ღმერთი

ღმერთი

суббота, 26 апреля 2014 г.

იესო ქრისტეს აღდგომის რწმენა არის ქრისტიანული

მოძღვრების გულისგული; ამიტომ ამბობს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: ”ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქადაგება და ამაოა თქვენი რწმენაც” (I კორ. 15.14). მოციქულები ქრისტეს აღდგომის მოწმენი არიან (იხ. საქმე 1.22). აღდგომა ხომ ქრისტეს მესიობისა და მისი ღმერთობის ბრწყინვალე გამოვლენა იყო. ამ მოვლენისადმი დამოკიდებულება ქმნის ზღვარს, რომელიც რწმენას ურწმუნოებისგან განასხვავებს და, უეჭველია, ეს ძალაში დარჩება ყველა თაობისთვის ჟამთა დასასრულამდე.

მართალია, ებრაელთა უმეტესობა უარს ამბობდა, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე მესიად მიეჩნია, - სულ ერთია, იესოს მკვდრეთით აღდგომის რეალურობას უარყოფდნენ ისინი, თუ არანაირი დასკვნა არ გამოჰქონდათ ამ ფაქტიდან, - მაგრამ ებრაელებისათვის, სადუკეველთა გამოკლებით, ყოველ შემთხვევაში, თვით მკვდრეთით აღდგომის იდეა მაინც არ იყო უცხო. მაგრამ სხვა ვითარება იყო წარმართებთან: ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ხარებასა და ქადაგებას გარდაცვლილ ადამიანთა საყოველთაო აღდგომის შესახებ ისინი დიდი გაჭირვებით აღიქვამდნენ. ჩვენს დროში ჩვენ მეტისმეტად იოლად ვივიწყებთ, რომ სულის უკდავების ფილოსოფიურ იდეას ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო მკვდრეთით აღდგომის ბიბლიურ იდეასთან. სწორედ ამიტომ შეხვდნენ მოციქულ პავლეს ქადაგებას არეოპაგში სარკასტული სკეპტიციზმით (საქმე 17.16-34). სწორედ ამიტომ დარჩა ებრაელთა და წარმართთა უმრავლესობა ღვთიური ნიშნებისადმი გულგრილი.

მორწმუნეთათვის, რომლებსაც რწმენამ საშუალება მისცა ამ მოვლენის მთელი მნიშვნელობა გაეგოთ, უფლის აღგომა არის ბრწყინვალე დღესასწაული სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა, წყევლისგან ადამის მოდგმის გათავისუფლებისა. აი, რატომ არის აღდგომა სიხარულით სავსე დღესასწაული, რის შესახებაც მართლმადიდებლური ლიტურგია ამ დღეს განსაკუთრებული მჭევრმეტყველებით ლაპარაკობს: ”პასექი ბრწყინვალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა ახალი წმიდა, პასქა სამღუდელო, პასქა ყოვლად-ქებული, პასქა საიდუმლო, პასქა საუფლო, პასქა დიდი, და პასქა უბიწო, პასქა რომელმან სამოთხისა ბჭენი დახშულნი განგუხუნა ჩუენ, პასქა ყოველთა წმიდა-მყოფელი” (დასდებელი აქებდითსა ზედა). ძველი ისრაელისათვის პასექი იყო გახსენება ეგვიპტის უღლიდან გამოხსნისა; ახალი ისრაელისათვის (ანუ ეკლესიისათვის) პასექი (აღდგომა) არის გახსენება სიკვდილის უღლიდან გამოხსნისა. იგი, გარდა ამისა, არის სახარება საყოველთაო აღდგომისა, რომელიც ჭეშმარიტად დაიწყო ქრისტეს აღდგომით.



ვლადიმერ ლოსკი -
სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება(ნაწყვეტი)

Комментариев нет:

Отправить комментарий