ღმერთი

ღმერთი

пятница, 5 апреля 2013 г.

ევქარისტია.

*ევქარისტია ბერძნულად ნიშნავს "მადლობას". ამ სიტყვას უწოდებენ უსისხლო მსხვერპლშეწირვას ანუ ქრისტეს წმიდა ხორცისა და სისხლის საიდუმლოს, რომელიც საღმრთო ლიტურგიაზე აღესრულება. მიზეზი ამისა მდგომარეობს იმაში, რომ თავად იესო ქრისტემ ეს საიდუმლო ამგვარად დააწესა: "მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და თქუა..." (ლუკ. 22, 17-19); "და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა..." (მათ. 26, 26-27). უსისხლო მსხვერპლის შეწირვას ვიწყებთ ღმერთის მადლობით. ვიხსენებთ უფლის იმ დიდ საქმეებს, რომელიც მან ადამიანთა მოდგმისათვის აღასრულა, განსაკუთრებით კი იესო ქრისტეს ჯვარცმას. ასე რომ, ღმერთისადმი, როგორც შემოქმედის, კეთილისმყოფელის, მაცხოვრისა და განმწმენდელისადმი, მადლობის შეწირვა წმიდა ხორცისა და სისხლის მღვდელმოქმედების დიდ ნაწილს შეადგენს, ამიტომ ამ უსისხლო მსხვერპლშეწირვას ეწოდება "ევქარისტია" ანუ მადლობა.


*ევქარისტია  ანუ ლიტურგია (ჟამისწირვა). იგულისხმება სისხლიანი მსხვერპლის ნაცვლად უფლისადმი შემუსრვილი სულისა და გულის ძღვნა. ამის გამო ევქარისტიას ,,უსისხლო მსხვერპლის შეწირვასაც“ უწოდებენ, რაც აღესრულება საზოგადო მსახურების ანუ ლიტურგიის შედეგად. ლიტურგიის დროს იწირება უსისხლო მსხვერპლი, - პური და ღვინო, რომელიც მოაქვთ მორწმუნეებს განწმენდილ სინდისთან და ლოცვასთან ერთად. ამ პურს, საგანგებოდ გამომცხვარს, უწოდებენ სეფისკვერს, ე.ი. სამეუფო (სამეფო) კვერს, ხოლო ღვინოს -ზედაშეს. პურს დასერავენ და დაჭრიან, ღვინოში კი მართლმადიდებელი ქრისტიანები წყალს შეურევენ მაცხოვრის ორბუნებოვნების შესაბამისად. ესაა ,,კვეთა“, რაც უდრის ბერძნულ ,,პროსკომიდიას“ - წინადაგებას. იგი წინაუძღვის ლიტურგიას და ასახიერებს მაცხოვრის ჯვარზე დამსჭვალვას. ამის შემდეგ წინადაგებული ძღვენი (პური და ღვინო) გადააქვთ საკურთხევლის ტრაპეზზე (მაგიდაზე) და იწყება წირვა ანუ უსისხლო მსხვერპლის გადაარსება იესო ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად.

*ზიარების საიდუმლო, რომელშიც იესო ქრისტე სხეულებრივად მყოფობს: პური და ღვინო, რომლებიც არ იცვლის გარეგნულ, ხილულ თვისებებს, ევქარისტიის აღსრულებისას გარდაიქმნება იესო ქრისტეს ნამდვილ ხორცად და ნამდვილ სისხლად. ამავე დროს, პურისა და ღვინის ყოველ ნაწილში ქრისტე მთლიანად მყოფობს. ამიტომ ევქარისტიის აღსრულებისას მორწმუნეები ეზიარებიან თავად ქრისტეს. კათოლიკე ეკლესია სასურველად მიიჩნევს ზიარების მიღებას, რაც, შეიძლება ხშირად, თვით ყოველდღეც კი, ხოლო ყოველკვირეული ზიარება (და, შესაბამისად, ევქარისტიულ წირვაში მონაწილეობა) კათოლიკე ქრისტიანის მოვალეობადაა მიჩნეული.

Комментариев нет:

Отправить комментарий