ღმერთი

ღმერთი

среда, 27 ноября 2013 г.

გრძელდება თუ არა სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული მიმოწერის ტოტალური კონტროლი?!

07 08 2013

თავის დროზე ჩვეულებრივი პასპორტების ნაცვლად აიდიბარათების შემოღების ინიციატივას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის პროტესტი და გულისწყრომა მოჰყვა. მოსახლეობის აზრი მაშინ ორად გაიყო _ ნაწილი სიახლეს ცალსახად ეწინააღმდეგებოდა, ნაწილი კი ძველსა და ახალს შორის არჩევანის უფლებას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, წინა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება არ შეცვალა და 2011 წლის 1 ოქტომბრიდან ელექტრონული პასპორტების გამოყენება ძალაში შევიდა.

მაშინდელმა იუსტიციის სამინისტრომ ეს ყველაფერი მომსახურების გამარტივების აუცილებლობით ახსნა. მაგრამ მთავარი კითხვა, იყო თუ არა ხალხის აზრი გათვალისწინებული, მაინც პასუხგაუცემელი დარჩა. დღეს უკვე უამრავი მოქალაქე სარგებლობს ე. წ. ჩიპიანი პასპორტებით. უფრო მეტი კი მომავალში აპირებს მის აღებას. ახალი ხელისუფლების პოზიციაც წინამორბედისგან, ფაქტობრივად, არაფრით განსხვავდება _ ელექტრონული პირადობის მოწმობა ისევ უალტერნატივოა... «საქართველო და მსოფლიოს» წინა კვირას სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაციის მწვრთნელი, ჯგუფ «წმინდა გიორგის» ხელმძღვანელი კახა კაკაბაძე დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხზე ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა.


_ მე და ჩემი მეგობრები, უკვე მრავალი წელია, ვცდილობთ, ვუთხრათ ადამიანებს, რა არის სინამდვილეში ეს ე. წ. ჩიპიანი პასპორტი. ჯერ მარტო 429 ნათლული მყავს და ცხადია, ჩემი ვალია, მათზე ვიზრუნო. თავის დროზე, 90-იან წლებში პატრიარქმა მომცა კურთხევა, რომ ახალგაზრდები ქუჩას მოვწყვიტო. ამიტომ იმ დროიდან მოყოლებული თავს ვალდებულად ვთვლი, ქრისტესმიერი სიყვარულით დავეხმარო ყველა გზასაცდენილს. რაც შეეხება ამ ბარათებს, იმ დღიდან, როგორც კი გავიგე, რომ ეს უნდა შემოეღოთ, ყველა ჩემს მეგობარს, ახლობელსა და ნათესავს, გაფრთხილების მიზნით, სისტემატურად ვუგზავნიდი ესემესებს. ბოლოს ასეთი ესემესი 1 აგვისტოს, წმინდა ღირსი მამის, სერაფიმ საროველის ხსენების დღეს გავგზავნე და სამი თუ ოთხი დღის შემდეგ «ჯეოსელიდან» დამირეკეს. ირაკლი ვარო, გვარი არ მითხრა, და კატეგორიულად გამაფრთხილა, რომ მსგავსი შინაარსის ესემესების გაგზავნა შემეწყვიტა. ისიც კი მითხრა, ამდენი და ამდენი ესემესი გაქვთ სამ დღეში გაგზავნილიო, დათვლილი ჰქონდათ.


_ რა შინაარსის ესემესი იყო?


_ სიტყვასიტყვით გეტყვით: «გილოცავთ წმინდა ღირსი მამის, სერაფიმ საროველის ხსენების დღეს, დაესწარით მრავალს. ღირსი მამა სერაფიმ საროველი ამბობდა, გადაირჩინე საკუთარი თავი და შენს ირგვლივ ათასები გადარჩებიანო. ჩვენც ღვთის მადლით და შეწევნით დავიცვათ და გადავარჩინოთ თავი ელექტრონულ ტყვეობაში მოხვედრისგან. ქრისტესმიერი სიყვარულით გთხოვთ, აუწყეთ ყველას ეს ინფორმაცია და ღვთის მადლით თქვენს ირგვლივ ათასები გადარჩებიან». ახლა მითხარით, რა არის ამაში მიუღებელი და კანონით აკრძალული?


_ რა მიზეზით აგიკრძალეს ესემესების გაგზავნა, რა გითხრეს?


_ რელიგიურ პროპაგანდას ეწევითო. ამის შემდეგ სასულიერო პირებთან ერთად მივედი «ჯეოსელის» ოფისში და მოვითხოვეთ შეხვედრა იმ ვიღაც ირაკლისთან, მაგრამ ვერ ვნახეთ, ალბათ, არ მოისურვა ჩვენთან შეხვედრა.


_ ამბობენ, რომ ჩიპიანი ბარათები ფართო მასებზე ტოტალური კონტროლისთვის სჭირდებათ გარკვეულ ძალებს. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს?


_ კითხვებს ბევრი რამ აჩენს. მაგალითად, ამ ბარათის ასაღებად რომ მიდიხარ, იქ სურათს გიღებს რობოტი და ეს პროცედურა თითქმის 5-6 წუთი გრძელდება. თავისთავად ჩნდება კითხვა, რაში სჭირდება ერთი ფოტოსურათის გადაღებას ამდენი ხანი? მე ჩავეძიე და თურმე რაშია საქმე: სახის ტრიდე სკანირების დროს ასევე ხდება თვალის გუგის ფერადი გარსის სკანირებაც. ამასთანავე, ხდება მარჯვენა ხელის თითების ანაბეჭდის აღება და, რაც საშინელია, ფოტოზე შუბლზე გადებენ თვალისთვის უხილავ დამღას, ე.წ. ლაზერულ ტატუს. აქ კიდევ ცალკე საკითხია, რატომ იღებენ მაინცდამაინც მარჯვენა ხელზე ანაბეჭდებს... ეს კითხვა ყველა ნორმალურ ადამიანს შეაწუხებს, იმიტომ, რომ ბიბლიაში წერია, _ მარჯვენა ხელზე არანაირი ნიშანი არ მიიღოთო.


_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, საიდან იცოდა ოპერატორმა თქვენი ესემესების შინაარსი?


_ ალბათ, კითხულობენ. აბა, საიდან იციან, პროპაგანდაა თუ არა?


_ დავუბრუნდეთ ისევ აიდიბარათებს. თავის დროზე სამღვდელოება ითხოვდა, რომ მოქალაქეებისთვის არჩევანის უფლება დაეტოვებინათ და ელექტრონული პასპორტების აღება ნებაყოფლობითი ყოფილიყო. ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა. რა გზა რჩება საზოგადოებას?


_ ყველას სახელით, ცხადია, ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე პირადად მშიერიც რომ მოვკვდე, ამ ბარათს არ ავიღებ. კიდევ ვიმეორებ: ეს არის ეშმაკის ნიშანი, დამღა და ჭეშმარიტმა, მორწმუნე ქრისტიანმა ის არ უნდა დაისვას.


_ კანონი გვავალდებულებს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გვქონდეს.


_ მერე კანონში სადმე წერია, რომ ძალადობა შეიძლება?! ეს რომ შემოიღე, ჰკითხე ხალხს რამე? იქნებ წინააღმდეგი ვარ, ძალად რატომ მტენი? ის კი არა, მე ვეჭვობ, რომ, ვისაც ჯერ კიდევ ძველი პირადობები გვაქვს, ვადის გასვლამდე ჩამოგვართმევენ და ახლის აღებას გვაიძულებენ. ეს, ალბათ, იანვრის მერე მოხდება...


_ პირადობის მოწმობის გარეშე ადამიანს ბევრი პრობლემა ექმნება _ ვერც განათლებას მიიღებ, მომსახურეობებითაც ვერ ისარგებლებ. რა უნდა ქნას მოქალაქემ?


_ მიწიერი მიზეზებით არ შეიძლება სულიერის დათმობის გამართლება. ჩვენ, მორწმუნეები, დღეს ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ, უწინარესად, რწმენაში უნდა გავძლიერდეთ. თუ ამ აიდიბარათებზე უარის თქმა ვერ შევძელით, უფრო დიდ საცდურზე როგორღა შევძლებთ?! ფაქტობრივად, ჩვენ ახლა თანდათან ვდგებით არჩევანის წინაშე ჯვარსა და პურს, მატერიალურ კეთილდღეობასა და სულის ცხონებას შორის. პრობლემები თავისთავად იქნება, საბუთის გარეშე ინსტიტუტში ვერ ჩააბარებ და სკოლასაც ვერ დაამთავრებ, მაგრამ ზუსტად ეს წერია სახარების მე-9 თავში: ანტიქრისტეს ბეჭდის გარეშე ვერც იყიდი და ვერც გაყიდიო. ახლა გავშიფროთ ეს სიტყვები... ყველაფერი ნათელია.


_ ერთ-ერთ გამოსვლაში თეა წულუკიანმა განაცხადა, ამ ბარათის მოთხოვნის პროცესში და არც აღების შემდეგ ჩემს რელიგიურ რწმენას საფრთხე არ შექმნიაო.


_ სხვათა შორის, მან ისიც განაცხადა, ციფრი 666 ამოვიღეთ ძველი ბარათებიდანო. მინდა მივმართო მას: სულელები ნუ გგონივართ, ქალბატონო თეა. ასეთი პრიმიტიულები რომ ვიყოთ, მაშინ ბიბლიიდან ამოვგლეჯდით 666-ე ფურცელს. ნუ დაგვიყვანენ მართლმადიდებლებს მასეთ დონემდე და ნუ გვაყენებენ შეურაცხყოფას.


_ რა შეიძლება საზოგადოებამ გააკეთოს იმისთვის, რომ ელექტრონული ბარათები გაუქმდეს?


_ უბრალოდ, ადამიანი პრინციპული უნდა იყოს. ჩვენ, სამწუხაროდ, ახლა იმ დონემდე მივედით, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კურთხევასაც იძლევა ამ ბარათის აღებაზე. ამას ძალიან დიდი გულისტკივილით ვამბობ, მაგრამ ეს ფაქტია. ყველას უნდა ესმოდეს, რომ არავის აქვს უფლება, ადამიანს ცოდვისკენ უბიძგოს.


_ რით ხსნიან ის სასულიერო პირები ამაზე კურთხევის მიცემას?


_ სხვათა შორის, ერთ-ერთ მამაოს ვკითხე ეს. იცით, რა მიპასუხა? კურთხევა რომ არ მიმეცა და ბარათი არ აეღო, სამსახურში საქმე უფუჭდებოდაო. მერე მომადგებოდა და მეტყოდა, ახლა შენ არჩინე ჩემი ოჯახიო. ჩემი აზრით, ეს არაა გამართლება. ასე თუ დავთმეთ ყველაფერი, პირდაპირ რომ მოგვადგება ანტიქრისტე და ჩიპების ჩადგმა დაიწყება სხეულში, მაშინ რაღას ვიზამთ?! ნახეთ, რა ხდება! ყველაფერი პლასტიკურ ბარათებზეა გადასული _ ბანკში მომსახურება, მგზავრობის გადასახადის გადახდა. რა ჰქვია ამას? არაა ელექტრონული მონობა, ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკი?


_ რა აზრის ხართ ამ ბარათების გაუქმების მოთხოვნით ქუჩის აქციების გამართვაზე?


_ ჩვენ წლეულს, მარტში იუსტიციის სამინისტროსთან ჩავატარეთ ერთი აქცია, რომელსაც დაახლოებით ორი ათასი კაცი ესწრებოდა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, მაგრამ, როგორც ჩანს, საზოგადოება ჯერ არ დარაზმულა. მაგალითად, საბერძნეთში თავის დროზე ასი ათასი კაცი გამოვიდა ანალოგიური მოთხოვნით და მიიღეს კიდეც შედეგი. იგივე თუ არ მოხდა აქაც, მარტო ლაპარაკით არაფერი გამოვა.


_ ხალხის დარაზმვას ორგანიზება სჭირდება, ვინ შეიძლება ეს ითავოს?


_ საზოგადოება, უპირველესად, სულიერად უნდა იყოს დარაზმული და მაშინ ვერ გატეხს ეშმაკი. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, თუ ერთი ადამიანი მაინც გემეტება ჯოჯოხეთისთვის, შენ არ ხარ სამოთხის ღირსიო. მე ამ ცნებას მივყვები და ვისურვებ, რომ ჭეშმარიტად ქრისტეს გზით ევლოს ქართველ ხალხს. ამაშია ჩვენი მომავალი. სხვა გზა და გამოსავალი საქართველოს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, არ აქვს.


ესაუბრა ჯაბა ჟვანია


http://geworld.net/View.php?ArtId=5121&lang=ge

Комментариев нет:

Отправить комментарий