ღმერთი

ღმერთი

вторник, 2 апреля 2013 г.

ფესახი ანუ ქართულად პასექი.

ფესახი ანუ ქართ. პასექი არის უდიდესი ებრაული და სამარიული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად ებრაული კალენდარის ნისანის თვის მე-15-ე დღიდან 21-ე (22-ე) დღის ჩათვლით. დღესასწაულის თარიღი თანამედროვე საერთაშორისო კალენდარით მოძრავია და მარტში ან აპრილში აღინიშნება. ფესახი არის ერთ-ერთი სამი პილიგრიმული დღესასწაულიდან. იგი ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან, პირველშობილ ყრმების გადარჩენას (რასაც წინ უძღვოდა ღვთის რისხვა ეგვიპტელთა მიმართ) და ანტიკური ევიპტიდან ებრაელთა გამოსვლას. საუფლო დღესასწაულზე (ისრაელში შვიდ და ისრაელის გარეთ რვა დღის მანძილზე) ებრაელები იცავენ მარხვას უფუარი პურის კვერით.
ძველი აღთქმის წიგნი გამოსვლა მოგვითხრობს, ეგვიპტეში საშინლად იჩაგრებოდა ებრაელი ხალხი. უფალმა მათ განსათავისუფლებლად მრავალი ნიშანი და ათი სენი მოუვლინა ეგვიპტეს. მაგრამ ფარაონს გული გასასტიკებული ჰქონდა. მაშინ უფალმა ეგვიპტელებს მოუვლინა ღვთის რისხვა - პირველშობილთა მოკვდინება. ებრაელები გაფრთხილებულები იყვნენ, სახლის შესასვლელ კარზე ნიშანი დაედოთ ბატკნის სისხლით. ამ ნიშნის მქონე კარს სიკვდილის ანგელოზი გვერდ აარიდებდა და სენი მათ არ შეეხებოდა.ასეთი განსასჯელისაგან თავზარდაცემულმა ფარაონმა ებრაელებს ნება დართო ეგვიპტიდან წასულიყვნენ. განთავისუფლებული ებრაელები ისე ჩქარობდნენ, რომ პურის აფუებას აღარ დაელოდნენ, უფუარი ცომისაგან ხმიადი კვერები დააცხეს და საგზლად წაიღეს. ამიტომ ფესახის დღეებში, როდესაც იხსენიებენ პირველშობილ ყრმათა ხსნას, მონობისაგან განთავისუფლებასა და ეგვიპტიდან გამოსვლას, არ ჭამენ აფუებულ პურს. ამის გამო დღესასწაულს მეორენაირად "უფუარობის დღესასწაულს" უწოდებენ (חַג הַמַּצּוֹת - ჰაგ ჰა’მაცოთ)ამ დღესასწაულის უშუალო სიმბოლო და აუცილებელი ატრიბუტია უფუარი პურის კვერი - ხმიადი, რომელსაც მაცა ეწოდება.
ფესახი ანუ პასექი , ისევე როგორც შავოუთი და სუკოთი მიეკუთვნება სამ პილიგრიმულ დღესასწაულს (შალოშ რეგალიმ), როდესაც ისტორიული ტრადიციის თანახმად,მორწმუნეები ლოცვით მსვლელობას აწყობენ და მოილოცავენ იერუსალიმის ტაძარს. ანალოგიურ მომლოცველთა მსვლელობას აწყობენ სამარიტელები იმ განსხვავებით, რომ ამ მსახურებაში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობენ და მოილოცავენ გერიზიმის მთას.
დრო.
ძველი აღთქმის თანახმად, ფესახი აღინიშნება ებრაული კალენდრის მიხედვით ნისანის თვის 15 რიცხვში, სავსემთვარეობისას. ამისი შესაბამისი სამარიტიელებისა და კარაიტებისათვის არის აბიბის თვის 15 რიცხვი. ეს გაზაფხულის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიაობის შემდეგ დგება. ძველი ებრაული ტრადიციით ნისანის თვის დადგომის ნიშანი იყო ქერის მომწიფება. თუ ქერი არ დამწიფდა, მაშინ ნაკიანი თვე ადარის მეორე თვე უნდა დაემატოს კალენდარს. ბოლო 12 საუკუნის მანძილზე კალენდარი მათემატიკურად გამოითვლება.

ფესახის ანუ პასექის დღესასწაულის პირველი და მეშვიდე დღე უქმეა, იკითხება ლოცვები, მზადდება სადღესასწაულო კერძები. შუალედ დღეებს ეწოდებათ ”ხოლ ჰამოედ” (ებრ. חול המועד). დიასპორა 8 დღის განმავლობაში ზეიმობს. ერთი დღის დამატება მოხდა იმ მიზეზით, რომ შორს მცხოვრებ ებრაელს საკმარისი დრო ჰქონოდა იერუსალიმის ტაძარში წასასვლელად.

კარაიტები და სამარიტიელები ებრაული კალენდრისაგან განსხვავებულ კალენდარს იყეებენ და მათი პასექის თარიღი ოდნავ განსხვავებულია. მაგალითად, 2009 წელს ებრაული კალენდარის ნისანის თვის 15 რიცხვი შეესაბამება 9 აპრილს, ხოლო სამარიტიული და კარაიტული აბიბის თვის 15 შეესაბამება 11 აპრილს. კარაიტები და სამარიტიელები პასექის შვიდ დღეს ერთნაირად აღნიშნავენ და მთელი დღესასწაულის განმავლობაში მიირთმევენ აუფუებულ პურს.

ადათ-წესი.

პასექის ანუ ფესახის დღესასწაული უფლის მიერ დადგენილი წესით აღინნიშნება, რომელიც აღწერილია ხუთწიგნეულში. ნისანის 10-ში ბატკანი ან კრავი უნდა საგანგებოდ უნდა გადაირჩეს, 14-ში უნდა დაიკლას, შეიწვას და უნდა მიირთვან 15-ში საღამოს. ამასთან მომზადებული უნდა იყოს უფუარი ხმიადები - მაცა და მწარე მწვანილი - მარორი. გამთენიისას საჭმლის ნარჩენები უნდა დაიწვას. ეს არის მსხვერპლშეწირვა.

პასექის რიტუალი ბიბლიის გარდა აღწერილია ძვ.წ.ა. V საუკუნის ეგვიპტურ პაპირუსებზე ე.წ. არამეულ პაპირუსებში; ჰეროდეს პერიოდის ფლავიუსის და ფილონის ხელნაწერებში.

სახელწოდება .
ფესახი ანუ პასექი პირველად ნახსენებია ძველი აღთქმის ხუთწიგნეულში, გამოსვლაში. სიტყვის მნიშვნელობაზე რამდენიმე განმარტება არსებობს.
ყველაზე გავრცელებული მოსაზრების თანახმად ფესახ ნიშნავს გვერდის არიდებას და ხაზს უსვამს ფაქტს,რომ სიკვდილის ანგელოზმა გვერდი აარიდა ებრაელთა სახლებს და ღვთის რისხვა მათ არ შეეხოთ. ეს განმარტება მოცემულია ძველბერძნულ სეპტუაგინტაში.

ამავე მოსაზრებას ეყრდნობა პასექის ინგლისური სახელწოდება პასოვერ ინგ. passover (passed over). ეს ტერმნი პირველად გამოყენებულია ბიბლიის უილიამ ტინდალისეულ თარგმანსა და ინგლისის მეფის ჯეიმზ I სტიუარტის ვერსიაში.
მეორე მოსაზრებით, ფესახ განიმარტება როგორც ფრთებით დაგიფარავ და ამ ზმნის მსგავსებას ზმნასთან, რომელიც გამოყენებულია ესაიას წინასწარმეტყველების 31:5 ფრაზაში .
მესამე მოსაზრებით, ფესახ აღნიშნავს ბატკანს, კრავს. აქედან მომდინაერობს ფრაზა კორბან ფსახ (ივრითი: "ზვარაკი" קרבן), რაც ქართულად საზვარაკე კრავს ნიშნავს. 10 ნისანს შეირჩევა საზვარაკე კრავი, 14-15 ნისანის საღამოებს შორის პერიოდში დაიკვლება, შეიწვება და 15 ნისანს დაისის შემდეგ ფესახის წეს-განრიგის მიხედვით მიირთმევა. საზვარაკე კრავი - კორბან ფსახ, უფუარი პურის ხმიადი - მაცა და მწარე მწვანილი - მარორ სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი და პირდაპირი სიმბოლოებია.

ფესახის წეს-განრიგით საზვარაკე კრავი უნდა მიეტანათ კარავში, მოგვიანებით კი იერუსალიმის ტაძარში. საზვარაკე კრავი მოიხსენიება 14 ნისანის დილის ლოცვისა და ღვთისმსახურების დროს. ვინაიდან ფესახის კრავი წმინდა შესაწირია, მისი კერძით არ შეიძლება გაუმასპინძლდნენ იუდაიზმის უმეცარ და უწმინდურ ადამიანებს, განდგომილებს, მსახურებსა და წინადაუცვეთელებს.

კავშირი ახალ აღთქმასთან .
ფესახის ანუ პასექის დღესასწაულზე იესო ქრისტე გაემართა იერუსალიმში, ისე როგორც უფლის მერ დადგენილი წესი მოითხოვდა. იერუსალიმელები მას პალმის რტოებით მიეგებენ. დღესასწაულის დღეებში აღსრულდა წინასწარმეტყველება, ძე ღვთისა გასცეს, შეიპყრეს, განსაჯეს, ჯვარს აცვეს, ხოლო სამი დღის შემდეგ იგი მკვდრეთით აღედგინა. ბზობა, ვნების კვირა და ბრწყინვალე ქრისტიანული დღესასწაული აღდგომა კალენდარულად დაკავშირებულია ფესახის დღესასწაულთან. მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება აღდგომას აღნიშნავს ფესახის დღესასწაულის შემდეგ. სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი შემადგენელია აფუებული ნამცხვარი ”სააღდგომო პასქა”. სააღდგომოდ შეწირული კრავი სიმბოლოა იმ მსხვერპლისა, რაც გაიღო იესო ქრისტემ.

Комментариев нет:

Отправить комментарий