ღმერთი

ღმერთი

вторник, 18 марта 2014 г.

პატრიოტიზმზე.

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) 



რა საკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო. გრძნობა თავისიანის სიყვარულისა ისეთივე ძლიერია, ისეთივე მკვიდრია, ისეთივე ბუნებრივია, მაშასადამე, ისეთივე სამართლიანი და პატივსაცემი, როგორც სიყვარული მამა-შვილური, დედა-შვილური. ვერა ძალი მაგ სიყვარულს ვერ ამოჰკვეთს ადამიანის გულიდამ! ყოველივე იარაღი მის წინაშე უქმია!

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) 



თუ ადამიანს თავისი ვინაობა არარად მიაჩნია, მაშინ იმ ადამიანში ადამიანური რაღაა? დრო გამოიცვლება, დრო მოვა, როცა თავისის ვინაობიდან გადამდგარი კაცი ყველასაგან შერისხული იქნება, როგორც უღირსი, თითონ იმათგანაც კი, ვინც ახლა სიხარულით ამისთანა კაცს შეიკედლებს ხოლმე და ულოლოებს. დრო მოვა, როცა ყველასათვის ცხადი იქნება, როგორც ორჯერ-ორი, რომ თუ კაცი თავისას გაუდგა, სხვისას ვერ უერთგულებს. ეს ჭეშმარიტება დღეს ცოტამ იცის და ხვალე ბევრს ეცოდინება, და მაშინ ვაი თავის ვინაობაზედ გულაცრუებულს, გულგრილს და ხელაღებულს!

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)



იქ, საცა ერთი მხრით სამშობლო და მეორე მხრით სხვაა, სხვას მარტო ნამეტანობისაგან უნდა მიეცეს. ნამეტანობაზე, ჩვენდა საუბედუროდ, ჯერ შორსა ვართ, და რაც ჩვენთვის საკმაო არ არის და თვით ჩვენ გვჭირია, იგი მარტო ჩვენს სამშობლოს უნდა გამოვუზოგოთ და შევწიროთ.

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)



სამშობლოსა და მისი სიწმინდეების დამცველი პირნათლად ასრულებს ქრისტეს მცნებას: „უფროისი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის“ (იოანე 15, 13)

მიტროპოლიტი ფილარეტი



სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია. უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი. სამშობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო, მისი მისწრაფებანი და ფილოსოფიური შეხედულებანი, მისი გულწრფელობა და სიყვარული სხვა ერებისადმი, ვისაც არ უყვარს თავისი თავი, ის ხომ ვერც სხვას შეიყვარებს... და ვისაც არ უყვარს თავისი სამშობლო, ის როგორ იგრძნობს ცარიელ გულში სხვათა სამშობლოს სიყვარულს?! ამიტომ ბრძანა რაფიელ ერისთავმა: „სამშობლო - დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა... როგორც უფალი, სამშობლოც, ერთია ქვეყანაზედა...“

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



გახსოვდეთ, ღვთის სასუფეველში შემავალი კარიბჭე ჩვენი მიწიერი, ამქვეყნიური სამშობლო და ეკლესიაა, ამიტომ მხურვალედ გიყვარდეთ და სიცოცხლეს ნუ დაიშურებთ მისთვის.

წმიდა იოანე კრონშტადტელი



თვითოეულ ერს, თვითოეულ ხალხს უკავია დედამიწის პირზე განსაზღვრული სივრცე, განსაზღვრული მანძილი, განსაზღვრული ალაგი ანუ ტერიტორია. რაკი ერი იბადება, ვითარდება, საზრდოობს და მრავლდება ერთ ტერიტორიაზე, ამის გამო იგი თავისთავად იმსჭვალება ამ ტერიტორიისადმი ისეთივე ბუნებრივი, სათუთი და ცხოველი მიზიდულობით, როგორითაც გამსჭვალულია ხოლმე ყოველი მოსიყვარულე შვილი მშობელი დედ-მამისადმი. შეგნებული ადამიანისათვის სამშობლო და მშობელი ერთი მეორის ფარდი, ერთი მეორის მაგიერი და სწორი ცნებაა. წესიერად განვითარებული, ე.ი. ცალმხრიობას, სიდუხჭირეს და სიმახინჯეს აცილებული ადამიანის გულში იმდენივე ალაგი აქვს დათმობილ სამშობლოს, რამოდენიც მშობლების სიყვარულსა და პატივისცემას, მშობლების კეთილდღეობისათვის ზრუნვასა და მათი ღირსების დაცვას.

კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)


orthodoxy.ge









Комментариев нет:

Отправить комментарий