ღმერთი

ღმერთი

вторник, 18 марта 2014 г.

სადაც ორი და სამი შეიკრიბება ჩემი სახელით... (მამა არსენის ცხოვრებიდან)

„მკაცრი რეჟიმის ბანაკში“, სადაც უსამართლოდ დაპატიმრებული მამა არსენი იხდიდა კომუნისტების მიერ დაკისრებულ სასჯელს, ერთი ახალგაზრდა მოიყვანეს, სახელად ალექსი, რომელსაც სისხლის სამართლის დამნაშავეებმა მაშინვე მოუძებნეს მიზეზი და ჩხუბში გამოიწვიეს. მამა არსენი, რომელიც ყველას წინაშე თავმდაბალი და მშვიდი ადამიანი იყო, ალექსის გამოესარჩლა და ჩხუბში ჩაერია. დამნაშავეს დანა ხელიდან გააგდებინა და ახალგაზრდა სიკვდილს გადაარჩინა. ალექსი და მამა არსენი მაშინვე დაასმინეს ბანაკის ზედამხედველთან, რომელმაც ისინი №1 საკანში ჩაყარა - „ორი დღით საჭმლისა და სასმელის გარეშე“.

საკანი №1 წარმოადგენდა რამდენიმე პატარა კამერას ერთი ვიწრო საწოლით, უფრო სწორედ, ორმოცსანტიმეტრიანი დაფით, იატაკი, კედლები, საწოლი - ყველაფერი რკინის ფირფიტებით იყო დაფარული. ქუჩაში ყინვა 30 გრადუსს აღწევდა. ტუსაღები მიხვდნენ, რომ განაჩენი სიკვდილის ტოლფასი იყო.

მამა არსენმა ალექსის მიმართა: „აი, ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ერთად ვიცხოვროთ. ცივა, ცივა, ალექსი, ირგვლივ გაყინული რკინაა“. „გავიყინებით, მამაო, - ამოიკვნესა ალექსიმ, - ჩემს გამო ორივე გავიყინებით, მოვკვდებით. უნდა ვიმოძრაოთ, ვიხტუნოთ და თანაც ორი დღე-ღამე. ძალა არ მაქვს. ფეხები გამიშეშდა. ისეთი სივიწროვეა, მოძრაობაც შეუძლებელია. მოვკვდებით, მამა არსენ, მოვკვდებით. ესენი ხომ ადამიანები არ არიან! ხომ მართალია? ადამიანებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ. უკეთესი იყო, დავეხვრიტეთ!“ მოძღვარი დუმდა. „რას გაჩუმდით, მამაო?“ - თითქმის ყვიროდა ალექსი. ამ დროს პასუხიც მოესმა: „ვლოცულობ, ალექსი! ჩვენ აქ მარტონი ვართ, ორი დღე და ღამე არავინ მოვა. ვილოცოთ. პირველად დაუშვა უფალმა რომ ბანაკში ხმამაღლა ვილოცო. ვილოცოთ და ყველაფერი ღმერთს მივანდოთ“. ალექსიმ დაინახა, რომ მღვდელი პირჯვარს იწერდა და რაღაცას წარმოთქვამდა. ალექსი იყინებოდა. მისთვის ყველაფერი სულერთი გახდა. და უეცრად გარკვევით გაიგონა მამა არსენის მიერ წარმოთქმული სიტყვები. მიხვდა - ეს ლოცვა იყო. ეკლესიაში ალექსი ერთხელ იყო ნამყოფი, ისიც ცნობისმოყვარეობის გამო. ბებიამ ოდესღაც მონათლა კიდეც. ოჯახი ურწმუნო იყო, ანუ უფრო სწორედ, აბსოლუტურად გულგრილი რელიგიური საკითხებისადმი. ალექსი - კომკავშირელი, სტუდენტი. რა რწმენა უნდა ჰქონოდა? რამდენიმე წამის შემდეგ ალექსის ყურს მკაფიოდ მისწვდა სიტყვები: „უფალო, ღმერთო! შეგვიწყალე, ჩვენ, ცოდვილნი. ყოვლადმოწყალეო ღმერთო ჩვენო, უფალო იესო ქრისტე, ჩვენი სიყვარულის გამო გარდამოხედ ზეცით და ხორცი შეისხი, რათა გეცხოვნებინე ჩვენ. შენი უსაზღვრო მოწყალების გამო გვიხსენ და შეგვიწყალე და განგვაშორე საშინელი სიკვდილი, რამეთუ გვწამს შენი, რომელი ხარ ღმერთი ჩვენი და შემოქმედი ჩვენი“... იღვრებოდა ლოცვა და ყოველ სიტყვაში, რომელსაც მამა არსენი წარმოთქვამდა, ღვთის მოწყალებისადმი უსაზღვრო სიყვარული, იმედი, სასოება და ურყევი რწმენა ჩანდა. ალექსიმ ყური დაუგდო ლოცვის სიტყვებს. თავიდან სიტყვების აზრი ბუნდოვნად აღწევდა მის გონებამდე, მაგრამ რაც მეტად იპყრობდა ყინვა, მით უფრო მკვეთრად იგებდა ლოცვის სიტყვების მნიშვნელობას. ლოცვა მის სულს სიმშვიდით იპყრობდა, გაყინული გულიდან შიშს აძევებდა და მის გვერდით მდგარ მოხუცთან - მამა არსენთან აკავშირებდა.

„უფალო ღმერთო ჩვენო, იესო ქრისტე! შენ წარმოთქვი შენი უწმიდესი ბაგეებით, როცა ორი და სამი ერთად ითხოვს რაიმეს, მიეცემათ მათ ჩემი ზეციერი მამის მიერ, ვინაიდან სადაც ორი და სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქ ვარ მათ შორის“... ალექსიც იმეორებდა ლოცვის სიტყვებს, სიცივემ მთლიანად დაიპყრო. უეცრად დადგა ისეთი წუთები, როცა საკანი, ყინვა, სხეულის გაშეშება, ტკივილი, შიში გაქრა. მამა არსენის ხმა მთელ საკანს ავსებდა. „ვინ შეიძლება იყოს აქ? ჩვენს შორის, ვინ?“ გარშემო ყველაფერი შეცვლილიყო. ირგვლივ ნათელი გამეფებულიყო და მამა არსენი ბრწყინვალე თეთრ სამოსში შემოსილი, ხელაღპყრობილი, ხმამაღლა ლოცულობდა. მისი სამოსელი სწორედ ისეთი იყო, რომელიც ალექსიმ ეკლესიაში მღვლდემსახურზე ნახა.

აღარ იყო საკანი, იყო ეკლესია. მაგრამ როგორ მოხვდნენ ისინი აქ, და კიდევ ვინ იყო იქ, მათ გვერდით? გაოცებულმა ალექსიმ დაინახა, რომ მოძღვარს კიდევ ორი ბრწყნვალე სამოსში შემოსილი ადამიანი ეხმარებოდა.

ალექსი მამა არსენის გვერდით დადგა და ლოცვა დაიწყო. მამა არსენი თითქოს შეერწყა ლოცვას, მაგრამ ბიჭი მიხვდა, რომ მას ალექსიც არ ავიწყდებოდა, სულ მის გვერდით იყო და ლოცვაში ეხმარებოდა. ალექსის დაეუფლა შეგრძნება, რომ ღმერთი არსებობს, რომ ის ახლა მათ გვერდითაა, გრძნობდა, ხედავდა თავისი სულით ღმერთს, ეს ორნი კი მისი მსახურები იყვნენ, რომლებიც მამა არსენის დასახმარებლად გამოგზავნა.

მამა არსენმა ბოლოს უთხრა: „მოდი, ალექსი! დაწექი, შენ უკვე დაიღალე, მე ვილოცებ - შენ კი გაიგონებ“. ალექსი რკინის იატაკზე დაწვა, თვალები დახუჭა და ლოცვა განაგრძო. უეცრად საიდანღაც მივიდა დედა. მას უნდოდა ეთქვა: „დედა, შენ გესმის, როგორ ლოცულობს მამა არსენი? მე გავიგე, რომ ღმერთი არსებობს. მე მწამს მისი“. დედამ უპასუხა: „შვილო, როცა შენ დაგაპატიმრეს, მეც ვპოვე უფალი და სწორედ ამან მომცა ძალა სიცოცხლისა“. მამა არსენის ფეხებთან მწოლიარე ალექსი თავდავიწყებით უსმენდა ლოცვის მშვენიერ სიტყვებს. ახლა მამა არსენი უკვე აღარაფერს სთხოვდა უფალს, არამედ ადიდებდა მას და მადლობდა. რამდენი ხანი გაგრძელდა მამა არსენის ლოცვა არავინ იცის.

კარის ურდული გაჭრიალდა, გაისმა ხმები. ალექსიმ თვალი გაახილა. დამაბრმავებელი ნათელი თანდათანობით ქრებოდა და ბოლოს საკანი ისევ ბნელი, ცივი და მოღუშული გახდა. შემოვიდა ბანაკის ხელმძღვანელობა და ექიმი. საკანში იდგნენ მოხუცი და ახალგაზრდა. ორივეს მშვიდი სახის გამომეტყველება ჰქონდა, ტანსაცმელი სქელი თრთვილით იყო დაფარული. „ცოცხლები ხართ?“ - იკითხა გაოცებით ბანაკის უფროსმა, - როგორ გაძელით ორი დღე-ღამე?“ „ცოცხლები ვართ“, - უპასუხა მამა არსენმა. ისინი გაჩხრიკეს. გაოცებულმა ექიმმა დაფიქრებულმა ჩაილაპარაკა: „გასაოცარია! როგორ უნდა გადარჩენილიყვნენ! მართლაც, თბილები არიან!“ და ჰკითხა: „რითი თბებოდით?“ მამა არსენმა უპასუხა: „ღვთის რწმენითა და ლოცვით“.


თარგმნა ნათია თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №19, 2005 წ


Комментариев нет:

Отправить комментарий