ღმერთი

ღმერთი

вторник, 10 декабря 2013 г.

ქებათა-ქება (უცნაურია ესე სოფელი)

ვაჟა-ფშაველა


უცნაურია ესე სოფელი,
მოჩვენებაა იმაში ყველა!
ბევრი ცხვარი ჰყავს თავიჭამიას,
უფრო ნაკლები ტურა და მელა.
სხვისა მჭამელი თავის თავსაც სჭამს,
მოჩვენებას ჰგავს თუმცა ეს ყველა.
დღევანდელ სიტკბოს მრავლით უმრავლესს
ხვალ ზედ დაერთვის შხამი და წყევლა.
თავის საქმეებს თვითონ განაგებს, –
არას აწყენდა იმას ღვთის შველა, –
მონა თავისი ბატონიც არის,
თვითონვე შედღვებს, რაც მოიწველა.
გარდა სიმართლის, სათნოებისა,
უთავბოლოა, რასაც ვგრძნობთ, ყველა.

ერემს და სერემს გაუხდათ,
ორივ იბრძოდა ძალზეო.
ძმებს დაუტია სურემმა,
ხელი დაედო ხმალზეო:
„მე თქვენ გიჩვენებთ სეირსა,
ორსავ გაგრეკავთ კარზეო;
არ დაგანებებთ, ჩემია,
ხელი აიღეთ ძვალზეო!“…
დაებღაუჭენ ერთმანეთს,
გამართეს მუშტი-კრივია,
მეშველიც არვინ გამოჩნდა,
წყალი დაესხა ცივია.
რომ დაიქანცენ, დაშველდენ,
აღარ შაეძლოთ ბრძოლაო;
დასასვენებლად სამივეს
გვერდზე მოუნდათ წოლაო.
პირ-დაღადრულებს გმირებსა
თავს წამოადგათ მოლაო
და სამივენი კინაღამ
თეირანს წაიყოლაო.

ცამ მოიღრუბლა ჩვენ თავზე,
სეტყვა მოვა თუ წვიმაო?
არ ვიცი, ბედმა პირ-კუშტმა
რატომ არ გაგვიღიმაო?!.
კარგებს წინათაც უტირავ,
კარგნი დღესაცა ტირიან;
„გვიშველე, დამბადებელო!“ –
დაუცხრომელად ჰყვირიან.
ჩვენის სიგლახის მიზეზი
ჰსურთ ამოაგდონ ძირიან.
უდარაჯებენ ქვეყანას,
მტერნი გულს ლახვრით ჰგმირიან.
ცუდანი კმაყოფილნია
დღეს და წინანდელს დროშია,
ცუდა გაძრომით იცხოვრებს,
როგორც გარყვნილი გოშია.
ქვეყანა წყალსამც წაუღავ,
ოღომც აჩუქოთ გროშია.
ასეა, ვისაც ტვინისა
და გულის ძარღვი ბოშია.

ვერც წინ წავსულვართ, ვერც უკან
ამ დანჯღრეულის გემითა.
მგზავრობა სად გაგონილა
ზურგზე მათრახის ცემითა,
ან თუ მიმოვლა ქვეყნისა
წინა და უკან ხევითა?
ისევ წინ წასვლა ჯობია
ნააზრეობით ჩემითა.
მაშ ხომ არ დავიღუპებით
ხალხი მრავალის თემითა,
ვერ გავიკვლიეთ ბილიკი,
ვართ ჯერ აზრისა რყევითა.
ცუდანო, კარგებს მიჰყევით,
იცხოვრეთ იმათ რჩევითა…

გასწიე, გემო, იცურვე,
წინ გაიწიე ბაგითა,
ვერას დაგვაკლებს ზღვის ტალღა
შემოტევებით შმაგითა.
დე იალქნები დაფრიწოს
ქარის უდივრად ქროლამა,
დაე დაგვლეწოს, თუ უნდა,
ზღვისა ზვირთების სროლამა,
მკვდარს დაგვამზგავსა მაინცა
უქმად გდებამ და წოლამა;
გააბეჩავა მშობელი
უმზგავსთა შვილთა ყოლამა.

ეჰ, მეც დამღალა, დამამხო
მარტო ფიქრმა და გრძნობამა,
არა მოგვცა-რა ლამაზის
სიტყვებით ამაყობამა.
აღარ აყეფდა არწივი,
ვეფხვი არ იბრძვის ტოტითა,
ერთხელ საქმეზეც ვიფიქროთ,
დარბაისელნო, მოდითა!
ერთნი ალთაში გავრბივართ,
სხვანი წავედით ბალთასა!
ძმანი ერთმანეთს მივურბით,
სხვა ვინ დაგვაგლეჯს კალთასა!..
ღმერთო, მადლობა შენთვისა,
დედა-ღვთისმშობელს დიდება.
სხვა ვერა მიფიქრია-რა:
ალბათ, უფალმა ინება.
თორემ ვინა თქვა თეთრისა
სიმწვანე ანუ შავობა!
ვინა თქვა: ერთობა გვაწყენს,
გვარგია სხვადასხვაობა.
ბევრსა ტყუიან ძველებიც,
ტყუის ახალი თაობა.

1897 წ.






Комментариев нет:

Отправить комментарий