ღმერთი

ღმერთი

понедельник, 10 февраля 2014 г.

ხსენება წმიდისა ეფრემ ასურისა; წმიდისა ისააკ ასური

ვისშიაც სიყვარულია, მას არა აქვს მეტოქეობა, არც შური, არც სიძულვილი; მას არ უხარია სხვების დაცემა, არამედ თანაუგრძნობს მათ.



თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს.



კარგი საქმეა დაცემულის ფეხზე წამოყენება და არა დაცინვა.


წმ. ეფრემ ასური

**
ცილისმწამებელსა და იმათ შორის, ვინც მას სიამოვნებით უსმენს, ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორც დამნაშავესა და მის თანამზრახველებს შორის.



გულში წყენას იმარხავდე და ლოცულობდე, – იგივეა, რომ ზღვაში თესავდე და მოსავალს ელოდე.



ფსალმუნთა გალობისა და ლოცვის მიტოვების გამო კი არ განგვსჯის ღმერთი საშინელ სამსჯავროზე, არამედ ჩვენში ეშმაკების შემოსვლის გამო, რომელიც მათ მიტოვებას მოსდევს.



ერთი ვინმე, სახელად მალპასი, წარმოშობით ედესიდან, ერთ დროს ევკტიტების მწვალებლობის გამომგონებელი გახდა. ის ამაღლებულ ცხოვრებას ეწეოდა, მძიმე შრომასა და მწუხარებებს იტანდა. ამბობენ, რომ იგი ნეტარი იულიანეს (საბად წოდებულის) მოწაფე იყო, მცირე ხნით მასთან ერთად სინასა და ეგვიპტეში იმოგზაურა. მალპასმა იმ დროის დიდი მამები იხილა, ნახა ნეტარი ანტონი (დიდი), საიდუმლო სიტყვები ესმა მისგან სულის სიწმინდესა და ცხონებაზე, ზედმიწევნითი მსჯელობა მოისმინა ვნებების შესახებ. ამ საუბარში ანტონი დიდი ხსნიდა, რომ გონება, განწმედის შემდეგ, სულიერ საიდუმლოებებს ჭვრეტს და სულს ძალუძს მადლის მიერ უვნებელობას მიაღწიოს, მას შემდეგ, რაც მცნებების აღსრულებით ძველი ვნებებისაგან გათავისუფლდება და თავისი პირვანდელი ბუნების სიჯანსაღეს მოიპოვებს. და როცა მალპასმა თავისი სიჭაბუკის გაფურჩქვნის ჟამს ეს სიტყვები მოისმინა, ცეცხლივით აღეგზნა და თავის ქალაქში დაბრუნდა. და რადგან მასში დიდებისმოყვარეობის ვნება აენთო, აირჩია განდეგილის ნაგებობა და შრომას, უწყალო გაჭირვებებსა და განუწყვეტელ ლოცვას მისცა თავი.

როდესაც მასში დიდებისმოყვარეობის ვნება უზომოდ აგიზგიზდა, ანუ იმ მაღალი ნიჭების მიღების იმედი მიეცა, რომელთა შესახებაც სმენოდა, ვერ გულისხმაყო ეშმაკის ხრიკები, ტყუილები და გაქნილობა, რომლითაც ის ძლიერებს იტაცებს დასაღუპად. მალპასს არ ჰქონდა შესწავლილი ჭეშმარიტების მტრების წინააღდგომის ხელოვნება, იმედი შრომაზე, გაჭირვებაზე, უპოვარებაზე, მოღვაწეობასა და მოთმინებაზე დაამყარა, როცა მოპოვებული არ ჰქონდა ბოროტთან საბრძოლველი უძველესი იარაღები – თავის დამცირება, სიმდაბლე, გულის შემუსვრილება; მან წმიდა წერილიც დაივიწყა, რომელიც ამბობს: როდესაც საქმეს აღასრულებთ, მცნებებს დაიცავთ, გაჭირვებას გადაიტანთ, თქვენი თავი უმაქნის მონებად მიიჩნიეთო. ამის საპირისპიროდ, მას თავის ღვაწლზე დაფუძნებული თავდაჯერება განახურვებდა, იმ მაღალი ნიჭის მიღების სურვილით იწვოდა, რომლის შესახებაც გაგონილი ჰქონდა. და აი, დიდი ხნის შემდეგ, როცა ეშმაკმა შენიშნა, რომ მას სიმდაბლე არ გააჩნდა და მხოლოდ ხილვები სწყუროდა იმ საიდუმლოთა განსაცდელად, რომელთა შესახებაც სმენოდა, გამოეცხადა ბრწყინვალე ნათელში და უთხრა: მე ვარ ნუგეშინისმცემელი, მამისგან შენთან გამოგზავნილი, რათა იმ ხილვების ღირსი გაგხადო, რომლებსაც შენი საქმეების საზღაურად ესწრაფვი, უვნებელობა მოგანიჭო და სამომავლოდ საქმეთაგან განგისვენო. ამის სანაცვლოდ ვერაგმა მტერმა თაყვანისცემა მოითხოვა. გასულელებულმა მალპასმა ვერ იგრძნო ბოროტის ბრძოლა, დაუყოვნებლივ, სიხარულით მიიღო იგი, თაყვანისცა და იმწამსვე მისი ძალაუფლების ქვეშ მოექცა. ხოლო მტერმა ღმრთაებრივი ხილვის ნაცვლად საეშმაკო ოცნებებით აავსო იგი, ჭეშმარიტებისთვის შრომა მიატოვებინა, აღაზვავა და უვნებელობის ამაო იმედით აცთუნა, უთხრა: ახლა შენ აღარ გჭირდება არც საქმეები, არც სხეულის ტანჯვა, არც ვნებებთან და გულისთქმებთან ბრძოლა; შემდეგ ევკტიტების ერესიარქი გახადა იგი. როცა ეს მწვალებლები გამრავლდნენ და მათი საძაგელი და მცდარი სწავლება გამოაშკარავდა, მაშინდელმა ეპისკოპოსმა გააძევა ისინი.



წმ. ისააკ ასური



http://www.martlmadidebloba.ge/index.html


Комментариев нет:

Отправить комментарий