ღმერთი

ღმერთი

суббота, 19 апреля 2014 г.

ვინ იყვნენ ღვთისშვილები (დაბ. 6:1-2)?

ავტორი: პაველ ბეგიჩევი

ნებისმიერ ქრისტეანულ კონფერენციაზე, თუ პროგრამაში არის პუნქტი "კითხვები და პასუხები", აუცილებლად ისმის კითხვა: "რა მოვლენაა აღწერილი დაბადების წიგნის 6-ე თავის 1-2 მუხლებში?".

ამრიგად, ჩვენი ტექსტი წარმოადგენს აბზაცის ნაწილს:



"როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი. დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა. ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა. თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე" (დაბ. 6:1-7).

აქ ჩვენ გვაინტერესებს პირველი და მეორე მუხლები. თანაც იმთავითვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სინოდალური თარგმანის უზუსტობა. საქმე იმაშია, რომ მეორე მუხლის ებრაული ტექსტი (ისევე როგორც სეპტუაგინტის ბერძნული ტექსტი) პოლიგამიურ ურთიერთობებზე მიანიშნებს. "... მათ მოჰყავდათ ცოლად ყოველთაგან, ვისაც ირჩევდნენ" (ძველქართული თარგმანი საპატრიარქოს თანამედროვე და ასევე რუსულ-სინოდალური თარგმანისგან განსხვავდება და უფრო მეტ სიზუსტეს ინარჩუნებს. ძველქართულში წერია: "მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს" (დაბ. 6:2). ეს შენიშვნა, როგორც შემდეგ ვნახავთ, განმარტების პროცესში ძალზედ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს.


საკითხის ფორმულირება

ვფიქრობ არასაკმარისი იქნება ვიკითხოთ: "ვინ არიან ღვთისშვილები?" საჭიროა იმაზეც ვიმსჯელოთ, ვინ არიან კაცთა ასულები. ასევე შევეცადოთ განვმარტოთ, ღვთისშვილების ამ მოქმედებამ რატომ გამოიწვია კაცობრიობის დაღუპვა წარღვნის წყლებით.
ჩვენ თავს უფლებას მივცემთ არ შევეხოთ საკითხს: "ვინ არიან 4-ე მუხლის ბუმბერაზები?" რადგან ეს ცალკე გამოკვლევის თემაა. ჩვენ მხოლოდ იმ საკითხებზე შევჩერდებით, რომლებიც ზემოთი იყო ფორმულირებული.


შესაძლო განმარტებანი

1. ღვთისშვილები - არიან დაცემული ანგელოზები]

ასეთ შემთხვევაში კაცთა ასულები - უბრალოდ მიწიერი გოგონები და ქალები უნდა იყვნენ. ამგვარი შეხედულება მომდინარეობს ენოქის აპოკრიფული წიგნიდან, რომელსაც თავის დროზე მხარს უჭერდა ფილონ ალექსანდრიელი. ის ეფუძნება იმ ფაქტს, რომ წმიდა წერილში ანგელოზებს ღვთისშვილებიც ეწოდებათ (იობი. 1:6; 2:1; 38:7; ფსალმ. 88:7).

გარდა ამისა, ადრინდელი ეკლესია განმარტების ამ იუდაური ტრადიციის ზეგავლენით საკმაოდ აქტიურად იცავდა ამ თვალსაზრისს. ა. ლოპუხინის მოწმობით, ამ თვალსაზრისს იზიარებდნენ ისეთი ქრისტეანი მწერლები და აპოლოგეტები, როგორებიც იყვნენ ათინაგორე, ტერტულიანი, ასევე წმიდა მამები: წმმ. იუსტინე ფილოსოფოსი, ირინეოსი, კლიმენტ ალექსანდრიელი, ამბროსი მედიოლანელი და სხვები.

მაგრამ სხვა კომენტატორები არ ეთანხმებოდნენ ამგვარ თვალსაზრისს. უნდა ითქვას, რომ ჩვეულებრივ თავშეკავებული წმ. იოანე ოქროპირი საკმაოდ მკვეთრად წერს ამ თვალსაზრისის წინააღმდეგ: "საჭიროა ამ ადგილის დეტალურად გამოკვლევა და იმათი ფუჭმეტყველების უარყოფა, რომლებიც ყველაფერზე დაუფიქრებლად ლაპარაკობენ. უპირველეს ყოვლისა, ნაჩვენებ უნდა იქნას, რომ ამ ადამიანთა ნალაპარაკევი უაზროა, და შემდეგ თქვენს სიყვარულს უნდა განემარტოს წმიდა წერილის ნამდვილი აზრი, რათა სულით მარტივნი არ უსმენდნენ მათ, ვინც გმობენ წერილს და რისხვას იწვევენ საკუთარ თავზე. ისინი ამბობენ, თითქოსდა ეს ნათქვამი იყო არა ადამიანებზე, არამედ ანგელოზებზე, რომ სწორედ მათ უწოდა წმიდა წერილმა ღვთისშვილები".

ამ შეხედულებასთან დაკავშირებით არსებობს ორი პრობლემა:

ჯერ-ერთი, წმიდა წერილი არსად ამბობს, რომ ანგელოზებს შეუძლიათ ინტიმური კავშირები დაამყარონ ადამიანებთან. პირიქით, როგორც ჩანს, იესუ მიანიშნებს ამგვარი ურთიერთობის პრინციპულ შეუძლებლობაზე, როცა ამბობს: "ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში" (მათე 22:30). იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ ანგელოზები ღებულობენ ადამიანთა სახეს (მაგალითად, როგორც ეს იყო აბრაამის შემთხვევაში, რომელსაც ანგელოზები ესტუმრნენ და საკმაოდ დამაჯერებელი ადამიანური გარეგნობა გააჩნდათ: მათ ფეხები დაუბანეს და საჭმელიც აჭამეს), მათი სხეულების ბუნებას შეუძლებელია ხორციელი ვუწოდოთ ("სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები" ლუკა 24:39). შედეგად, მათი სხეულები მხოლოდ მოჩვენებითად იყო ასეთი. მაშინ იბადება მრავალი შეკითხვა ანგელოზებთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა ანგელოზებს ჰქონდეთ უნარი გამოიმუშაონ სპერმატოზოიდები ჩასახვისთვის, და მთავარი: ბავშვების ბუნებაზე, რომლებიც ამგვარი კავშირებისგან იბადებიან. ასეთ ნახევრად ანგელოზურ და ნახევრად ადამიანურ არსებებზე ბიბლია არაფერს გვამცნობს.
ამ პრობლემას ნაწილობრივ განმარტავს ის შეხედულება, რომლის თანახმადაც დაცემული ანგელოზები სახლდებოდნენ მამაკაცებში. ისინი შეპყრობილები ხდებოდნენ და მრავალ ცოლებს ირთავდნენ.

მაგრამ, მეორეც, ასეთი განმარტების შემთხვევაში სრულიად გაუგებარი გახდება, რატომ დაისაჯნენ წარღვნით ადამიანები დაცემული ანგელოზების ცოდვების გამო, რომლებიც კაცთა ულამაზეს ასულებზე ძალდატანებით ქორწინდებოდნენ?

დაბადების 6-ე თავი ანგელოზთა გასამართლებაზე არაფერს იუწყება. ამ ფაქტის ყველაზე უბრალო განმარტება შეიძლება იყოს მხოლოდ ის ვარაუდი, რომლის მიხედვითაც ამ სიტუაციაში მოქმედებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები. და ჩვენი აზრითაც, ეს საკმაოდ სერიოზული შეხედულებაა, რათა დავეჭვდეთ მოცემული განმარტების სამართლიანობაში.

მიუხედავად მსგავსი კრიტიკისა, ამ თვალსაზრისს მისდევენ თანამედროვე მორწმუნეებიც.


2. ღვთის შვილები - არიან სეთის შთამომავლები

ამ შეხედულების თანახმად, სეთის (შეთის) ღვთისმოსავი მოდგმის შთამომავლები დაუნათესავდნენ კაენის მოდგმის "ურწმუნო" და ბილწ დედაკაცებს. ამან გამოიწვია სწორედ ღმრთის რისხვაც.

ღმერთთან კავშირში მყოფი ადამიანები, წმიდა წერილში მართლაც იწოდებიან ღვთისშვილებად. მაგალითად, მეორე სჯულის 14:1; ფსალმ. 72:15.

ამ თვალსაზრისს იზიარებს წმიდა წერილის ძველ და თანამედროვე ეგზეგეტთა დიდი უმრავლესობა: იოანე ოქროპირი, ეფრემ ასურელი, ნეტარი თეოდორიტე, კირილე იერუსალიმელი, იერონიმე, ავგუსტინე... და კიდევ მრავალი სხვა.

ამ თვალსაზრისს უფრო მეტი საფუძველი გააჩნია. მაგრამ, მისი ნაკლი მდგომარეობს იმაში, რომ ადრინდელი, ქრისტეანობამდელი იუდაური განმარტებები, მას არ იცნობდნენ.


3. ღვთის შვილები არიან ერის თავადები და მეთაურები

ასეთი განმარტება ეფუძნება იმას, რომ ღვთის შვილებად წმიდა წერილში ხშირად არა უბრალოდ ადამიანები, არამედ სწორედ მეთაურები და ერის თავადები იწოდებიან: "მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი. მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები, და დაეცემით, როგორც თითოეული მთავართაგანი" (ფსალმ. 81:6-7).

ხეთელები აბრაამს "ღმრთის თავადს" უწოდებდნენ: "მოგვისმინე, ბატონო. ღვთიანი მთავარი ხარ ჩვენს შორის" (დაბ. 23:6) და აშკარად ღმერთთან მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას უსვამდნენ ხაზს.

სხვათა შორის, ამ თვალსაზრისს იზიარებდნენ ქრისტეანობამდელი იუდეველი ეგზეგეტებიც. ა ლოპუხინი წერს: "იუდეველი რაბინები, რომლებიც ფუძის (ღმერთი) ფილოლოგიურ მნიშვნელობას ეყრდნობოდნენ, ამ სიტყვებში ხედავდნენ მითითებას დიდებულთა და თავადთა, და საერთოდ, უმაღლეს და წარჩინებულ ადამიანთა შვილებზე, რომლებიც საზოგადოების დაბალი ფენების წარმომადგენლებზე ქორწინდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ტერმინი "ღვთისშვილები" არაბულ ტექსტში გადათარგმნილია, როგორც filii illustrium, ონკელოსის თარგუმში filii principium, ხოლო სიმახოსთან - υιοι των δοναστευοντων.

ბიბლიის კომენტატორი ალენ პ. როსსი, რომელიც ამავე თვალსაზრისს მისდევს, წერს: "ასეა თუ ისე, "ღვთისშვილები" აქ წარმოდგენილია, როგორც მედიდურ არსებათა ძლიერი ჯგუფი, რომლებიც შეპყრობილნი არიან საკუთარი მოდგმის უპირატესობით და ამ მიზნით თავისუფლად ირჩევენ ლამაზ ქალებს მდაბიოთა შორის. ლაპარაკი შეიძლება იყოს მხოლოდ ძლიერ მმართველებზე, რომლებიც მათზე დაცემულ ანგელოზთა ძალაუფლებას აღიარებდნენ".

ასეა თუ ისე, ეს თვალსაზრისი აჩვენებს, რომ ადამიანთა გარყვნის პროცესმა თავის აპოგეას მიაღწია. მონოგამიურმა ქორწინებამ, რომელიც ღმერთმა დააწესა, ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანთა საზოგადოებაში დაკარგა თავისი მიმზიდველობა. პოლიგამია საშინელი სისწრაფით გავრცელდა. დაბადების 4-ე თავში უკვე ვკითხულობთ კაენის მოდგმის ამგვარ გამოცდილებაზე: "მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს - ცილა" (დაბ. 4:19).

დედამიწის მოსახლეობა თანდათანობით მრავლდებოდა. ერებში გაჩდნენ ლიდერები, რომლებიც ადამიანების მართვას ცდილობდნენ და საკუთარ თავს საღმრთო ფუნქციებს აკისრებდნენ. თანაც ისინი თავიანთ საქციელს და ძალაუფლებაზე პრეტენზიას ამართლებდნენ ღმერთთან განსაკუთრებული კავშირით, და ამ მიზნით საკუთარ თავს ღვთის შვილებს უწოდებდნენ.

მაგრამ ცოდვა არა მარტო უბრალო ხალხში გავრცელდა, არამედ ძველ თავადთა და მეთაურთა შორისაც. ის ადამიანებიც კი, რომლებსაც საზოგადოება თავის ლიდერებად მიიჩნევდა, გაირყვნა, აუმხედრდა ღმერთს და კაცობრიობას ღმრთის რისხვა დაატეხა.


საკითხის გადაწყვეტა

მართალია, მეორე თვალსაზრისს მეტი მიმდევარი ჰყავს და ჩვენც უფრო ლოგიკურად გვეჩვენბა, მაინც მესამე თვალსაზრისისკენ ვიხრებით. ჩვენი არჩევანი განპირობებულია შემდეგი ეგზეგეტური პრინციპებით.


გრამატიკული და ლექსიკური ანალიზის პრინციპი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრაზის კონსტრუქცია ივრითზე შესაძლებლობას გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნა, რომ პრობლემის საფუძველი, რომელიც დაბადების წიგნის 6-ე თავშია აღწერილი, პოლიგამია და მმართველთა სისასტიკეა.

"... მათ მოჰყავდათ ცოლად ყოველთაგან, ვისაც ირჩევდნენ". ეს ფრაზა მოწმობს იმაზე, რომ ისინი რამოდენიმე ქალზე ქორწინდებოდნენ და ღმრთის აშკარა განკარგულებას უარყოფდნენ: "მიეკრობა კაცი თავის ცოლს (მხ. რიცხვი)".

გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ისინი თავიანთ ცოლებს "ირჩევდნენ" თვით დედაკაცთა ნებისგან დამოუკიდებლად, შესაძლოა მათი მშობლებისა და თვით ქმრებისგან დამოუკიდებლადაც. სწორედ ამიტომაც, შემთხვევითი არ არის, რომ ამგვარი კავშირით დაბადებულებს ბიბლია აღნიშნავს ტერმინით "ნეფილიმ" (ბუმბერაზნი). ეს სიტყვა წარმოსდგება ზმნისგან נפל - დაცემული ან თავდასხმა, და მიანიშნებს დაცემულ, სასტიკ ადამიანებზე, რომლებიც მიდრეკილნი არიან ძალადობისა და თავდასხმისკენ.

სხვათა შორის, ჩანს, რომ ადამიანები, რომელთაც "ნეფილიმებს" უწოდებდნენ დაბადების 6-ე თავში აღწერილ მოვლენებამდეც არსებობდნენ. ამაზე მიანიშნებს სინოდალური ტექსტის 4 მუხლის სიტყვა "განსაკუთრებით", ბუკვალურად "მას მერეც".

"ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი" (დაბ. 6:4) (ძვ. ქართ.: "და გმირნი იყვნენ ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისსა ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თჳსთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი". რუსულ-სინოდალურ თარგმანში არის სიტყვაც: "განსაკუთრებულად იმ დროიდან": "В то время были на земле исполины, особенно же с того времени, как сыны Божии стали входить к дочерям человеческим… (Быт.6:4)); ანუ, ნეფილიმები არსებობდნენ ადრეც, ხოლო იმის შემდეგ, რაც გაირყვნენ მეფეები და მეთაურები, ამგვარი ადამიანები უფრო მეტნი გახდნენ.

4-ე მუხლი ნეფილიმებს ძლიერ და ოდითგანვე სახელოვან ხალხს უწოდებს. ებრაული גִּבּוֹר (გიბორ) - ძლიერ, მამაცი - ხშირად განეკუთვნება განსაკუთრებულ მეომრებს, რომლებმაც არც შიში იციან და არც მოწყალება მტრის მიმართ. ამ სიტყვით გამოიხატება ღმრთის ერთი თვისება, რომელიც ღმრთის სახელის ნაწილს წარმოადგენს, კერძოდ - ელ-გიბორ. ხოლო სიტყვა "სახელოვანი", ბუკვალურად "კაცნი სახელოვანნი", ანუ ისეთნი, რომლებიც სახელგანთქმულნი არიან ამ სამეფო ნაშიერთა განსაკუთრებულ წარმომავლობაზე მიანიშნებს.

მიწიერი მეუფენი (ძველად ამგვარი წოდება შეიძლებოდა მიეღო მხოლოდ ყველაზე ძლიერ, მამაც და სასტიკ ადამიანს, რადგან ხელმწიფებას უმეტესწილად ძალადობით მოიპოვებდნენ) ძალით ისაკუთრებდნენ ყველაზე საუკეთესო და ლამაზ ქალებს. ამგვარი ქორწინებისგან მაღალი, ძლიერი, ლამაზი, მაგრამ კიდევ უფრო სასტიკი მამაკაცები იბადებოდნენ.

ამგვარ დასკვნამდე მივყვართ იმ სიტყვების ანალიზს, რომელიც ტექსტშია გამოყენებული. ლაპარაკი რომ იყოს მართალთა შერევაზე უკეთურ ქალებთან (სეფიტების შერევაზე კაინიტებთან), მაშინ ჩვენ ტექსტში დავინახავდით მინიშნებას ღვთისმოსაობის თანდათანობით ჩაცხრობაზე. რამეთუ მართალი მამა, რომელიც შესაძლოა არც თუ წარმატებულად დაქორწინდა, მაინც ინარჩუნებს თავის კეთილ ზეგავლენას შვილებზე. სიკეთის საწყისების გამოდევნა რამოდენიმე თაობის შეცვლას ითხოვს.

აქ კი ვხედავთ, ბოროტება, ძალადობა და გარყვნილება თაობიდან თაობაში როგორი გეომეტრიული პროგრესიით მატულობს.

ამაში გვარწმუნებს შემდეგ პრინციპიც:


ლიტერატურული კონტექსტისა და საავტორო ჩანაფიქრის პრინციპი

დასანანია, რომ აქ ხაზგასმული არ არის ამგვარი ქორწინებებისგან გაჩენილი შთამომავლობის სიდიადის იდეა. ბუმბერაზები - ძლიერები არიან. თავადებიც - ძლიერნი. ასულებს ძალადობით იპყრობდნენ. ადამიანები მრავლდებოდნენ, ძლიერდებოდნენ და ამპარტავანდებოდნენ. მათ უკვე ღმერთებად მოჰქონდათ თავი. ისინი დარწმუნდნენ, რომ თვითონვე არიან უფლებამოსილნი დაამყარონ მორალური ნორმები და უგულებელჰყონ ჭეშმარიტი ღმერთის დაწესება ქორწინების შესახებ (უნდა ითქვას, რომ დღესაც იგივე პროცესი მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში - რედ.).

როგორც ჩანს, მოსეს ამოძრავებდა არა იმის ჩვენება როგორც აირივნენ მართალნი უკეთურებტან, სეფიტებისა და კაენიტების "შერეული" ქორწინება კი არ აღელვებდა მას (თვითონ მოსეს ცოლად ჰყავდა ეთიოპიელი, თუმცა მორწმუნე). მოსე ცდილობდა ეჩვენებინა, როგორ მიისწრაფვოდა ცოდვილი კაცობრიობა დაეკავებინა ღმრთის ადგილი და განდიდებულიყო. არ არის შემთხვევითი, რომ ისტორია შემდეგ ისევ განმეორდა, როდესაც გმირი-მონადირე და მეომარი ნიმროდი ბაბილონის გოდოლის მშენებლობის სულისჩამდგმელი გახდება.

ავტორის ჩანაფიქრი აქ აშკარად შორსაა მოხუცებულთა წუწუნისგან: აი, ხედავთ, როგორ გაირყვნა ახალგაზრდობა, მსოფლიო თანდათანობით ინგრევა, უკვე "მონტეკები კაპულეტებს" დაუნათესავდნენ (მონტეკები და კაპულეტები - ორი ერთმანეთს გადამტერებული გვარი შექსპირის "რომეო და ჯულიეტადან". აქ გამოყენებულია განზოგადოებული თვალსაზრისით - რედ.).

აქ დაძაბულობა არ ქრება, პირიქით მატულობს. ავტორი გადმოგვცემს ცოდვის ლავისებური მატების შეგრძნებას; სიმართლის ცოდვასთან შერევას კი არა, ცოდვის გავრცელებას მდაბიოთაგან მოყოლებული საზოგადოების უმაღლესი ფენებით დამთავრებული. თაობიდან თაობამდე კი არ კლებულობდა სიმართლე, არამედ ვრცელდებოდა და მრავლდებოდა ცოდვა, იძულება, ამბოხი ღმრთის წინააღმდეგ. ღმრთის სული უგულებელყოფილ იქნა, მიწა გმინავდა ძალადობის გამო, მეფის შვილები მედიდურობდნენ და ამრავლებდნენ მამათა ცოდვებს. და აი, სწორედ ამ ცოდვითი მოქმედებებისა და აზრების აღსაკვეთად აღიმართა ღმრთის სამსჯავრო: ქვეყნიერებას მსოფლიო წარღვნა მოევლინა.


ისტორიული კონტექსტის კვლევის პრინციპი

ალენ პ. როსსი ასე განმარტავს ამ ისტორიულ კონტექსტს: "აღსანიშნავია, რომ უგარიტულ (ისევე როგორც სხვა ერების) ლიტერატურაში მეფეებს აღწერენ, როგორც ღმერთებს ან ნახევრადღმერთებს. არ არის გასაკვირი, რომ წარმართები ეთაყვანებოდნენ მათ. მრავალი მითი დიდ მმართველებს და გმირებს ღმერთების შვილებად მიიჩნევს. უგარიტული ლიტერატურის ძეგლებში "ღმრთის შვილი" განეკუთვნება როგორც ზეციური პანეთეონის შემადგენლობას, აასევე მიწიერ მეფეებსაც. ასე მაგალითად, ერთ-ერთ ლეგენდაში გადმოცემული ამბავი იმის შესახებ, როგორ შეაცდინა ზეციური პანთეონის ღმერთმა ("ელ") ორი მიწიერი დედაკაცი. ღმერთ ელ-თან მათი კავშირისგან გაჩნდნენ "ალიონი" და "დაისი"; ეს ორი ქალღმერთი, როგორც ჩანს, შეესაბამებიან აფროდიტეს ღმერთების ბერძნული პანთეონიდან. ასე, რომ წარმართების წარმოდგენით ღმერთები "ქვეყანაზე ჩნდებოდნენ" ღმერთებისა და ადამიანების სქესობრივი აღრევით. ნებისმიერი მითოლოგიური პერსონაჟი, რომელიც ზეკაცობრივი უნარებითაა დაჯილდოვებული, მაგალითად, ბუმბერაზული სიმაღლის ადამიანი, წარმართს "ღმრთის შვილად" შეიძლებოდა მოსჩვენებოდა.

დაბადების 6:1-4 მუხლები პოლემიკურ ელემენტსაც შეიცავენ. პოლემიკა მიმართულია წარმართული რწმენისკენ იმისა, რომ ბუმბერაზები და ძლიერი ადამიანები, ძველთგანვე იწოდებოდნენ გმირებად (იხ. 4-ე მუხლის დასასრული), - იყვნენ ღვთაებრივი წარმოშობის და ფიქრობდნენ, რომ უკვდავებისთვის უზნეობის ფასად უნდა მიეღწიათ".

ამგვარად, მოსეს პირველ მკითხველებს ეს ტექსტი ესმოდათ თავიანთთვის ჩვეულ წარმართულ დისკურსში. ისინი ხომ საკმაოდ დიდი ხანი ცხოვრობდნენ ეგვიპტეში, სადაც არაერთხელ მოესმინათ ამბავი იმის შესახებ, რომ ფარაონი - ღმერთ რა-ს ძეა, რომ მიწიერი მმართველები - ღმრთის შვილები ან ღმერთები არიან. ბოლოს და ბოლოს, გამოთქმა "ღმრთის შვილი" იმ დროს მმართველის ზედმეტსახელი იყო. მაგალითად, ეგვიპტეში სახელი "რა" ნებისმიერი ფარაონის სახელში ფიგურირებდა, ხოლო კერძო სახელს უეჭველად ემატებოდა "რას ძე".


წმიდა წერილის სიცხადის პრინციპი

მოდი შევეცადოთ ტექსტს შევხედოთ ხუთწიგნეულის პირველი მკითხველის თვალით. მათ ჯერ კიდევ არა აქვთ ნათელი წარმოდგენა და მკაფიოდ ფორმულირებული ანგელოლოგია, რათა სახელწოდებაში"ღვთისშვილები" ანგელოზები დაინახონ. როგორც ჩანს, ფრაზა "ღვთისშვილები" ანტონომასიის (ძვ. ბერძნ. ἀντονομασία - გადარქმევა - რედ.) ან პრონომინაციის (რიტორიკული ფიგურა, რომელშიც პიროვნების სახელად გამოყენებულია ვითარება, რომელიც პიროვნებას ახასიათებს, მაგალითად, "მეფე განმათავისუფლებელი" ალექსანდრე II-ის ნაცვლად და ა. შ.) მაგალითს წარმოადგენს; ანუ ეს არის ლიტერატურული ხერხი, რომელიც წოდებას ან სახელს ცვლის საგნის რომელიმე არსებითი თავისებურებით.

ღვთისშვილებად მაშინ იწოდებოდნენ მმართველები ისევე, როგორც დღეს ეჭვიან ადამიანს "ოტელოს", ხოლო ექიმს "ესკულაპეს" ვუწოდებთ. ან, როდესაც ვიხსენებთ გადაცემა "აშკარა დაუჯერებელს" (Очевидное невероятное), მის წამყვანს "პარადოქსების მეგობარი" ვუწოდოთ და ასე შემდეგ.

ამგვარი გაგება ყველაზე მეტად შეეფერება მოსეს ხუთწიგნეულის პირველ მკითხველთა მენტალიტეტს, შედეგად, ამგვარი აღქმა უმეტესი უპირატესობით უნდა სარგებლობდეს.


დასკვნა

ეს ტექსტი გახდა ქრისტეს წინასწარმეტყველური გაფრთხილების საფუძველი: "... ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც" (მათე 24:38-39). უფალს სურდა თვალსაჩინო მაგალითით შეეგონებინა მომავლის "ბუმბერაზები", იქნებიან ესენი "შოუ-ბიზნესის "ვარსკვლავები", რქებდადგმულ ქმრებზე გამარჯვებულები, ჰარემთა მეფეები თუ სახელოვანი მაჩოები...", რომ მათი აღსასრულიც ისეთივე იქნება, როგორც წარღვნამდელი ბუმბერაზებისა. უფალი თითქოსდა ასე ეუბნება მათ: "თქვენ შეგიძლიათ მაღალი თანამდებოები და წოდებები მოიპოვოთ და "ღმრთისშვილებადაც" კი იწოდოთ (ან კიდევ ღმრთის მათრახებად, იარაღებად, თითებად და ა. შ. მოქმედებიდან და ვითარებიდან გამომდინარე), მაგრამ ერთი რამ გახსოვდეთ - თქვენ არ ხართ ღმერთები!

როგორი სახელოვანნი, მაღლები, ძლიერები, ლამაზები და მაცთურები გინდა იყოთ ქალებისთვის - ადრე თუ გვიან მაინც მოკვდებით, თანაც ისე, რომ ვერასოდეს დაამარცხებთ უზენაესს. ცოდვა კი ყოველთვის დაისჯება. ღმრთის სამსჯავრო გარდაუვალია!

ამიტომაც, როგორც ნოეს დროს ისე, დღესაც საჭიროა ჭამა, სმა, ქორწინება (ერთ დედაკაცზე, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე ქმრის ერთგული უნდა იყოს), მაგრამ ასევე უნდა არსებობდეს ერთი განსხვავება: საჭიროა დავიწყოთ ფიქრი არსებობასა და მის მიზანდასახულობაზე! იმ მარადიულ მომავალზე, რომელსაც ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე მოვიპოვებთ.


www.apocalypse.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий