ღმერთი

ღმერთი

среда, 1 мая 2013 г.

მორჩილება უდიდესი სათნოებაა.

“მორჩილს ეშინია უფლის და ეს განცდა სხვა შიშს სდევნის მისგან”.

სათნოებათა შორის ერთ-ერთი უდიდესი მორჩილებაა. ის ამშვიდებს ადამიანს და უქრობს ცხოვრებისეული სიძნელეების შიშს.

პიროვნება, რომელიც ღვთის მორჩილია, დარწმუნებულია, რომ უფალი დაიცავს მას განსაცდელის ჟამს.

“უკეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყვარულსა ზედა ჩემსა…”(იოან.15,10).
კლდის უბნის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელმსახური დავით ციცქიშვილი:

“მორჩილება იმდენად დიდი სათნოებაა, რომ თვით ეშმაკიც კი უძლური ხდება მის წინაშე.

მორჩილების შესახებ განსაკუთრებით გასაგებად საუბრობს წმ. ისააკ ასური: მორჩილება, უპირველეს ყოვლისა, ის შინაგანი თვისებაა, რომელიც საკუთარი თავის იმედის არქონას გულისხმობს, სასოებას ღვთისას, საკუთარი უღირსობისა და დაუცველობის განცდას, სულიწმიდის მადლის შეგრძნებას გულის ფარულ სიღრმეში. ამასთან, იგი გარეგნულადაც მჟღავნდება და გამოხატულებას მოკრძალებულ შესახედაობაში პოულობს, მისწრაფებაში, გაექცე პატივს, სიტყვაძუნწობაში, სხვის არშეწუხებასა და პატივისცემაში, წყენის, შეუარცხყოფის მოთმინებით გადატანაში.

მორჩილების შინაგანი და გარეგანი მხარეები მეტად დაკავშირებულია ერთმანეთთან.

წმ. ისააკ ასური გამოყოფს რა მორჩილების ორ სახეს – შინაგანსა და გარეგნულს, მათ სხვადასხვა თვისებებს ასახელებს. ერთ-ერთი მათგანი საკუთარი სახელის, პატივის უგულებელყოფაა, მისი არად ჩაგდება, თუმცა უნდა ითქვას, ერში უმთავრესად სრულიად საპირისპირო რამ შეიმჩნევა ამასთან დაკავშირებით. ნათლად ჩანს დიდი სწრაფვა დაფასებისკენ, სახელის მოხვეჭისკენ, საზოგადოებაში საპატიო, განსაკუთრებული ადგილის დამკვიდრებისკენ. რას არ აკეთებენ ამის გულისთვის?! ზოგჯერ ადამიანი ძალასა და ენერგიას არ იშურებს იმისათვის, რომ ვიღაცამ შეაქოს, გამოჩნდეს მისი ღირსებები, ნიჭი, კეთილი საქმეები, მოიხვეჭოს სახელი, პოპულარობა. ერში უმთავრესად მართლაც დიდი სურვილი, მისწრაფება შეიმჩნევა საკუთარი მეს წინ წამოწევისა, მაგრამ სურათი სრულიად იცვლება, როცა ჭეშმარიტ მართლმადიდებელ მოღვაწეებთან გვაქვს საქმე.

დიდი ათონელი ბერი პაისი, ვისთანაც მრავალი ათასი კაცი მიდიოდა რჩევა-დარიგების საკითხავად, ლოცვით შეწევნისათვის ან, უბრალოდ, სანახავადაც კი, ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მისი მთავარი მტერი – საკუთარი სახელი გახლდათ და დიდ სინანულს გამოთქვამდა ამასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია ის, რომ დიდი სულიერებით გამორჩეული მართლმადიდებელი მოღვაწეები, წმიდა მამები არა მხოლოდ შეგნებულად ცდილობდნენ, გაქცეოდნენ დაფასებას, პატივს, არამედ თავადაც მეტად უღირსებად, ცოდვილებად მიიჩნევდნენ საამისოდ თავს.
სულიერი სრულყოფის გზაზე ერთ მეტად საინტერესო, ერთი შეხედვით, ალოგიკურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. რაც უფრო იწმიდება კაცი სულიერად, ადის სარწმუნოებრივ კიბეზე, მით უფრო ცოდვილად, დაცემული ბუნების მქონედ მიიჩნევს თავს.
არადა, თითქოს პირიქით უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ ხდება.

ხშირად ის, ვინც შორს დგას ეკლესიისგან, დიდად სულაც არ ცდილობს სულიერ განწმენდას, ცოდვისთვის თავის არიდებას. სულ სხვაგვარად ფიქრობს საკუთარ თავზე. მათგან, ვინც პირველად აბარებს აღსარებას, არც თუ იშვიათად გაიგონებ: აბა, მე რა ისეთი ცოდვილი ვარ, დიდი არაფერი შეცდომა მაქვს ცხოვრებაში დაშვებული. სინდისიც მაინცდამაინც არაფერზე მქენჯნისო. შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს არც კი იცის, რაზე ლაპარაკობს.

ადამიანი მაშინ ხდება მორჩილი, როცა იგი შეიგრძნობს ღვთის სიდიადესთან ერთად საკუთარ უძლურებას.

მორჩილებისთვის დამახასიათებელია შინაგანი სიმშვიდე და ეს ადამიანს უქრობს შიშს სხვადასხვა ცხოვრებისეული შემთხვევების, სიძნელეების მიმართ. იგი დარწმუნებულია, რომ უფალი დაიცავს მას სხვადასხვაგვარი ბოროტებისგან, ააცილებს დიდ განსაცდელს.
როგორც წმ. ისააკ ასური აღნიშნავს, მორჩილი არ ფაციფუცობს, არ განიცდის უხერხულობას, არ აქვს გამთანგველი, არასერიოზული აზრები. იგი ყოველთვის მშვიდია. არ აშინებს უბედური შემთხვევები, რადგან მას ეშინია უფლის და ეს განცდა ყველა სხვა სახის შიშს სდევნის მისგან.

ეკლესიური ადამიანი გაცილებით მშვიდად, დაცულად გრძნობს თავს ცხოვრებაში. ეკლესიური წესების შესრულება გინერგავს იმედს, გაძლიერებს, ხელს უწყობს სხვადასხვა უბედურების თავიდან აცილებას. რამდენს გამოუცდია, თუ როგორ დამამშვიდებლად მოქმედებს მგზავრობისას, განსაკუთრებით რთულ პირობებში მოგზაურობისას იესოს ლოცვა, ვედრება უფლისადმი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს.

მართლმადიდებელი მრევლის ცხოვრებიდან მრავალი შემთხვევა მიუთითებს, თუ რაოდენ შველის ღმერთი მორწმუნე ხალხს.
განსაცდელის ჟამს ხშირად ნათლად მჟღავნდება, თუ როგორ გეხმარება უფლისადმი აღვლენილი ვედრება.

მართლმადიდებლური შეგნება გულისხმობს, რომ როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, საჭიროა მოთმინება. არ უნდა ავყვეთ მძიმე განცდებს და გვახსოვდეს, რაოდენ ძნელი გასაგებიც არ უნდა იყოს ყველაფერი, რაც ტკივილს გვანიჭებს, უფლის დაშვებითაა და ჩვენთვის სიკეთის მომტანია. ამ სიბრძნის გაცნობიერება, მისით განსაცდელის დროს ხელმძღვანელობა არ არის ადვილი, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს.

მართლმადიდებლური სრულყოფა აუცილებლად გულისხმობს გაჭირვების დათმენასა და შეგნებას იმისა, რომ ასეთია ღვთის ნება. ამის მისაღწევად საკმაო დროა საჭირო და დიდი მუშაობა საკუთარ თავზე, მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად წარმატებას უნდა მიაღწიო ამ მიმართულებით.

როცა მორჩილებაზე ვსაუბრობთ, აქ ცალკე უნდა გამოიყოს მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის ურთიერთობის საკითხი. ამ შემთხვევაში მოძღვრის ნების მიყოლას, დამორჩილებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

საგულისხმოა ისიც, რომ მოძღვართან მისვლამდე თავადაც უნდა ვევედრებოდეთ უფალს, რათა ჩვენთან საუბრისას გაეხსნას მას გონება და გვაუწყოს ის, რაც არის ღვთის ნება ჩვენთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით. აგრეთვე, სასულიერო პირთან შეხვედრამდე უნდა მოვერიდოთ ცოდვებს, არ მივცეთ ვნებებს გაქანების საშუალება. ამით კი ერთგვარად დავიმსახუროთ ის, რომ მოიღოს უფალმა მოწყალება, მოძღვრის პირით გაგვაგებინოს ის, რაც გვჭირდება იმ დროისთვის.
მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეა ისიც, რომ როცა სასულიეორ პირი რაიმეს გეტყვის შენთვის მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, დაუჯერო მას და აღარ მოინდომო მასთან, ან თუნდაც სხვა მღვდელთან იგივეს ხელმეორედ გარკვევა.

ზოგჯერ ასეც ხდება, შეეკითხებიან მოძღვარს, არ მოსწონთ მისი პასუხი და ცდილობენ, შეაცვლევინონ კურთხევა, ან სხვა სასულიერო პირთან მიდიან რჩევის საკითხავად. ეს უკვე აღარ არის სწორი.

როგორც გამოცდილი ქრისტიანი მამები აღნიშნავენ, მათ შორის დიდი მართლმადიდებელი მოღვაწე – წმ. სერაფიმე საროველი, სწორი სასულიერო პირის პირველი კურთხევაა, მომდევნო პასუხი კი, ადვილი შესაძლებელია, მისი ადამიანური სისუსტის გამოხატულება გახლდეთ. მოძღვარიც ადამიანია, მანაც შეიძლება ვერ გაუძლოს მიმსვლელის დაჟინებულ თხოვნას, ვედრებას, შეცვალოს პირველად ნათქვამი, ამით დიდი შეცდომა დაუშვას და დაშორდეს ჭეშმარიტებას.

ზოგჯერ უფლის ნებისადმი მორჩილება მეტად ძნელი აღსასრულებელია ადამიანისთვის, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს.

როგორც მამა პაისი აღნიშნავს: რაც უფრო მორჩილი ხდები, მით უფრო უახლოვდები ღმერთს და სწორედ მაშინ იმეცნებ, რომ ყველანაირი ნიჭი უფლის წყალობააო. მაშინ სული ივსება სიკეთით, მადლიერებით, კარგი აზრებით, იწყებ ფიქრს ღვთაებრივი სიყვარულის შესახებ, რომელმაც ამჯობინა, შეექმენი უკვდავი სულის ადამიანად მაშინ, როდესაც მშვენივრად შეეძლო გაეჩინე ცხოველად. და მადლობ უფალს.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) მორჩილების ორ სახეს გამოყოფს: ადამიანთან და ღვთის წინაშე.

უფლისადმი – როცა მუდმივად გრძნობ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ღმერთზე ხარ დამოკიდებული, გრძნობ, არაფერი ხდება მისი ნების გარეშე.

მორჩილების ერთხელ და სამუდამოდ შეძენა შეუძლებელია. მუდმივად უნდა ისწრაფვოდე მისკენ მიწიერი ცხოვრების ყოველგვარ ვითარებაში.

ადამიანის წინაშე მორჩილება კი გულისხმობს, შეეცადო კარგი დაინახო სხვაში და თუ ცუდს შეამჩნევ, კი არ განიკითხო, არამედ თანაუგრძნო.
ჩვეულებრივ კი ჩვენ უფრო ცუდს ვამჩნევთ სხვასთან, ვიდრე კარგს. საკუთარ თავთან მიმართებაში კი – პირიქით ხდება.

მორჩილება სულაც არ გულისხმობს ყველასთვის თავის დახრას, ფეხებში ჩავარდნას, გაზეპირებული ფრაზების: “შემინდე”, “უფალო შემიწყალეს” ხშირ თქმას. ყოველივე ეს სულაც არ არის ამ დიდი სათნოების გამომხატველი. იგი არც თუ იშვიათად ყალბია და არ ასახავს კაცის ნამდვილ ბუნებას.

ჭეშმარიტი მორჩილება სულ სხვაგვარად მჟღავნდება. წმ. იოანე ოქროპირი აქებდა ერთი ცნობილი გვარის წარმომადგენელ ქალს – ოლიმპიადას, რომელიც არც მდიდრულად იცვამდა, რის საშუალებასაც მას თავისი მდგომარეობა არ აძლევდა და არც განზრახ – საკმაოდ ღარიბად, რათა სხვას არ განედიდებინა ამისთვის! იგი მოკრძალებულ სამოსს ატარებდა, ჩვეულებრივი ხალხისგან განუსხვავებელს და მისი ეს ყოფა, მართლაც, ჭეშმარიტი მორჩილების გამოხატულება გახლდათ.

ალბათ, ბევრი ქრისტიანისთვის უპირველესი თუ არა, ერთ-ერთი უდიდესი სათნოება, რაც კი მას უნახავს, შეუგრძვნია თავის ეკლესიურ გზაზე, გაუგონია მის შესახებ, მაინც მორჩილება გახლავთ. თვით ეშმაკიც კი უძლური ხდება ამ საოცარი სათნოების წინაშე და ადვილი გასაგებია, თუ როგორ გვაახლოებს იგი ღმერთს.

თუ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბევრს მივაღწიეთ უფლისკენ სავალ გზაზე. ფუჭი არ ყოფილა ჩვენი ეკლესიური სვლა”.

ქეთი ჭელიძე

http://www.ambioni.ge/morcileba-udidesi-satnoebaa

Комментариев нет:

Отправить комментарий