ეძღვნება ვლადიმერ სოლოვიოვის ხსოვნას
ემსახურეთ ერთმანეთს ყველა, იმ ნიჭიერებით,რაც მიგიღიათ, როგორც ღვთაებრივი სათნოების კეთილი აღმშენებლები. (1 პეტრე. 4:10)
1
ურთიერთმიმართება ადამიანის ხსნისა და ადამიანური შემოქმედებითობის გზებს შორის წარმოადგენს ჩვენი ეპოქის ყველაზე ცენტრალურ, ყველაზე მტანჯველ და ყველაზე მწვავე პრობლემას. ადამიანი იღუპება, და მას სწყურია ხსნა. მაგრამ ადამიანი თავისი ბუნებით არის, აგრეთვე, შემოქმედი, შემქმნელი, ცხოვრების აღმშენებელი, და შემოქმედებითობის წყურვილი მასში არასოდეს ნელდება. შეუძლია კი ადამიანს, ერთდროულად ხსნასაც ესწრაფოს და შემოქმედებასაც? როგორ გავიგოთ ქრისტიანობა: ქრისტიანობა მხოლოდ სამუდამო სასუფევლისთვის სულის ხსნის (ცხონების) რელიგიაა თუ ქრისტიანული ცნობიერება მართებულად მიიჩნევს, აგრეთვე, ცხოვრების უმაღლეს გამოვლინებასაც, — შემოქმედებას?
ამგვარ კითხვათა მთელი რიგი მოსვენებას არ აძლევს თანამედროვე სულს, მიუხედავად იმისა, რომ მათი სრული სიღრმისეულობა ყოველთვის არაა გაცნობიერებული. სურს რა საკუთარი ცხოვრებისეული მოწოდების, საკუთარი ცხოვრებისეულ-შემოქმედებითი საქმიანობის გამართლება, ქრისტიანობა ყოველთვის როდი აცნობიერებს, რომ საქმე ეხება თავად ქრისტიანობის გაგებას, მისი სისრულის ათვისებას. ცხონებისა და შემოქმედებითობის პრობლემის მტანჯველობა ირეკლავს განხეთქილებას ეკლესიასა და ქვეყნიერებას, სულისეულსა და წუთისოფლურს, საკრალურსა და საეროს შორის. ეკლესია დაკავებულია სულის ცხონების საქმით, საერო ქვეყნიერება კი — შემოქმედებით. შემოქმედებითი საქმიანობა, რომლითაც დაკავებულია საერო ქვეყნიერება, არაა გამართლებული, და ნათელფენილი ეკლესიის მიერ. ეკლესიურ სამყაროში ადგილი აქვს აშკარა ათვალწუნებას, თითქმის სიძულვილს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში წარმოებული იმ შემოქმედებითი საქმიანობის მიმართ, რომლითაც აღსავსეა მსოფლიო პროცესთა მდინარება. საუკეთესო შემთხვევაში დაშვებულია შემოქმედებისადმი თვალებზე აფარებულ თითებს შორიდან მზერის გაპარება. ცხონება არის პირველი რანგის საქმე, ერთადერთი ნამდვილი მოთხოვნილება, ხოლო შემოქმედება კი არის მეორე და მესამე რანგის საქმიანობა, ცხოვრების ზედნადები და არა თვით მისი არსება. ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობს ღრმა რელიგიური დუალიზმის ნიშნის ქვეშ. იეროკრატიზმი და კლერიკალიზმი ეკლესიის გაგებაში არის გამოხატულება და გამართლება ამ დუალიზმისა. საეკლესიო იერარქია წარმოადგენს არა ადამიანურ, არამედ, არსებითად, ანგელოსურ იერარქიას. წუთისოფლურ-ადამიანურ ყოფაში მხოლოდ სომბოლიზირდება ეს ზეციურ-ანგელოსური იერარქია. იეროკრატისტული სისტემა, უწმინდესთა შეუვალი ბატონობაა საეკლესიო ცხოვრებაში, ხოლო ეკლესიაზე გავლით — წუთისოფლურ ყოფაში მიმართულია ადამიანური საწყისის ანგელოსურით გადაფარვისკენ, ადამიანური საწყისის ანგელოსური საწყისისთვის დაქვემდებარებისკენ, რომელიც არის ცხოვრების ნამდვილი წამყვანი (მატარებელი). იგი (იეროკრატული სისტემა — მთარგ. შენიშვნა) ყოველთვისაა პირობითი სიმბოლიზმის ბატონობა. მაგრამ ადამიანური საწყისის დათრგუნვა, მისი თავისებური შემოქმედებითობის არ დაშვება უნდა ჩაითვალოს ქრისტიანობისთვის, როგორც გაღმერთკაცების რელიგიისთვის დანაკლისი. ქრისტე იყო ღმერთ-კაცი და არა ღმერთ-ანგელოსი, მასში სრულიად ერთსახედ შეირწყა ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება, ამით კი ადამიანური ბუნება აღვლენილ იქნა ღვთაებრივ ყოფიერებამდე. ქრისტე-ღმერთკაცი წარმოადგენდა ახალი გვარის ადამიანური სულის, ღმერთ-კაცებრივი და არა ღმერთ-ანგელოსური ყოფიერების მესაძირკვლეს. ქრისტესმიერი ეკლესია ღმერთ-კაცებრივია. ანგელოსური საწყისი არის ისეთი საწყისი, რომელიც მოშუალეა კაცობრიობასა და ღმერთს შორის, პასიურ-მედიუმური საწყისი, გადმომცემი ღვთაებრივი ენერგიისა, ღვთაებრივი სათნოების გამცილებებლი, და არა აქტიურ-შემოქმედებითი საწყისი. აქტიურ-შემოქმედებითი საწყისი კაცობრიობის კუთვნილებაა. მაგრამ, კაცობრიობის ცოდვისმიერი განსაზღვრულობა ვერ იტევს ქრისტიანული ჭეშმარიტების სისავსეს. და ანგელოსურ-იეროკრატიული საწყისის დამთრგუნველი ბატონობა მაჩვენებელია ცოდვითცემული კაცობრიობის უსუსურებისა, რათა ამ უკანასკნელმა გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი ბუნება, გაიგოს ქრისტიანობა თავის სისავსითა და ყოვლადმთლიანობაში. ცოდვითცემული კაცობრიობის ხსნის გზა საჭიროებს, უპირველეს ყოვლისა, ანგელოსურ-იეროკრატიულ საწყისს. შემოქმედებითობის გზა კი რჩება თვითქმნად ადამიანურ გზად, რომელიც არაა გმართლებული და ნათელფენილი, და ამ გზაზე ადამიანი მიბარებულია საკუთარ თავს.
ადამიანური საწყისის, როგორც ღმერთკაცებრივი ყოფის ორგანული ნაწილის რელიგიური გამოუმჟღავნებლობა, ადამიანის მოწოდების თავისუფლების რელიგიური გაუხსნელობა წარმოშობს ეკლესიისა და ქვეყნიერების დუალიზმს. ეკლესიები და კულტურები, საკრალურისა და საეროს მკვეთრი დუალიზმია. მორწმუნე ქრისტიანისთვის ისახება ორგვარი ყოფა, პირველი და მეორე სორტის ყოფა. ეს დუალიზმი, ყოფის ეს გაორება აღწევს განსაკუთრებულ სიმწვავეს ახალი დროის ქრისტიანობაში. შუასაუკუნებრივ ქრისტიანობაში არსებობდა თავისი თეოკრატიული, იეროკრატიული კულტურა, რომელშიც ცხოვრების ყველანაირი შემოქმედებითობა თვიდაქვემდებარებული იყო რელიგიური საწყისისადმი, რაც, თავის მხრივ, გაიგებოდა როგორც ანგელოსური იერარქიის ბატონობა ადამიანურზე. შუა საუკუნეებში კულტურა და საზოგადოება იყო საკრალური, მაგრამ მათი რელიგიური გამართლება (საზრისი — მთარგ. შენიშვნა: მიგვაჩნია, რომ საზრისი სხვა არაფერია, თუ არა ნებისმიერი რაიმეს გარკვეულად ყოფნის, არსებობის გამართლება) იყო სიმბოლურ-პირობითი. კულტურა თავისი იდეით იყო ანგელოსური და არა კაცებრივი. ანგელოსური სწყისის ბატონობას ყოველთვის მივყავართ სიმბოლიზმამდე, პირობითამდე, ზეციერი ყოფიერების ადამინურ სამყაროში ნიშან-ხატობრივ გარდასახვამდე მისი რეალურად წვდომის გარეშე, ადამიანური ყოფის რეალურად გარდაქმნის გარეშე. ახალმა დრომ აღმოფხვრა სიმბოლიკა და დაამყარა განხეთქილება. ადამიანი აჯანყდა თავისი თავისუფლების მოსაპოვებლად და დაადგა თავის თვითდაქვემდებარებულ გზა-სავალს. რელიგიისთვის სულის მხოლოდ მცირედი კუთხეღა შემორჩა. ეკლესიამ დაიწყო ყოველივეს გააზრება დიფერენცირებულად. ახალი დროის ქრისტიანი მყოფობს ორ გარდამავალ დროით რითმში — ეკლესიასა და ქვეყნიერებაში, სულის ცხონებისა და შემოქმედებითობის გზასავალზე. თეოკრატიულ საზოგადოებებში, თეოკრატიულ კულტურებში ადამიანური საწყისი დათრგუნული იყო, ადამიანის თავისუფლებას აქ ჯერ არ აქვს მიცემული თავისი თანხმობა ღვთის სასუფევლის აღსრულებაზე. ახალი დროის ჰუმანისტურ საზოგადოებებსა და კულტურებში ადამიანური საწყისი მოწყდა უფალს, და უფლის სათნოებათა წყალობას. აქ ღვთაებრივისა და ადამიანურის შერწყმა ვეღარ მიიღწევა. ჰუმანისტური ქვეყნიერების გზა-სავალი უღვთო და ღმერთის საწინააღმდეგოა. ახალი დროების ჰუმანისტური ისტორიის დრამა არის სულის ხსნის და შემოქმედებითობის გზების სიღრმისეული ურთიერთდაშორების, უფლისგან და მისი სათნოების წყალობისგან მოწყვეტის დრამა. ეკლესიისა და ქვეყნიერების დუალიზმი აქ აღწვს გამომჟღავნების ისეთ ფორმებს, რაზეც წარმოდგენაც არ ჰქონდათ წინამორბედ საკრალურ-ორგანულ ეპოქებს. ქვეყნად წარმოებდა უზარმაზარი შემოქმედებითი საქმიანობა მეცნიერებაში, ფილოსოფიაში, ადამიანთაშორის მორალურ ურთიერთობებში, რელიგიურ აზროვნებაშიც კი, მისტიკურ განწყობებში. ჩვენ ყველა, არა მხოლოდ ურწმუნონი, არამედ მორწმუნე ქრისტიანებიც, ვმონაწილეობთ ამ მსოფლიო მოძრაობაში, კულტურის მოძრაობაში, ვუძღვნით მას საკუთარი დროისა და ძალების უდიდეს წილს. კვირაობით ჩვენ დავდივართ ეკლესიაში. კვირის ექვს დღეს ვუთმობთ ჩვენს შემოქმედებით შრომა-საქმიანობას. და ჩვენი ეს შემოქმედებითი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი რჩება გაუმართლებელი, არანათელმოსილი, ცხოვრების რელიგიური საწყისისადმი მიუსადაგებელი. ცხოვრების მთლიანი პროცესის ძველ შუასაუკუნეობრივ თეოკრატიულ-იეროკრატიულ გამართლებას ჩვენთვის ძალა აღარ აქვს, მკვდარია. ყველაზე მორწმუნე, ყველაზე მართლმადიდებელი ადამიანები მონაწილეობენ ქვეყნიერების გაუმართლებელ, არანათლითმოსილ ყოფა-ცხოვრებაში, უქვემდებარებენ თავს არასაკრალურ მეცნიერებას, საერო, არასაკრალურ მეურნეობას, საერო, არასაკრალურ სამართალს, ყოფას, რომელმაც დიდი ხანია დაკარგა საკრალური მნიშვნელობა. მორწმუნე, მართლმადიდებელი ადამიანები ცხოვრობენ ეკლესიური ცხოვრებით ეკლესიაში, დადიან კვირაობით და სადღესაწაულო დღეებში ტაძრებში, იცავენ დიდ მარხვას, ლოცულობენ უფლის წინაშე დილით და საღამოთი, მაგრამ არ ცხოვრობენ საეკლესიო ცხოვრებით წუთისოფელში, საზოგადოებაში, კულტურაში. მათი შემოქმედება სახელმწიფო და სამეურნეო, სამეცნიერო, საგამომგონებლო და აღმოჩენით, ყოველდღიურ მორალურ ყოფა-ცხოვრებაში არაეკლესიურია, არარელიგიურია, საერო და ამაქვეყნიურია. ეს ცხოვრების სულ სხვა რიტმია. მსოფლიოში, კულტურურაში მიმდინარეობდა მჩქეფარე შემოქმედებითი მოძრაობა. ეკლესიაში კი ხანგრძლივი დროით დამყარდა შედარებითი უძრაობა, ერთგვარი გაქვავება. ეკლესიამ იწყო თავდაცვითი ცხოვრება, ცხოვრება მხოლოდ წარსულთან კავშირში, ე.ი. ასახავდა საეკლესიო ყოფის მხოლოდ ერთ მხარეს. საეკლესიო იერარქია განეწყო მტრულად შემოქმედებისადმი, ეჭვით სულიერი კულტურისადმი; იგი ამდბლებს ადამიანს და ეშინია მისი თავისუფლების, უპირისპირებს რა შემოქმედებით გზას სულის ხსნის გზას. ჩვენ სულის ხსნას (ცხონებას) ვეძიებთ ყოფიერების სულ სხვა პლანში და შემოქმედებითად ხორცს ვასხამთ ცხოვრებას ყოფიერების სულ სხვა პლანში. და ყოველთვის თავს გვახსენებს შიში იმის თაობაზე, რომ იმ პლანში, რომელშიც ვქმნით, სულის ხსნას კი არ ვაღწევთ, არამედ ვიღუპებით. და არაა არავითარი იმედი მასზედ, რომ გაუსაძლისი დუალიზმი გადალახული იქნება მთელი ჩვენი ყოფა-ცხოვრებისა და შემოქმედებითი აღმფრენის იეროკრატიული საწყისისადმი დაქვემდებარებით, თეოკრატიისადმი (ამ სიტყვის ძველი აზრ-გაგებით) დაბრუნებით. იეროკრატიული საზოგადოებბებისა და კულტურისკენ დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. ის შეიძლება იყოს მხოლოდ დროებითი, შემოქმედების უარმყოფელი რეაქცია. ასე რომ მთელი სიმწვავითაა დასმულია რელიგიური პრობლემა ადმიანის თაობაზე, მისი თავისუფლებისა და შემოქმედების აღიარებაზე. და ეს არის არა მხოლოდ ამა ქვეყნის პრობლემა, პრობლემა თანამედროვე კულტურაში ტანჯვისა და გაძლებისა, არამედ ეკლესიის პრობლემაც, პრობლემა ქრისტიანობისა, როგორც ღმერთკაცებრივი რელიგიისა.
ეკლესიის მსოფლაღქმა აღარაა ინტეგრალური, იგი ვეღარ ხედავს სამყაროს როგორც სულიერ ორგანიზმს, როგორც ონტოლოგიურ რეალობას, როგორც გაქრისტებულ კოსმოსს. გაიმარჯვა ეკლესიის როგორც დაწესწბულების, როგორც მორწმუნეთა საზოგადოების, როგორც ტაძრისეული იერარქიის დიფერენციალურმა გაგებამ. ეკლესია დაემსგავსა სამკურნალო პუნქტს, სადაც ხდება ცალკეულ სულთა მიღება სამკურნალოდ. ასე მყარდება ქრისტიანული ინდივიდუალიზმი, რომელიც გულგრილია ადამიანთა საზოგადოებისა და სამყაროს მიმართ. ეკლესია არსებობას განაგრძობს ცალკეულ სულთა გადარჩენის მიზნით, და არ ინტერესდება ცხოვრებისეული შემოქმედებითობით, საზოგადოებრივი და კოსმიური ყოფის გარდასახვით (ფერისცვალებით — მთარგ. შენიშვნა). ამ ტიპის, ცალსახად მონაზვნურ-ასკეტური მართლმადიდებლობა რუსეთში იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ ეკლესიამ ამქვეყნიური ყოფით-აღმშენებლობითი საქმიანობა სახელმწიფოს გადაულოცა. ასეთ მართლმადიდებლურ ინდივიდუალიზმს, ქრისტიანობის ასეთ დაშორებას წუთისოფლური ყოფისაგან, შესაძლებელს ხდიდა მხოლოდ ეკლესიისმიერი, ნათელფენილი ერთმმართველი მონარქიის არსებობა. ქვეყანას იცავდა და მეურვეობდა მართლმადიდებლური მონარქია, მისითვე იდგა ფეხზე საეკლესიო წყობაც. ეკლესია გულგრილი შეიქნა არა მხოლოდ კულტურული და საზოგადოებრივი აღმშენებლობითი საქმიანობისადმი, არმედ საეკლესიო ყოფის აღმშენებლობისადმიც, კერძოდ დამოუკიდებელი საეკლესიო ძალაუფლების მართვის სადავეების მმართველისთვის გადაცემისადმიც. თვითმმართველი მართლმადიდებლური მონარქიის არსებობა წარმოადგენს მონაზვნურ-ასკეტური მართლმადიდებლობის უკანა მხარეს, რომელსაც მართლმადიდებლობა ესმის როგორც მხოლოდ პირადი გადარჩენის, ხსნის რელიგია. ამიტომაც, რუსული მართლმადიდებლური სამეფოს თვითმმართველი მონარქიის დაცემამ შეიტანა არსებითი ცვლილებები ეკლესიურ ცნობიერებაში. მართლმადიდებლობა არ უნდა დარჩეს, უპირატესად, მონაზვნურ-ასკეტური. ქრისტიანობა შეუძლებელია დაყვანილ იქნეს ცალკეულ სულთა ინდივიდუალურ გადარჩენაზე. ეკლესია გარდუვალად დაუბრუნდება საზოგადოებრივ და მსოფლიო ყოფა-ცხოვრებას, მან აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა ცხოვრების აღმშენებლობაში. თვითმმართველ მონარქიაში, როგორც მართლმადიდებლური თეოკრატიის ტიპში, ბატონობდა არა ადამიანური, არამედ ანგელოსური საწყისი. მეფე, ამ კონცეპციის თანახმად, არსებითად ანგელოსური ჩინია, და არა ადამიანური. მართლმადიდებლური თეოკრატიის დაცემამ უნდა გამოიწვიოს თავად ქრისტიანი ხალხის შემოქმედებითი გამოფხიზლება, ადამიანის გააქტიურება ქრისტიანული საზოგადოების აღმშენებლობისადმი. ეს შემობრუნება დაიწყება, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ მართლმადიდებელი ხალხი, ისტორიულ სინამდვილეში, თავად შეიქნება ეკლესიისა და ქვეყნიერების ბედზე პასუხისმგებელი, იმით, რომ ისინი საკუთარი მხრებით იტვირთავენ საეკლესიო ცხოვრების აღმშენებლობას, დამოუკიდებელად საეკლესიო მართვის სადავეების გადაცემის ამოცანას, ზრუნვას ტაძრებზე, საეკლესიო, სამრევლო ძმობის ყოფა-ცხოვრების ორგანიზებას და ა.შ. მაგრამ, მართლმადიდებლური ცნობიერების ეს სახეცვლა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საეკლესიო ყოფის აღმშენებლობით, არამედ უნდა განივრცოს საერთოდ ცხოვრების ყოველ სფეროზე; ასეა, რდგანაც მთელი ყოფა-ცხოვრება შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც — ეკლესიური. ეკლესია მოიცავს ცხოვრების ყველა მხარეს. გარდაუვალია ეკლესიის ინტეგრალური გაგების დამკვიდრება, ე.ი. ეკლესიური ნომინალიზმისა და ინდივიდუალიზმის გადალახვა. ქრისტიანობის როგორც ცალსახად პირადი ხსნის რელიგიის გაგება, გვესახება ეკლესიის მოცულობის დავიწროებულ არსებულად წარმოდგენად ყოველივე დანარჩენის გვერდით; მაშინ, როცა ეკლესია არის ყოფიერების დადებითი სავსეობა, თუმცა, გვესახება ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი კატასტროფებისა და ნგრევითი პროცესების წყაროდაც. ქრისტიანობის ამგვარი გაგებით დამდაბლებულმა ადამიანმა, მისმა თავისუფლებამ და შემოქმედებითობის მოწოდებამ, საბოლოოდ გამოიწვია ჯანყი და აბუნტება ადამიანისა პირადი თავისუფლებისა და შემოქმედებითი ავტონომიის მოპოვების სახელით. ცარიელ ადგილზე, რომელიც გაჩნდა ქრისტიანულ სამყაროში, ანტიქრისტემ დაიწყო თავისი ბაბილონის გოდოლის შენება და ამ მშენებლობაში ძალინ დაწინაურდა. ადვილი შესამჩნევია, რომ ადამიანური სულიერების თავისუფლება, ადამიანის შემოქმედებითი თავისუფლება, მიმავალი ამ გზით, იღუპება. ეკლესიას უნდა დაეცვა თავი სამყაროს ბოროტი სტიქიებისა და მასში მიმდინარე ბოროტი მოვლენებისაგან. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ სიწმინდის ჭეშმარიტი დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ქრისტიანული შემოქმედებითობის დაშვების შემთხვევაში
2.
რომელ სულიერ-გონით საფუძველზეა დამყარებული ქრისტიანული ინდივიდუალიზმი, რითაა გამართლებული ქრისტიანობის როგორც პირადი ხსნის რელიგიის გაგება, რომელიც გულგრილია სამყაროსა და საზოგადოების ბედისადმი? ქრისტიანობა ძველად არაჩეულებრივად მდიდარი, მრავალფეროვანი და მრავალმხრივი იყო. ბიბლიაში, მოციქულთა და საეკლესიო გადმოცემებში, ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში შესაძლოა დაიძებნოს საფუძვლები ქრისტიანობის განსხვავებული გაგებისთვის. ქრისტიანობის როგორც პირადი ხსნის რელიგიის გაგება, რომელიც ეჭვის თვალით უყურებს ყოველგვარ შემოქმედებას, ეყრდნობა უპირატესად ასკეტურ-ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურას, რომლითაც არ ამოიწურება არც მთელი ქრისტიანობა და არც ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა. „კეთილმოყვარეობამ“ თითქოსდა დაჩრდილა ყოველი დანარჩენი. ასკეტიკაში გამოსჭვივის მარადიული ჭეშმარიტება, რომელსაც მოიცავს შინაგანი სულიერი გზა-სავალი, როგორც აუცილებელ მომენტს. მაგრამ, იგი არაა ქრისტიანული ჭეშმარიტების სრული სავსეობის მომცველი. ძველი აღთქმისეული ადამის ბუნებისა და მისი ცოდვითმოსილი ვნებების წინაარმდეგ ბრძოლამ წარმოაჩინა ქრისტიანული ჭეშმარიტების გარკვეული ასპექტი და გააზვიადა იგი ყოვლისშთანმთქმელ ზომამდე. ჭეშმარიტებანი, რომელიც იხსნება ჩვენს წინაშე ბიბლიასა და მოციქულთა გადმოცემებში, გადაიფარა და გადატანილ იქნა მეორე პლანზე. მთელი ქრისტიანობის, ადამიანის მთელი სულიერი გზის საფუძვლად, გზისა, რომელმაც უნდა იხსნას ჩვენი სული მარადიული ცხოვრებისთვის, დასახულ იქნა შემრიგებლობა, ადამიანი უნა შეურიგდეს თავის ყოფას, ყოველი დანარჩენი მოწესრიგდება თავისთავად. შერიგება გვაიძულებს, რომ ჩავიხშოთ სიყვარული, რომელიც სახარებიდან საცნაურდება და ადამიანსა და უფალს შორის მიმართების ახალ აღთქმისეულ საფუძველს ქმნის. შერიგების ონტოლოგიური საზრისი მდგომარეობს თვითმაფუძნებელ ადამიანურ თვითობაზე რეალურად გამარჯვებაში, იმ ცოდვითმოსილ ადამიანურ მისწრაფებაზე გამარჯვებაში, რომლის ძალითაც იგი ცხოვრების წყაროსა და ყოფის სიმძიმის ცენტრს საკუთარ თავში გულვობს, — ანუ ეს საზრისი უკიდურეს სიამაყესთან (ამპარტავნებასთან — მთარგ. შენიშვნა) დაპირისპირებას გულისხმობს. ადამიანის ბუნების რეალური ცვლილების, ფერისცვალების ასპექტში შემრიგებლობის საზრისი გამოიხატება გონითი (духовного) ადამიანის სულიერ (душевны — ალბათ ამ სიტყვის ფსიქოლოგიურ-მეცნიერული გაგებით –მთარგ. შენიშვნა) და ხორციელ (плотски) ადამიანზე გაბატონებაში. მაგრამ, შერიგებამ არ უნდა დათრგუნოს და ჩააქროს გონი. შერიგება ზედაპირული დამჯერებლობა, მორჩილება და დაქვემდებარება როდია. ადამიანი შეიძლება იყოს ძალზე დისციპლინირებული და დამჯერი, მაგრამ არ იყოს შემრიგებლური. ჩევნ ამის მაგალითს ვხედავთ კომუნისტურ პარტიაში. შემრიგებლობა ნიშნავს სულიერ-გონითი ბუნების ნამდვილ ფერისცვალებას, და არა გარეგნულ მორჩილებას, რომელიც ბუნებითობას უცვლელად ტოვებს; აქ უნდა ხდებოდეს საკუთარ თავზე შინაგანი მუშაობა, ვნებათა ბატონობისგან თავის გათავისუფლება, გათავისუფლება მდაბალი ბუნებითი მხარისაგან, რომელსაც ადამიანი თავის ჭეშმარიტ „მე“-დ გულვობს. შემრიგებლობაში ფუძნდება ყოფიერების ჭეშმარიტი იერარქია, გონითი ადამიანი აღწევს უპირატესობას სულიერ ადამიანთან მიმართებაში, ანუ ღმერთი — წუთისოფელთან მიმართებაში. შემრიგებლობა არის გზა თვითგანწმენდისა და თვითგანსაზღვრისა. შემრიგებლობა ადამიანური ნების განადგურება კი არა, არამედ მისი ნათელმოფენა და ჭეშმარიტებისადმი თავისუფალი დაქვემდებარებაა. ქრისტიანობა ვერ უარყოფს შემრიგებლობას, როგორც შინაგანი სულიერ-გონითი გზის მომენტს. მაგრამ, შემრიგებლობა არაა სულიერ-გონითი ცხოვრების საბოლოო მიზანი. იგი მხოლოდ დამაქვემდებარებელი საშუალებაა და თანაც არა ერთადერთი საშუალება, და, მით უმეტეს, არც ერთადერთი სულიერ-გონითი გზა. შინაგანი სულიერ-გონითი ცხოვრება განუზომლად რთული და მრავალწახნაგოვანია. ამიტომაც შეუძლებელია სულიერ-გონითი ინსტანციის მთელ მოთხოვნებს პასუხი გაეცეს მხოლოდ შემრიგებლობის ქადაგებით. შემრიგებლობა ამ დროს შეიძლება გაგებულ იქნეს ძალზე ზედაპირულად და მცდარად. შინაგან სულიერ-გონით ყოფას და გზას ეკუთვნის აბსოლუტური პრიმატი, იგი პირველადი და სიღრმისეულია, საზოგადოებისა და სამყაროსადმი მთელ ჩვენს მიმართება-დამოკიდებულებებზე პირველსაწყისოვანია. სწორედ სულიერ-გონით სამყაროში, მისი სიღმიდან განისაზღვრება ყოფა-ცხოვრებისადმი ჩვენი ყოველგვარი დამოკიდებულება. ეს რელიგიისა და მისტიკის აქსიომაა. მაგრამ რჩება შესაძლებლობა შემრიგებლობის ისეთი გაგებისა, რომელიც გადაგვარებას უქადის მთელ ჩვენ სულიერ-გონით ყოფას, რომელიც ვერასდიდებით ვერ იტევს ქრისტიანობის მთელ ღვთაებრივ ჭეშმარიტებასა და სისავსეს. და ამაშია საკითხის მთელი სირთულე.
ყოფა-ცხოვრების აგება მხოლოდ შემრიგებლობის სულისკვეთებით წარმოშობს კიდეც გარეგან ავტორიტარულ-იეროკრატიულ სისტემას. საზოგადოებრივი წყობისა და კულტურული შემოქმედებითობის ყველა საკითხი წყდება იმისდა მიხედვით, თუ რამდენადაა იგი ხელისშემწყობი შემრიგებლობისთვის. კარგია საზოგადოების ისეთი წყობა, რომელშიც ადამიანები უფრო მორჩილნი და დამჯერენი არიან. გასაკიცხია ყველა ყველა წყობილება, რომელშიც ადამიანის შემოქმედებით ინსტიქტებს გამოხატვის გზები შეუზღუდველია. არცერთი საკითხი არ წყდება არსებითად, არამედ იმისდა კვალად, უწყობს თუ არა იგი ხელს ადამიანის შემრიგებლობას. შემრიგებლობა რომ გარდუვალად ამოწურავს თავს საცნაური ხდება იქედან, რომ იგი აღარ გაიგება შინაგანად, იდუმალ, მისტიურ აქტად, როგორც შინაგანი სულიერ-გონითი ყოფის მოვლენად. შემრიგებლობა თავისი მისტიური არსებით სრულიადაც არაა თავისუფლების საპირისპირო რამ, იგი სწორედ რომ თავისუფალი აქტია და გულისხმობს თავისუფლებას. მხოლოდ თავისუფალი შერიგება სულიერი ადამიანისა გონით ადამიანთან ატარებს რელიგიურ მნიშვნელობასა და ღირებულებას. იძულებით შერიგებას, თავს მოხვეულს, განსაზღვრულს ცხოვრების წყობის გარეგნულობით არ გააჩნია არანაირი მნიშვნელობა სულიერ-გონითი ყოფისთვის. მონობა და შემრიგებლობა — სხვადასვა სულიერ-გონითი მდგომარეობებია. ვურიგდები თავად მე, ჩემს შინაგან სულიერ-გონით გზასავალზე, და ცხოვრების წყაროს, სათავეს თავისუფალი აქტით ვგულვობ ღმერთში და არა საკუთარ თვითობაში. ფენომენოლოგიური ანალიზისას ნათელი ხდება, რომ ჩემი თავისუფლება წინ უსწრებს ჩემს შემრიგებლობას. ამდენად, ეს უკანასკნელი არის იდუმალი შინაგანი მდგომარეობა. მაგრამ, ამოწურული, დეგრადირებული, ჩამოფასებული შემრიგებლობა გადაიქცევა გარედან თავს მოხვეულ, იძულებით ცხოვრებისეულ სისტემად, რომელიც ადამიანის თავისუფლებას უარყოფს და იძულების ობიექტად განიხილავს მას. ამგვარი შემრიგებლობის ნიადაგზე ადვილად აღმოცენდება ფარისევლობა და პირმოთნეობა. მაშინ როცა შემრიგებლობის ონტოლოგიური საზრისი მდგომარეობს სულიერ-გონითი ადამიანის თავისუფლების მოპოვებაში, დეგრადირებულ შემრიგებლობას ადამიანი ჩაგდებული ჰყავს დამთრგუნველ მდგომარეობაში და ბორკავს მის შემოქმედებით ძალებს. დიდი მოღვაწეები და წმინდანები ახორციელებდნენ ადამიანის სულიერ-გონითი განთავისუფლების აქტს, ეწინააღმდეგებოდნენ რა ვნებათა ბატონობას, ადამიანის ბუნების სიმდაბლეს. დეგრადირებული შემრიგებლები უარყოფენ ადამიანის განთავისუფლების შესაძლებლობის ამ გმირულ აქტს და ადამიანებს ამყოფებენ ცხოვრების ავტორიტარული სისტემის დაქვემდებარებაში. როცა მე ვურიგდები უფლის ნებას, როცა ჩემში ვამარცხებ ჩემი თვითობის დამამონებელ ამბოხს, მე მოვემართები თავისუფლების საფარიდან და მივემართები თავისუფლებისკენ. ჩემი თვითობა მიმონებს მე და ამიტომ მსურს განთავისუფლება მისგან. შერიგება არის ერთერთი მეთოდი იმისთვის, რომ მდგომარეობიდან, რომელშიც ბატონობს მდაბალი ბუნება, გადავიდე მდგომარეობაში, რომელშიც გაბატონდება ამაღლებული ბუნება, ე.ი. ის ნიშნავს ადამიანის ზრდას, მის სულიერ-გონით აღმასვლას. დეგრადირებული შემრიგებლობა კი მოითხოვს ცხოვრების წყობილებით სისტემას, რომელშიც არასოდეს ხდება განთავისუფლება, არასოდეს მიიღწევა სრული სულიერი აღმავლობა, არასოდეს მჟღავნდება უმაღლესი ბუნება. სულიერ-გონითი თგანთავისუფლება და აღმაფრენა, უმაღლესი ბუნების გამომჟღავნება ცხადდება შეურიგებლობის მდგომარეობად, შემრიგებლობის უკმარისობად. შემრიგებლობა საშუალებიდან, გზიდან გადაიქცევა თვითმიზნად.
წამოიწყეს შემრიგებლობის სიყვარულთან შეპირისპირება. სიყვარულის გზა მიიჩნევა არაშემრიგებლურად, კადნიერულად. სახარება საბოლოოდ იცვლება “კეთილმოყვარეობით“ (добротолюбие). სად შემწევს მე უღირსსა და ცოდვილს მოყვასისადმი სიყვარულისა და ძმობის დაჩემება? ჩემი სიყვარული ცოდვით იქნება დასნეულებული. მე ჯერ უნდა გავხდე შემრიგებლური, მორჩილი, სიყვარული კი მოვა შემდგომ, როგორც შემრიგებლობის ნაყოფი. მაგრამ შერიგება მე მომიწევს მთელი ცხოვრება და უცოდველობის მდგომარეობას ვერასოდეს მივაღწევ. ასე რომ, სიყვარულსაც ვერასოდეს ვეზიარები. მე ცოდვილმა როგორ დავიჩემო სულიერ-გონითი სრულყოფილება, სიმამაცე და სულიერი ამაღლებულობა, უზენაესი გონითი ყოფის მიღწევა? ჯერ შემრიგებლობით დამარცხებულ უნდა იქნეს ცოდვა. ამაზე კი დაიხარჯება მთელი ცხოვრება და აღარ დარჩება დრო და ძალები შემოქმედებითი სულიერ-გონითი გზა-სავლისთვის. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმქვეყნად, და ისეც სათუოა, ამქვეყნად კი შესაძლებელია მხოლოდ შერიგება. დეგრადირებული შემრიგებლობა ქმნის ცხოვრების წყობილებით სისტემას, რომელშიც ყოველდღიურ-ობივატელური, მეშჩანურ-ყოფითი ცხოვრება ჩაითვლება უფრო შემრიგებლურად და ზნეობრივად, ვიდრე მიღწევა და ზიარება უფრო მაღალ სულიერ-გონით ყოფასთან, სიყვარულთან, შეცნობასთან, ჭვრეტასთან, შემოქმედებასთან — ყოველთვის შემრიგებლობის ნაკლულობასა და ამპარტავნობა-სიამაყეში რომაა ეჭვმიტანილი და ბრალდებული. დახლთან ვაჭრობა, ეგოისტური ოჯახური ცხოვრება, პოლიციის ან სააქციზო ჩინოვნიკად მსახური — შემრიგებლურად ინათლება, არაა სათაკილო და ამპარტავნული. რაც შეეხება ქრისტიანული ძმობის სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანთა თანაცხოვრებისკენ ლტოლვას, ცხოვრებაში ქრისტიანული ჭეშმარიტების ხორცშესხმისთვის შრომას, ყოფნას ფილოსოფოსად და პოეტად, ქრისტიან ფილოსოფოსად და ქრისტიან პოეტად — არაშემრიგებლურია, ამპარტავნულობისა და სიამაყის მაჩვენებელია. მედახლე, არა მხოლოდ გამომრჩენი, არამედ არაკეთილსინდისიერიც, ნაკლებად ექვემდებარება სამუდამო დაღუპვის საშიშროებას, ვინემ ის, ვინც მთელი ცხოვრება ესწრაფვის ჭეშმარიტებასა და სიმართლეს, ვინც მიელტვის მშვენიერებას, ვიდრე, მაგ., ვ. სოლოვიოვი. გნოსტიკოსს[1], სიცოცხლის პოეტს, ჭეშმარიტებისა და ადამიანთა ძმობის მაძიებელს სამუდამო დაღუპვის საფრთხე ემუქრება, ვინაიდან მას აკლია სათანადო განწყობილებითი მიმართულობა; ცნობიერების ამგვარი მდგომარეობისას ძალზე ძნელდება ცხოვრებასთან შემოქმედებითი დამოკიდებულებით მიდგომა. ვის ცალია შემოქმედებისთვის, როცა დაღუპვა გველის? მთელი ცხოვრება საშინელებისა და შიშის ნიშნის ქვეშაა დამდგარი. როცა შავი ჭირი დაუნდობლად დათარეშობს, მაშინ შემოქმედებისთვის არავის „ცხელა“, ადამიანები ამ დროს ცალსახად არიან დაკავებული ჭირისგან თავდაცვის ზომების მიღებით. ხშირად ქრისტიანობაც გაიგება, როგორც ჭირის თარეშისგან ხსნა. შემოქმედება და ცხოვრების აღმშენებლობა შესაძლებელი ხდებოდა დუალისტური სისტემის წყალობით, რომელიც იძლეოდა დაღუპვისგან ხსნაზე დაფიქრების, თავდავიწყების მანუგეშებელ წუთებს. ივიწყებდა რა დროებით დაღუპვის მუქარას, ადამიანი ეძლეოდა სამეცნიერო, სახელოვნებო და საზოგადოებრივ აღმშენებლობას; ამ დროს იგი აღმოაჩენს ყოფიერების ახალ სფეროს, განსხვავებულს იმ სფეროსგან რომელშიც აღსრულებადია ხსნა და ღუპვა და რომელთანაც პირველი არფრით არაა დაკავშირეული. ქრისტიანობის როგორც დაღუპვისგან პირადი ხსნის რელიგიის გაგება წარმოადგენს ტრანსცენდენდენტული ეგოიზმის ან, თუ გნებავთ, ტრანსცენდენტული უტილიტარიზმისა და ევდემონიზმის სისტემას. კ. ლეონტიევი, მისთვის დამახასიათებლი სიმამაცით, ქადაგებდა ამ ტრანსცენდენტური ეგოიზმის რელიგიას. მაგრამ, სწორედ ამის გამო მისი დამოკიდებულება მსოფლიო ცხოვრებისადმი იყო სრულიად წარმართული და თავის თავში დუალისტურად ითავსებდა ათონელ ასკეტ ბერსა და მე-16 საუკუნის იტალიური რენესანსის ადამიანს. ტრანსცენდენტულ-ეგოისტური ცნობიერების ადამიანი მთლიანად შთანთქმულია არა უმაღლესი, სრულყოფილი არსებობის მიღწევაზე, არამედ საკუთარ მარადიულ კეთილდღეობაზე ფიქრით, დაკავებულია თავის სულის ხსნაზე ზრუნვით. ტრანსცენდენტური ეგოიზმი და ევდემონიზმი, ბუნებრუვია, უარყოფს სიყვარულის გზას და ვერ იქნება ახალი აღთქმის ერთგული, რომელიც გვარწმუნებს საკუთარი სულის მოკვლაში მისსავე მოსაპოვებლად, მოყვასისთვის მის გაწირვაში, რომელიც გვასწავლის, უპირველეს ყოვლისა, უანგარო სიყვარულს უფლისა და მოყვასისა. მაგრამ, ქრისტიანობის გასაღება ტრანსცენდენტურ ეგოიზმად, რომელიც არ ცნობს უანგარო სიყვარულს, ნიშნავს ქრისტიანობისთვის ცილისწამებას. ეს არის ან ბარბაროსული ქრისტიანობა, ანუ ქრისტიანობა რომელიც, ითვინიერებს რა ვნებათა სიველურეს, მახინჯდება კიდეც მათით, ანდა ქრისტიანობა ზარალმიყენებული, გაღარიბებული, დეგრადირებული. ქრისტიანობა ყოველთვის იყო, არის და იქნება არა უბრალოდ პირადი ხსნისა და დაღუპვის საშინელების პირისპირ დამყენებელი რელიგია, არამედ, ასევე სამყაროს ფერისცვალების, კოსმიური და სოციალური საყოველთაობის, ქმნილის ღვთაებრივამდე ამაღლების, უანგარო სიყვარულის, უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულის, ცათა სასუფევლის დამკვიდრების რელიგია. თუ ქრისტიანობას ინდივიდუალურ-ასკეტურიად, პირადი ხსნის, მხოლოდ საკუთარი სულის ხსნაზე ზრუნვის რელიგიად გავიგებთ, მაშინ ზედმეტი და გაუგებარი იქნება ყოველი ქმნილის აღდგომის გაცხადება. პირადი ხსნის რელიგიისათვის არ არსებობს არავითარი მსოფლიო ესქტოლოგიური პერსპექტივა, გამორიცხულია პიროვნების, ცალკეული ადამიანური სულის კავშირი ქვეყნიერებასთან, კოსმოსთან, ყოველ ქმნილთან. ამით უარიყოფა ყოფიერების იერარქიული წყობა, რომელშიაც ყოველივე უკავშირდება ერთმანეთს და ამიტომაც შეუძლებელია ინდივიდუალური ბედის ცალკე გამოყოფა. ხსნის (ცხონების) ინდივიდუალური გაგება უფრო დამახასიათებელია პროტესტანტული პიეტიზმისთვის, ვიდრე ეკლესიური ქრისტიანობისთვის. მე არ ძალმიძს თვითხსნა მარტომყოფს, ჩემი ხსნა შესაძლებელია მხოლოდ ჩემს მოძმეებთან, ღვთის მიერ ყოველ ქმნილთან ერთად, მე არ უნდა ვფიქრობდე მხოლოდ ჩემს ხსნაზე, არამედ უნდა ვფიქრობდე, ვზრუნავდე სხვათა ხსნაზეც, მთელი სამყაროს ხსნაზე. თვით ხსნაც წარმოადგენს მხოლოდ სულიერი ამაღლების მიღწევის, სრულყოფის, ღვთისადმი მიმსგავსების, როგორც ამქვეყნიური ცხოვრების უზენაესი მიზნის ხორცშესხმის ეკზოთერულ გამოხატულებას.
3.
ყველა მიმართულების უდიდესი ქრისტიანი მისტიკოსები უფლისიადმი სიყვარულით მასთან შერწყმის ამოცანას აყენებდნენ უფრო წინ, ვიდრე პირად ხსნას. ქრისტიანობა ზერელედ ხშირად ადანაშაულებდა მისტიკოსებს იმაში, რომ მათთვის სულირ-გონითი ცხოვრების სიმძიმის ცენტრის წარმოადგენს არა მთლად პირადი ხსნა, რომ ისინი იარებიან მისტიური სიყვარულის სახიფათო გზებით. მისტიკა ხომ სულიერ-გონითი ცხოვრების სულ სხვა საფეხურია, ვიდრე ასკეტიკა. მისტიკის თავისებურებანი შეიძლება შევისწავლოთ ახალ ღვთისმეტყველ წმინდა სიმეონის „ჰიმნთა“ გაცნობით. ქრისტიანულ მისტიკას ხსნაც ესმის როგორც ნათელღება და ფერისცვალება, ქმნილის გაღვთაებრივება, როგორც ქმნილადყოფნის ზღვარდებულობის, ე. ი. უფლისგან მოწყვეტილობის, გადალახვა. გაღვთაებრივების იდეას აქ უპირატესობა აქვს ხსნის იდეასთან მიმართებაში. ეს მომენტი კარგად აქვს წარმოჩენილი წმინდა სიმეონ ახალ ღვთისმეტყველს: “მე ვივსები მისი სიყვარულითა და სიმშვენიერით, განვიცდი ღვთაებრივ ნეტარებასა და სიტკბოს. მე ვხდები ნათლისა და დიდების თანაზიარი: სახე ჩემი და ჩემი სიყვარულისა ნათელფენილია, ჩემი ყოველი ნაწილი აფრქვევს ნათელს. ამ დროს მე ვარ ულამაზესი ლამაზთა შორის, უმდიდრესი მდიდართა შორის, უმძლავრესი უძლიერესთა შორის, უფრო დიადი, სამართლიანი და ღირსეული ხელმწიფეთა შორის, იქნებიან ისინი ხილულ-მიწიერი თუ ზეციერი ქვეყნიერების მეუფენი“. მე ვციტირებ მართლმადიდებლური აღმოსავლეთის უდიდეს მისტიკოსს. შეიძლებოდა მოგვეყვანა უამრავი ნაწყვეტი აღმოსავლური მისტიკიდან, ლათინურ-კათოლიკური და გერმანული მისტიკიდან, რომლებიც დაამოწმებენ იმ მოსაზრებას, რომ მისტიკოსთათვის სიმძიმის ცენტრი არ ძევს ხსნისკენ (პიროვნული სულის ცხონებისკენ — მთარგ. შენიშვნა) მისწრაფებაში. კათოლიკური მისტიკა ცდილობდა გადაელახა კათოლიკური ღვთისმეტყველების იურიდიზმი, ადამიანსა და უფალს შორის მიმართების სამართლებრივ-საპროცესო გაგება. ბოსიუესა და ფენელონს შორის კამათი ესაა კამათი ღვთისმეტყველსა და მისტიკოსს შორის. მისტიკის გზა-სავალზე ყოველთვის გვხვდება უანგარობა, განდგომა, თავდავიწყება, უფლისადმი სიყვარულის უსაზღვრობა. მაგრამ უფლის სიყვარული აქ წარმოადგენს შემოქმედებით სულიერ-გონით მდგომარეობას, რომელშიც ხდება ყოველგვარი დათრგუნვილობის გადალახვა, განთავისუფლება, ადამიანში სულიერ-გონითის პოზიტიურად გამომჟღავნება. შემრიგებლობა არის მხოლოდ საშუალება, რომელიც ჯერ კიდევ ნეგატიურია. უფლისადმი სიყვარული არის მიზანი, რომელიც უკვე პოზიტიურია. მაგრამ, უფლისადმი სიყვარული წარმოადგენს, ამავე დროს, ადამიანის ბუნების შემოქმედებითობით გარდასახვას. ღვთიური ეროსი არის სულირ-გონითი ამაღლება, ზრდა, სულის შემოქმედებითობითი მდგომარეობის მიერ დათრგუნვილობის მდგომარეობის დამარცხება, სულის მიერ იმ ფრთათა გამოსხმა, რაზეც პლატონი საუბრობს „ფედროსში“. ყოფიერების დადებითი შინაარსი არის სიყვარული, შემოქმედებითი, გარდამსახველი სიყვარული. სიყვარული ცხოვრების რომელიღაც განსაკუთრებული, განცალკევებული მხარე როდია, სიყვარული მთელი სიცოცხლეა, ცხოვრების სავსეობაა. შემეცნება წარმოადგენს სიყვარულის აღმოჩენას, აღმოჩენას შემეცნებითი სიყვარულისა, მყვარებლის სიყვარულის საგანთან შემეცნებით შერწყმას, შერწყმას ყოფიერებასთან, უფალთან. მშვენიერების შემოქმედება არის ასევე სიყვარულის ჰარმონიის აღმოჩენა ყოფიერებაში. სიყვარული არის მყვარებლის მიერ უფლისადმი შეძახილის დამკვიდრება მარადისობაში, ანუ დამკვიდრება ყოფიერებისა. სიყვარული, ამასთანავე, განუშორებელია მოყვასისადმი სიყვარულისგან, ღვთის მიერ ქმნილისადმი სიყვარულისგან. ქრისტიანობა წარმოადგენს კიდეც ღვთაებრივ-ადამიანური სიყვარულის გამოაშკარავებას. მე მიხსნის, ანუ ჩემს ბუნებას გარდასახავს არა მხოლოდ უფლისადმი სიყვარული, არამედ სიყვარული ადამიანისადმიც. მოყვასის, მოძმეების სიყვარული და სიყვარულით ნახელმძღვანელებ საქმეთა ქმნა ჩემი სულიერი ხსნის გზა-სავლის, ფერისცვალების შემადგენელია. ჩემი ხსნის გზა-სავლის შემადგენელია ცხოველთა და მცენარეთა, თვითოეული ბალახის ღერის, ქვების, მდინარეების, ზღვების, მთებისა და მინდვრების სიყვარული. ამით ხდება როგორც ჩემი, ისე მთელი სამყაროს ხსნა და ნათელფენა. მკვდარი გულგრილობა ადამიანისა და ბუნებისადმი, ყოველივე ცოცხალისადმი თვითხსნის გზაზე სიარულის სახელით არის რელიგიური ეგოიზმის ამაზრზენი გამოვლინება, ადმიანის ბუნების გამოფიტვის მაჩვენებელი, მზადება „ცივგულიანთა რიგებში“ ჩარიცხვისთვის. ქრისტიანული სიყვარული არ უნდა იყოს „მინისებრი სიყვარული“ (ვ.ვ. როზანოვის გამოთქმაა). განყენებულ-სულიერი სიყვარული წარმოადგენს კიდეც „მინისებრ სიყვარულს“. მხოლოდ გონით-სულიერი სიყვარული, რომელშიც სული გარდაისახება გონად, არის ცოცხალი, ღვთაებრივ-ადამიანური სიყვარული. ზოგჯერ ქრისტიანობაში გვხვდება მონაზვნურ-ასკეტური არაკეთილგანწყობა ადამიანებისა და ქვეყნიერებისადმი, გულცივობა ყოველივე ცოცხალისა და შემოქმედებითისადმი, რაც ქრისტიანობაში დეგრადირების მაჩვენებელია. უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულის სახარების, რომელიც თავად იესომ იქადაგა, ჩანაცვლება გარეგნული შემრიგებლობისა და დამჯერებლობის სახარებით, რომელიც აცივებს ყოველგვარ სიყვარულს, არის კიდეც გამოფიტული ქრისტიანობის გამოვლენა, რომელიც ვერასდიდებით ვერ იტევს ქრისტიანობის ღვთაებრივ ჭეშმარიტებას. აუცილებელია აღინიშნოს, რომ სწორედ აღმოსავლური მართლმადიდებლობისთვისაა უფრო დამახასიათებელი კოსმიური გარდასახვისა და ნათელმოფენის იდეის სიახლოვე. დასვლური ქრისტიანობისთვის უფრო ახლობელია სამსჯავროს წინაშე გამართლების იდეა. სწორედ აქედან იძენს დასავლეთში განსაკუთრებულ მნიშვნელობას კამათი თავისუფლებისა და წყალობის თაობაზე, რწმენასა და კეთილ სამეებზე. აქედანვე მოდის ავტორიტეტისა და რელიგიური ჭეშმარიტების გარეგანი კრიტერიუმის ძიების ტენდენციაც. უფლის სამსჯავროს დამთრგუნველი იდეის, უფლის წინაშე ადამიანის მხრიდან თავის მართლების წინააღმდეგ მხოლოდ მისტიკოსები იმაღლებდნენ ხმას და ესმოდათ, რომ უფალს ადამიანისგან სჭირდება არა თავის მართლება, არამედ სიყვარული, მისი ბუნების ფერისცვალება. ესაა ქრისტიანული ცნობიერების ცენტრალური პრობლემა. რაშია ქრისტიანობის არსება — თავისმართლებასა და სამსჯავროში, უფლის ულმობელად სამართლიან მსჯავრში, თუ რეალურ ფერისცვალებასა და ნათლითმოსილებაში, უფლისადმი უსასრულო სივრულში? სასამართლო-პროცესული გაგება ქრისტიანობისა, რომელიც ქმნის ნამდვილ სულიერ-გონით ტერორს, არის მკაცრი, სისხლიანი ულმობელი, ბარბაროსული ინსტინქტების მეთოდი, რომლითაც ქრისტიანობა ზრდიდა ხალხებს, მაგრამ ამგვარ გაგებას უპირისპირდება ქრისტიანობის, როგორც სიყვარულისა და თავისუფლების გამოცხადების უფრო სიღრმისეული გაგება. ადამიანის მოწოდებაა იყოს შემოქმედი და ღვთის ქმნადობის თანამონაწილე. არსებობს ძახილი ღვთიური ხმისა, რომელსაც ადამიანმა თავისუფლად უნდა უპასუხოს. უფალს სულაც არ სჭირდება დამჯერი და ყურმოჭრილი მონები, მუდამ რომ შიშობენ და ეგოისტურად მხოლოდ თავის თავით რომ არიან დაკავებულნი. უფალს ესაჭიროება თავისუფალი, შემოქმედი, სიყვარულით გულანთებული და შემართებული შვილები. ადამიანებმა საშინლად დაამახინჯეს ღვთის ხატება და მიაწერეს მას საკუთარი გადაგვარებული და ცოდითცემული ფსიქოლოგია. ამიტომ ყოველთვის უნდა შევიხსენოთ აპოფატიკური თეოლოგიის ჭეშმარიტება. თუკი ღმერთს შეიძლება მივაწეროთ აფექტური ყოფის ნიშნები, ეს უკანასკნელნი არ უნდა წარმოვიდგინოთ ყველაზე საძრახისი აფექტების ნიმუშთა მიხედვით. სულიერ-გონითი ტერორი და პანიკა, რომელსაც იწვევს ადამიანსა და უფალს შორის მიმართების სასამართლო-პროცესუალური გაგება და ქრისტიანული სარწმუნოების ცენტრში გამამართლებელი განაჩენით სულის ხსნის მოვლენის დაყენება, მომდინარეობს ღვთაების ყოფის აფექტურობის გაგებიდან, რომელიც გაიგივებულია ადამიანის ყველაზე უფრო საძრახისი აფექტურობით მართულ ცხოვრებასთან. მაგრამ, ღმერთი გამოვლინდა ძეში როგორც მამა, როგორც უსასრულო სიყვარული. და ამით საუკუნოდ დაიძლია გაგება უფლისა, როგორც დაუნდობელი, ბრაზიანი და შურისმაძიებელი ბატონისა. „და მოავლინა უფალმა ძე თვისი ქვეყნად არა მის განსასჯელად, არამედ მისით ქვეყნიერების სახსნელად“. „ჩემი მომავლინებლი მამის ნებაა, რომ იმისგან, რაც მან მიბოძა არაფერი დავღუპო, არამედ ყოველივე ის აღვადგინო მკვდრეთით უკანასკნელ დღეს“. ადამიანი მოწოდებულია ზეციერი მამის დარი სრულყოფისთვის. ქრისტიანული გამოცხადება, უწინარეს ყოვლისა, არის სასიკეთო ცნობა ცათა სასუფევლის დამკვიდრებაზე, რომლის ძიებაც ჩვენ გვეხარა პირველ რიგში. ძიება ცათა სასუფევლისა არაა პირადი ხსნის ძიება. სასუფეველი ცათა ესაა მთელი ქვეყნიერების ფერისცვალება, საყოველთაო აღდგომა, ახალი ზეცა და ახალი მიწა.
4.
ქრისტიანული მსოფლგაგება არა მხოლოდ ვალდებულს გვხდის ჩვენ, არამედ არ გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ რეალურია მხოლოდ ადამიანთა ცალკეული სულები, რომ მხოლოდ ისინი შეადგენენ უფლის ქმნილებას. საზოგადოება და ბუნებაც ხომ რეალობაა და შექმნილია ღმერთის მიერ? საზოგადოება ადამიანის გამონაგონი როდია. იგიც პირველსაწყისიერია და გააჩნია ონტოლოგიური ფესვები. ამიტომ, ადამიანურ პიროვნებას ისევე ვერ ამოგლეჯთ საზოგადოებიდან, როგორც საზოგადოებას ადამიანური პიროვნებიდან. პიროვნება და ადამიანი თანაარსებობენ ცოცხალ ურთიერთქმედებაში, ეკუთვნიან ერთ კონკრეტულ მთლიანობას. პიროვნების სულიერ-გონითი ყოფა აისახება საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. საზოგადოება გვევლინება გარკვეულ სულიერ-გონით ორგანიზმად, რომელიც საზრდოობს პიროვნებათა სიცოცხლით და, თავის მხრივ, ასაზრდოებს მათ. ეკლესიაც წარმოადგენს სულიერ-გონით საზოგადოებას, და ეს საზოგადოება ფლობს ონტოლოგიურ რეალობას, იგი ვერ იქნება დაყვანილი მხოლოდ ხსნის მაძიებელ ცალკეულ სულთა ურთიერთქმედებაზე. საეკლესიო საზოგადოებაში ხდება არა უბრალოდ ცალკეულ სულთა ხსნა, არამედ აქ აღსრულებულია სასუფეველი ცათა. როცა მე ვაცხადებ, რომ სულის ხსნა შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიაში და ვამტკიცებ ცხონების ტაძრულობას (соборность), ანუ ხსნას სულიერ-გონით საზოგადოებაში და მისი მეშვეობით, ჩემს მოძმეებთან და ყოველივე ქმნილთან ერთად ქრისტეში, და უარვყოფ ხსნის ინდივიდუალურ (მარტომყოფობაში, განცალკევებაში ხსნის) გაგებას (თავს უშველეთ ვისაც შეგიძლიათ, შეძვერით ცათა სასუფეველში, როგორც ამბობდა ერთი მართლმადიდებელი), ამით ვგმობ ხსნის ეგოიზმს. ბევრი ფიქრობს, რომ ქრისტიანობის, როგორც პირადი ხსნის რელიგიის გაგება, უპირატესად ეკლესიური გაგებაა. მაგრამ სინამდვილეში ასეთი დაშვება ეწინააღმდეგება თავად ეკლესიურობის იდეას. თუკი რაიმე თვალსაზრისი ფართოდაა გავრცელებული მართლმადიდებლურ სამყაროში და მისაღებია საეკლესიო იერქიის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ისინი ყველაზე უფრო ეკლესიურები არიან, ამ სიტყვის სიღრმისეული, ონტოლოგიური გაგებით. ოდესღაც არიანელობაც ბატონობდა აღმოსავლეთის იერარქიაში. შესაძლებელია, რომ ეს თვალსაზრისები ასახავდნენ ქრისტიანობის დეგრადირებულობას, გაქვავებულობას მასში. მსოფლიოში არ ექნებოდა ადგილი ამდენ კატასტროფებსა და ძვრებს, ეგზომ უღმერთობასა და სულიერ სიმდაბლეს, ქრისტიანობა რომ ფრთებმოკვეთილი, მოსაწყენი, არაშემოქმედებითი არ გამხდარიყო, მას რომ ადამიანთა საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრებისთვის შთამაგონებელი სულის შთაბერვა არ შეეწყვიტა, ის რომ არ განდევნილიყო ადამიანის სულიერი სამყაროს მხოლოდ ერთ, გამოყოფილ კუთხეში, გარეგნულ დოგმატიზმსა და პირობითობებს, რიტუალიზმს რომ არ ჩაენაცვლებინა ქრისტიანობის რეალური განხორციელება ცხოვრებაში. ადამიანთა საზოგადებრივი ყოფის მომავალი ბედი დამოკიდებულია იმაზე, მიიღებს თუ არა ქრისტიანობა შემოქმედებით, ცხოვრების გარდამსახველ მნიშვნელობას, კვლავაც გადმოიღვრება თუ არა ქრისტიანობიდან სულიერ-გონითი ენერგია, რომელსაც ძალუძს წაგვიყვანოს ჩვენ დეგრადირებიდან აღმავლობის გზით.
ოფიციალური საეკლესიო ადამიანები, რელიგიის პროფესიონალები, გვეუბნებიან ჩვენ, რომ პირადი ხსნის საქმე არის ერთადერთი რაც ნამდვილად მოითხოვება, რომ შემოქმედება ამ მიზნისთვის საჭირო არა, მეტიც, საზიანოა. რა საჭიროა ცოდნა, მეცნიერება და ხელოვნება, გამოგონებანი და აღმოჩენები, რისთვის საზოგადოებრივი, ახლებური, უკეთესი ცხოვრება, როცა მე მემუქრება სამუდამო დაღუპვის საფრთხე და ერთადერთი რამ — მარადიული ხსნა — მესაჭიროება მხოლოდ? ასეთი დათრგუნული და პირდაპირ პანიკური რელიგიური ცნობიერება და განწყობა ვერ გაამართლებს შემოქმედებას. ეს ყველაფერი არაა საჭირო სულის პირადი ხსნის საქმისთვის. ცოდნაც ისევე არასაჭიროა, როგორც ხელოვნება, მეურნეობა, სახელმწიფოებრიობა და თავად ბუნების არსებობაც კი. მართალია, ზოგჯერ თქვენ გეტყვიან, რომ სახელმწიფოს არსებობა საჭიროა, და თანაც თვითმმართველი მონარქიის ფორმით, რამეთუ მთელი რელიგიური სისტემა ცხოვრებაში შესაძლებელი ყოფილა მართლმადიდებლური მონარქიის წყალობით, რომელზეც დამყარებული იყო კიდეც ცხოვრების მთელი აღმშენებლობის ტვირთი. მაგრამ, ჩვენ თუ თანმიმდევრულნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო სწორედ რომ არასაჭირო და საზიანოა ჩემი პირადი ხსნისთვის. ამგვარ რელიგიურ ცნობიერებას არანაირი ამქვეყნიური საქმიანობის გამართლება არ შეუძლია, ან შეუძლია არათანმიმდევრულობისა და ხელაღებულობის ხარჯზე. ამგვარი განწყობა წარმოადგენს ქრისტიანობაში ბუდისტურ გადახრას. დაგვრჩენია მხოლოდ ის, რომ აღვიკვეცოთ მონასტერში. მაგრამ თავად მონასტერთა არსებობა გულისხმობს მათ სახელმწიფოებრივ-წესრიგიან დაცვას, მფარველობას. ამგვარი ცნობიერება მიდრეკილია მეშჩანური ყოფა-ცხოვრების, როგორც შემრიგებლურის და უსაფრთხოს, გამართლებისკენაც კი, რთავას რა მას ერთეულთა მონაზვნურ-ბერული გმირობის ერთიან სისტამაში, მაგრამ შემოქმედებითობის გამართლება მას არასოდეს ხელეწიფება. საკითხი განსხვავებულად უნდა დაისვას, და ქრისტიანობა არა თუ გვაძლევს ამის ნებას, არამედ მოწოდებად მოგვითვლის საკითხთა განსხვავებულად დასმას: გვეუბნებიან, რომ რიგითი გომბიო პირადი ხსნის საქმეს ახორციელებს უკეთესად, ვიდრე ნამდვილი ფილოსოფოსი, და მას ამისთვის არაფერში არგია ცოდნა, კულტურა და ა.შ. მაგრამ, მისაღებია დაეჭვება იმაში, რომ უფალს მხოლოდ გომბიოები ესაჭიროება, რომ მისი გეგმები და იდეები ამ ქვეყნიერებასთან მიმართებაში მხოლოდ ამით ამოიწურება. თუმცა, დღეს რიგითი გომბიოც მითია, იგი იქცა ნიჰილისტად და ათეისტად. მორწმუნედ (ალბათ შეგნებული რწმენა იგულისხმება — მთარგ. შენიშვნა) კი იქცა კულტურული ადამიანი და ფილოსოფოსი. თავისებურად შეუძლიათ პირადი ხსნა უბირ, ბრიყვ და იდიოტ ადამიანებსაც კი, დასაშვებია ეჭვი, რომ ქვეყნიერებაზე ღმერთის იდეაში, ცათა სასუფევლის ჩანაფიქრში შედიოდეს ცალსახად უბირთა, ბრიყვთა და იდიოტთა სახლობა. ჩვენის მხრიდან ყოველგვარი შემრიგებლობის დარღვევის გარეშე შეიძლება ვიფიქროთ, რომ მასში შედის ყოფიერების მთელი დადებითი სავსეობა, ონტოლოგიორი სრულყოფილება. მოციქული ჩვენ გვაძლევს რეკომენდაციას, — ვიყოთ გულით ჩვილნი, თოთონი, — მაგრამ, არა გონებით. და აი შემოქმედება ადამიანისა, ცოდნა, ხელოვნება, გამოგონება, საზოგადოებრივი ყოფის დახვეწა და სხვა საჭიროა არა პირადი ხსნისთვის, არამედ ღმერთის ქვეყნიერებისა და ადამიანის შესახებ ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, კოსმოსის ფერისცვალებისთვის, ცათა სასუფევლისთვის, რომელშიც შედის ყოფიერების მთელი სავსეობა. ადამიანი მოწოდებულია არა მხოლოდ ხსნისთვის, არამედ სამყაროს ქმნა-მოწყობაში ღმერთის თანაშემოქმედებისთვის. ამიტიმ ადამიანს შეუძლია ზოგჯერ შემოქმედებისთვის, რომლისთვისაც იგი მოწოდებული ღმერთის მიერ, დაივიწყოს საკუთარი თავი და სულიც კი. ადამიანებს უფლისგან ნაბოძები აქვთ განსხვავებული ნიჭი, და არავის აქვს უფლება, რომ ის ქარს გაატანოს, არამედ ყველამ უნდა მოიხმაროს იგი შემოქმედებითად, ის ხომ ადამიანის ობიექტურ მოწოდების მანიშნებელია. ამის თაობაზე დიდის ძალისხმევით საუბრობენ პავლე მოციქული (პირველი წერილი კორინთელთა მიმართ, თავი 12, 28) და მოციქული პეტრე (პირველი წერილი, თავი 4, 10). ღმერთის მიერ ჩაფიქრებული ადამიანის პიროვნული ბუნება შემოქმედებითია. ხსნას ელტვის პიროვნება. მაგრამ ეს რომ განხორციელდეს, საჭიროა, რომ პიროვნება ემყარებოდეს თავის ნამდვილ ბუნებას. ეს უკანასკნელი კი იმაში მდგომარეობს, რომ პიროვნება წარმოადგენს შემოქმედებითი ენერგიის ცენტრს. შემოქმედებითობის გარეშე არ არსებობს პიროვნება. სულის მარადიულ ცხონებისთვის ილტვის შემოქმედებითი პიროვნება. ადამიანს თავის დადებით ყოფიერობაში ახასიათებს შემოქმედებითი ფსიქოლოგია. ის შესაძლოა იქნეს ჩახშობილი, ან გზაგახსნილ-გამოაშკარავებული, მაგრამ ონტოლოგიურად იგი იმთავითვე და მუდამ თან ახლავს ადამიანს. შემოქმედებითი ინსტიქტი ადამიანში არის უანგარო ინსტიქტი, მასში და მისით ადამიანი აღწევს თავდავიწყებას და გადის საკუთრივობის საზღვრებს მიღმა (ჰაიდეგერის ტერმინით რომ ვთქვათ, ტრანსცენდირებს, — მთარგ. შენიშვნა). მეცნიერული აღმოჩენა, ტექნიკური გამოგონება, მხატვრული და საზოგადოებრივი შემოქმედება შეიძლება სხვათათვის საჭირონი აღმოჩნდნენ და გამოყენებულ იქნენ უტილიტარული მიზნებით, მაგრამ თავად შემოქმედი უანგაროა და საკუთარი თავი დავიწყებული აქვს. ამაში მდგომარეობს შემოქმედებითობის ფსიქოლოგიის არსება. შემოქმედებითობის ფსიქოლოგია მკვეთრად განსხვავდება შემრიგებლობის ფსიქოლოგიისაგან და ამ უკანასკნელზე დაფუძნებული ვერ იქნება. შემრიგებლობა (მორჩილად ყოფნა — მთარგ. შენიშვნა) არის შინაგანი სულიერ-გონითი ქმედითობა, რომლის დროსაც ადამიანი დაკავებულია თავისი სულით, თვით თავის თავის გადალახვით, თვითდახვეწით, თვითხსნით. შემოქმედება კი არის ისეთი სულიერ- გონითი ქმედითობა, რომლის დროსაც ადამიანი ივიწყებს საკუთარ თავს, განეყენება მას შემოქმედებით აქტში და მთლიანათ დაინთქმება თავის საგანში. შემოქმედებისას ადამიანი განიცდის მთელი საკუთარი არსების არაჩვეულებრივ აღმაფრენას. შემოქმედება ყოველთვის არის ისეთი ძვრა, რომლითაც გადაილახება ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებისეული ეგოიზმი. ადამიანი თანახმაა ამ დროს, შემოქმედებითი საქმიანობის სახელით, სულის დაღუპვაზეც კი. შეუძლებელია მეცნიერული აღმოჩენების კეთება, ყოფიერების საიდუმლოებათა ფილოსოფიური განჭვრეტა, მხატვრული ნაწარმოებების შექმნა, საზოგადოებრივ ფორმათა აღმშენებლობა მხოლოდ შემრიგებლობის მგომარეობაში ყოფნით. შემოქმედებითობა გულისხმობს განსხვავებულ სულიერ-გონით მდგომარეობას, რომელიც შემრიგებლობის საპირისპირო არაა, მაგრამ თვისებრივად კი განსხვავებულია მისგან, სულიერ-გონითი ყოფის სხვა მომენტია. წმინდა ათანასე დიდმაც ომოუსიის ჭეშმარიტება (истина омоусии) იხილა არა შემრიგებლობის, არამედ შემოქმედებითი აღმაფრენისა და ნათელფენის მდგომარეობაში, თუმცაღა მორჩილად ყოფნის მდგომარეობა წინ უძღვოდა მას. შემოქმედება გულისხმობს თავისებურ სულიერ ასკეზას, იგი არაა ნება-სურვილთა განქარება. შემოქმედება გულისხმობს მსხვერპლად გაღებას საკუთარი თავისა და მისგან განდგომას, გამარჯვებას „ქვეყნიერების“ ბატონობაზე. შემოქმედებით ხდება უფლისა და ღვთაებრივისადმი, და არა „ქვეყნიერებისადმი“, სიყვარულის აღმოჩენა. ამიტომ გზა-სავალი შემოქმედებისა არის „ქვეყნიერების“ გადალახვის გზა. მაგრამ შემოქმედება მაინც განსხვავებული თვისებრიობაა სულიერ-გონითი ცხოვრებისა, ვიდრე შემრიგებლობა და ასკეზა, იგია ადამიანის ღვთის მსგავსებრივი ბუნების აღმომჩენი.
ზოგჯერ მსჯელობენ იმის თაობაზეც, რომ ჯერ ადამიანმა უნდა იზრუნოს პირადი სულის ხსნისთვის, დაამარცხოს ცოდვები, და შემდგომ დაკავდეს შემოქმედებით. მაგრამ ასეთი ქრონოლოგიურ მიმართებითი გაგება ხსნასა და შემოქმედებას შორის ეწინააღმდეგება ცხოვრების კანონებს. ასე არასოდეს მომხდარა და არც მოხდება. სულის ხსნა მთელი ცხოვრების მანძილზე გვიწევს და სიკვდილამდეც ვერ ვახერხებთ ცოდვათა ბოლომდე დამარცხებას. გამომდინარე აქედან, არასოდეს დადგება დრო, როცა მე შემოქმედებისთვის მოვიცლი. ამიტომ, როგორც ხსნას უნდა ესწრაფოს ადამიანი მთელი ცხოვრება, ასევე უნდა იღვაწოს შემოქმედებითადაც, ჩაერთოს ამ პროცესში თავისი მოწოდებისა და ნიჭიერებათა შესაბამისად. ურთიერთმიმართება ხსნასა და შემოქმედებას შორის წარმოადგენს იდეალურ და შინაგან ურთიერთმიმართებას, და არაფერი აქვს საერთო რეალურ ქრონოლოგიურ თანმიმდევრობასთან. შემოქმედება ხელს კი არ უშლის, არამედ ეხმარება ხსნას, რამეთუ იგი უფლის ნების აღსრულებაა, იგია უფლის მოწოდებისადმი დამორჩილება, ღვთის თანაშემოქმედად ყოფნა ქვეყნად. მე ხურო ვიქნები თუ ფილოსოფოსი, მოწოდებული ვარ უფლისგან შემოქმედებითი აღმშენებლობისთვის. ჩემი შემოქმედება შეიძლება შეილანძღოს ცოდვით, მაგრამ შემოქმედებითობის სრული უგულებელყოფა არის პირველცოდვილიანობის მიერ სრული დათრგუნვილობის მაჩვენებელი. არაა სწორი, რომ წმინდანები და ასკეტები (подвижники) მხოლოდ ხსნაზე ზრუნავდნენ, — ისინი შემოქმედებითადაც იღწვოდნენ, იყვნენ ადანიანთა სულების მოქანდაკენი. პავლე მოციქული თავისი სულიერ-გონითი ტიპაჟით უწინარესად რელიგიური გენია, შემოქმედი უფრო იყო, ვიდრე წმინდანი.
ყოველგვარი შემოქმედება როდია კარგი. არსებობს ბოროტი შემოქმედებაც. ქმნა და თხზვა ხდება არა მხოლოდ უფლის, არამედ ეშმაკის სახელითაც. მაგრამ, სწორედ ამიტომ, არ უნდა დაუთმოთ ეს ასპარეზი ანტიქრისტესა და ეშმაკს. ანტიქრისტე ენერგიულად შეჰხარის თავის ცრუშემოქმედებას და თუ მას არ დაუპირისპირდება ქრისტიანული შემოქმედება, ცხოვრებისა და საზოგადოების ქრისტიანული აღმშენებლობა, მაშინ ანტიქრისტული შემოქმედება და აღმშენებლობა დაიქვემდებარებს უფრო მეტ და მეტ რაიონებს, იზეიმებს გამარჯვებას ყოფა-ცხოვრების ყველა სფეროში. ამიტომ, ქრისტესეულ საქმეთათვის ამქვეყნად საჭიროა დაპყრობილ უნდა იქნეს ყოფიერების რაც შეიძლება მეტი რაიონი, ანტიქრისტეს და მის შრომით გასაქანს სულ უფრო ნაკლები და ნაკლები უნდა დავუთმოთ. ხოლო, განუდგებით რა ამქვეყნიურ ყოფას, უარყოფთ რა ამქვეყნიურ შემოქმედებით საქმიანობას, თქვენ სამყაროს ბედ-იღბალს ანტიქრისტეს ხელში აგდებთ. თუ ჩვენ, ქრისტიანი ხალხები, ცხოვრებაში არ დავკავდებით ჭეშმარიტად თავისუფალი და ძმური შემოქმედებით, მაშინ ჩვენს ასპარეზზე მრუდე გზით იმოქმედებს ანტიქრისტე. დუალისტური გახლეჩილობა პირად სულიერ-გონით განწყობასა და ზნეობას (რომელთათვისაც ქრისტიანობა მოითხოვს ასკეზას, განდგომას, მსხვერპლის გაღებასა და სიყვარულს) და განწყობასა და საზოგადოებრივ ზნეობრიობას (რომლის ძალითაც იქმნება დოვლათის შემქმნელი სახელმწიფო, მეურნეობა და ა.შ. და რომლისთვისაც ქრისტიანობა უშვებს მატერიალურ ნივთებთან შეგუებას, პირადი საკუთრების კულტს და სიმდიდრის მოხვეჭას, კონკურენციას და შეჯიბრებას, ხელისუფლებისადმი ნებას და სხვა) შორის არ შეიძლება სამომავლოდაც არსებობდეს. ქრისტიანულმა ცნობიერებამ არ უნდა დაუშვას, რომ საზოგადოება დაფუძნებულ იყოს თვისებებზე რომელნიც მისთვის მანკიერი და ცოდვილიანია. ქრისტიანული აღორძინება გულისხმობს ახალ სულიერ-გონით საზოგადოებრივ შემოქმედებას, რეალური ქრისტიანული საზოგადოების და არა პირობით-სიმბოლური სახელმწიფოს შექმნას. შეუძლებელია აწ კიდევ ატანა ქრისტიანობაში პირობითი სიცრუისა. ზეიმობს ანტიქრისტიანული სოციალიზმი, იმიტომ, რომ ქრისტიანობა თავის საქმედ არ მიიჩნევს სოციალურ საკითხთა გადაწყვეტას. ზეიმობს ანტიქრისტიანული გნოსტიციზმი, იმიტომ, რომ ქრისტიანობა არ ესწრაფვის ქრისტიანული გნოზისის გამოაშკარავებას. ასეთივეა ვითარება ყველეფერში. ჩვენ ვუახლოვდებით უკიდურეს მიჯნას. სეკულარული, ჰუმანიტარული, ნეიტრალური კულტურა უფრო და უფრო ნაკლებ შესაძლებელი ხდება. არავის აღარ ჯერავს უკვე განყენებული კულტურის. ადამიანი ყველგან არჩევანის წინაშე დგას. ქვეყნიერება იყოფა ურთიერსაპირისპირო საწყისებად. ყოველივეს ისე მოხდენა, როგორც ეს იყო ახალ ისტორიაში, შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია ძველ შუასაუკუნეებთან დაბრუნებაც. შემოქმედების პრობლემა, ქრისტიანული კულტურისა და საზოგადოების პრობლემა გადაუწყვეტადია ეკლესიურ-იერარქიულად (იეროკრატიულად). ესაა კაცობრიობის საწყისთა რელიგიური ნათელმოსვის და არა ანგელოსური საწყისის აღდგენის პრობლემა, შემოქმედება არის ადამიანის თავისუფლების სფერო, აღსავსე უფლისადმი, სამყაროსადმი და ადამიანებისადმი მოჭარბებული სიყვარულით. ქვეყნიერებისა და ქრისტიანობის კრიზისიდან ხსნა არც ახალი ისტორიის და არც ძველი შუასაუკუნეების დაწყებას არ შეუძლია, ეს ძალუძს მხოლოდ ახალი შუა საუკუნეების დადგომას. ქრისტიანული შემოქმედება შეიქნება მონაზონთა ამქვეყნიურ საქმედ[2]. ჩვენი ეპოქის რელიგიური კრიზისი დაკავშირებულია იმასთან, რომ ეკლესიური ცნობიერება ნაკლოვანია, ვერ მიუღწევია სისრულისთვის. ადრე თუ გვიან ეს სისრულე მიღწეულ იქნება და მივხდებით რომ სამყაროში დადებითი შემოქმედებითი მოძრაობის გამომჟღავნება არის ეკლესიის წიაღ ადამიანის თავისუფლების გამოაშკარავება, კაცობრიობის ცხოვრების ფეთქვის ეკლესიის წიაღ აღმოჩენა, ანუ, რომ ყოველივე ეს გაუცნობიერებელ-ეკლესიური იყო, რომ ადამიანის შემოქმედება ქვეყანაზე ყოფილა თვით ცხოვრება ეკლესიისა, როგორც ღმერთკაცობრიობისა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ყოველგვარი შემოქმედება და შენაქმნი ახალ ისტორიაში იყო გაუცნობიერებელ-ეკლესიური. ეს პროცესი ორადი იყო; მასში დაისახა როგორც სასუფეველი ცათა, ისე მეუფება ანტიქრისტესი. ჰუმანიზმში ადგილი ჰქონდა უდიდეს სიცრუესაც, ჯანყს ღვთის წინააღმდეგ, საფუძველი ეყრებოდა ადამიანის განადგურებას და ყოფიერების ნათლის ჩაქრობას. მაგრამ იქვე ხდებოდა ადამიანის თავისუფლებით განპირობებული დადებითი მიგნებებიც, შემოქმედებით ძალთა შესაძლებლობების აღმოჩენა. მომავლში კაცობრიობის შემოქმედებითი პროცესი შეუძლებელია ნეიტრალური დარჩეს, იგი უნდა იქცეს დადებით-ეკლესიურად, გააცნობიეროს თავი ამად ან საბოლოოდ ანტიეკლესიური, ანტიქრისტიანული, სატანური გახდეს. მსოფლიოში, კულტურაში უნდა განხორციელდეს რეალურ-ონტოლოგიური გამოყოფა, არა ფორმალური და ზედაპირულ-ეკლესიური, არამედ შინაგან-სულიერ-გონითი და ონტოლოგიურ-ეკლესიური. ამაში მდგომარეობს ჩვენი დროების საზრისი. ღვთაებრივი ენერგიები ქვეყნად მოქმედებენ მრავალფეროვანი, ხშირად უჩინარი გზა-სავლებით. არ ღირს გადმობირება ჩვენი დროის იმ „მდარე ძალებისა“ და უძღები შვილებისა (კვლავ ეკლესიას რომ უბრუნდებიან), რომლებიც უარყოფდნეენ მსოფლიოში მიმდინარე შემოქმედებით პროცესთა ზურგს უკან ყოველგვარი დადებით-რელიგიური საზრისის არსებობას.
ახალ დროში სულიერ-გონითი თვალსაზრისით ყველა მნიშვნელოვანი ადამიანი იყო მარტოსული, საშინლად მარტოსული, ტრაგიკულად მარტოსული იყო შემოქმედებითობის მესაძირკვლე გენიოსი. აღარ არსებობდა იმის რელიგიური ცნობიერება, რომ გენიოსი ზეცის გზავნილია. გენიოსის ეს მარტოსულობა გაპირობებულია იმ დუალიზმით, რომელსაც სულ ვახსენებდით. ამ უკანასკნელის გადალახვა ძალუძს მხოლოდ ქრისტიანულ აღორძინებას, რომელიც იქნება შემოქმედებითი. მაგრამ, ეკლესიური შემოქმედებითი აღორძინება შეუძლებელია ვიაზროთ იეროკრატიულ კატეგორიებში, შეუძლებელია მისი ჩატევა საეკლესიო პროფესიონალურ ჩარჩოებში, არ უნდა მივიჩნიოთ იგი ცალსახად „საკრალური“ ხასიათის პროცესად, როგორც „პროფანური“ პროცესების საპირისპირო. შემოქმედებით ეკლესიურ აღორძინებას ბიძგების მიღება შეუძლია მსოფლი, კულტურული ძრაობიდანაც, ქვეყნად დაგროვილი შემოქმედებით-რელიგიური ენერგიებიდანაც. ჩვენ უფრო მეტად უნდა ვირწმუნოთ, რომ ქრისტე მოქმედებს თავის სულიერ-გონით ადამიანურ გვარში, არ ტოვებს მას, თუმცა კი ეს მოქმედება ჩვენთვის უჩინარია. ქრისტიანობა დგას მთელი ცხოვრების გაეკლესიურების ამოცანის წინაშე. მაგრამ, გაეკლესიურება არ ნიშნავს ცხოვრების (დიფერენციალური აზრ-გაგებით) ყოველი მხარის ეკლესიისთვის უცილობელ დაქვემდებარებას, ანუ არ ნიშნავს თეოკრატიისა და იეროკრატიის აღორძინებას. გაეკლესიურებას თავის მოუცილებელ ასპექტად თანსდევს იმის ეკლესიურად აღიარება იმ სულიერ გონითი შემოქმედებისა, რომელიც მიიჩნეოდა არაეკლესიურად დიფერენცირებული და იეროკრატიული ეკლესიური ცნობიერების მიერ. ეკლესია, ამ სიტყვის სიღრმისეული აზრ-გაგებით, მყოფობდა ამქვეყნიურობაშიც, სადაც ადგილი ჰქონდა გაუცნობიერებელ ეკლესიურ პროცესებს. ეკლესიის, როგორც ღმერთკაცებრივი ცხოვრების, აღვსება და ინტეგრალური ეკლესიური ცნობიერების გახსნა ნიშნავს კაცობრიობის ახალი სულიერ-გონოთი გამოცდილებით გამდიდრებას. ეს სულიერ-გონითი გამოცდილება არ შეიძლება გამოუმჟღავნებელი და გაუმართლებელი დარჩეს. ადმიანს უსზღვროდ სწყურია და ენტრება საკუთარი შემოქმედებითი ძიებების გამონათება. ეკლესია ცხოვრებაა, ცხოვრება კი მოძრაობა და შემოქმედებაა. შეუძლებელია მომავალშიც ავიტანოთ, რომ შემოქმედებითი მოძრაობა დარჩეს არაეკლესიურად და ეკლესიის წინააღმდეგობრივად, ხოლო ეკლესია კვლავაც იყოს უძრავი და შემოქმედებით ცხოვრებას მოკლებული. ეკლესიური ცნობიერების ცნობილი ფორმები ხალისიანად აღიარებდნენ თეოფანიას ყოფის გაყინულ ფორმებში და უძრავ ისტორიულ სხეულებში (მაგ., მონარქიულ სახელმწიფოში). მაგრამ, დგება დრო, როცა ეკლესიურმა ცნობიერებამ უნდა აღიაროს თეოფანია შემოქმედებაშც. არაეკლესიური, სეკულარული, ჰუმანიტარული შემოქმედება ამოწურულია, ყოველმხრივ ჩიხშია მომწყვდეული. ეს კი ნიშნავს, რომ უნდა დადგეს ეკლესიური, ქრისტიანული, ღმერთკაცებრივი შემოქმედების ეპოქა. ეკლესია ვეღარ იქნება სულისა და ცხოვრების ერთი კუთხეთაგანი. უღვთო ცივილიზაციაში ჩაკვდება სახე ადამიანისა და სულიერ-გონითი თავისუფლება, ამოიწურება შემოქმედება, დაიწყება ბარბაროსიზაცია. ეკლესიას კიდევ ერთხელ მოუწევს სულიერ-გონითი კულტურის გადარჩენა, გადარჩენა ადამიანის სულიერ-გონითი თავისუფლებისა. სწორედ ამას ვუწოდებ მე ახალი შუასაუკუნეების დადგომას. იღვიძებს ნება ( არა მარტო პირადული, არამედ საზოგადოებრივი და მსოფლო მასშტაბისა) ცხოვრების რეალურად გარდასახვისა. და ეს კეთილი ნება ვერ შეფერხდება იმ ცნობიერებით, რომლის თანახმადაც სასუფეველი ცათა ქვეყნად შეუძლებელია. სასუფეველი ცათა აღესრულება მარადისობაში და ცხოვრების ყოველ გაელვებაში, თანაც იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ზომით იმარჯვებს ბოროტი ძალა გარე-ზედაპირულად, თვალდასანახად. ჩვენი საქმეა — გავიღოთ მთელი ჩვენი ნება და ცხოვრება კეთილი ძალის გამარჯვებისთვის, ქრისტესეული სიმართლისთვის ყველგან და ყველაფერში.
ადამიანური ყოფა გახლეჩილი და დათრგუნულია ორი ტრაგედიით — ეკლესის ტრაგედიითა და კულტურის ტრაგედიით. ეს ტრაგედიები წარმოიქმნება ეკლესიის დუალისტური დანაკარგითა და გაღარიბებით, დასვლით საკუთარი თავის დიფერენციალურ, იეროკრატიულ გაგებამდე, რომელიც ყოველთვის გულისხმობს ეკლესიის ქვეყნიერებისადმი დაპირისპირებას. ჩვენ, ქრისტიანებს არ უნდა გვიყვარდეს „ქვეყნიერება“ და ის, რაც „ქვეყნიერებისგან“ მომდინარეობს, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ „ქვეყნიერებაზე“. ეს „ქვეყნიერება“, წმინდანური განსაზღვრებით, არის ვნება, ცოდვა, ბოროტება და არა ღვთაებრივი შენაქმნი, ან კოსმოსი. ეკლესია საპირისპიროა ამგვარი „ქვეყნიერებისა“ და არა კოსმოსისა, ღვთის შენაქმნისა, ყოფიერების დადებითი სისავსისა. ორი ტრაგედიის გადაწყვეტა მდგომარეობს ქრისტიანობის ცხოვრებისეულ და არა მხოლოდ თეორიულ გაცნობიერებაში, ქრისტიანობისა როგორც არა მხოლოდ ხსნის, არამედ შემოქმედების რელიგიისა, ქვეყნიერების გამარჯვების, საყოველთაო აღდგომის, ღვთისა და ადამიანთა სიყვარულის რელიგიისა, რაცაა ქრისტიანული ჭეშმარიტების მთლიანმომცველობა ღმერთკაცობრიობაში, ანუ ცათა სასუფეველში. მისი დადებითი გადაწყვეტა ძევს ჰეტერონომიისა და ავტონომიის ძველთაძველი ურთიერთდაპირისპირებულობის მიღმა. შემოქმედება არც ჰეტერონომიულია და არც ავტონომიური, ის საერთოდ არაა რაიმე „ …ნომიური“, ის ღმერთკაცებრივია, იგია ადამინის უფლისადმი მოჭარბებული სიყვარულის გამოაშკარავება, პასუხი ადამიანისა ღმერთის ძახილზე, ღმერთის მოლოდინზე. ჩვენ გვწამს,რომ ქრისტიანობა შეიცავს ამოუწურავ შემოქმედებით ძალებს. ამ ძალთა სააშკარაოზე გამოსვლა იხსნის ქვეყნიერებას დაცემისა და ჭკნობისაგან. საკითხი ჩვენს დროებაში ეხება ეკლესიური და არაეკელესიური ქრისტიანობის ბრძოლას კი არა, არამედ სულიერ-გონით დაპირისპირებას ეკლესიის შიგნით, ეკლესიის შიდა მიმართულებებში, — ესაა მხოლოდ დაცვითი ხასიათისა და შემოქმედებითი მიმართულებანი. ეკლესიურობაზე მონოპოლია არ შეიძლება ეკუთვნოდეს მხოლოდ დაამცველობითი ორიენტაციის მიმართულებას, რომელიც მტრულადაა განწყობილი შემოქმედებისადმი. ამაზეა დამოკიდებული ეკლესიის მომავალი ბედი დედამიწაზე, მომავალი კაცობრიობისა და ქვეყნიერებისა. ეკლესიაში დაუნჯებულია მარადიული კონსერვატული საწყისი, — სიწმინდენი და გადმოცემანი შეურყვნელად უნდა ინახებოდეს. მაგრამ, ეკლესიაში უნდა არსებობდეს მარადიული შემოქმედებითი საწყისიც, საწყისი გარდამსახველი, რომელიც მიმართული იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლაზე, ცათა სასუფევლის დიდებით მოსილ მეუფებაზე. ქრისტიანობის ძირისძირში არა მხოლოდ სამღვდელოება ძევს, არამედ წინასწარმეტყველებაც. „და როგორც მადლის სახით გვებოძება ჩვენ სხვადასხვა ნიჭიერებანი, ასევეა ნიჭიც წინასწარმეტყველებისა — თუკი გაგაჩნია იგი, იწინასწარმეტყველე რწმენის შესაბამისად“(რომი, 12,6). შემოქმედება, შეოქმედებითი გენიის გამომჟღავნება ადამიანში არის დროზე ადრე სეკულარიზირებული წინასწარმეტყველება, რომელსაც უნდა დაუბრუნდეს მისი წმინდათაწმინდა მნიშვნელობა.
[1] სიტყვა „გნოსტიკოსი“ აქ ჩემს მიერ მოიხმარება არა ვალენტინის ან ვასილიდის ერეტიკული გნოზისის მნიშვნელობით, არამედ რელიგიური შემეცნების, თავისუფალი თეოსოფიის აზრით, როგორც წმინდა კლიმენტ ალექსანდრიელთან და ორიგენთან, ფ. ბაადენთან და ვ. სოლოვიოვთან.
[2] ამით მე, რა თქმა უნდა, მცირედადაც არ უარვყოფ მონაზნობისადმი (ამ სიტყვის ზუსტი აზრ-გაგაებით) მარადიულ და საფუძველმდებლურ პატივმიგებას.

Комментариев нет:
Отправить комментарий