ღმერთი

ღმერთი

вторник, 18 марта 2014 г.

სულიერი სწავლებანი. 6

როცა ღმერთი იმდენს არ გაძლევს, რამდენიც შენ გინდა, ან შენს თავს სხვებს ამჯობინებს, ამით ნუ განაწყენდები, თავი უღირსად მიიჩნიე ამ ძღვენისა, იმითაც კმაყოფილი იყავი, რაც გაქვს, ადიდე შემოქმედი უფლის განგება, რამეთუ იგი ყოველთვის წმიდაა და სამართლიანია, თუნდაც შენთვის ეს გაუგებარი იყოს.


ქრისტიანი, რომელიც უბედურებით არ არის გამოცდილი, იმ მეომარს ჰგავს, რომელიც ბრძოლაში ჯერ არ ჩაბმულა. მზერა, მიმართვა, მეთოდები, მეტყველება - ყოველივე ეს მის სიმამაცეს გვიჩვენებს; მაგრამ თუ იგი არსად შეხვედრია მტერს, არც კი დაუნახავს იგი. განა შეიძლება, მივენდოთ მის სიმამაცესა და უშიშრობას?


ხუმრობით დანით მიყენებული ჭრილობა არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის, მტერი რომ განზრახ დაგაწყლულებს, - ამგვარადვე, მოყვასის ღირსება, რომლის შესახებაც რაიმე მცდარი, ხუმრობით ნათქვამი სიტყვის გამო ბოროტი ხმები ვრცელდება, არანაკლებ ილახება, ვიდრე - წინასწარგანზრახული ცილისწამების შედეგად.


არცერთ მიწიერ წყაროს არ ძალუძს წყურვილი მოუკლას ჩვენს გულს. შეკრიბეთ ყველა მიწიერი ბედნიერება და სიხარული და მიეცით იგი ერთ ადამიანს. ის მაშინაც იტყვის: ეს ყოველივე ჩემთვის არაფერია, ვიდრე გულის სიღრმეში განვიცდი სურვილს, რომელიც ჯერ არ ამსრულებია, სიცარიელეს, რომელიც ჯერ არ ამოვსებულა.


ის, ვინც ჭეშმარიტად ქრისტიანულად არ ცხოვრობს, ზნეობრივი კერპთაყვანისმცემლობის მდგომარეობაში იმყოფება. ის ან ქმნილებათა მსხვერპლია, უფლის ნაცვლად სიმდიდრეს ემსახურება, მუცელს აღმერთებს, ან პირიქით, - საკუთარ თავს აყენებს კერპად, და მსხვერპლად მოითხოვს ყველაფერს, რაც კი ამქვეყნად შობილა.


თქვენ, რომლებსაც ადამიანის ღირსებისთვის მიუღებლად მიგაჩნიათ ჯოჯოხეთის არსებობის დაჯერება! გამოიკვლიეთ თქვენი შინაგანი სამყარო ისეთ წუთებში, როდესაც თქვენი ამპარტავნული გეგმები საპნის ბუშტებივით სკდება და საკუთარ თავშივე დაინახავთ ჯოჯოხეთს, რომელსაც საკუთარი თავის გარეთაც უარყოფთ.


სათნოება დიდებულია პორფირში, ის ძონძებშიც სასიამოვნო სანახავია; ძლევამოსილია ჩაფხუტითა და ფარით აღჭურვილი, საცნობია ყანაშიც, საქებარია ტაძარში - წმიდა საკურთხეველთან; დალოცვილია სახლშიც, ქალაქში და ყველგან, საიდანაც არ უნდა შევხედოთ მას, ყველა მხრიდან სუფთა, მშვენიერი და ღვთაებრივი მოჩანს.


ჩვენც კი არ ვღებულობთ მეგობრების წრეში, არ დავუშვებთ ჩვენს საზოგადოებაში, ვერ ვითმენთ ჩვენს სახლში მათ, ვინც ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ ცხოვრობს. ასევე ღმერთიც, მით უმეტეს იგი, როგორც ყოვლადწმიდა და მართლმსაჯული, არასდროს ღებულობს თავის ზეციურ სასუფეველში ჯიუტი, ბოროტი ნების ადამიანებს.


სულიერი ცხოვრება ისეთია, რომ თუ წინ არ მივიწევთ, აუცილებლად უკან ვბრუნდებით; თუ სიკეთისათვის სიფხიზლეს შევწყვეტთ, კეთილის ქმნისათვის ძალა აღარ გვექნება; რამდენადაც უფლისათვის არ ვცხოვრობთ, იმდენად ვცხოვრობთ ცოდვისათვის; და რაც მეტად ვცხოვრობთ ცოდვისათვის, მით ნაკლებად ვცხოვრობთ უფლისათვის.


გაცილებით ადვილია, გადაიტანო უბედურება, ვიდრე მათი მიზეზი იყო. სუფთა სინდისის მქონე ადამიანი იტანჯება, მაგრამ მისი სულის სიმშვიდე დარღვეული არაა; ადამიანი, რომელიც სხვას ბოროტებას უკეთებს, საკუთარ თავში ატარებს ბოროტებას. ეს მოსვენებას არ აძლევს არც დღე და არც ღამე; ეს ის მატლია, რომელიც მას გამუდმებით ხრავს.


არავის ძალუძს მრისხანების ჟამს მოყვასს იმდენი ბოროტება მიაყენოს, რამდენიც - წინამძღოლს. ამიტომ მას ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეს საკუთარ თავში მრისხანების დაშვებისა, მრისხანების ჟამს კი - რაიმეს თქმის ანდა გაკეთებისა. შესანიშნავად უთხრა ძველ დროში ვიღაცამ ძველ დროში დამნაშავეს: "დაგსჯიდი, განრისხებული რომ არ ვიყო".


რა სარგებელია, თუ ბავშვები მთელ ცხოვრებისეულ სიბრძნეს შეითვისებენ, ზუსტად შეიტყობენ მაღალი საზოგადოების ყველა წეს-ჩვეულებას, თავიანთი სიმარჯვისა და გონებამახვილობის წყალობით ხმამაღალ ქებას დაიმსახურებენ და ყოველივე ამასთან ერთად, დასახიჩრებული და მზაკვარი გული და ქრისტიანული მოვალეობების აღსრულებისა შერცხვებათ?


მეგობარს იმდენად უყვარხარ, რომ შენს ნაკლოვანებებს ვერ ხედავს. მაგრამ დადექი შენი მტრის პირისპირ და მასზე უკეთ ვერავინ აღგიწერს შენს სისუსტეებს; იგი ფხიზლად უყურებს მათ, არ გამოტოვებს არცერთ საქციელს და ისე საუბრობს მათზე, რომ მათ დანაშაულს არ ამცირებს. ასე რომ, მშვიდად და ყურადღებით უსმინე შენს მტერს და მაშინ რამდენ ბოროტებაზე გაგამარჯვებინებს შენი მტერი.


ზოგჯერ მრავალგზის თხოვნის შემდეგაც უფალი არ გვაძლევს, რასაც ვითხოვთ, მაგრამ მაშინ იგი გვაძლევს იმას, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია. წმიდა პავლე სთხოვდა უფალს, დაეფარა განსაცდელისაგან - და მას განსაცდელები არ ელეოდა; მაგრამ როდესაც იგი ლოცულობდა, უფალი აძლევდა მადლს, რომლის საშუალებითაც იგი ახოვნად მოღვაწეობდა (2 კორ. 12, 7-9). ასე რომ, განა უფალმა პავლესი არ ისმინა?


"ეს ღრუბელია, ჩაივლის!" - ასე თქვა წმიდა ათანასემ ივლიანე განდგომილის შესახებ, სასტიკად რომ მტრობდა ქრისტიანებს, მოკვდა სიტყვებით: "შენ გაიმარჯვე გალილეველო!" სწორედ ეს სიტყვები (წმიდა ათანასესი) სამართლიანად შეიძლება, მივუსადაგოთ ცრუ თეორიების ყველა სხვა ბოლო დროინდელ მცდელობას, ამოეძირკვათ კაცობრიობის რწმენა მისი ღვთაებრივი მეუფისა და მაცხოვრის მიმართ.


ბედნიერნი არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ღვთის ტაძარში ხშირად დადიან და თავიანთ საცხოვრებელს სამლოცველო სახლად აქცევენ და ამით მათ ღვთისმოსაობის მაგალითს აძლევენ! მაგრამ ვის შეუძლია, ჩასწვდეს იმ ბავშვთა უბედურებას, რომელნიც მშობელთაგან ამქვეყნიური უწმინდურობის გავლენით იზრდებიან და ამით სისხლისმსმელი მოლოხისათვის შეიწირებიან მსხვერპლად? (იერ. 32, 35).



სხვა მოძღვარი

sibrdzne.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий