ღმერთი

ღმერთი

среда, 27 ноября 2013 г.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მისი აღმატებულება "მრევლი!" - წაიკითხეთ ბოლომდე!

კულტურული პრობლემა! ტრადიციების შეურაცხყოფა, მათ შეუსრულებლობაზე მეტად, მათი ფორმალური დაცვაა... ტაძარში დაჯდომაზე ფიქრს მირჩევნია, სახლში ფანჯრებთან ვილოცო... სამწუხაროდ, ეს დღევანდელი დღეა...

ვდგავარ ადგილზე, რომელსაც ბავშვობიდან ვენდობი და ვეღარ გამიგია, ზეთისცხებაა თუ - პურის რიგი.

დღესასწაულები ჩვენში აღარ პასუხობენ სახელს, ამბიონიდან წივილ-კივილით აღებული წყალი გზაში კარგავს ღვთაებრიობას! "აბგონით" აღებული სეფისკვერიც ჩვეულებრივი პურია...

აღსარება - როგორც "პატაკი", გადასწრებით მიღებული ზიარება, ხმაურის გამო შეწყვეტილი სახარება და სხვ. ეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის "მრევლია", მთელი თავისი დეკადანსით... კვირის წირვაზე სიარული მასისთვის პერმანენტულობად ქცეულა და "მორწმუნეს" სახელიც ერთგვარი პრესტიჟია.

... მე ვიდექი შობის ღამეს და მრცხვენოდა, რომ ლიტურგიაზე უკეთ ხალხის საუბარი და ერთმანეთის მიმოკითხვები მესმოდა. წირვა ჰგავდა საპარლამენტო სხდომის ჩოჩქოლს და ზეთისცხების რიტუალი - 90-იანი წლების პურის რიგს! მწუხრს, მოძღვრის მიერ უფლის დიდების პარალელურად, "ამკობდა" რეპლიკები: "ჩუმად, წირვაა..." "ნუ საუბრობთ!" "მოუსმინეთ მამაოს" და სხვა...

მოგვიანებით ყველაზე პატარა ტაძრებშიც კი საჭირო გახდა გაძლიერებული დინამიკების დაყენება და "პეტლიჩკები" ანაფორაზე, მაგრამ მაინც ხშირად ისმოდა "სუ..."

ბევრჯერ შევსწრებივარ სეფისკვერის ასაღებად რამდენიმეჯერ გაწვდილ ერთსა და იმავე ხელს. პატარაობისას მეგონა, თუ ორ ლექსს ვიტყოდი, თოვლის ბაბუა ორ საჩუქარს მომცემდა... ...და ტაძარი ხალხით მართლაც ემსგავსება ერთ დიდ საბავშვო ბაღს, ჩვენ - უდიერ და ურჩ ბავშვებს, რომლებსაც ურთიერთსიყვარულზე ქადაგება სახლამდე ვეღარ მიჰყვებათ და გზაში ეკარგებათ ქრისტე.

ვიღაცა ჩამომართმევს სათქმელს განკითხვად; ვიღაც მიხვდება, რომ ეს პამფლეტი დეკადენტობა კი არა, დაღლილი მხილებაა, უკეთესობისაკენ შეცვლის მქრქალი იმედი და დაჭყეტილი თვალებიდან გამოჟონილი სიბრაზე. მოწიწება? ეს ის უმთავრესი კომპონენტია, რომელიც წარსულში დარჩა და ალბათ ამიტომ ხდება საჭირო, ჯვარზე მთხვევის რიგის სტიქაროსნებით გამაგრება.

ასე რომ, ხშირია სტიქარიანი "სექიურითის" გაოცებულ-განერვიულებული სახე.
გამარჯობა! მე მორწმუნე ვარ, ზიარების მერე სიგარეტს ვეწევი და სამარხვო ყველს ვჭამ!..
ერთხელ ჩემი უბნის ეკლესიაში ხატებს არიგებდნენ, მაგრამ ეს უფრო აქციას ჰგავდა ან გრანდიოზული ფასდაკლების პირველ დღეს. მასის მოწოლილმა ინერციამ გოგო წააქცია. მიშველება კი არა, ემპათიური გამომეტყველებით ლამის ზედ გადააბიჯეს.

კიდევ ორს გული შეუწუხდა. ხმაური სახლამდე აღწევდა. "მრევლს" დაავიწყდა მიზეზი, რისთვისაც იყო მისული. მაინტერესებს, სად და რატომ დაკიდებენ გაწევ-გამოწევაში, კოლონიალურად "წართმეულ" ხატებს. ამ დაბღვერილ სახეებს ერქვა "გიყვარდეს მოყვასი შენი"?..

ნუთუ ისე გეჩქარებათ "მადლის" აღება, რომ ფიზიკურ ზეწოლამდე ცოტა გაკლიათ? ნუთუ ისე "გიყვართ" ღმერთი, რომ ზიარებისას ბარძიმს ეტაკებით ლამის... ირგვლივ ვიყურები და მეშინია, ვინმე მავანმა ეს ყველაფერი არ გადაიღოს... ისედაც მიზანში ამოღებულ დედა ეკლესიას კიდევ ერთხელ არ დაარტყან "გარეშეებმა", თუმცა ვინ ვართ ჩვენ, "შიგნითურები"?

ტაძრის კედლებში ჭიდაობამ ფრესკები გაცრიცა და მე, ისედაც უძლურმორწმუნეს, მეზარება კვირას ადრე ადგომა, ფიზიკური ძალაც არ მაქვს, მრევლს რიტუალის პარალელურად ვეჭიდავო და უფრო გაღიზიანებული გამოვიდე, ვიდრე შესვლამდე ვიყავი. შეიძლება ლაჩრობაა, თავს რომ იმით ვიმშვიდებ, გარეთ სახარება არ ისმის და შიგნით დგომა გაუსაძლისია-მეთქი, მაგრამ უკულტურობასთან სპარინგი ძლიერი მორწმუნეებისთვის დამითმია.

ადრე ვცდილობდი, თვალდახუჭული ჩავწვდომოდი ლოცვის არსს, ორმხრივი მოძრაობა ერთი წუთითაც არ წყდებოდა და მე გაუხეშებული გავდიოდი ტაძრიდან. გნებავთ, დავაბრალოთ უნებისყოფობას (თუ ეს გაამართლებს "მძიმე არტილერიის" საქციელს)...

როცა ბავშვი ვიყავი, ხშირად ვიღებდი ჩემი მოძღვრისგან შენიშვნებს ტაძარში ქცევასთან დაკავშირებით. მერე გავიზარდე და მადლობას ვიხდი ერთგვარი რელიგიური ეგზისტენციალიზმისთვის. ტაძრის გარეთ არაორდინარულობა ხშირად მიშლიდა ხელს, ჩავმჯდარიყავი მრევლის სტანდარტებში. ამიტომ არასდროს მითქვამს, რომ მორწმუნე ვარ, თავს არ ვთვლიდი ამ სტატუსის ღირსად. ახლა კი, მრცხვენია ვთქვა - მე ვარ "მრევლი".

არ მესმის, რას გულისხმობენ თანამედროვე ქართველები, როდესაც ტურისტებში ეროვნული ფასეულობებით და კულტურით იკვეხნიან. ეს ყველაფერი უკვე მითად ქცეული წარსულია. XXI საუკუნეში ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიამაყოთ X საუკუნეში მოკვეთილი სხვისი მარჯვენით და ისტორიის ფურცლებზე დარჩენილი არაგველებით (რომელთა შთამომავლობაც ნაკლებად კი არა, საერთოდ არ გვეტყობა!).

დღევანდელი საქართველო, რომელსაც ჩვენ ვქმნით, საამაყოდან ცოტაზე შორსაა. ნაბადიც აღარ იკემსვის და დახეულ ჯინსებშორის გაპარულ ზნეს, ეჭვი მაქვს, დავეწიოთ. ის ხალხი კი, რომელიც ჯერჯერობით ავსებს ტაძარს, დღევანდელი საქართველოა.

წყალმა წვეთ-წვეთად დენით ქვა გახვრიტაო. გარედან დაწყებულმა დეგრადირებამ ჩემს, ჩვენს შიგნით შეაღწია...

...მერე ტაძრებში... და "ცოტა არა უშავს" პრინციპით ბევრს რაღა ვუყოთ ნეტა... ჩვენი კულტურა, "ჭამა-სმა დიდად შესარგი", საცივში ჩადებული თავია. მერე ისევ ის თავი ბევრი თავია, კვირას რომ გროვდება წირვაზე და დღეს ქართული მრევლის სრულიად ასიმილაციური პორტრეტი ყველანაირად არღვევს იმაგინატიურობას, გამონაკლისი სეგმენტები კი მასაში ისრისებიან.

მირჩევნია, თვალები ლოცვისას დავხუჭო, ვიდრე - რეალობის წინაშე. ამიტომ არ ვეცდები ჩემი შფოთის მონორიზებას და: Dexi et animem levavi* (ლათ: მე ვთქვი და შვება მივეცი სულს*)

თეკლა ლაზი
ჟურნალი "და ქალი"



http://www.marao.ge/sakithkhavi/siakhle/5579-saqarthvelos-marthlmadidebluri-eklesiis-misi-aghmatebuleba-qmrevliq-tsaikithkheth-bolomde.html

Комментариев нет:

Отправить комментарий