ღმერთი

ღმერთი

суббота, 22 марта 2014 г.

პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.

რატომ მომრავლდა სისასტიკე მოზარდებში?

როგორ ხდება პიროვნების ჩამოყალიბება, რა გარემოებები და ფაქტორები ახდენს გავლენას ადამიანის ზნეობრიობაზე? გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე: “თითოეულ ადამიანს დაბადებისთანავე ენიჭება საერთო მდგომარეობა – ხატება ღვთისა, მაგრამ გამოხატული ადამისეული ცოდვის შედეგით. მართალია, ქვეყნიერებაზე მოვლენისას ცოდვა არ გვაქვს ჩადენილი, მაგრამ მისგან სრულიად განშორებულნი არ ვართ, როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ხშირად ცოდვის ჩადენასაც არ ვაყოვნებთ ხოლმე.

საგულისხმოა მშობლისგან გადმოცემული გენეტიკური მემკვიდრეობა. ის დიდ გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე. თუ დავაკვირდებით, ხშირად გონებრივად არასრულყოფილ ადამიანებს, ასეთივე შვილები ჰყავთ. ასევე, თუ მშობლებს გარკვეული ცოდვის ჩადენისკენ აქვთ მიდრეკილება, ამან შესაძლოა დიდი ზეგავლენა მოახდინოს შვილის ცხოვრებასა და სულიერ მდგომარეობაზეც. როდესაც ოჯახი იქმნება და მათში შვილიერებაც იწყება, მშობლების თანაცხოვრების პერიოდსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

ამდენად, მშობლებისაგან მიღებული გენეტიკური კოდი და ადამისეული მემკვიდრეობა არჩევანის გარეშე გვეძლევა, მაგრამ როგორი ბუნებისაც არ უნდა დაიბადოს ადამიანი, დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდას. პირველი აღმზრდელი კი მშობელია.”


როგორ აღვზარდოთ მართებულად შვილები?

ბავშვის აღზრდისას საწყისი ეტაპიდანვე დიდი სიფრთხილე გვმართებს. მათთან ურთიერთობაში ზომიერება უნდა შევინარჩუნოთ. შვილი არც ძალიან უნდა გავათამომოთ და არც ისე დავსაჯოთ, რომ ეს ფაქტი ფსიქიური ტრავმის სახით მთელი ცხოვრება გაჰყვეს. ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდანვე ხდება. როცა ისინი ბაღში, ან სკოლაში მიდიან, მოზარდის აღზრდის პროცესში ერთვება პედაგოგი, რომელიც დიდად განსაზღვრავს შემდგომში ბავშვის ზნეობასა და ფსიქიკას. ამის გამო, ადრე მეფეები თავიანთ შვილებს ბერებს აბარებდნენ, რათა ზნეობრიობა და სულიერება ესწავლებინათ.

თუ მასწავლებელი სითბოთი, სიყვარულით დახვდება აღსაზრდელს, მას შეუყვარდება გარემო და ძალდატანებით არ მოუწევს სკოლასა თუ ბაღში სიარული. თუ პედაგოგმა ამ ამოცანას თავი წარმატებით ვერ გაართვა, ბავშვს დიდი ტკივილის გადატანა მოუწევს, რაც გარკვეულ ნეგატიურ კვალს დატოვებს მის ფსიქიკაზე. მნიშვნელოვანია თანაკლასელთა და მეგობართა წრეც, რადგან მათთან ყოველდღიური ურთიერთობა და ერთმანეთისადმი მიმბაძველობა ზოგჯერ არასასურველად მოქმედებს პიროვნების ჩამოყალიბებაზე. გარკვეული წლების შემდეგ, როცა ასე თუ ისე, მომწიფდება ადამიანი, შედარებით დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს, მაგრამ უკვე მრავალი შეძენილი მავნე თვისებით.

მთლიანობაში, როგორი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს ბავშვს, თუ ის თავისი ბუნების გარდაქმნას მოისურვებს, ამის საშუალებას წმიდა ეკლესია სულიწმიდის მადლით ანხორციელებს.

რამდენად სწორად ხდება დღეს ახალგაზრდების ჩამოყალიბება?

დღეს განსაკუთრებით გაძნელდა ახალგაზრდების სულიერი და ზნეობრივი ცხოვრება, რადგან იმდენი საცდური არსებობს და ყველაფერი ისე ლამაზად არის წარმოდგენილი, რომ ახალგაზრდებს სწორი არჩევანის გაკეთება ძალიან უჭირთ. ცოდვას მოდის სახე მიეცა. საერთოდ სიტყვები: ცოდვა, ბიწიერება, უზნეობა და მათი საწინააღმდეგო _ სათნოება, სიწმინდე, ზნეობა მასმედიის საშუალებებიდან მთლიანად გამქრალია. ძლიერი თანამედროვე ზემოქმედების საშუალებები ადამიანთა ზნეობრივ დეგრადაციას აქტიურად უწყობენ ხელს.

ზოგჯერ უმეცართ მიაჩნიათ, რომ ეკლესია ამკრძალავი ორგანიზაციაა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მისი წინამძღოლი ქრისტეა და აქ ადამიანური პრინციპებით როდი ხელმძღვანელობენ. წმიდა ეკლესიაში ღვთის სულია ყოველივეს წარმმართველი: “ხოლო ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდა, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველივე, და მოგახსენოს თქუენ რაოდენი გარქუ თქუენ” (იოან.14:26). ეკლესია ღვთის მცნებებზეა დაფუძნებული და ადამიანთათვის ღმერთთან შეხვედრის ადგილია. მასში საიდუმლოებათა მეშვეობით ღვთის მადლთან თანაზიარება მიმდინარეობს, რისთვისაც უბიწო და წმიდა ცხოვრების წესია აუცილებელი. ამიტომ, თუკი ეკლესიის მხრიდან რაიმე ქმედებისა და მოვლენისადმი წინააღმდეგობა გამოიხატება, ამას ყოველთვის მზრუნველობითი, დამრიგებლური და შემაგონებელი ხასიათი გააჩნია. თავად ეკლესიაში დადგენილი კანონები და სულიერი სასჯელებიც ყოველთვის პიროვნების გაკეთილშობილებასა და გამოსწორებას ეფუძნება. ადამიანი წმიდა და უბიწო ცხოვრების გარეშე ღმერთთან მიახლების ყოველგვარ საშუალებას ჰკარგავს. ამის გამო ეკლესიას მუდმივად უწევს ამა თუ იმ თანამედროვე გამოწვევის განხილვა და შეფასება, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. ამიტომ, შესაძლოა ღვთისმსახურთა მხრიდან თავდაპირველად, გარკვეულწილად განსხვავებული პირადი შეხედულებებიც მოვისმინოთ. თუმცა საბოლოოდ ეკლესია, ამგვარ მსჯელობასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ერთიან, მტკიცე და ნათელ პოზიციას აყალიბებს. არ შეიძლება ყოველივეს ერთ ჭრილში განხილვა. მაგ: დანაც კი, ეს მეტად საჭირო დამხმარე საშუალება, ზოგჯერ დიდი ცოდვისა და უბედურების მიზეზი ხდება. იგივე შეიძლება ითქვას კომპიუტერზე, ტელევიზორზე. მთავარია, როგორ და რისთვის გამოვიყენებთ მათ. ბავშვები ხშირად თამშობენ აგრესიულ თამაშებს ომებზე, მკვლელობაზე, რასაც მშობლებისგან სათანადო ყურადღება არ ექცევა. შედეგად ბავშვი აგრესიული ყალიბდება, აქვს მუდმივი სწრაფვა განადგურებისკენ. როდესაც ადამიანის ბუნებაში ამდენი სისასტიკე დაილექება, თუნდაც ახალგაზრდობის ასაკში ძალადობის ამსახველი ფილმების ყურებით, რთულ სიტუაციაში გამოსავლისა და პრობლემის მოგვარებასაც ასე შეეცდება. ამიტომ მომრავლდა ჩვენს რეალობაში სისასტიკე, უზნეო დანაშაულებები და ქმედებები.

მაგალითად, რეიტინგულ სატელევიზიო არხებზე ყოველდღიურად მიმდინარეობს მდაბიო და უზნეო უცხოური სერიალები. შესაძლოა, მოხუცებულობაში მან მნიშვნელოვანი ზიანი არ მოგვაყენოს, მაგრამ ახალგაზრდებზე დამღუპველად მოქმედებს. უცხოურ სერიალებში ხშირად ლამაზად ხდება ქრისტეს მცნებების, ოჯახური ტრადიციების უარყოფა და თუ ახალგაზრდა მის ყურებას იმაზე დიდ დროს უთმობს, ვიდრე ღმერთზე ფიქრსა და მოყვასზე მზრუნველობას, თავად განვსაზღვროთ, რამ უფრო დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს ახალგაზრდების სულიერებაზე. ისინი განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ასეთ სანახაობას. რადგან, როგორიც იქნება ადამიანი მოზარდობის წლებში, რასაც ნახავს და აღასრულებს, ის იქცევა მისი ცხოვრების ჩვევად.

ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ რაც თვალით აქვს ნანახი, ის მისი გონებიდან არასდროს ამოიძირკვება. ეშმაკიც, რთულ სიტუაციებში, მას მეხსიერებაში არსებულ შთაბეჭდილებებს წამოუტივტივებს, რის გამოც ცოდვასა და ვნებას ადვილად ემორჩილება.
პავლე მოციქული ამბობს: “ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს” (1კორ.10:23). ჩემთვის ყოველივე ნებადართულია, ყველაფერი შემიძლია აღვასრულო, მაგრამ ყველაფრის აღსრულება არ ღირსო. თუ ყველაფერი განუსჯელად აღვასრულეთ, ჩვენი სული შეიბილწება. ამ სიბილწისა და ცოდვისგან განთავისუფლებას კი ბევრი შრომა, სინანული და მუდმივი ლოცვა სჭირდება. ამიტომ ვეცადოთ, სულში არაფერი მზაკვარი არ შემოვუშვათ.

იგივე შეიძლება ითქვას თანამედროვე გართობისა და განმუხტვის სხვა საშუალებებზე. ყოველივე ისეა შექმნილი და ჩამოყალიბებული, რომ ფხიზელი სულიერი მზერის გარეშე თითქოსდა არაფერია საგანგაშო. სინამდვილეში, მასში აქტიურად ჩართულობის პირობებში სულიერად უვნებელი ძნელად თუ ვინმე დარჩება. სამწუხაროდ, თანამედროვე ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა ყველაფერი ცხოვრების ჩვეულებრივ წესად აქცია.

ამდენად, მშობელმა თითოეულ შვილთან, მისი ბუნებიდან გამომდინარე განსხვავებული მიდგომა უნდა შეიმუშავოს. ზოგს მეტი სიმკაცრე და კონტროლი სჭირდება, ზოგს პირიქით. თუ დავინახავთ რომ ბავშვს მავნე მიდრეკილებები აქვს, არ უნდა მივცეთ გაღრმავების საშუალება, მაგრამ თავისუფალი ნებაც არ უნდა დავაკარგვინოთ. სანამ შვილები მშობლებზე არიან დამოკიდებულნი, მანამდე უდიდესი ყურადღება და სიფრთხილე გამოვიჩინოთ. ვეცადოთ, ბავშვობიდანვე შევაყვაროთ ეკლესია და ამ სიწმინდის ფონზე დაინახავს რა განსხვავებაა ზნეობრივ და უზნეო ცხოვრებას შორის. შესაბამისად, დღეს როდესაც ასე გაურბიან ღვთის მცნებების აღსრულებას, თითქოსდა მისი სიმძიმის გამო, ადამიანისთვის სწორი არჩევანის გაკეთება ბევრად უფრო მარტივი ხდება, რამეთუ: “მცნებანი მისნი მძიმე არა არიან” (1იოან.5:4).


ambioni.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий