ღმერთი

ღმერთი

понедельник, 28 апреля 2014 г.

Amnesty International მთავრობას: ანტიდისკრიმინაციული კანონი ეფექტური უნდა იყო

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ ქვეყნის პირველი ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტურ ინსტრუმენტად იქცეს.

განცხადებაში წერია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმასა და საფუძველს განსაზღვრავს და კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას საქართველოში. ამ კანონპროექტის კანონად ქცევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის დისკრიმინაციასთან ბრძოლის საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად და წინაპირობაა ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროგრამის განსახორციელებლად.

"კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია ახალი კანონის განხორციელების მექანიზმად ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას ისახავდა მიზნად. ინსპექტორს საჩივრების მიღებისა და განხილვის, დისკრიმინაციის შემთხვევების გამოძიების, პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებისა და კონკრეტული შემთხვევების სისხლის სამართლებრივი გამოძიებისთვის გადაცემის უფლებამოსილება ექნებოდა.

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლებმა და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა მოიწონეს", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობა.

"საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა კანონპროექტი პარლამენტში ოფიციალურად წარდგენამდე შეეცვალა. ცვლილებებმა საგრძნობლად შეცვალა თავდაპირველი ვერსია და მნიშვნელოვნად შეამცირა ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურად აღსრულების შესაძლებლობა.

ინსპექტორის ინსტიტუტი კანონპროექტიდან ამოიღეს და მის ნაცვლად, საქართველოში უკვე არსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტს – სახალხო დამცველს – დაეკისრა პასუხისმგებლობა ახალი კანონის განხორციელებაზე. სახალხო დამცველს არ აქვს ჯარიმებისა თუ სავალდებულო ზომების დაწესების უფლებამოსილება და მხოლოდ რეკომენდაციითი ხასიათის ფუნქციებით არის შეზღუდული. სახალხო დამცველისათვის არ გამოიყოფა დამატებითი ფინანსური თუ სხვა რესურსები ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელების მექანიზმის ამუშავებისათვის. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ცვლილება იწვევს შეშფოთებას, რომ დისკრიმინაციისგან თავისუფლების უფლება, რომელიც ამ კანონით უნდა იქნას დაცული, რეალობაში არ განხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

Amnesty International-ის განცხადებაში ასევე საუბარია კანონპროექტის იმ პუნქტზე, რომლის მიხედვით კანონპროექტის არცერთი მუხლი არ უნდა განიმარტოს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების საპირისპიროდ.

”კანონპროექტს პარლამენტში წარდგენამდე საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებით სპეციალური პუნქტი ჩაემატა, რომლის მიხედვით კანონპროექტის არცერთი მუხლი არ უნდა განიმარტოს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების საპირისპიროდ. 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის სამართლებრივ საფუძველს ადგენს და მიუთითებს ეკლესიის „განსაკუთრებულ როლზე" საქართველოს ისტორიაში. შეთანხმება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს, როგორიცაა საგადასახადო შეღავათები და ასევე მთავრობისთვის განსაკუთრებული მრჩეველის როლი. შეთანხმება ხშირად აღიქმება ქვეყანაში არსებული სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციულად. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერები შემჩნეულნი არიან სხვადასხვა უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული განცხადებების გავრცელებაში და ამ კონტექსტში „უმრავლესობის [ქრისტიანი მართლმადიდებლების] უფლებების დაცვის" საჭიროებაზე საუბარში.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი ანტი-დისკრიმინაციული კანონი ეფექტური იყოს, რადგან საქართველოში დისკრიმინაცია საგრძნობი პრობლემაა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირებულია რელიგიური უმცირესობებისა და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი (ლგბტი) ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის შემთხვევები”, - აღნიშნულია განცხადებაში.

Amnesty International აცხადებს, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში ზემოაღნიშნული ცვლილებები სწორედ მაშინ განხორციელდა, როდესაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ერთსქესიანი ქორწინების არაკონსტიტუციურად გამოცხადების გეგმა წარადგინა.

”ამჟამად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ქორწინებას განსაზღვრავს როგორც ინსტიტუტს მხოლოდ კაცსა და ქალს შორის, თუმცა კონსტიტუცია ასეთ დისკრიმინაციულ შეზღუდვას არ აკონკრეტებს.

საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების წუხილი და ისეთი კანონპროექტი შემოგვთავაზოს, რომელიც არა მხოლოდ ფურცელზე აკრძალავს დისკრიმინაციას, არამედ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას რეალობად აქცევს”, - წერია განცხადებაში.


http://www.tabula.ge/ge/story/82552-amnesty-international-mtavrobas-antidiskriminaciuli-kanoni-efeqturi-unda-ikos

Комментариев нет:

Отправить комментарий