ღმერთი

ღმერთი

пятница, 5 апреля 2013 г.

დავით გიორგობიანი: "უფალმა ღირსი გამხადა, წმინდა ბარბარეს შიშველი ფეხები დამეკოცნა"

მსახიობმა დავით გიორგობიანმა გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე უამრავი წმინდა ადგილი მოილოცა. უფლის სასწაულებს ვიდეოკამერით იღებს, რომ ხალხს აჩვენოს და რწმენაში გააძლიეროს. ბოლო ფილმი – "ქრისტეს მიმდევარნი", რომელიც სირიასა და ლიბანში დავანებულ მართლმადიდებლურ სიწმინდეებს ეხება, სტუდია "არტვიზიონში" გიორგი ჭუმბურიძესა და დათო თოთლაძესთან ერთად გადაიღო. ფილმი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ემოციების გარეშე ვერ უყურებ. ის ადგილებია გადაღებული, სადაც ქართველებისთვის უსაყვარლეს წმინდანს, ქალწულმოწამე ბარბარეს, თავი მოჰკვეთეს; სადაც წმინდა გიორგიმ გველეშაპი განგმირა; სადაც სავლეს ქრისტე გამოეცხადა და იგი პავლე მოციქულად აქცია; ქალაქი, სახელად მალულა, სადაც 7 ათასი მცხოვრებია და ყველა არამეულ ანუ ქრისტეს ენაზე ლაპარაკობს და ლოცულობს...

დავით გიორგობიანი უამრავი სასწაულის მოწმეა. "სასწაულები არასოდეს მიძებნია. მე ქვეყანაზე ქრისტეს ნებას ვეძიებდი და ამ გზაზე სასწაულებიც მხვდებოდა", – გვითხრა მან და "სარკეს" ბევრი ისეთი რამ უამბო, რაც მართლმადიდებელ ქრისტიანებს აუცილებლად დააინტერესებთ.

– ბატონო დავით, ალბათ ბევრმა ქრისტიანმა არც იცის, რომ სირიასა და ლიბანში ამდენი სიწმინდეა შემონახული.

– ამ ადგილების მოლოცვა სრულიად ანტიოქიისა და მთელი აღმოსავლეთის უნეტარესი პატრიარქის, ეგნატიოს მეოთხის კურთხევით შევძელი. პატრიარქ ეგნატიოსს წმინდა სამების ხატი ვაჩუქე. მან ტრაპეზზე მიგვიპატიჟა და გვაკურთხა, რომ სირიასა და ლიბანში წმინდა ადგილები მოგველოცა.

– როგორც ვიცით, სრულიად საქართველოს პატრიარქმაც გაკურთხათ, რომ მამა გაბრიელზე ფილმი გადაიღოთ. წმინდა ანდრიაზეც აპირებთ ფილმის გადაღებას. ამ ყველაფერზე მუშაობას როდის დაიწყებთ?

– როცა კეთილი ადამიანები გამოჩნდებიან და სასიკეთო საქმისთვის შესაწირს გაიღებენ. "არტვიზიონში" კეთილშობილი, პროფესიონალი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც მზად არიან, ამისთვის დიდი შრომა გასწიონ. ჩვენმა პატრიარქმა ორი წლის წინ მაკურთხა, რომ მამა გაბრიელზე ფილმი გავაკეთო. ასევე მაქვს კურთხევა, წმინდა ანდრიაზე გადავიღო ფილმი, რომელმაც საქართველოში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი, აწყურის ხატად წოდებული სიწმინდე შემოაბრძანა. სწორედ ამ ხატზე ბრძანა უფალმა, "ეს ხატი სრულექმნას მათ უკუნისამდე!". ჩვენ უდიდეს პატივს მივაგებთ ივერიის ღვთისმშობელს და ეს ასეც უნდა იყოს. ის 999 წელს გამოჩნდა ათონის მთაზე. თითქმის ათასი წლით ადრე კი საქართველოში აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდა. ჩვენი ცოდვების გამო მისი ორიგინალი მიმალულია, მაგრამ მისი ასლი სახელმწიფო მუზეუმში დევს. ტყუილად იბრძვიან, რომ მუზეუმიდან ანჩისხატი გამოაბრძანონ. იქიდან ჯერ აწყურის ღვთისმშობელი უნდა გამოაბრძანონ! ყველა მართლმადიდებელს უნდა ჰქონდეს ოჯახში აწყურის ღვთისმშობლის ხატი და მის წინაშე უნდა ვილოცოთ.

– უამრავ მადლიან ადგილზე ბრძანდებოდით. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რამ მოახდინა?

– ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შთაბეჭდილებმა ცოცხალმა მამებმა მოახდინეს – საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია ||–მ, ჩვენმა უდიდესმა მამა გაბრიელმა, ათონელმა მამა პაისმა... რუსეთსა და უკრაინაში ბევრი სულიერი მამა მინახავს, რომელთა ღვაწლი ღვთის წინაშე ძალიან დიდია. უფალმა ინება, რომ მირონმდინარე, სისხლმდინარე, სურნელოვანი ხატები მენახა. ახლა საქართველოში გამოჩნდა ყაზანის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც თვალებსა და ბაგეებს ამოძრავებს. მეტი სასწაული უფალმა რაღა უნდა გვაჩვენოს, რომ რწმენაში გავძლიერდეთ?!

– თქვენ მამა გაბრიელის სულიერი შვილი იყავით და გამორჩეულად უყვარდით. მას პირველად როდის შეხვდით?

– მის სახლში შევხვდი, სადაც საკუთარი ხელით ეკლესია ჰქონდა აგებული. კედლებსა და სვეტებზე ერთ სანტიმეტრსაც ვერ ნახავდით ისეთს, სადაც ხატი არ ეკიდა. მამა გაბრიელი ზოგჯერ ხატებს ნაგავში პოულობდა, ხშირად უკანასკნელ კაპიკებს აძლევდა, რომ ვიღაცეებისგან გამოესყიდა. თავის დროზე თქვა, ქართველმა ერმა ვერ გამიგოო. სამწუხაროა, რომ მისი ღვაწლი დღემდე არ არის სათანადოდ შეფასებული. მამა გაბრიელი მეორედ სიონში ვნახე. შემოვიდა, ხელები გაშალა და იყვირა, ანტიქრისტეებოო. მასთან მივიდნენ, დაიჩოქეს და კურთხევა მიიღეს. ის ქრისტესთვის სალოსობდა. მაშინ ეს არ ვიცოდი. გავიფიქრე, პატრიარქი, ეპისკოპოსები წირავენ, ეს ასეთ სიტყვებს ამბობს, მისგან კი კურთხევას იღებენ–მეთქი. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ გადმომხედა. ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს ჩემს სულში გაიარა. მაგრძნობინა, ვიცი, ვინც ხარო. ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა, ისეთ სიკეთეს ასხივებდა, რომ შემრცხვა. მცხეთაში მის კელიაში ხშირად მივდიოდი. "მონანიება!" – ასე მხვდებოდა ხოლმე (თენგიზ აბულაძის ცნობილ ფილმში "მონანიება", რომელიც საბჭოთა ეპოქაში დიდხანს იყო აკრძალული, დავით გიორგობიანი ერთ–ერთ მთავარ როლს ასრულებს. ავტ.).

– იყავით მისი სასწაულების მოწმე?

– ერთ ოჯახში სტუმრად ვიყავით. მამა გაბრიელი მოულოდნელად სუფრიდან ადგა, ხატების ოთახში გავიდა და ღვთის გმობა, ლანძღვა, ყვედრება დაიწყო. ამბობდა, ასეთ დღეში რატომ ვარო. მერე გაიქცა, ყველა გაოგნებული დაგვტოვა. შემდეგ კი დაბრუნდა და ქეიფი გააგრძელა. მრავალი წლის შემდეგ იმ სუფრის ერთ–ერთმა წევრმა ხატების წინაშე ზუსტად იგივე გაიმეორა. მერე მივხვდით, რომ მამა გაბრიელმა მომავალი დაინახა და ამისთვის წინდაწინ შეგვამზადა. გაბრიელს რას გაუგებდი! ზოგჯერ ისეთ რამეს გააკეთებდა, რომ იფიქრებდი, ვაიმე, რამხელა წმინდანიაო, უცებ კი ისეთ რამეს ჩაიდენდა, იფიქრებდი, ამაზე დიდი ცოდვილი არავინ დადისო. საკუთარ დიდებას კი არა, მხოლოდ ქრისტეს დიდებას ეძიებდა.

მამა გაბრიელს ქალები ევედრებოდნენ, ჯანმრთელობის პარაკლისი გადაგვიხადეო. მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა, გაბრიელ, ამათზე მევედრებიო და ჩვილების დაფლეთილი სხეულები აჩვენა. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი შვილების მკვლელობა (აბორტი) მოინანიონ, პარაკლისებს ითხოვენო. ომებში მტერს იმდენი ქართველი არ მოუკლავს, რამდენსაც საკუთარი ხელით ვკლავთ. მამა გაბრიელისგან მაქვს კურთხევა, რომ ამაზე ვილაპარაკო.

– ბატონო დავით, თქვენს ფილმში წმინდა ბარბარეს უხრწნელი სხეულის კადრებია. ეს სიწმინდე საკუთარი თვალით იხილეთ. იქნებ ამის შესახებ გვიამბოთ.

– წმინდა ბარბარემ ჩემს ცხოვრებას დიდი კვალი დააჩნია. მისი უხრწნელი სხეული კიევში, ვლადიმირის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. 1500 წლის წინ მამისგან თავმოკვეთილი ქალწული უხრწნელი წევს. მას საოცარი სურნელი ასდის, ფერიც კი მოთეთრო აქვს. იმ დღეს კიევის გაქრისტიანების ათასი წლისთავი იყო, მსოფლიოდან პატრიარქები იყვნენ ჩამოსული. ყველა რომ წავიდა, მე ტაძარში დავრჩი. იქ ერთი წლის განმავლობაში დავდიოდი, მაგრამ მანამდე კუბოსთვის მთლიანად არასოდეს გადაუხდიათ. იმ დღეს მღვდლებმა დამიძახეს, წმინდანს კაბას უცვლიდნენ. უფალმა ღირსი გამხადა, წმინდა ბარბარეს შიშველი ფეხები დამეკოცნა. უცებ ჩემში უდიდესი მადლი შემოვიდა, რწმენაში გაცილებით გავძლიერდი. მანამდე ქრისტეს შესახებ სულ რომ არ მქონოდა წაკითხული, იმ დღიდან მისი მქადაგებელი გავხდებოდი. წმინდა ბარბარეს სახე, სხეული მთლიანად შენახულია და საოცარი სურნელი ასდის. ღვთისმშობლის წილხვედრ კიევ–პეჩორის ლავრაში წმინდა მამების ასეულობით უხრწნელი სხეულია, რომლებიც მორწმუნეებს უდიდეს მადლს აძლევენ, რწმენაში აძლიერებენ და ადამიანებს კურნავენ.

– თქვენ წმინდა სერაფიმე საროველის ლავრაც მოილოცეთ და მისი უხრწნელი სხეულიც ნახეთ. ვიცი, რომ იქ კიდევ ერთი სასწაულის მოწმე გახდით.

– ეს დიდი ხნის წინ იყო. მამა სერაფიმემ საოცრად დიდი სასწაული მაჩვენა. ვიფიქრე, წმინდა სავანეში ვარ და უფალთან ცოდვებს მოვინანიებ–მეთქი. ცოდვები რომ არ დამვიწყებოდა, ქართულ ენაზე ჩამოვწერე. რუსმა მღვდელმა ოლარი რომ გადამაფარა, ბოროტი ფიქრები შემეპარა. მღვდელი ძალიან მსუქანი იყო. ვიფიქრე, ამას რა აღსარება უნდა ჩავაბარო, ეს შეიძლება სულ არ მარხულობს–მეთქი. პირველი ცოდვა რომ ვთქვი, მღვდელმა მითხრა, ახლა გაჩუმდიო და ქართულად რა ცოდვებიც მქონდა ჩამოწერილი, რუსულად თანმიმდევრობით ჩამომითვალა. ვერ გადმოგცემთ, რა დამემართა! უფალს პატიება ვთხოვე. მღვდელს ისიც ვუთხარი, თქვენზე ასე ვიფიქრე–მეთქი. საოცრად დიდ სირცხვილსა და რწმენაში ჩამაგდო.

იმავე დღეს ისევ ერთი საოცარი რამ შემემთხვა. ლავრიდან 25 კილომეტრის მოშორებით მამა სერაფიმეს ლოცვით ამოსული სასწაულმოქმედი წყაროა. ზამთარი იყო, მაგრამ იქ წასვლა მაინც გადავწყვიტე. იმ დროს ყველა მდინარე იყინება. ის მდინარე, სადაც ეს წყარო ჩადის, არ იყინება, ორთქლი ასდის. სანამ წყარომდე მივიდოდი, ვიკითხე, სად არის და რამე ცუდი ხომ არ დამემართება–მეთქი. მიმასწავლეს, აქედან 4 კილომეტრშიაო. წყაროსთან მივედი და 25 გრადუსიან ყინვაში ხელები დავიბანე. ხელები გამეყინა, გამიშეშდა. შიშმა შემიპყრო. გავიქეცი. იქვე მანქანა დავინახე, შევვარდი და ხელები უთითო, თბილ ხელთათმანში შევყავი. თურმე მან, ვისაც წყაროს გზა ვკითხე, იფიქრა, ამ უცხო კაცს მართლა არაფერი მოუვიდესო და მანქანით საგანგებოდ ჩემთვის წამოვიდა. ის რომ არა, არ ვიცი, რა დამემართებოდა. კიდევ ერთი სასწაული ის იყო, რომ ჩემი მშველელი სწორედ იმ მღვდლის ხორციელი მამა აღმოჩნდა, რომელიც იმ დილით განვიკითხე. წმინდა სერაფიმემ ხორციელი და სულიერი მამის ამ სასწაულით მომაჭკვიანა, დამამდაბლა.

– ამბობენ, მადლის ტარებას ბევრი ვერ უძლებსო. თქვენ ამდენ სიწმინდეს ეზიარეთ და არ გიჭირთ?

– ბოროტს უყვარს, როცა ყურადღებას აქცევენ და თავის ხრიკებს ხლართავს. თუ ყურადღებას არ მიაქცევ, მთლიანად უფალში იქნები... როცა მთელი ერი აწყურის ღვთისმშობლის ხატს შეევედრება და როცა საკუთარ შვილებს აღარ მოკლავს, საქართველოც გამთლიანდება და გაბრწყინდება.

ირინე მჭედლიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий