ღმერთი

ღმერთი

понедельник, 21 апреля 2014 г.

წმინდა გაბრიელის ხატი დიდი სიხარულისა და სიახლის მაუწყებელია

21-04-2014

"წელს დიდი მადლი გადმოვიდა სრულიად საქართველოზე - გაიხსნა წმინდა მამა გაბრიელის საფლავი"

ამჯერად საჩუქრად გთავაზობთ ღირსი მამა გაბრიელის (ურგებაძე)
ხატს. ეს წმინდა ხატი მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარშია
დაბრძანებული

მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას დღესასწაულობს. "კვირის პალიტრა" კვლავაც არ არღვევს ტრადიციას და მკითხველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს ხატითა და მაცხოვრის საფლავიდან გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით, რომელთა მადლითა და წყალობით ყველა ერთად ვილოცებთ ჩვენი ქვეყნისა და მთელი სამყაროსთვის.

სანთლები მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია ჩამოქნილი. მცხეთის წმინდა გიორგის მონასტერი იმ ეზოშია აშენებული, სადაც საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიყმაწვილისას ცხოვრობდა. უწმინდესის მშობლიურ სახლში დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერი 2003 წლიდან მოქმედებს.

ამჯერად საჩუქრად გთავაზობთ ღირსი მამა გაბრიელის (ურგებაძე) ხატს, რომელიც მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარშია დაბრძანებული.

მისი ავტორი გახლავთ ხატმწერი ირაკლი ცინცაძე, ჭედურობა ზურაბ ჩიქვინიძეს ეკუთვნის, ხოლო მომინანქრება - ბესო ანანიძეს. მადლობა მღვდელმონაზონ კირიონს (ონიანი) დახმარებისა და გვერდში დგომისთვის.
მართლაც რომ სიმბოლურია ეს საჩუქარი: წმინდა გაბრიელი ხომ ყოველდღე კვდებოდა ქრისტესთვის, თავისი საქართველოსთვის და როცა 18 წლის წინ გარდაიცვალა, მან, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტმა მოწაფემ, თავისი სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა, მარადისობაში გადასახლდა და უამრავი ადამიანი ზეცისკენ აგვახედა.
ხატები და სანთლები სტამბა "კოლორში" მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ანტონ ფიჩხაიამ აკურთხა და "კვირის პალიტრის" მკითხველებსა და ყველა მართლმადიდებელს მიულოცა აღდგომა უფლისა ჩვენისა:

- ვულოცავ სრულიად საქართველოს ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღე ყოფილიყოს ჩვენი განახლებისა და სულიერი აღდგომის დღე! მადლობა უფალს, რომ "კვირის პალიტრა" ყოველწლიურად ატარებს ამ აქციას და მკითხველი უკვე ტრადიციულად ელოდება სააღდგომო საჩუქარს - სანთელსა და ხატს. სანთლები დამზადებულია მცხეთაში და თავმომწვარია წმინდა ქალაქ იერუსალიმიდან ჩამოტანილი მარადიული ცეცხლით.
როგორც იცით, მცხეთა ჩვენმა უწმინდესმა პატრიაქმა წმინდა ქალაქად გამოაცხადა, ასე რომ, "კვირის პალიტრასთან" ერთად, თქვენს ოჯახებში ორი წმინდა ქალაქის, იერუსალიმისა და მცხეთის მადლი შემობრძანდება. წელს დიდი მადლი გადმოვიდა სრულიად საქართველოზე - გაიხსნა წმინდა მამა გაბრიელის საფლავი, წმინდა ქალაქი მცხეთა კი მამა გაბრიელის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. ამ ქალაქს მრავალი სხვა წმინდანიც ჰყავს, მაგრამ მამა გაბრიელი ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულად ახლოსაა. დღესდღეობით წმინდანთა უწყვეტ ჯაჭვში ის ბოლოა, ვისაც უნდა დავეყრდნოთ. მამა გაბრიელი თითქმის ჩვენი თანამედროვეა, არაერთი ადამიანია ჩვენ შორის, ვინც მას იცნობდა და მისი სასწაულების მომსწრეა.

წმინდა გაბრიელის ხატი დიდი სიხარულისა და სიახლის მაუწყებელია. ამ სანთლებსა და ხატებზე გადმოსულია პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მადლი, რაც სიხარულით აავსებს მართლმადიდებელთა გულებს. აღდგომის სიხარული გქონოდეთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდი, ამინ!

ნათია დოლიძე

kvirispalitra.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий