ღმერთი

ღმერთი

пятница, 19 июля 2013 г.

ასიის შვიდ ეკლესიას.

იოანეს გამოცხადება

თავი მეორე


1. ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს, ვისაც უპყრია მარჯვენაში შვიდი ვარსკვლავი და იარება ოქროს შვიდ სასანთლეს შორის.

2. ვიცი შენი საქმენი, შრომა თუ მოთმინება შენი, და ისიც, რომ არ შეგიძლია აიტანო უკეთურნი, და გამოსცადე ისინი, მოციქულებად რომ მოაქვთ თავი, მაგრამ მოციქულები კი არ არიან, და ჰპოვე ისინი მტყუარნი.

3. მომთმენი ხარ და ბევრი რამ იტვირთე ჩემი სახელის გულისთვის, მაგრამ არ დაქანცულხარ.

4. თუმცა შენს წინააღმდეგ მაქვს ის, რომ დაუტევე შენი პირველი სიყვარული.

5. მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი, მოინანიე და უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი. არადა, მალე მოვალ შენთან და ადგილიდან დავძრავ შენს სასანთლეს, თუკი არ მოინანიებ.

6. მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმენი, რომელნიც მეცა მძულს.

7. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც არის ღვთის სამოთხეში.

8. ხოლო სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:

9. ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, - თუმცაღა მდიდარი ხარ, - და გმობა მათგან, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ საკრებულო სატანისა.

10. ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს.

11. ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველი არ ევნება მეორე სიკვდილისაგან.

12. ხოლო პერგამონის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ორლესული მახვილის მქონე:

13. ვიცი, რომ ცხოვრობ იქ, სადაც არის სატანის ტახტი, მაგრამ მტკიცედ გიპყრია ჩემი საბელი და არ უარყავ ჩემი რწმენა თვით იმ დღეებშიც, როცა თქვენს შორის, სადაც სატანა მკვიდრობს მოკლეს ანტიპა, სარწმუნო მოწამე ჩემი.

14. მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ მცირეოდენი, რადგანაც გყავს მანდ ზოგიერთნი, ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ.

15. ასევე, შენც გყავს ნიკოლაელთა მოძღვრების მიმდევარნი, რომელნიც მე მძულს.

16. მაშ, შეინანე, არა და, მალე მოვალ შენთან და შევერკინები მათ ბაგეთა ჩემთა მახვილით.

17. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას, მივცემ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა.

18. ხოლო თიატირის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ძე ღვთისა, ვისაც აქვს თვალნი, როგორც ცეცხლის ალი, ფეხები კი მიუგავს ელვარე რვალს:

19. ვიცი შენი საქმენი, სიყვარული და რწმენა, მსახურება და მოთმინება შენი, და რომ შენი უკანასკნელი საქმენი უმეტესნი არიან, ვიდრე პირველნი.

20. მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ ის, რომ ნებას რთავ დიაც იეზაბელს, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ასწავლოს და აცთუნოს ჩემი მონები, რათა მრუშობდნენ და კერპთათვის შენაწირს ჭამდნენ.

21. მივეცი დრო, რომ მოენანიებინა თავისი სიძვა, მაგრამ არ ინება სინანული.

22. აჰა, დავამხობ მას სარეცელზე და მასთან ერთად მსიძავთაც შავ დღეს დავაყრი, თუკი არ მოინანიებენ თავიანთ საქმეს.

23. სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს და სცნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მისი საქმისამებრ მივაგებ თვითეულ თქვენგანს.

24. ხოლო თქვენ და დანარჩენთაც, ვინც კია თიატირაში, მაგრამ არ აღიარებენ ამ მოძღვრებას და, როგორც თვითონ ამბობენ, ვერ უცვნიათ სატანის სიღრმე, - გეტყვით, რომ აღარ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს,

25. მხოლოდ რაცა გაქვთ, ეგ იტვირთეთ ჩემს მოსვლამდე.

26. ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეს, მივცემ მას ხელმწიფებას წარმართებზე მბრძანებლობისას;

27. რკინის კვერთხით დამწყემსავს მათ და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან, როგორც მე მივიღე ხელმწიფება მამაჩემისგან.

28. და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს.

29. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.




იოანეს გამოცხადება


თავი მესამე



1. ხოლო სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს, ვისაც აქვს შვიდი სული ღვთისა და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი: სახელი ისეთი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, და მკვდარი კი ხარ.

2. იფხიზლე და განამტკიცე დანარჩენი, რაც უახლოვდება სიკვდილს, რადგანაც ვერ ვნახე, რომ შენი საქმენი გასრულებულიყვნენ ჩემი ღვთის წინაშე.

3. გახსოვდეს, რაც მიგიღია და მოგსმენია, დაიცავი და მოინანიე; ხოლო თუ არ იფხიზლებ, მოვალ შენთან, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ.

4. თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, რომელთაც არ შეუბილწავთ თავიანთი სამოსი; და სისპეტაკით მოსილნი ივლიან ჩემთან, ვინაიდან ღირსნი არიან.

5. მძლეველი ასე სისპეტაკით მოსილი ივლის, არ ამოვშლი მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე.

6. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.

7. ხოლო ფილადელფიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს წმიდა და ჭეშმარიტი, ვისაცა აქვს დავითის კლიტე, რომელიც აღებს და ვერავინ დახშავს, დახშავს და ვერავინ აღებს:

8. ვიცი შენი საქმენი: აჰა, მოგეცი შენს წინაშე გახსნილი კარი და ვერავინ შესძლებს მის დახშვას. მცირე გაქვს ძალა, მაგრამ დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავ ჩემი სახელი.

9. აჰა, სატანის საკრებულოდან გადმოგცემ იმათ, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, მე ვაიძულებ მათ, მოვიდნენ, ფეხქვეშ ჩაგივარდნენ და თაყვანი გცენ, რათა აღიარონ, რომ მე შეგიყვარე.

10. რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად.

11. აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი.

12. მძლეველს სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში, და აღარ გავა გარეთ; და დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას, სახელს ჩემი ღვთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, ზეცით რომ ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს.

13. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.

14. ხოლო ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა.

15. ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი.

16. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან.

17. რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი.

18. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო.

19. ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.

20. აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან.

21. მძლეველს გვერდით მოვისვამ ჩემს ტახტზე, როგორც თავად ვძლიე და ჩემს მამასთან დავჯექი მის ტახტზე.

22. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.


www.orthodoxy.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий