რატომ? იმიტომ რომ ყოველი ჩვენგანი იმ კაცის ალაგას თავის თავს დააყენებდა და იტყოდა: მე უანგაროდ ამას ვიქმოდი? ამის პირდაპირი პასუხი "არა" იქნებოდა რასაკვირველია... "მაშ, არც ის იქმოდა", - დაასკვნის გონიერი ქართველი; და გამოვიდა, რომ პატიოსანი თავგანწირული კაცი გაუპატიურებული იქნებოდა ქართველის თვალში. თითონ რომ სიკეთეს გადაჩვეულა, სხვისაგანც სიკეთე აღარა სჯერა; აღარა სჯერა, რომ იმ დედამიწაზედ, საცა თითონა სცხოვრობს და ათასი კიდევ მის მსგავსი, აღარა სჯერა – რომ იმ დედამიწაზედ კაცი არის, რომელსაც სიკეთე სიკეთისათვის უყვარს, რომელსაც იმოდენა სულის ძალაცა აქვს, რომ თუ გაჭირდა, სიკეთისათვის თავსაც დასდებს. ქართველი, როგორც თითონ არის, ისე თავის მოძმეც ჰგონია; ამიტომაც ყოველი პატიოსანი საქმე პატიოსნობის სიყვარულისაგან კი არა ჰგონია წარმომდგარი, არამედ რომელიმე დაბალი და სამარცხვინო გრძნობისა და წადილისაგან. ამით ჩვენში ყოველ ბრწყინვალე საქმეს სამარცხვინო ფერს მოაცხობენ ხოლმე, ყოველს კეთილშობილურს განზრახვას, ლაფით მოსვრიან, ყოველს თავგამოდებითს ხალისს ადრე და მალე ჭუჭყიანის ხელით ფრთას მოჰკვეთენ ხოლმე. დიდი სულის ღონე უნდა, რომ კეთილმა კაცმა თავი შეიმაგროს და საზოგადო განკიცხვის კიჟინამ არ შეაყენოს თავის დანიშნულ საგნის შუა-გზაზედა.
წმ. ილია მართალი
წმ. ილია მართალი
Комментариев нет:
Отправить комментарий