ღმერთი

ღმერთი

среда, 19 марта 2014 г.

ხიბლი და შეშლილობა

წმიდაო მამაო, ხიბლში მყოფი ადამიანი რომელიმე სულიერი სნეულებითაა დაავადებული?

–ყოველთვის არა. ხიბლი ერთია, სულიერი სნეულება კი მეორე. ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ ხიბლში ვარდება და სულიერად სნეულდება. ათონის წმიდა მთაზე ერთი ბერს ვიცნობდი, რომელიც არავის უგდებდა ყურს, ის მონასტრიდან წავიდა და ათონზე დაეხეტებოდა. ოთხჯერ თუ ხუთჯერ მოვიდა ჩემთან ვითომდა კურთხევის ასაღებად, რომ ასკეტური ცხოვრება დაეწყო და ყოველ ჯერზე ვურჩევდი იმავე მონასტერში დაბრუნებას, სადაც აღიკვეცა. ბოლოს და ბოლოს მან სენაკი იყიდა და იქ ცხოვრობდა. ამგვარი მეუდაბნოე ცხოვრების მეშვიდე თვეს ის ჩემთან სენაკში მოვიდა. „დაბრუნდი შენს მონასტერში“. კვლავ ვურჩიე. „ახლა მე უკვე ავიღე მონასტრიდან წამოსვლის ცნობა და უკან აღარ მიმიღებენ“. მომიგო მან. „ფრთხილად იყავი, ძალინ დიდი ყურადღება გჭირდება, ბოლოს და ბოლოს რომელიმე ბერს მაინც მიეკედლე, რომ მორჩილებაში იცხოვრო და შენს ნებაზე არ იყო“. ვარიგებდი მე. „მე ღვთის ნების მორჩილებაში ვიქნები“. მომიგო ამაზე. „მიდი, მიდი, რომელიმე მონასტერს თხოვე, რომ მიგიღონ“.
ვარწმუნებდი კვლავ. „მე მეუდაბნოე გავხდი და ახლა უკან დავბრუნდე?! წადი და შენ თხოვე“. გამომიცხადა ბოლოს. „მარტო როგორ იქნები, თუ გინდა მივალ და შენს მაგიერ მე ვითხოვ, რომ მიგიღონ“. შევთავაზე, რადგან მისი დახმარება მსურდა. „აი რა,–მითხრა მან, ყურადღებით მომისმინე, თუ დაყუდებული ცხოვრება აღარ გსურს და მონასტერში გინდა დაბრუნება, წადი და შენ თვითონ დაბრუნდი“. როდესაც ვნახე, რომ ასე ურცხვად იქცეოდა, თავი დავანებე. მცირეოდენი დრო გავიდა და შევიტყვე, რომ ამ ბერს უწმიდური სული დაეუფლა და გარდა ამისა, ჭკუიდან შეცდა. მას ეშმაკი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახით გამოეცხადა და უთხრა:“შვილო, თუ შემომივრდები და თაყვანს მცემ, სულიწმიდის შვიდ ნიჭს გიბოძებ“.საბრალომ იფიქრა:“ახლა მე სულიწმიდის შვიდ ნიჭს მივიღებ და ყველას თავს გადავამეტებ“.მიწაზე დაემხო და თაყვანი სცა ეშმაკს. როგორც კი მიწას დაემხო, უწმიდური სული დაეუფლა მას. მაგრამ ამ ეშმაკეული ზემოქმედების შედეგად მისი სულიერი მდგომარეობაც ძლიერ შეირყა. მან მოინდომა პროტეპისტატი გამხდარიყო, მივიდა წმიდა კინოტში, შენობაში მყოფი ბერები გასაღებით ჩაკეტა, პროეპისტატის კვერთხი აიღო და თავმოწონებით დაეშვა კიბეზე. კარიესელი ბერები გაოცდნენ, როდესაც დაინახეს, რომ წმიდა კინოტის კიბეზე ახალი „პროეპისტატი“ ჩამოდიოდა. რამდენიმე ბერი კარიესის მახლობლად შეუმჩნევლად მიუახლოვდა ავადმყოფს ჯიპით, ბერებმა ის ავტომანქანაში ჩასვეს და სულით ავადმყოფთა საავადმყოფოში წაიყვანეს. მისი ეშმაკეული მდგომარეობა დღეისათვის მცირედ გაუმჯობესდა, მაგრამ სულიერი ავადმყოფობა ძველებურად დარჩა.

–წმიდაო მამაო, განა ყველა ხიბლში მყოფი ადამიანი გარკვეულწილად ეშმაკეული არ არის?

––აბა რა არის?! ის მარტო ეშმაკეული კი არ არის. ხიბლში მყოფს შესაძლოა, იმაზე მეტი ეშმაკი ჰყავდეს დაპატრონებული, ვიდრე–შეპყრობილს. თუმცა საერთოდ, ხიბლი ერთი რამ არის, ეშმაკეულობა კი–მეორე.


პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა)


Комментариев нет:

Отправить комментарий