ღმერთი

ღმერთი

четверг, 20 марта 2014 г.

ეკლესია და ფსიქიკური აშლილობები.

  მედიცინის არც ერთი დარგი ისე არ არის დაკავშირებული რელიგიის საკითხებთან, როგორც ფსიქიატრია. თუმცა სულიერების პრობლემებს ყველა სპეციალობის ექიმი აწყდება მუშაობის პროცესში. ექიმი მკურნალობს არა ავადმყოფობას, არამედ ავადმყოფს, როგორც პიროვნებას, თავისი განუმეორებელი სულიერი სამყაროთი. ამდენად, მნიშვნელოვანია მედიცინისა და ეკლესიის თანამშრომლობა. ექიმმა და მოძღვარმა ერთმანეთი უნდა შეავსონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფსიქიკურ დაავადებებსა და მის მკურნალობას ეხება.

ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ეკლესია აზიარებს. ფსიქოზური დარღვევის მქონე პიროვნებებისთვის ეკლესიაში არსებობს განსაკუთრებული ადგილი – სტოა, სადაც ისინი ეზიარებიან. თვითმკვლელობის ჩადენის შემთხვევაში ფსიქიკურად დაავადებულზე შეიძლება აღსრულდეს საეკლესიო წესი.

ქრისტიანული ანთროპოლოგიის მიხედვით, ფსიქიკური დაავადებების პირველადი მიზეზი ადამიანის ცოდვით დაცემაში მდგომარეობს. როგორ ხდებოდა ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა და რატომ უშვებს უფალი ამ განსაცდელს ადამიანებზე? ამ თემაზე გვესაუბრება კლდის უბნის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელმსახური დავით ციცქიშვილი:

“თავდაპირველად ფსიქიკურ აშლილობებს ეკლესია მკურნალობდა. მართლმადიდებლურ ქვეყნებში სხვადასხვა კუთხიდან მოჰყავდათ სულით ავადმყოფები, შეპყრობილები. მონასტრის ძმები მათ სიყვარულით ეპყრობოდნენ და ლოცვით, ნაკურთხი წყლით, უდრტვინველი მოვლით ცდილობდნენ, შეემსუბუქებინათ მათთვის მდგომარეობა.

შემდეგ დადგა უკვე მეორე ეტაპი. დაიწყო ფსიქიატრიის ეკლესიიდან გამოყოფის ხანა, რომელიც დაახლოებით XVIII საუკუნის ბოლოდან იღებს სათავეს. ეს მეცნიერება უფრო ობიექტური გახდა. მკვლევრები ეყრდნობოდნენ მარტოოდენ ფაქტებს და კლინიკურ- ლაბორატორიულ დაკვირვებებს. სულიერი, ფსიქიკური პრობლემები და ავადმყოფები მარტოოდენ ფსიქიატრთა კომპეტენციად გამოცხადდა და ეკლესია, მღვდელი განიდევნა მათი თვალსაწიერიდან.

ეს იყო ადრე, მაგრამ ახლა, ვფიქრობთ, დადგა დრო, როცა უნდა შეიცვალოს ვითარება. ანუ მარტო ეკლესიამ, ან მარტო ფსიქიატრიის მეცნიერებამ ცალ-ცალკე კი არ უნდა იბრძოლოს ფსიქიკურ აშლილობათა წინააღმდეგ, არამედ მათ ერთად უნდა შეუტიონ ამ დიდ პრობლემას. ნაპრალი უნდა ამოივსოს. ამ ორი მხარის გაერთიანებით უნდა მოხდეს სხვადასხვა გადახრათა დაძლევა, შესუსტება.

ეკლესიური კუთხით, ღმერთი უშვებს ფსიქიკურ აშლილობებს რამდენიმე მიზეზის გამო. ზოგჯერ ეს ხდება იმიტომ, რომ უფალი ხედავს იმას, რომ ადამიანი მომავალში საკუთარ გონებას გამოიყენებს თავისდა საზიანოდ, დასაღუპად, ზოგს კი უფალი უგზავნის ამ განსაცდელს, რათა თავიდან ააცილოს რაღაც მძიმე ცოდვა. გამოსაყოფია კიდევ ერთი რამ. არის ადგილი წმ.იოანე კრონშტანტდელის ნაწერებში, სადაც იგი ახსენებს რა სულიერ ავადმყოფობას, ყურადღებას ამახვილებს შემდეგ მომენტებზე: “არის სულები”, – აღნიშნავს ის, – “რომლებიც იმდენად მსხვრევადია, რომ დაილეწებოდნენ გარე სამყაროს უხეშობის, სისასტიკის გამო. ამიტომაც ღმერთი უშვებს, რომ მათსა და მსოფლიოს შორის ერთგვარი სუდარა ჩამოეშვას, რათა დაცულ იქნას ეს ხალხი, რათა არ დაირღვეს მათი მთლიანობა. ამ სუდარას იქით კი სული მწიფდება და იცვლება. ხდება ადამიანის პიროვნული ზრდა.”

უკვე უძველეს ლიტერატურაში ვხვდებით ფსიქიკური აშლილობების, კერძოდ კი, შიზოფრენიის მეტად ზუსტ აღწერას. მაგალითად, წმიდა წერილში გამოყოფილია ორი ძირითადი სიმპტომი შიზოფრენიისა – აუტიზმი და გახლეჩილობა. ამაზე მიუთითებს სახარებაში თუნდაც ღადარინელი შეპყრობილის, ძველ აღთქმაში კი – მეფე ნაბუქოდონოსორის მაგალითები. ასევე აღსანიშნავია ის, რომ სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის დროს კარგად შეიმჩნევა არამიწიერ ძალთა გამოვლენის კვალი და აუცილებელია ავადმყოფს სრულფასოვნად ჩაუტარდეს მკურნალობა, რათა ეფექტური იყოს ის.“

რელიგიური განცდები ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ავადმყოფობასთან შემგუებლობაში, დეფექტის კომპენსირებაში. მართლმადიდებელი ქრისტიანების შეხედულებით, რელიგიურ რწმენას მოაქვს თუ გამოჯანმრთელება არა, ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესება მაინც.


ambioni.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий