ღმერთი

ღმერთი

суббота, 1 февраля 2014 г.

სიმღერა.ვაჟა-ფშაველა

არც-რა ტანთ მცმია, არც ფერხთა,
დავდივარ დედი-შობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა.
ამ წუთისოფლის თორნეში
ბევრი სხვა გამოცხობილა.
ჩემს გარდა ასეთს ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა.
ყველას სამარე მიგველის,
ვინც დედის მუცლით შობილა.
საგმობიც ვიყო, თავს არ ვხრი,
თავი მდიდარი მგონია,
ისეთი, თქვენმა ძმობამა,
ჯერ არვის გაუგონია.
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:
მთაში- მთა, ბარად-ბარია,
ზღვა და ხმელეთი ერთიან,
ცას -ვარსკვლავების ჯარია,
დილით მზე მანათობელი,
ღამის გუშაგი მთვარია,
მდიდართ სიმდიდრით ღიღინი,
ბეჩავთ ქვითინი მწარია,
ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა,
ცა მოწმენდილი, დარია.
დილით გაფურჩქვა ვარდისა,
მთელი იმისი გვარია;
ია, უღრანს ტყეს მოსული,
თალხ-კაბა, ენა-მტკბარია,
კლდის თავს გშლილი პირი-მზე, _
მთის სასახელო ქალია;
მარგალიტივით მდელოზე
ბრჭყვიალა დილის ცვარია…
ზამთრის ზვავების ქუხილი,
გაზაფხულს წვიმის ღვარია,
იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის
თუ დამიკეტეს კარია.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ:
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე,
მძინარეც ამას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ.
არცროს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ.
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დავუგვიანებ.
ავის თქმით, ავის ქცევითა
გულს არვის დავუზიანებ.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ:
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე,
მძინარეც ამას ვდუდუნებ.
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
იმათ მაგივრად ვწუწუნებ,
ხანდახან ჟინი ამიღებს
სიმღერას დავაგუგუნებ.





Комментариев нет:

Отправить комментарий