ღმერთი

ღმერთი

пятница, 3 мая 2013 г.

წითელი კვერცხი.

  სააღდგომოდ ჩვენ ყველანი წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.


არტოსი

აღდგომის ერთ-ერთ ტრადიციას განეკუთვნება არტოსის კურთხევა – პატივად და დიდებად და მოსახსენებლად დიდებული აღდგომისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. „არტოსი“ ბერძნული სიტყვაა და პურს ნიშნავს.



არტოსის კურთხევის ტრადიცია მოციქულების ეპოქას უკავშირდება: უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და მათთან ერთად ტრაპეზობდა (საქმე 10, 41). მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებს მარად ახსოვდათ მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა“ (მთ. 28, 20) და თავიანთ შეკრებებზე ცხოველი რწმენით შეიგრძნობდნენ მის სიახლოვეს. მაგრამ რამდენადაც ხორციელი თვალით არ შეეძლოთ ეხილათ უფალი, ტრაპეზისას მაგიდასთან ცარიელ ადგილს ტოვებდნენ იქ, სადაც ადრე მაცხოვარი იჯდა, ხოლო მის პირდაპირ, მაგიდის შუაგულში, დებდნენ პურის ნაწილს, რომელიც იესოსთვის იყო განკუთვნილი. აქ უხილავად სუფევდა თავად უფალი. ტრაპეზის დასასრულს მოციქულები მადლობას სწირავდნენ ღმერთს, იღებდნენ ამ პურს, აღამაღლებდნენ და ამბობდნენ: „ქრისტე აღსდგა“. როცა სახარების საქადაგებლად ისინი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ამ ტრადიციის შენარჩუნებას.



ეკლესიის წმიდა მამებმა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე, მოწაფეთა შორის მისი გამოცხადებების აღსანიშნავად დაადგინეს, რომ ტაძარში პური ანუ არტოსი დაედოთ. არტოსზე გამოსახულია ან ჯვარი ეკლის გვირგვინით, ოღონდ ჯვარცმულის გარეშე – ქრისტეს მიერ სიკვდილზე გამარჯვების ნიშნად, ანდა ქრისტეს აღდგომა. ტაძრებში ეს პური მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ღია ტრაპეზის შუაგულში ასვენია. არტოსის მომზადებით წმიდა ეკლესია მოციქულებს მიემსგავსება და ამ წმიდა პურით მოგვაგონებს, რომ მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტე გახდა ჩვენთვის ჭეშმარიტი პური ცხოვრებისა, რაც მისი კურთხევის ლოცვებშიც კარგად მოჩანს. ამ ლოცვებში მღვდელი ღვთისაგან ლოცვა-კურთხევას გამოითხოვს და შესთხოვს, რომ განკურნოს სნეულნი და ჯამნრთელობა მიანიჭოს იმათ, ვინც მას რწმენით იგემებს. არტოსის კურთხევა აღდგომის პირველ დღეს ლიტურგიის შემდეგ სრულდება, მორწმუნეებს კი იგი ბრწყინვალე შაბათს, წირვის შემდეგ ურიგდებათ. ქრისტიანები ფიზიკური თუ სულიერი უძლურების შემთხვევაში მას უზმოზე, ლოცვების წარმოთქმის შემდეგ იღებენ.


* * *



ბოლო დროს ჩვენში წესად დამკვიდრდა სასაფლაოზე ზუსტად აღდგომა დღეს – კვირას გასვლა. ეს მართებული არ არის, რადგან ამ დროს ადამიანს გლოვა არ შეშვენის. ქრისტიანი აუცილებლად ტაძარში უნდა შეეგებოს ამ დღესასწაულს და საფლავზე მეორე დღეს გავიდეს, რათა მიცვალებულებსაც ახაროს ქრისტეს აღდგომა და ამის ნიშნად საფლავზე წითელი კვერცხი გადააგოროს.


* * *



მორწმუნეები ამბობენ, ვინც აღდგომას ან ბრწყინვალე შვიდეულში გარდაიცვლება, პირდაპირ სასუფეველში ხვდება. აღდგომისას დახშულია ჯოჯოხეთის კარი, სამაგიეროდ ყველასთვის გახსნილია კარი სამოთხისა. თუ უფალი ამ დღეებში ვინმეს გარდაცვალებას ინებებს, გიხაროდეთ, რადგან მათია სასუფეველი ცათა.



აღდგომასა და ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესიებში აღსავლის კარი არ იკეტება, რათა ყველამ იცოდეს, რომ სასუფეველი არასდროს არ არის ასე ახლოს ჩვენთან, როგორც ამ დღეებში.

***
სააღდგომო პასკა

სააღდგომო სუფრის კიდევ ერთი ატრიბუტია პასკა, რომელსაც ქრისტიანები მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად აცხობენ. სიმბოლურად იგი გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს ქრისტე. სააღდგომო პასკა ფორმით არტოსს წააგავს, სადღესასწაულო პურს, რომელსაც ეკლესიაში აღდგომის დღეებში არიგებენ, თუმცა, მისგან განსხვავებით, საკმაოდ ტკბილი და ნოყიერია. სააღდგომო პასკაში აუცილებლად უნდა იყოს ბევრი ქიშმიში, სანელებლები და ცხიმი – ეს არის იმ დიდი დღესასწაულის ხორციელი გამოხატულება, რასაც კაცობრიობა აღდგომის ბრწყინვალე დღეებში განიცდის.

Комментариев нет:

Отправить комментарий