ღმერთი

ღმერთი

суббота, 12 апреля 2014 г.

ერთხელ უფალთან ეშმაკეული მიიყვანეს და შესჩივლეს,

რა არ ვიღონეთ, სად არ მივიყვანეთ, არაფერი გამოგვდის, შენმა მოწაფეებმაც ვერაფერი მოუხერხეს და იქნებ შენ გვიშველო რამეო.

უფალმა გულისტკივილით ამოიოხრა და განკურნა ეშმაკეული. როცა მოწაფეები შეეკითხნენ, ჩვენ რატომ ვერ შევძელითო მისი განკურნება, უპასუხა:

- ურწმუნოებისა თქვენისათვის. ამინ გეტყვი თქვენ, მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას აქედან იქით გადადიო - გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.

- ეს უკეთური მოდგმა კი მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიდევნება - დაამატა მან და ამით მოგვცა ადამიანებს ბოროტ ძალებთან საბრძოლველი იარაღი.

ლოცვითა და მარხვით ადამიანი ათავისუფლებს სულს ამქვეყნიური საზრუნავისაგან, ამაო ფუსფუსისაგან, ცოდვის მორევისაგან. იგი ასუსტებს და თრგუნავს ხორციელ მოთხოვნილებებს, რითაც აცლის ეშმაკს ბოროტი ზემოქმედების სარბიელს.

წმიდა დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს:

- კაცი პატივსა შინა იყო და არა გულის-ხმა-ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

რა პატივი ხვდა წილად ადამიანს და რა არ გულის-ხმა-ჰყო?

პასუხი აქვეა, დავითის სიტყვების მეორე ნაწილში.

- ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მას.

დიახ! უგუნურებით მიჰბაძა პირუტყვს და დაემსგავსა მას.

ესე იგი გონიერება ყოფილა დიდი პატივი, რომელიც ღმერთმა უბოძა ადამიანს და ამით განასხვავა იგი ყოველი სხვა ქმნილებისაგან, სწორედ გონებით აამაღლა იგი, შექმნა რა თავის ხატად და მსგავსად.

პირუტყვის ქცევები რითაა განპირობებული?

მხოლოდ და მხოლოდ ხორციელი სურვილებით. სწყურია - უნდა დალიოს, შია - უნდა ჭამოს, ეძინება - უნდა დაიძინოს, სირბილი უნდა - დარბის. მას არც სირცხვილი გააჩნია - ყველაფერს ბუნებრივად აღასრულებს, არაფერია მისთვის მოსარიდებელი.

ადამიანიც ასევე იქცევა, როცა იგი მხოლოდ თავისი სურვილებით მოქმედებს. ამით იგი უგუნურ პირუტყვს ბაძავს და ემსგავსება კიდეც მას.

გონიერება ადამიანისთვის წყალობაა ღვთისა. წმიდა პავლე მოციქული ამბობს:

- ყველაფერი შესაძლებელია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია.

უფალმა გონება იმისთვის გვიბოძა, რომ გავარჩიოთ კეთილი ბოროტისაგან და კეთილი ავირჩიოთ. ვინც ბოროტებას ირჩევს, იგი ქურდია და ავაზაკი, რადგან მიითვისა ღვთისაგან ბოძებული ნიჭი და უკეთური მიზნებისთვის გამოიყენა.



shemoqmedi.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий