ღმერთი

ღმერთი

суббота, 29 марта 2014 г.

სულიერი სწავლებანი - წმიდა იოანე სინელი.

ურწმუნო არის მეტყველი და მოკვდავი არსება, რომელიც საკუთარი ნებით გაურბის სიცოცხლეს და თავისი მარადმყოფი დამბადებელი არარსებული ჰგონია.



 ურჯულო არის ის, ვინც ღვთის რჯულს არასწორად იცავს, საწინააღმდეგო ერესს მისდევს და ჰგონია, რომ ღმერთი სწამს.


ქრისტიანი არის ის, ვინც ქრისტეს იმდენად ემსგავსება, რამდენადაც ადამიანისთვისაა შესაძლებელი და საქმით, სიტყვითა და გონებით სწორად და უბიწოდ სწამს წმიდა სამება.


ღვთისმოყვარე არის იგი, ვინც არ ცვლის მას, რაც ბუნებრივია და უცოდველი, და არ დაიზარებს, რომელი კეთილი საქმის კეთებაც შეუძლია.



ფრთხილი ის არის, ვინც საცთურის, საფრთხისა და შფოთის დროს მათგან სრულიად შორს მყოფი საქმეების აღსრულებას ესწრაფვის.



 თუ ყველა მონათლული არ ცხონდება, დანარჩენებზე გავჩუმდები.


 მართლაც, საძაგებელი და დამღუპველია, როდესაც ბრძოლაში შესული მეომარი მაშინვე მარცხდება და ყველას სიკვდილის მაგალითს აძლევს; რადგან სხვებს, ხედავენ რა, რომ მეომარი შესვლისთანავე მოკლეს, ბრძოლაში შესვლა აღარ სწადიათ.


როცა სული საკუთარ თავს უღალატებს და სანატრელ და სასურველ მგზნებარებას დაკარგავს, გულმოდგინედ გამოიკვლიოს, რა მიზეზით დაკარგა და მისკენ წარმართოს მთელი ძალისხმევა, რადგან შეუძლებელია სხვა კარით დაბრუნდება, თუ არა იმით, რომლითაც გამოვიდა.


დაე, უფალს ისე მოვაწონოთ თავი, როგორც მეფის მეომრებმა, რადგან რაც მისი მეომრები გავხდით, მისი ერთგული მონობა მოგვეთხოვება.


არავინ მოიმიზეზოს ცოდვათა სიმძიმე და სიმრავლე და მონაზვნური ცხოვრების უღირსად არავინ მიიჩნიოს თავი იმ დროს, როცა ავხორცობის გამო იმდაბლებს თავს და ცოდვებს იმიზეზებს (შდრ. ფსალმ. 140. 4). სადაც დიდი წყლულია, შხამისგან გასაწმენდად იქ მკურნალობაც დიდია საჭირო, რადგან სამკურნალოდ ჯანმრთელები კი არა, ავადმყოფები მიდიან.


ზოგიერთმა, ერში დაუდევარ ცხოვრებას რომ ეწევა, მითხრა: „როგორ შეგვიძლია მონაზვნურ ცხოვრებას შევუდგეთ ისინი, რომლებიც დაქორწინებულები ვართ და სახელმწიფო სამსახურში ვიმყოფებით?“ მე ვუპასუხე: „როგორც შეგიძლიათ, ისე აკეთეთ სიკეთე: არავინ დააბეზღოთ, არაფერი მოიპაროთ, არავინ მოატყუოთ, არავისთან იამაყოთ, არავინ შეიძულოთ, ეკლესიაში ყოველთვის იარეთ, გლახაკებს წყალობა მიეცით, არავინ დააბრკოლოთ, სხვის საკუთრებას ნუ მიიტაცებთ, სხვას ნუ მოინდომებთ და თქვენი მეუღლეები იკმარეთ. თუ ყოველივე ამას გააკეთებთ, შორს არ იქნებით ცათა სასუფევლისგან“.


 მამაცურად შევებრძოლოთ მათ, რადგან გულმოდგინე მებრძოლს ვერავინ ებრძვის.


ყველაფერში დიდი სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ ყველაზე მეტად იმაში გამოვიჩინოთ გონიერება და სიფრთხილე, რის თქმასაც ვაპირებ:


 ფრთხილად ვიყოთ, ვაითუ, ვიწრო და ჭირის გზით მივდივართო, გვეგონოს, სინამდვილეში კი, ფართო და ვრცელი გზით მივდიოდეთ და ვცდებოდეთ.


სრულიად სცდება იგი, ვისაც ჰგონია, რომ რაიმე უარყო, მაგრამ მასთან განშორება აწუხებს.



ვინც ხილულ თუ უხილავ ზღვაში ცურავს, ყველამ იცის, რომ ნავსადგურში გადარჩენაც შეიძლება და დაღუპვაც.


საცოდაობაა, როცა შუა ზღვას გადაურჩებიან და ნავსადგურში დაიხრჩობიან.






Комментариев нет:

Отправить комментарий