ღმერთი

ღმერთი

среда, 23 апреля 2014 г.

ლენინზე სრული სიმართლე რომ ვიცოდეთ, მისი ქანდაკებები დიდი ხანია ნაგავსაყრელებს დაამშვენებდა

1870 წლის 22 აპრილს ოქტომბის რევოლუციის შემოქმედი, რუსი ბოლშევიკების დიდი ბელადი, ვლადიმირ ილიჩ ლენინი დაიბადა. ამჯერად მის ბიოგრაფიას არ შემოგთავაზებთ, რადგან საბჭოთა პერიოდის ისტორიკოსების „ღვაწლით" ტყუილ-მართალს ვერ გაარჩევთ. „რეპორტიორი" გთავაზობთ ინტერვიუს ცნობილ რუს ისტორიკოს ანატოლი ლატიშევთან, სადაც ბევრ, აქამდე დაფარულ ფაქტს გაეცნობით.

ლენინი მკვლელებს პრემიის სახით 100 ათას რუბლს უხდიდა და რუსებს „ნაგვებად" მოიხსენიებდა. რუსეთში ლენინის 1800-მდე ქანდაკება და 20 ათასი ბიუსტია. 5 ათასზე მეტი ქუჩა ნომერ პირველი რევოლუციონერის სახელს ატარებს, ბევრ ქალაქში მისი სკულპტურა ცენტრალურ მოედნებზე დგას, თუმცა დიდ ბელადზე სრული სიმართლე რომ გვცოდნოდა, მისი ქანდაკებები დიდი ხნის წინ ნაგავსაყრელებს დაამშვენებდა.

ანატოლი ლატიშევი - ცნობილი ისტორიკოსი და ლენინის ბიოგრაფიის მკვლევარი. მას საშუალება ჰქონდა სუკის არქივებში ლენინის საიდუმლო ფონდის დოკუმენტებს გაცნობოდა.

- ანატოლი გრიგორიევიჩ, საიდუმლო ფონდებში როგორ შეაღწიეთ?

- ეს ამბავი 1991 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ მოხდა. გამომიწერეს სპეცსაშვი და ლენინზე არსებული დოკუმენტების გაცნობა მოვახერხე. ხელისუფლება, გადატრიალების არსს წარსულში ეძებდა. დილიდან დაღამებამდე არქივში ვიჯექი და თმები ყალყზე მიდგებოდა. მე ხომ მთელი ცხოვრება ლენინის მჯეროდა. პირველი ოცდაათი დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ გაოგნებული ვიყავი.

1905 წელს შვეიცარიიდან ლენინი ახალგაზრდობას მოუწოდებდა პეტერბურგში პოლიციელებისთვის მჟავა შეესხათ, ზედა სართულებიდან ადუღებული წყლით გაეფუფქათ ჯარისკაცები, გამოეყენებინათ ლურსმნები ცხენების დასაკოჭლებლად და ქუჩებში თვითნაკეთი ყუმბარები ესროლათ.

საბჭოთა მთავრობის მეთაურის რანგში, მითითებებს, ქვეყნის ყველა კუთხეში აგზავნიდა. ნიჟნი ნოვგოროდში ასეთი ბრძანება მოვიდა: „მიმართეთ მასობრივ ტერორს, ქალაქიდან გაიყვანეთ და დახვრიტეთ კახპები, რომლებიც ჯარისკაცებს ალოთებენ..." ახლა სარატოვში გაგზავნილი მითითება ნახეთ: „დახვრიტეთ შეთქმულების მონაწილეები და ყველა მერყევი ადამიანი, ნურავის ეკითხებით და იდიოტურ პროცედურებში დროს ნუ დაკარგავთ".

- ამბობენ, ვლადიმირ ილიჩს რუსი ხალხი არ უყვარდაო?

- ლენინის რუსოფობია ნაკლებად არის შესწავლილი. ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. ჯიშში ერთი წვეთი რუსული სისხლიც კი არ ჰქონია. დედამისი იყო გერმანელი შვედურ-ებრაული სისხლით. მამა - ნახევრად კალმიკელი, ნახევრად ჩუვაში. იზრდებოდა გერმანული დისციპლინის მიხედვით. დედა გამუდმებით ჩასჩიჩინებდა: „ისწავლე გერმანელებისგან", „რუსი სულელია", „რუსები იდიოტები არიან". სხვათა შორის თავის გზანვილებში ლენინი რუსებს ყოველთვის დამამცირებელი ფორმით მოიხსენიებდა. ერთხელ შვეიცარიაში საბჭოთა წარმომადგენელს მისწერა: „სულელ რუსებს დაავალეთ, რომ მთელი გაზეთები კი არა, ამონაწერები გამოგზავნონ".

- არსებობს წერილები, სადაც ლენინი რუსი ხალხის ეთნიკურ განადგურებაზე საუბრობს?

- იმ საშინელ დოკუმენტებში ყველაზე სასტიკი ბრძანებები, სწორედ თანამემამულეთა განადგურებას ეხება, მაგალითად, „ბაქო ბოლომდე გადაწვით, მძევლები აიყვანეთ, წითელ არმიელებს წინ დაუყენეთ, ზურგში ესროლეთ, წითელი თავზეხელაღებულები იმ რაიონებში შეაგზავნეთ, სადაც „მწვანეები" მოქმედებდნენ, ჩამოახრჩვეთ ჩინოვნიკები, მდიდრები, მღვდლები, კულაკები, მემამულეები; მერე ყველაფერს „მწვანეებს" გადავაბრალებთ. მკვლელებს 100 ათასი გადაუხადეთ"... სხვათა შორის მკვლელებისთვის გადახდილი ეს ფული პრემიალურების გაცემის ერთადერთი შემთხვევაა ქვეყანაში. კავკასიაში პერიოდულად ასეთი შინაარსის დეპეშებს აგზავნიდა: „ამოხოცეთ ყველა". გახსოვთ ტროცკიმ და სვერდლოვმა როგორ ამოჟლიტეს კაზაკები? ლენინი მაშინ განზე გადგა.

ახლა აღმოვაჩინე ფრუნზესთან გაგზავნილი მისი დეპეშა, სადაც „კაზაკთა სრულ ამოწყვეტას" მოითხოვს. 1919 წლის 19 დეკემბერს ძერჟინსკიმ ბელადს მიმართა, ტყვედ აყვანილ მილიონამდე კაზაკს რა ვუყოთო. ლენინმა შემდეგი რეზოლუცია დაადო: „დაიხვრიტოს უკანასკნელ კაცამდე".

- შეეძლო ლენინს ასე მარტივად გაეცა ბრძანებები ამდენი ადამიანის დახვრეტაზე?

- აი, როგორი ხასიათის წერილები ჩამივარდა ხელში: „წინადადებას გაძლევთ, დაიწყოთ გამოძიება და დამნაშავეები დოყლაპიობისთვის დახვრიტოთ". „რაკოვსკი წყალქვეშა ნავს ითხოვს. ორი კაცი უნდა გამოვუყოთ პასუხისმგებლად მეზღვაური დავნიშნოთ და ვუთხრათ: თუ დროულად არ მოიყვან დაგხვრეტთ". „მელნიჩანსკის ჩემი ხელმოწერით დეპეშა გაუგზავნეთ და აუწყეთ: „სირცხვილი მისი ყოყმანია, გამოუცხადებლობისთვის, რომ არ დახვრიტა". ამ წერილის ადრესატი კი სტალინია: „დახვრიტეთ დაემუქრეთ იმ ვიგინდარას, ვისაც კავშირგაბმულობა აბარია და ჩემთან კავშირის უზრუნველყოფას ვერ ახერხებს".

1918 წლის 11 აგვისტოს პენზელ ბოლშევიკებს მისწერა: „არანაკლებ ასი შეძლებული გლეხი ჩამოახრჩეთ (აუცილებლად ჩამოახრჩეთ), რათა ხალხმა დაინახოს. ჯალათებად მტკიცე ხალხი შეარჩიეთ".

1917 წელს მთავრობაში მოსვლისთანავე წინადადება შეიტანა ყოველი მეათე უმუშევარი დაეხვრიტათ. და ეს ხდება მასობრივი უმუშევრობის პირობებში.

- მართლმადიდებლობასთანაც ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა?

- ბელადი ვერ იტანდა და ანადგურებდა მხოლოდ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ასე მაგალითად ნიკოლოზ სასწაულმოქმედის დღეს, 1919 წლის 25 დეკემბერს ბრძანება გამოსცა: „ნიკოლოზთან" შეგუება უაზრობაა. მთელი ჩეკა ფეხზე დააყენეთ და სამსახურში ვინც არ გამოცხადდება, ყველა დახვრიტეთ". ამავე დროს ლენინი ლოიალური იყო კათოლიკების, ბუდისტების, იუდეველებისა და მუსულმანების მიმართ. 1918 წელს რუსეთში მთრთლმადიდებლობის კათალიციზმით შეცვლას გეგმავდა.

1922 წლის 19 მარტს მოლოტოვს წერს, ისარგებლოს რუსეთში გამეფებული შიმშილით და გაძარცვოს ეკლესიები, ყველაზე რეაქციულად განწყობილი მღვდლები კი ამოწყვიტოს. ცოტა ვინმეს უნახავს ძერჟინსკისთვის მიწერილი ბელადის წერილი: „...აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მოვიშოროთ მღვდლები და რელიგია. მღვდელმსახურები დააპატიმრეთ კონტრრევოლუციონერობისა და საბოტაჟის მოტივით და უმოწყალოდ ამოხოცეთ ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდებათ. ეკლესიები დახურეთ და საწყობებად გამოიყენეთ".

- ანატოლი გრიგორიევიჩ ლენინის ფსიქიკური გადახრები თუ დასტურდება?

- ხშირად გაუგებრად და უცნაურად იქცეოდა. მისი დეპრესიული მდგომარეობა რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. შეეძლო თვეობით არაფერი ეკეთებინა, მერე უეცრად აფეთქდებოდა და გამალებით მუშაობდა. ამ პერიოდზე კრუპსკაია წერდა: „ვალოდია აგონიაშია..." ამასთან მბსოლუტურად არ გააჩნდა იუმორის გრძნობა.

- ლენინის სასაუბრო ენა უხეში იყო?

- ბერდიაევმა ბილწსიტყვაობის გენიოსი უწოდა. 1922 წლის 4 თებერვალს სტალინს და კამენევს სწერს: „ექსპერტად ქაქის(შეძლებისდაგვარად მსუბუქი შესატყვისი შევარჩიეთ) აყვანას ყოველთვის მოვასწრებთ, მოიშორეთ ყველა ნაძირალა და რეგვენი..."

„...ამ ქაქიჭამიებმა პასუხი უნდა აგონ..." როზა ლუქსემბურგის სტატიას აწერდა: „იდიოტკა", „ბრიყვი", „სულელი".

- ლენინს დალევა თუ უყვარდა?

- რევოლუციამდე ილიჩი ბევრს სვამდა. ემიგრაციის პერიოდში ლუდის გარეშე მაგიდას არ მიუჯდებოდა. 1921 წლიდან ავადმყოფობის გამო აღარ სვამდა.

- როგორ ფიქრობთ, ვლადიმირ ილიჩს კრუპსკაია უყვარდა?

- ლენინს კრუპსკაია არ ყვარებია. თუმცა აფასებდა, როგორც შეუცვლელ თანამებრძოლს. როდესაც ავად გახდა მასთან შესვლა აუკრძალა. კრუპსკაია იატაკზე გორავდა და ისტერიულად ტიროდა, ეს ფაქტები ლენინის დებმა აღწერეს. ბევრი ისტორიკოსი წერდა ლენინამდე ქალიშვილი იყოო, რაც სიმართლეს არ შეეფერება. ბელადამდე კრუპსკაია ერთხელ უკვე იყო გათხოვილი.

- დღეს, ალბათ, ლენინზე უკვე ყველაფერი ვიცით.

- ჯერ კიდევ ბევრი ფაქტია გასაიდუმლოებული. რუსეთის არქივებში უფრო მეტი რამის მოძიება შეიძლება, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ოფიციალური და ისტორიული დოკუმენტები შემდგომ პერიოდში გადაკეთდა და მოხდა მათი სრული ფალსიფიკაცია.


თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ


Комментариев нет:

Отправить комментарий