ღმერთი

ღმერთი

четверг, 27 марта 2014 г.

როგორ იწვევენ მშობლები შვილების ეკლესიური ცხოვრებისგან ჩამოშორებას და რა ასაკში არ არის საჭირო ბავშვისთვის მარხვის შენახვა

2014-03-17
ნათია უტიაშვილი



ძველად, ძალიან ბევრ ოჯახში მშობელი იწყებდა ლოცვას და გვერდით იყენებდა შვილებს, რომლებსაც უკვე შეეძლოთ ამ ყველაფრის მოსმენა, გააზრება, გაგება. ერთობლივი ლოცვა ტარდებოდა და, ალბათ, ამიტომაც გამოირჩეოდნენ ჩვენი წინაპრები ჩვენზე მეტი რწმენით, მონდომებით, სულისკვეთებით, პატრიოტიზმით და შვილებსაც ასე ზრდიდნენ. თუ როგორ უნდა გაზარდონ თანამედროვე მშობლებმა შვილები ჭეშმარიტ ქრისტიანებად, რა არ უნდა დააძალონ მათ და რა ასაკიდან უნდა შეინახონ ბავშვებმა მარხვა, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

– ძალიან კარგია, თუ ერთი პირით ადიდებენ ოჯახის წევრები უფალს. თუ საქართველოში ასეთი ოჯახი ბევრი იქნება, ეს ჩვენს სიძლიერეს წარმოაჩენს უფლის წინაშე და ჩვენთვის ძალიან კარგია. მაგრამ, თუ ეს არ ხერხდება, მაშინ ოჯახში ერთი ადამიანი იქნება მორწმუნე და მლოცველი თუ ორი, მათ სარწმუნოებრივი მაგალითი უნდა მისცენ ბავშვებს. შეიძლება, შვილმა მშობლებთან ერთად არ ილოცოს, მაგრამ, როდესაც დაინახავს, რომ მამა და დედა ლოცულობენ, მისთვის ეს კარგი მაგალითი იქნება და თვითონაც დაიწყებს მომავალში ლოცვას.


– თუმცა, ზოგჯერ ამას იძულების სახე აქვს.


– ყველა წმიდა მამა, გამოცდილი მოძღვარი, წმიდანი და საეკლესიო პრაქტიკა ერთ რამეს გვასწავლის: ბავშვებთან მიმართებაშიც ზომიერების დაცვაა საჭირო. ჩვენ არ უნდა მოვთხოვოთ ბავშვებს მარხვის შენახვა, ზიარება, იმის აღსრულება, რაც ჯერ არ შეუძლიათ, თუმცა, მათთვის ამ ყველაფრის არმოთხოვნაც არ გვეპატიება, რადგან, შემდეგში ამას თავად უფალი მოგვკითხავს. უფალი ადამიანს მხოლოდ საკუთარ თავს არ აბარებს – როდესაც გვაქვს ოჯახი, გვყავს შვილები, ჩვენ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ, შვილების, ოჯახის წევრების ქცევასა და ცხოვრებაზეც ვაგებთ პასუხს და ჩვენი მხრიდან გულგრილობა არ იქნება სწორი. მათდამი უსიყვარულობა და გულგრილობაა, როდესაც ყრმობიდანვე არ ჩავუნერგავთ უფლის შიშს, სიყვარულს, მაგრამ, ეს უნდა მოხდეს არა ძალდატანებით, არამედ პირადი მაგალითის საფუძველზე. როგორც სულიერი მამები გვასწავლიან, მარხვა სულიერი წრთვნაა ადამიანისთვის, რათა მან განავითაროს საკუთარი სულიერი ძალები. როდესაც ადამიანი ინახავს მარხვას, ის ამით ნებისყოფას გამოიმუშავებს და რაღაცაზე უარის თქმას სწავლობს. მართალია, ძალიან რთულია, როდესაც ადამიანი უარს ამბობს იმაზე, რაც გულით უნდა, რაზეც მიჯაჭვული იყო, მაგრამ ეს მისთვის სულიერი ვარჯიშია, ამ დროს ის იწყებს საკუთარ თავზე მუშაობას და ეს მას ყველა სურვილზე, გრძნობებსა და მიდრეკილებებზე მაღლა აყენებს. ჩვენ თუ ვიქნებით სამაგალითო მშობლები, ბავშვები ამას დაინახავენ და შეითვისებენ. თუმცა, შეიძლება, ბავშვს მცირედი დოზით ვაიძულოთ, შეეჩვიოს ლოცვას, მარხვას, უფლის მცნებების აღსრულებას, ოღონდ, ზედმეტად არ უნდა მოვთხოვოთ ის, რისი აღსრულებაც არ შეუძლია და არ უნდა დავაბრკოლოთ, არ უნდა ავკიდოთ ის ტვირთი, რომელსაც ვერ ზიდავს, რადგან, ამით, შეიძლება, მას ბავშვობიდან დავუკარგოთ უფლის შიში და სიყვარული; ანუ, ბავშვს სულიერი საზრდო აუცილებლად უნდა მივაწოდოთ, მაგრამ, ზომიერად, პირადი დაკვირვებით, რომ მან ეს ყველაფერი მიიღოს და არ გააკეთოს მექანიკურად, მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მშობლები აძალებენ. თუ ჩვენ ბავშვს ძალას დავატანთ, ილოცოს და იმარხულოს, ის ამას ჩვენ გამო შეასრულებს, მაგრამ, როდესაც ჩვენ არ ვიქნებით, ამას აღარ გააკეთებს ან გააკეთებს ზერელედ და ამით საკუთარ თავს ავნებს. როდესაც გაიზრდება და არჩევნის საშუალება ექნება, შეიძლება, მან ძალიან ცუდი არჩევანი გააკეთოს, რადგან, მანამდე ყველაფერი ძალდატანებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა და ამით მას უფლის მცნებების მიმართ, შესაძლოა, უარყოფითი დამოკიდებულება და პროტესტი ჩამოუყალიბდეს.


– ხშირად მშობლები შვილებს არჩევნის საშუალებას არ უტოვებენ.



– ზოგიერთ მორწმუნეს აქვს არასწორი, არაჯანსაღი მიდგომა. ისინი შვილებისგან ითხოვენ იმ ყველაფრის შესრულებას, რასაც თავად ასრულებენ. ყველამ ვიცით, რომ მართლმადიდებლობა თავისუფალი სარწმუნოებაა. სახარება გვასწავლის, რომ ადამიანი თავისი ნებით უნდა მიეახლოს უფალს. უფალი არ ითხოვს ღვთისკენ, სარწმუნოებისკენ ნაბიჯის ძალით გადადგმას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი შვილები პიროვნებები არიან. რა თქმა უნდა, მათზე გარკვეული უფლებები გვაქვს, რადგან ჩვენ მათი მშობლები ვართ, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლომდე ჩავერიოთ მათ ცხოვრებაში, აზროვნებაში, თავისუფლებაში. თავად უფალი არ აბრკოლებს ადამიანს თავისუფალ არჩევანში, თუმცა, აჩვენებს ორ გზას: ერთი ცხონებისკენ მიდის, მეორე – წარწყმედისკენ. ასე რომ, ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს და, კი არ დააძალოს შვილს ლოცვა, ეკლესიაში სიარული, არამედ, საკუთარი ქცევით მისცეს მაგალითი. მშობელი, რომელიც ბავშვს აძალებს, იმარხულოს, ილოცოს მასთან ერთად, დაესწროს წირვას, მიუხედავად იმისა, შეუძლია და სულიერად მომწიფებულია თუ არა, აქვს თუ არა ამის სურვილი, რა თქმა უნდა, არასწორად იქცევა. ეს შემდეგში გამოიწვევს ამ ადამიანის ჩამოშორებას სარწმუნოებისგან. ჩვენ არაერთი მაგალითი ვიცით, როდესაც უკვე ზრდასრული ადამიანი ამბობს, რომ მშობლები ბავშვობაში აძალებდნენ ლოცვების კითხვას, ყველაფერს მისი ნების წინააღმდეგ აკეთებდნენ და ამან საპირისპირო რეაქცია გამოიწვია – ლოცვებისადმი, ეკლესიაში სიარულისა და ზიარებისადმი ცუდი დამოკიდებულება ჩამოუყალიბა, პროტესტი გამოიწვია მასში.

– რა ასაკიდან უნდა შეინახონ ბავშვებმა მარხვა და რა სიხშირით უნდა ხდებოდეს მათი ზიარება?

– 9-10-12 წლის ბავშვებს უკვე მოეთხოვებათ, წირვაზე მოვიდნენ უზმოზე და ისე ეზიარონ, რადგან, ამ საკითხის გაუბრალოება არ შეიძლება. ახალდაბადებულები, რაც უფრო ხშირად ეზიარებიან, უკეთესია. მშობელს შეუძლია, ყველა დღესასწაულზე, კვირას, ასევე, სადაგ დღეებში მიიყვანოს ბავშვი და აზიაროს – ამაზე კარგი არაფერია. ჯობია, სადაგ დღეებში წაიყვანონ ეკლესიაში და აზიარონ. როდესაც ბავშვი ხშირად ეზიარება, ის უფლის მადლს ხშირად იღებს, ეჩვევა ამ უდიდეს საიდუმლოში მონაწილეობას და, თუ ეს ყველაფერი იქნება გაკონტროლებული, ზომიერებაში გადატანილი, ის წარმატებული ქრისტიანი გაიზრდება. 2-3-4, თუნდაც, 6 წლის ბავშვს მარხვის დაცვა არ ევალება. არსებობს წმიდა მამის, ტიმოთე ალექსანდრიელის 68 კანონი, სადაც წერია, რომ ბავშვს ეკლესიური ცხოვრება მოეთხოვება და ის უფლისგან განიკითხება სულიერი მოწიფულობის მიხედვით. თუ ბავშვი არის 8-10 წლის, თუ ის მოწიფულია რელიგიურად და შემეცნების, აღქმის უნარი გააჩნია, შეუძლია, აღსარება ჩააბაროს. 2, 3, თუნდაც 5 წლის ბავშვმა როგორ უნდა გააცნობიეროს სინანულის საიდუმლო, რომლის გაცნობიერება ჩვენც კი გვიჭირს და ხშირად სწორად ვერ ვიგებთ მის ნამდვილ არსს?! ამიტომ, როგორ უნდა მოვთხოვოთ 3-4 წლის ბავშვს აღსარების თქმა, რომელიც, თავის მხრივ, უმწიკვლო, უბიწოა, არ არის ცოდვით შესრულებული?! ეს იქნება მიუღებელი და ბავშვს ამ ყველაფრისადმი არასწორი მიდგომა ჩამოუყალიბდება. თუმცა, 8-10 წლიდან ბავშვი უნდა შეეჩვიოს აღსარების თქმას, მარხვის დაცვას, მაგრამ, ეს მისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს და, შესაბამისად, მიდგომაც ინდივიდუალური უნდა იყოს. მან იმ შემთხვევაში უნდა იმარხულოს, თუ ეს მის ძალებს არ აღემატება; უნდა იმარხულოს, მაგრამ, არა ისე, როგორც მისი მშობლები მარხულობენ – შეიძლება, დიდმარხვაში მხოლოდ ოთხშაბათი-პარასკევი დაიცვას, ან, ის მძიმე დღეები, რომლებიც უფლის გაცემას, ჯვარცმას უკავშირდება. მაგრამ, თუ მას აქვს სურვილი, ამ მიმართულებით უფრო მეტი გააკეთოს, ჩვენ შეგვიძლია, მივცეთ კურთხევა, თუმცა, ეს მოძღვრისა და მშობლების მიერ მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული, რომ ბავშვს ზედმეტი არ მოუვიდეს და საკუთარ თავზე დიდი ტვირთი არ აიღოს.


http://tbiliselebi.ge/?mas_id=268440663&year=2014&rubr_id=7&jurn_id=11



Комментариев нет:

Отправить комментарий