ღმერთი

ღმერთი

вторник, 2 апреля 2013 г.

არის თუ არა მუჰამედი წინასწარმეტყველი?

რატომ არ თვლიან ქრისტიანები მუჰამედს წინასწარმეტყველად? ეს კითხვა აღელვებს მრავალ მუსულმანს და ხშირად გაისმის ქრისტიანთა მიმართ, ძირითადად ამგვარი ფორმულირებით: “ჩვენ, მუსულმანები თაყვანს ვცემთ იესო ქრისტეს, როგორც მოციქულს, თქვენ კი არ ცნობთ მუჰამედს წინასწარმეტყველად! რატომ უშვებთ ასეთ უსამართლობას?”

თუმცა, მოციქულებრივ აღიარებაზე ბევრად მნიშვნელოვანია არსის აღიარება. ამ შემთხვევაში სწორედ რომ საპირისპირო სურათს ვიღებთ. ჩვენ, ქრისტიანები, ისევე როგორც მუსულმანები, მუჰამედს ადამიანად მივიჩნევთ, იესოს კი მუსულმანები, ჩვენსავით ღმერთად არ მიიჩნევენ. თუკი ჩვენ მათ ადამიანს ადამიანად ვრაცხთ, ხოლო ისინი ჩვენს ღმერთს ღმერთად არ ცნობენ, მაშ ჩვენს შორის ვინ უფრო უნდა მიუთითებდეს უსამართლობის შესახებ?
მხოლოდ ამ გარემოებით რომ არ შევიზღუდოთ, შევეცდებით ღრმა და ამომწურავი პასუხი გავცეთ კითხვას, რატომ არ ცნობენ ქრისტიანები მუჰამედის მოციქულებრივი არსის ჭეშმარიტებას.

პირველი, უნდა ითქვას, ქრისტიანები იმიტომ არ მიიჩნევენ მუჰამედს მოციქულად, რომ ხსნისა და ცხონების ღვთაებრივ განგებულებაში ისეთი ფიგურა, როგორსაც მუჰამედი წარმოადგენს ისლამში, სრულიად ზედმეტია.

უფალმა აბრაამს გაანდო აღთქმის მცნებები; ისააკის მეშვეობით, მისგან წარმოშვა უფლის რჩეული ერი; განაახლა და გააფართოვა მცნებები მოსეს მეშვეობით; შემდეგ განუწყვეტლივ უგზავნიდა კაცობრიობას მცირე წინასწარმეტყველებს იოანე ნათლისმცემლის ჩათვლით, რომელმაც ქრისტეს მოსვლა იწინასწარმეტყველა რასაც მოჰყვა მაცხოვრის მოსვლა, რომელმაც თქვა, რომ ,, რადგან ყველა წინასწარმეტყველი, და თვით რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ.”(მათე 11-13) ნათლისმცემლის შემდეგ წინასწარმეტყველთა მოვლინება შეწყდა დედამიწაზე.
ახალი აღთქმა წარმოადგენს გამოცხადებაში გადმოცემული საღმრთო ისტორიის სრულყოფილ დასასრულსა და საბოლოო შევსებას.

ყოვლის შემძლე უფალმა ინება მიწაზე გარდმოსვლა და ხალხთან ურთიერთობა (ვარ3-38). წინასწარმეტყველთა გამოგზავნას ერთადერთი მიზანი ჰქონდა, მათ უნდა მოემზადებინათ კაცობრიობა უფლის მოსვლისათვის. როდესაც ადამიანები განემზადნენ, როდესაც შესაძლებელი გახდა, რომ დაბადებულიყო დედათა შორის უბიწო არსება ქალწული მარიამი, მხოლოდ მაშინ გამოჩნდა უფალი განხორციელებული ,, და, აღსარებულად, დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა. “(Iტიმ 3-16) და განახორციელა განზრახული – ადამიანთა ხსნის საქმე. საიდუმლოთა მეშვეობით ჩამოაყალიბა სრულიად ახლებური ურთიერთობა ადამიანსა და ღმერთს შორის, რის მიხედვითაც ნებისმიერს აქვს შესაძლებლობა შეერწყას უზენაესს. ამაზე მეტად სრულყოფილი, ამაზე ახალი არაფერი, ვერაფერი მოხდება, ისევე როგორც ვერაფერი შეედრება ღმრთის სრულყოფილებას.

მაშ, რაღა საჭიროა ახალი წინასწარმეტყველი? მათი დრო წავიდა. წინასწარმეტყველნი ესაჭიროებოდნენ კაცობრიობას უფლისაკენ მიმავალი გზის დასაწყისში, როგორც მცირეწლოვან ბავშვს სჭირდება აღმზრდელი. მაგრამ უკვე გაზრდილ, ჩამოყალიბებულ ადამიანს ორმოცი წლის შემდეგ რომ გამოეცხადოს მავანი, რომელიც კვლავ მის აღზრდას ითავებს, თავისი ხელით აჭმევს, დატუქსავს, კუთხეში დააყენებს, როგორც ბალღს, ასეთი ამბავი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობას გამოიწვევს. მოწიფულ ადამიანს აღარ სჭირდება აღმზრდელი. სწორედ ასევე, კაცობრიობა, რომელმაც უკვე ნახა, შეეხო და უშუალო ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან და მიიღო შესაძლებლობა იცხოვროს უფალში, სრულიად უადგილოდ, ზედმეტად ჩათვლის ნებისმიერ განცხადებას, რომ ვინმე უფლის ნებას გადასცემს მათ. ამიტომაც ახალ აღთქმაში უფლის მიერ არაფერია ნათქვამი განსაკუთრებული მისიით წარმოგზავნილი მომავალი წინასწარმეტყველების შესახებ. სამაგიეროდ არის გაფრთხილება, რომ “მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს. “(მათ24-11). უფრო ადრე, თვით უფალი გვაფრთხილებდა, რომ მრავალთაგან მხოლოდ მცირედნი არიან წინასწარმეტყველნი: ,, მითხრა უფალმა: სიცრუეა, რასაც წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით ქადაგებენ. მე არ გამომიგზავნია, არ დამირიგებია ისინი, არ მილაპარაკნია მათთან. ცრუ ხილვებს, მისნობას, სიყალბეს და თავიანთი გულის გამონაგონს გიქადაგებენ ისინი”(იერ14-14)

მიზეზი მეორე – ქრისტიანები იმიტომ არ აღიარებენ მუჰამედს წინასწარმეტყველად, რომ მისი სწავლება სრულიად საპირისპიროა ქრისტეს სწავლებისა.
მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი.

ქრისტემ თქვა: ,, ყველა, ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და ყველა, ვინც ქმარგანაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს.”(ლუკ.16-18); “ხოლო თუ ცოლი გაეყრება თავის ქმარს და სხვას გაჰყვება, მრუშობს. “(მკ10-12). ყურანი, თავის მხრივ გვასწავლის: თუკი დაცილებული ცოლ-ქმარი კვლავ დაქორწინებას გადაწყვეტს, ამისათვის ცოლი მანამდე სხვა კაცს უნდა გაჰყვეს ცოლად(!), შემდეგ გაშორდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია დაუბრუნდეს ყოფილ ქმარს: “ თუ მამკაცი გაეყარა ცოლს, იგი მას ვერ დაიბრუნებს მანამ, სანამ ქალი სხვას არ გაჰყვება ცოლად.ხოლო თუ მას მეორე ქმარი გაშორდება, მათ (ყოფილ ცოლ-ქმარს), უფლება აქვთ თავიდან დაქორწინდნენ და ამით ისინი არ სცოდავენ“. (ყურ.2-230)”.

ახალი აღთქმა ქადაგებს: “ ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება “(იაკ.1;13-14). ყურანი კი ღვთის სიტყვას გვამცნობს: “ ჩვენ გაცდუნებთ თქვენ სხვადასხვა საშუალებებით: შიშით, შიმშილით, ქონების, სიცოცხლის, მოსავლის დაკარგვით“. (ყურ. 2;150-151).”

ახალი აღთქმა: “ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას, თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი“.(რომ.12;17-19) ყურანი: „ მორწმუნეებო! მოკლულებისთვის თქვენ შური უნდა იძიოთ.“ (2.178).

უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, თუმც, ვფიქრობთ, ესეც საკმარისია.

ესოდენ აშკარა უთანხმოება კიდევ ერთ საფუძვლიან მიზეზს იძლევა ქრისტიანებისთვის, რომ არ მიენდონ მოსაზრებას მუჰამედის წინასწარმეტყველური მისიის შესახებ. არ შეიძლება უფალი არ ეწინააღმდეგებოდეს საკუთარ თავს და ორ, სხვადასხვა ჭეშმარიტებას არ ქადაგებდეს. აქედან გამომდინარე, ახალი აღთქმა და ყურანი – სხვადასხვა წყაროდან წამოსული გამოცხადებაა. ის, ვინც ყურანი მოუტანა კაცობრიობას, არ შეიძლება იყოს ღვთიური წინასწარმეტყველი, რომელმაც ქრისტიანებს გვაჩუქა სახარება.

მიზეზი მესამე; მუჰამედი, წინასწარმეტყველთა დასში საკუთარი რჩეულობის დასამტკიცებლად ვერცერთ ობიექტურ მტკიცებულებას ვერ წარმოგვიდგენს.
განმანათლებელი გრიგოლ პალამა მიმართავდა მუსულმანებს: “თქვენც და ჩვენც გვაქვს ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოცდილი და კანონით განმტკიცებული ჩვეულება: მტკიცებულებათა გარეშე არაფერი მივიღოთ ჭეშმარიტებად. მტკიცებულება ორგვარი სახისა არსებობს: მას ნათელჰყოფს ან საქმე და მოვლენა, ან მომდინარეობს იმ ადამიანთაგან, ვინაც ღირსია ნდობისა. ასე, მაგალითად, მოსემ ნიშნებისა და სასწაულების მეოხებით დასაჯა ეგვიპტე; კვერთხით გააპო ზღვა, მისი ნებით ციდან მანანა მოეფინა მიწას ,, უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, პურს გაწვიმებთ ციდან, გამოვიდეს ხალხი და ყოველდღე აკრიფოს დღიური სამყოფი. უნდა გამოვცადო, მისდევს თუ არა ჩემს რჯულს. “(გამოსვ. 16.4). განა საჭიროა რამეს დამატება, მით უფრო, რომ თქვენც აღიარებთ მოსეს? ის არსებობდა და უფლისაგან იწოდა ღვთის ერთგულ მონად ,, უთხრა მოულოდნელად უფალმა მოსეს, აარონს და მირიამს: გამოდით სამივენი სადღესასწაულო კარავთან. და გამოვიდნენ სამივენი. “ ( რიცხ. 12.4) და არა შვილად და სიტყვად. ღვთიური განგებით იგი ავიდა მთაზე, სადაც მიიცვალა და შეუერთდა მათ, ვინაც მანამდე იყო ,, ადი ამ ყაბარიმის მთაზე, ნებოს მთაზე, მოაბის ქვეყანაში რომ არის, იერიხონის გასწვრივ, და გახედე ქანაანის ქვეყანას, რომელსაც საკუთრებად ვაძლევ ისრაელიანებს,მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ, და შეერთე შენს ერს, როგორც მოკვდა შენი ძმა აარონი ჰორის მთაზე და შეერთო თავის ერს. “(მეო.32.49-50). რაც შეეხება ქრისტეს, რომელმაც უამრავი გასაკვირველი სასწაული გვიჩვენა, მის შესახებ სწორედ მოსეს და სხვა წინასწარმეტყველთა რწმუნებები არსებობს. ახალ საუკუნეში მხოლოდ ის იწოდება თქვენ მიერაც კი ღვთის სიტყვად. მხოლოდ იგი იშვა ქალწულისაგან ახალ დროში. ახალ ეპოქაში მხოლოდ იგი ამაღლდა ზეცად, უკვდავთა დასს შეუერთდა; როგორც იმედოვნებენ, მხოლოდ იგი ჩამოვა ზეციდან, რათა განსაჯოს ცოცხალნი და მკვდარნი (იხ.2ტიმ;4:1;1 პეტ;4;5), რომელნიც აღსდგებიან. მე თქვენ მოგითხრობთ მხოლოდ იმის შესახებ, რასაც თქვენ, მუსულმანები, აღიარებთ. აი, რატომ გვწამს ქრისტესი და რატომ ვირწმუნეთ მისი სახარება. რაც შეეხება მუჰამედს, მის შესახებ არც ერთი წინასწარმეტყველი არ გვაძლევს ცნობას. გარდა ამისა, მისი ქმედებები არ გამოირჩევა გასაკვირი და უცხო სასწაულებით, რასაც მისდამი რწმენა უნდა აღეძრა. ამიტომ არ გვწამს იგი და არ გვჯერა მისი წიგნის.”

სწორედ გონივრული შენიშვნაა: იმისათვის, რომ რაიმე ჭეშმარიტებად მიიღო. საკმარისი არგუმენტები უნდა გაგაჩნდეს. თვით მუსულმანებიც არ აღიარებენ წინასწარმეტყველად ყველას, ვისაც კი ამის სურვილი აქვს. ასე, მაგალითად, XIX საუკუნეში პაკისტანში გამოჩნდა კაცი, რომელმაც თავი ალაჰის ახალ წინასწარმეტყველად გამოაცხადა და რომ მის მისიას პირველი გამოცხადების აღდგენა წარმოადგენდა, რომელიც ასე შერყვნა შემდგომმა ისლამმა. მან გაიჩინა მიმდევრებიც, თუმცა მუსულმანთა უმრავლესობამ არ ცნო მისი წინასწარმეტყველება და “აჰმადიელებს” დღემდე ერეტიკოსებად მოიხსენიებენ. სულ ახლახანს, აზერბაიჯანში მავანმა ქალმა თავი წინასწარმეტყველად გამოაცხადა, მაგრამ მუსულმანები არ ჩქარობენ მის ცნობას, რადგან მიაჩნიათ, რომ არ გააჩნიათ საკმარისი მტკიცებულებები.

ზუსტად ასევე, ქრისტიანები ვერ ხედავენ მტკიცებულებებს მუჰამედთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მუჰამედი ცდილობდა წარმოედგინა ამგვარი მტკიცებულებანი. თუმცა არგუმენტები, როგორც წესი, უნდა შეეფარდებოდეს მისწრაფებების ხარისხს. დავუშვათ, მავანი ადამიანი აცხადებს: “მისმინეთ, ხალხო! ამიერიდან ვითხოვ საყოველთაო მორჩილებას, რადგან მე ვარ თქვენი მბრძანებელი, ამასთან, მე – ღვთისაგან გახლავართ წარმოგზავნილი!” ბუნებრივია, გაჩნდეს კითხვა: კი მაგრამ რატომ უნდა დავუჯეროთ მას? პასუხად გაისმის: “აი, ნახეთ, როგორი ლექსები მაქვს, განა მსგავს ლექსს ვინმე შექმნის?! გულახდილად ვთქვათ: განა საკმარისი იქნება თქვენთვის ამგვარი არგუმენტაცია?

არადა ერთადერთი “არგუმენტი”, რომელიც მუჰამედმა მოიყვანა, - მის მიერ შექმნილი ყურანი გახლავთ: “თუკი ჩემი ღვთიურობის შესახებ გაგიჩნდებათ ეჭვები, მოიტანეთ სურა, მსგავსი ამისა, და მოიყვანეთ მოწმენი თქვენნი, გარდა ალაჰისა, რომ თქვენ ხართ მართალნი. თუკი ამას ვერ შეძლებთ – ამას კი ვერასოდეს შეძლებთ! – მაშინ გეშინოდეთ ცეცხლისა, რომლის საწვავი ქვებია და ადამიანები, ცეცხლი გამზადებული ურწმუნოთათვის!’ (2;21-22). სხვა ადგილზე მუჰამედი დაეჭვებულებისაგან უკვე არა ერთი, არამედ ათი სურის წარმოდგენას ითხოვს (11-16)

რა გასაკვირია, რომ არაბი მოაზროვნე არ-რავანდი (გარდ.906წ) აღშფოთებული იტყვის: “როგორ შეიძლება მუჰამედის წინასწარმეტყველური მისიის ჭეშმარიტება ამტკიცო მისივე შექმნილი ყურანის მიხედვით? ევკლიდეს რომ ემტკიცებინა, რომ ადამიანები ვერასოდეს ვერ შექმნიან მის წიგნზე უკეთესს, განა ამ სიტყვების საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დამტკიცებულიყო რომ იგი წინასწარმეტყველია?(1)

აი, როგორ აღიქმება გვერდიდან მუსულმანური არგუმენტაცია: მუჰამედი ითვლება წინასწარმეტყველად, რადგან მან მიიღო “წმინდა წერილი” – ყურანი, ხოლო ყურანი ითვლება წმინდა წერილად, რადგან მას ასე უწოდა “წინასწარმეტყველმა” მუჰამედმა. ეს ტიპიური ლოგიკური შეცდომაა: არ შეიძლება მტკიცებულებად მიღება ისეთი რამის, რაც თავად საჭიროებს დამტკიცებას.


დავუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს: დაუჯერებთ ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს მპყრობელად და წინასწარმეტყველად აღიარონ მის ხელთ არსებული ლექსების საფუძველზე , თუნდაც მართლა საუკეთესო ლექსები წარმოგდგინოთ? მგონი, საეჭვოა ასე მოხდეს. ლექსები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ისინი იმ შემთხვევაში გამოდგება, თუ პრეტენზია არის პოეტობაზე. ხოლო თუ საუბარია წინასწარმეტყველად აღიარებაზე, ამ შემთხვევაში საჭიროა უფრო სერიოზული არგუმენტები და სრულიად სხვა სფეროდან. [2].

იმის გასაგებად, როგორი მტკიცებულებები ჩაითვლება საკმარისად, ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რა არის წინასწარმეტყველება.

წინასწარმეტყველება –ეს განსაკუთრებული ღვთიური ნიჭია. . წინასწარმეტყველი ჭვრეტს მომავალს. და ეს არის მტკიცებულება, რომ ის ჭეშმარიტად კავშირშია ღმერთთან. როგორც ცნობილია, დრო ჩვენი შექმნილი სამყაროს კუთვნილებაა. ჩვენ ყველა ვარსებობთ დროში, აღვიქვამთ წარსულის, აწმყოსა და მომავალს. ის, რაც სინამდვილეში მოხდება, არ ვიცით. ეს ზუსტად იცის იმან, ვინც დროის მიღმაა და ვისთვისაც ცხადია ჩვენი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. და იმათ, ვინც მასთან უშუალო კავშირშია, ანუ, წინასწარმეტყველებმა. ის თავისი წმინდა ღვთაებრივი ჭვრეტიდან გვამცნობს მომავალს.

სწორედ ამიტომ ბიბლიაში მოცემულია მკაფიო კრიტერიუმი, როგორ განვასხვავოთ ცრუ წინასწარმეტყველნი ჭეშმარიტთაგან: და თქვა.. უფალმა.. ორი ციტატაა

ნებისმიერ მკითხველს შეუძლია წარმოთქვას ფორმალური “წინასწარმეტყველება”. მაგალითად, ის იტყვის: ხვალ მე დავწერ წერილს, და მართლაც, მეორე დღეს დაწერს წერილს. მაგრამ ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ამას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებასთან. რადგან მან რეალური მომავალი კი არ იცის, და ხვალ შესაძლოა მოხდეს ისეთი რამ, რომ წერილისთვის ვეღარ მოვიცალოთ.

ასევე მოქმედებენ ცრუ წინასწარმეტყველნი და მისნები , ეშმაკის მსგავსად, რომლებიც მათი პირით წინასწარმეტყველებენ: რაღაცაში მათი პროგნოზი არის ჩვენი შესაძლო ქმედებების გეგმა. მაგრამ ეშმაკმაც არ იცის მომავალი, ის, როგორც შექმნილი არსება, “დროში” არსებობს. სწორედ ამიტომ
ეშმაკთა წინასწარმეტყველებანი, ისევე, როგორც ადამიანთა პროგნოზები, გვეძლევა მოკლევადიან პერსპექტივაში. და ეს გასაგებიაცაა. ადვილია თქვა: ხვალ წერილს დავწერ- და დაწერო. მაგრამ ამის ერთი წლით ადრე დაგეგმვა და შესრულება- უფრო რთულია: საკუთარი გეგმის შესრულების ალბათობა ნაკლებია. ცოცხლები ვიქნებით იმ დროისთვის?! არავინ დაიჯერებს თუ ვიტყვით, რომ ასი წლის შემდეგ ჩემი შთამომავალი დაწერს ასეთ წერილს.

ბიბლიაში არსებობს კონკრეტული წინასწარმეტყველებანი, რომლებიც დაწერიდან ასწლეულთა შემდეგ ზედმიწევნით სრულდება. მათი სანდოობა უტყუარია: ამგვარი წინასწარმეტყველების შემცველი ხელნაწერები თარიღდება რამდენიმე საუკუნით ადრე, ვიდრე ისინი აღსრულდებოდნენ. აი, მაგალითად: ერთხელ ერთი ქალი მიუახლოვდა ქრისტეს ალაბასტრის.. ჭურჭლით და თავზე დაასხა კეთილსურნელება, როცა მოციქულები აღშფოთდნენ ასეთი ძვირფასი კეთილსურნელების ამაო ხარჯვის გამო, მათ მოესმათ: ,, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად. “ (მათე 26:13),. ამ სიტყვებს შეიცავს ხელნაწერი , რომელიც თარიღდება ჩვ. წ. II საუკუნით., როცა ქრისტიანობა იდევნებოდა, ხოლო ქრისტიანები წარმოადგენდნენ მცირერიცხოვან ჯგუფს. რა შეიძლება ითქვას მსოფლიოზე? როცა ყოველგვარი ადამიანური საზომით არავითარი გარანტია არ იყო იმისა, რომ წმინდა წერილი საერთოდ გადარჩებოდა: გავიხსენოთ, რომ მოგვიანებით, IV საუკუნის დასაწყისში იმპერატორმა დიოკლიტიანემ ბრძანა მთელი რომის იმპერიის საზღვრებში ამოეღოთ და გაენადგურებინათ ქრისტიანული წიგნები, განზრახული ჰქონდა ბოლო მოეღო ქრისტიანობისთვის: “ პირისაგან მიწისა აღიგავოს ქრისტიანთა სახელი”- ეწერა მის ბრძანებაში. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ იესო ქრისტეს სიტყვები ახდა სრული სიზუსტით, და თან საუკუნეების შემდეგ. და ბიბლია არის ამჟამად ყველაზე უფრო გავრცელებული წიგნი მსოფლიოში, მას კითხულობენ ექვსივე კონტინენტზე, ის თარგმნილია 2426 ენაზე, გამოცემულია საერთო ტირაჟით დაახლოებით 6 მილიარდი ეგზემპლარი, და მთელ მსოფლიოში ცნობილია ისტორია ალაბასტრის ჭურჭლიანი ქალის შესახებ. კონკრეტული წინასწარმეტყველება, რომელიც უკანა რიცხვით კი არ დაიწერა, არამედ არსებობს იმაზე ბევრად უფრო ადრინდელ ხელნაწერებში, ვიდრე მათი აღსრულება მოხდა, და ამ ზედმიწევნით აღსრულებაში ნებისმიერს შეუძლია დარწმუნდეს.

კიდევ ერთი მაგალითი. ესაია წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებს: და ბაბილონი, მეფური დიდება, ქალდეველთა სიამაყე დაიქცევა ღმრთისაგან, ვითარცა სოდომი და გომორი. აღარ დასახლდება ხალხი მასში უკუნუთი უკუნისამდე: ,, ბაბილონი - სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას.ტურები მოჰყვებიან კივილს გაოხრებულ სასახლეებში და ველური ძაღლები აყმუვლდებიან მის საზეიმო დარბაზებში; მოაწევს მისი ჟამი და მისი დღეები აღარ გაგრძელდება” (ეს.13;19-22)

იერემია წინასწარმეტყველი გვამცნობს თავის გამოცხადებას ბაბილონის შესახებ: ,, წაიყვანა ისინი ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა და მიჰგვარა ისინი ბაბილონის მეფეს რიბლაში. ”(იერ.51;26)

ქრისტეშობამდე VI საუკუნეში ეს სიტყვები სრულიად წარმოუდგენლად მოეჩვენებოდათ თანამედროვეებს: ბაბილონი ხომ ათას ხუთასი წელი იდგა, ვითარდებოდა და ყვაოდა.

მაგრამ სწორედ ქ-მდე VI საუკუნეში ქალაქი დაიპყრო და ნაწილობრივ გაანადგურა სპარსეთის მეფე კიროსმა. ქ-მდე IV საუკუნეში ბაბილონს ალექსანდრე მაკედონელი დაეუფლა, რომელსაც დაცემის გზაზე დამდგარი ქალაქის აღორძინება ჰქონდა მიზნად. ალექსანდრემ როგორც კი გადაწყვიტა მთავარი წარმართული ტაძრისა აღდგენა და ბაბი;ლონის გადაქცევა თავისი სამეფოს დედაქალაქად, სულ მოკლე ხანში დაავადმყოფდა და გარდაიცვალა. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ნანგრევების დაშლაც კი ვერ მოასწრეს.

ესაია წინასწარმეტყველის წიგნის უძველესი სია – Qისა ქრისტემდე II საუკუნით თარიღდება, ხოლო უძველესი პაპირუსი, იერემია წინასწარმეტყველის ტექსტით – ქრისტემდე III საუკუნისაა. ამ დროს ბაბილონი ჯერ კიდევ დასახლებული ყოფილა. ქრისტეს აქეთ I საუკუნეში კი წინასაწარმეტყველება მთლიანად ახდება: 116 წელს იმპერატორ ტრაიანეს ბაბილონის ადგილზე მხოლოდ “ყორღანები და მის შესახებ ლეგენდები ხვდება”.

ალექსანდრე მაკედონელი არ გახლდათ ერთადერთი მმართვერლი, რომელიც წინასწარმეტყველების აღსრულებისთვის ხელის შეშლას შეეცადა. 1980-იანი წლების ბოლოს ერაყის ლიდერმა სადამ ჰუსეინმა ბრძანა მოემზადებინათ ბაბილონის აღორძინების პროექტი. მისი ჩანაფიქრით, სასტუმროებითა და გასართობი დაწესებულებებით სავსე ქალაქი ახლო აღმოსავლეთის ტურისტულ ცენტრად უნდა ქცეულიყო. სამუშაოები 2001 წელს დაიწყო და... იმავე წელს დასრულდა სამხედრო ოპერაციის “უდაბნოს ქარიშხალის” შედეგად. ღმრთის განგებულების ზედმიწევნით ზუსტად აღსრულებას ვხედავთ ამ შემთხვევაში ათასობით წლის განმავლობაში თანამედროვე ეპოქის ჩათვლით.

ბიბლიიდან კიდევ უამრავი, შემდგომში აღსრულებული წინასწარმეტყველების მოყვანა შეგვიძლია მაგალითებად.

იგივეს ვერ გავიმეორებთ მუჰამედის წინასწარმეტყველებებთან დაკავშირებით. ყურანში იგი პირდაპირ აცხადებს, რომ არ უწყის, “რა გველის მე და თქვენ” (46;8). ერთ-ერთ ჰადისში მუჰამედი ამტკიცებს, რომ “არავინ უწყის, რა იქნება ხვალ. რა იმალება ჯურღმულებში, ვინ რას მოიპოვებს მომავალში, რომელ მიწაზე მოკვდება და არავინ იცის, როდის მოვა წვიმა” (ბუხარი 1039). იგი თვითონვე ადასტურებს, რომ ვერ განჭვრეტს მომავალს, მაგრამ, მისდა საუბედუროდ, ეს ყველაფერი არ არის. მუსულმანური წყაროების მიხედვით, მუჰამედი წინასწარმეტყველებდა მომავალს, თუმცა ისინი არ ხდებოდა!

აი, მაგალითიც: “ერთხელ, სიცოცხლის ბოლოს, მოციქულმა ჩვენთან ერთად შეასრულა საღამოს ლოცვები, წამოდგა და თქვა: “გესმით თუ არა, რა ღამე დადგა დღეს? ჭეშმარიტად, ამ ღამიდან ასი წლის შემდეგ არცერთი სულიერი აღარ იქნება დედამიწაზე”. (ბუხარი 116). ამ სტრიქონების ნებისმიერი მკითხველი თვითონ არის მტკიცებულება მუჰამედის ცრუწინასწარმეტყველებისა, რადგან არათუ ასი, ათასხუთასი წლის შემდეგაც დედამიწა სავსეა სიცოცხლით.
კიდევ ჰადისი: ალაჰის მოციქულმა თქვა: „ მალე ევფრატი ოქროთი სავსე საგანძურს გახსნის,მაგრამ ისინი, ვინც ამ დროს იცხოვრებენ, ნურაფერს ნუ აიღებენ... და ევფრატი მათ ოქროს მთებს დაუდგამს.“ (ბუხარი 7119). 1500-წლის შემდეგაც, ეს „მალე“ არ დამდგარა.

ისევ ჰადისი: “წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს ის ერი, რომელიც მმართველად გახდის ქალს” (ბუხარი, 9.88.219). ინგლისელი ხალხი საკმაოს წარმატებულია ელისაბედ II-ის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის განმავლობაში, როგორც იქამდეც დედოფალ ვიქტორიას მმართველობის ჟამს იყო წარმატებული. შესაძლებელია ანალოგიური მაგალითების მოყვანა ისტორიიდან, მაგრამ ისინი ცნობილია განათლებული მკითხველისთვის.

როგორც ბიბლიიდან გვახსოვს, მოსეს კანონით, ერთი წინასწარმეტყველების აუსრულებლობაც საკმარისია არამარტო იმისთვის, რომ ადამიანი ცრუ წინასწარმეტყველად შეირაცხოს, არამედ სასტიკად დაისაჯოს კიდეც: ასეთი წინასწარმეტყველი მიეცით სიკვდილს:,,მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გაკადნიერდება და ჩემი სახელით დაიწყებს იმის გამოცხადებას, რაც მე არ მიბრძანებია გამოსაცხადებლად, ან რომელიც უცხო ღმერთების სახელით ალაპარაკდება, ეს წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს. ” (მეორე 18:20).


მაგრამ ეს არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, ღვთიური გამოცხადება გვთავაზობს მეორე, უნივერსალურ ხერხს განვსაზღვროთ—ჭეშმარიტია თუ ყალბი გამოცხადება, ასევე ისინი, ვისაც ეს ჩვენამდე მოაქვს.

აი ეს მეორე ბიბლიური კრიტერიუმი: ,, მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. ” (გალ.1:8)

სავსებით ლოგიკურია. რამდენადაც მუსულმანებმა უწყიან, რომ ქრისტიანებს აქვთ წმინდა წერილი – ბიბლია, ამდენად ბუნებრივია, მუჰამედის წინასწარმეტყველად აღიარებისთვის, მინიმუმ, საჭიროა, რომ მისი სწავლება წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ჭეშმარიტ ღვთიურ გამოცხადებასთან.

საინტერესოა, რომ თვით მუჰამედი სავსებით ეთანხმებოდა ამ კრიტერიუმს. ყურანში ნათქვამია, რომ იგი გამოგზავნილია “იმ ჭეშმარიტების დასამტკიცებლად, რაც მის გამოჩენამდე გაცხადდა, როგორც პირდაპირი გზა და ბედნიერების მაუწყებელი მორწმუნეთათვის” (ყურ.2.97). აქვე კონკრეტულადაა დაზუსტებული, თუ რას გულისხმობს იგი: “ჭეშმარიტად გამოგიგზავნა, რათა დაადასტუროს იმის ჭეშმარიტება რაც მის მოვლენამდე იყო. უადრეს კი მოგივლინა მან თორა და სახარება, რათა ადამიანებს მათით ეხელმძღვანელათ” (ყურ.3. 3-4). სხვა ადგილზე ნათქვამია, რომ იესოს მიერ ბოძებული “სახარება – სახელმძღვანელო და სინათლეა”, რომელიც ადასტურებს თორას ჭეშმარიტებას, რომელიც უფრო უადრეს გაუცხადდათ ადამიანებს როგორც სახელმძღვანელო და დამარწმუნებელი ღვთისმოშიშთათვის” (ყურ. 5;46)
და ბოლოს, ქრისტიანებისთვის პირდაპირ არის გაცხადებული: “დაე განსაჯონ სახარების მფლობელებმა ისე, რაც დაუშვა ალაჰმა” (ყურ.5.47)

სწორედ ასე ვიქცევით ჩვენც და არა იმიტომ, რომ ყურანს ვუსმენთ, არამედ იმიტომ, რომ ასე წერია ბიბლიაში და ამასვე გვკარნახობს საღი აზრი.

თვით მუსულმანებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ის, რაც მუჰამედმა შექმნა, თითქოს დასტურად ბიბლიისა, შეიცავს უამრავ არსებით და კარდინალურ წინააღმდეგობას სწორედ ბიბლიასთან, რაც ზემოთ უკვე ვაჩვენეთ.

ამრიგად, მუჰამედი ამ კრიტერიუმსაც ვერ აკმაყოფილებს.

ავტორი: იური მაქსიმოვი
http://faith.ge/index.php?newsid=406

Комментариев нет:

Отправить комментарий