდეგილთა ხვედრია. ბოროტების გამართლება არაფრით არ შეიძლება.

იმის შესახებ, თუ რა მოუტანა ქრისტიანობამ რუს ხალხს, რუსეთის ნათლობის ისტორიული მოვლენის შემდეგ, როგორ აამაღლა ადამიანთა მორალი, როგორ დაამკვიდრა და დანერგა ჰუმანიზმი, კარგად წერს ცნობილი ისტორიკოსი ს.მ.სოლოვიოვი თავის მრავალტომიან ნაშრომში „რუსეთის ისტორია - უძველეს დროთაგან". როგორ შეაფასა ახალგაზრდა თაობამ ქრისტიანობასთან ერთად შექმნილი ეს საუნჯე და როგორი მადლიერი იყო იმ პიროვნებების მიმართ, რომელნიც მას ამ საუნჯის შეძენასა და გათავისებაში უწყობდნენ ხელს, ჩანს მემატიანის გამოხმაურებიდან ვლადიმერისა და იაროსლავის მოღვაწეობის შესახებ: „მსგავსად იმისა, ვინმეს რომ მიწა მოეხნა, მეორეს - დაეთესა, ხოლო სხვებს მოსავალი აეღოთ და დაპურიებულიყვნენ, ასევე ვლადიმერმა დახნა და მოაბრილა ადამიანთა გულები, როცა ისინი ნათლისღებით განანათლა, მისმა ძემ, იაროსლავმა დათესა და ნაყოფიერად აქცია წიგნიერი სიტყვებით, ხოლო ჩვენ ახლა მოსავალს ვიმკით, რამეთუ წიგნიერ მოძღვრებას ვსწავლობთ".

იმ სახსარ-საშუალებებზე, ეკლესია-მონასტერთა გამგებლობაში რომ იმყოფებოდა, დამოკიდებული იყო ის მზრუნველობა და მოვლა-პატრონობა, რასაც აქ, მათთან, ღარიბები, მწირები და სახიჩრები პოულობდნენ.

მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეეძლო, მონობა ბრძანება-განკარგულებით შეეცვალა, მაგრამ იმას კი მიაღწია, სახელმწიფოს მრავალი სერიოზული შეზღუდვა განეხორციელებინა და ამ შეზღუდვებზე დაეყოლიებინა.

რუსეთის მიწა მონღოლთა საშინელმა ურდოებმა დაიპყრეს. მძიმე უღლის ზიდვამ, რაც მთელი ორი საუკუნე გრძელდებოდა, დასცა და დააკნინა ადამიანური ღირსების გრძნობა, მოწამლა მრავალი ნათელი მხარე რუსი ადამიანის სულში. სწორედ ხალხის ზნეობრივ აღზრდას მიუძღვნა მთელი თავისი სიცოცხლე წმინდა სერგი რადონეჟელმა, იღუმენმა, მთელი რუსეთის სასწაულთმოქმედმა (მოსკოვთან ახლოს, ქალაქ ზაგორსკში, ცნობილი ლავრის დამფუძნებელმა).

ადამიანებისადმი სიყვარულმა და ყურადღებამ გაამდიდრა იგი იშვიათი უნარით, უხმაუროდ და მდაბლად აეღორძინებინა ადამიანის სული და მასში საუკეთესო გრძნობები გაეღვიძებინა.

Комментариев нет:

Отправить комментарий