ღმერთი

ღმერთი

четверг, 4 апреля 2013 г.

ასკეტური ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული მღვდელმონაზონ ანდრიასი (ყურაშვილი).

ჩუმი გალობა, სავსე ნათელით
ასკეტური ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული
მღვდელმონაზონ ანდრიასი (ყურაშვილი)

თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი (მათე 5, 14)

1992 წლის აგვისტოში საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, კერძოდ აფხაზეთში იფეთქა მძლავრმა სეპარატისტულმა კონფლიქტმა. აფხაზეთი, ოდითგანვე განთქმული შავი ზღვის სანაპიროზე თვალწარმტაცი ბუნებით და კურორტებით, იქცა ეთნიკური წმენდის კერად. ომმა 20000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 250000-ზე მეტი ქართველი იძულებული გახდა მიეტოვნებინა მამა-პაპისეული სახლ-კარი და საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად ქცეულიყო.

თესლი ამ კონფლიქტისა, რომელიც შემდგომში ასე გაღვივდა, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ჩააგდო საბჭოთა რუსეთმა. 1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის რღვევას მოჰყვა ეთნო კონფლიქტები მთელ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, რაც შეეხო აფხაზეთსაც და მიიყვანა იგი სამოქალაქო ომამდე.

ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა მეუფე დანიელმა მოვლენების განვითარება შემდეგნაირად დაახასიათა: „ეს ძმათამკვლელი ომი ერთი ეკლესიის წევრებს შორის გააჩაღა სულ სხვა მტრულად განწყობილმა ძალებმა. აფხაზეთის მოსახლეობა ჩათრეულ იქნა ამ ომში მათი სურვილისდა მიუხედავად. ჩვენ ისევე განვიცდით აფხაზი ხალხის ტრაგედიას, როგორც საკუთარი ხალხისას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მათ მიერ ჩადენილ ბარბაროსობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო არაჯანსაღი ელემენტების ნამოქმედარი“.

და აი, მოულოდნელად, ღამის წყვდიადში გამოანათებს სხივი ნათლისა - ცხოვრება მღვდელმონაზონ ანდრიასი, რათა მოწამე გახდეს ღვთის დიდებისა, რომელიც არ ტოვებდა საქართველოს ეკლესიას უმძიმეს წლებში, დღემდე მოიყვანა და კვლავაც გადაარჩენს. მამა ანდრია სულ რამოდენიმე წლის მოქცეული იყო ქრისტეს სარწმუნოებაზე, როდესაც მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე. მისი ასკეტური ცხოვრება, მსგავსად დიდი მეუდაბნოე მამებისა იყო ნებაყოფლობითი და შეგნებული თავგანწირვა უფლისადმი. მამა ანდრიას სიკვიდლამდე რამდენიმე თვით ადრე, მის სულიერ მამასთან, მეუფე დანიელთან აღებული ინტერვიუ აღმოჩნდა წინასწარმეტყველური იმ დიდებისა, რაც ახლო მომავალში ელოდა მამა ანდრიას.

„ჯვარცმისას არ უნდა დავეცეთ სულით, რადგან გოლგოთას მოჰყვება აღდგომა და ამაღლება. მე ვისურვებდი ამ სიტყვებით მიმემართა ქართველი ხალხისათვის. ღრმა მწუხარება და გლოვა, რომლის გადატანა ჩვენს ხალხს მოუხდა, ამავდროულად არის ჩვენი ხალხის უდიდესი გამარჯვება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ტანჯვა-წამების გარეშე არ მოხდება ჩვენი კვლავ აღორძინება და სულიერი ზრდა. ის ვინც მოთმინებით იტანს განსაცდელს და ნებაყოფლობით ეწირება, უფლისაგან დიდ ჯილდოს ღებულობს“.

ჩვენ შევეცდებით მოგითხროთ მამა ანდრიას ასკეტური ცხოვრებისა და მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ იმ პირთა მეშვეობით, რომლებიც მას ახლოს იცნობდნენ.

ალბათ, მისი ცხოვრება შთაგვაგონებს ყველას, ავიღოთ ჩვენი ჯვარი და გავყვეთ ქრისტეს.

P.S. რაც დღეს ხდება ეს საუკუნოვანი მტრული შემოტევების გაგრძელებაა. XVII-XVIII საუკუნეებში აფხაზეთს და ოდიშს ჩრდილო-კავკასიური ადიღეჩერქეზული ტომები (ჯიქები, აბაზები, აფსარები და აფსუები) შემოესივნენ. ისინი წარმართები ან მაჰამდიანები იყვნენ და მკვიდრ ქართველ მოსახლეობას იმგვარი სისასტიკით ეპყრობოდნენ, რისი მოწმენიც ჩვენ დღეს გავხდით. ქართველი მემატინეები და უცხოელი მოგზაურები ხშირად აღწერდნენ დაუნდობელი რბევის საზარელ სურათებს. შემოსეულმა მთიელებმა შეძლეს ოდიშის ძლიერი სამთავროს დამარცხება, თანდათანობის ჩამოაჭრეს მას აყვავებული მიწა-წყალი ბიჭვინთიდან ენგურამდე, მიითვისეს უძველესი ქართული ტომის აფხაზების სახელი და რუსეთის იმპერიის ხელშეწყობით დაპყრობილ ტერიტორიაზე „აფხაზთა“ სახელწოდებით გაბატონებულ ეთნოსად ჩამოყალიბდნენ. გაბატონების შემდეგ მთიელებმა, მკვიდრი მოსახლეობის ერთი ნაწილი, რომელიც დახოცვას გადაურჩა, მონებად აქციეს. მონებს აფსუათა ენაზე „აგირუა“ ერქვა, რაც მეგრელს ნიშნავს, ხოლო მეორე ნაწილმა მომხდურების გაუგონარი სისასტიკით დაშინებულმა სიცოცხლის, ოჯახის და ქონების გადარჩენის მიზნით თავის თავი „აფხაზად“ გამოაცხადა.

ბოლო წლებში აფხაზების ეთნოკრატიამ სასიკვდილო საფრთხე იგრძნო. აღორძინდა საქართველოს სახელმწიფო, რის შედეგადაც პირველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთანავე დაკარგავდა ბატონობას აფხაზეთში, რადგანაც ჩაგრული ფენა - ქართველობა უმრავლესობას წარმოადგენდა. ამ სასიკვდილო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით აფხაზ სეპარატისტთა მეთაურებმა შეიმუშავეს გეგმა - ჩაეტარებინათ ეთნიკური წმენდა - კერძოდ, ქართველთა მოსპობა და დაშინება. (იხ. მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის წიგნი - დედა ეკლესია. ქადაგებანი, წერილები. ქართველების გააფხაზება. გვ. 54-63)


სიჭაბუკის წლები და მოქცევა ქრისტიანობაზე

მორჩილი მარიამი:
ერში, მანანა ანუა (იპოდიაკვან გიორგი ანუას ქალიშვილი). იპოდიაკვანი გიორგი მსახურობდა მამა ანდრიასთან ერთად სოფელ კომანში (აფხაზეთი). მამა ანდრია და იპოდიაკვანი გიორგი აფხაზებმა მოკლეს ერთ დღეს.

ვის ძალუძს გადმოსცეს ასკეტური ცხოვრება ბერისა, რომლის სულიერი ცხოვრება იყო ჩუმი გალობა, სავსე ნათელით. დაფარული, სინანულის ცრემლით აღსავსე მომნანიებლის ლოცვა აღვლენილი ღვთისადმი... შინაგანად მთლიანად გაბრწყინებული ამ ნათელით, მამა ანდრია განუწყვეტლივ უმზერდა მას. ის ხედავდა ამ ნათელს მისი ცხოვრების ენითაუწერელ, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი. განათლებული და სრულიად განწმენდილი, არამიწიერი, ღვთაებრივი ნათელით, ის ღირში გახდა უდიდესი ასკეტური ღვაწლისა - მოწამეობრივი ცხოვრებისა ქრისტესთვის.

მორჩილი ნანა (ყურაშვილი):
მამა ანდრიას უმცროსი და
პაატა ბავშვობაში


1966 წლის 3 აპრილს ელგუჯა ყურაშვილის ოჯახში ვაჟიშვილი დაიბადა. სახელად დაარქვეს პაატა - საქართველოს დიდი მხედართმთავრის გიორგი სააკაძის ვაჟიშვილის პაატას საპატივცემულოდ. (პაატა სააკაძე ქართველი ერის კეთილდღეობას შეეწირა).

პაატას მამა, ელგუჯა, აღიზარდა კომუნისტური სულისკვეთებით. მიუხედავად ამისა, იგი დაუღალავი მებრძოლი და დამცველი იყო პატიოსნების და სიწმინდის. მან თავისი შვილებიც ასეთი სულისკვეთებით აღზარდა. ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, პაატას მამამ მოახერხა ბაღდათის (იმერეთი) ადგილობრივი ეკლესიიდან ხატების გადარჩენა. გადარჩენილი ხატების ნაწილი მან გაუგზავნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობას ეფრემ მეორეს. ხოლო დანარჩენ ხატებს მან ადგილი მიუჩინა მის მიერვე დაარსებულ მუზეუმში. ის ერთდროულად მუზეუმის დირექტორიც იყო და დარაჯიც. მიუხედავად მისი დიდი ძალისხმევისა, მუზეუმის რამდენჯერმა მაინც გაიძარცვა. იმ დროისათვის არცერთი ხატის პოვნა არ მოხერხდა. მაგრამ მოხდა სასწაული. მუზეუმის შენობაში მონასტრის გახსნიდან ათი წლის შემდეგ, მოპარული ხატები მოულოდნელად დაუბრუნდა მონასტერს.

პაატას დედა, ქალბატონი ლამარა, დიასახლისი იყო. მან აღზარდა რვა შვილი. ოთხი შვილი ეკლესიის მსახური გახდა (მამა ანდრიას სიკვდილის შემდეგ, მისი ერთ-ერთი ძმა, იოანე, გახდა მღვდელი. დები: ერთი მონაზონი ვასილისა, ხოლო მეორე - მორჩილი ნანა ამჟამად მონასტერში ცხოვრობენ).

ქალბატონი ლამარას კეთილშობილება, სათნო ცხოვრება და სიყვარული დაეხმარა მის შვილებს ღმერთთან მიახლოებაში. დაეხმარა მათ ეცხოვრათ ღვთისათვის სათნო, მაამებელი ცხოვრებით.

პაატა იყო კეთილი. უყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები. რვა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ტექნიკურ სასწავლებელში, და თან მუშაობა დაიწყო რადიო ქარხანაში . ქარხანა სახლიდან შორს იყო. იმისათვის, რომ სავალი გზა შეემოკლებინა, მან მდინარეზე ბაგირი გაჭიმა. თითქმის მთელი ხელფასი ოჯახში მოჰქონდა.

პაატა ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. სკოლაში ჩემპიონი იყო კარატეში და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. უყვარდა ლიტერატურა, განსაკუთრებით გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კითხვა. (გოდერძი ჩოხელი - თანამედროვე ქართველი მწერალი და კინორეჟისორი). ჰყავდა ბევრი მეგობარი, და მსგავსად მისი თანატოლებისა უყვარდა ქეიფი და დროსტარება. ასე გაილია რამდენიმე წელი. ეს წლები აღმოჩნდა სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ მიმხვდარიყო ასეთი ცხოვრების უაზრობას. ცხოვრება, რომელსაც ის ეწეოდა, არ იყო მისთვის დამაკმაყოფილებელი. მან დაიწყო ძებნა იმ სულიერი საგანძურისა, რომელიც დაკარგა.

თვრამეტი წელი რომ შეუსრულდა, პაატა ჯარში გაიწვიეს. სამხედრო ვალდებულებას იხდიდა უნგრეთში. მისი ერთადერთი სიხარული საქართველოდან მიღებული წერილები იყო. თვითონად ხშირად უგზავნიდა წერილებს ახლობლებს. განსაკუთებული სინაზით და სიყვარულით გამოირჩეოდა დედისადმი გაგზავნილი წერილები. მან კეთილსინდისიერად მოიხადა სამხედრო ვალდებულება. თუმცა სამშობლოში დაბრუნებულმა პროტესტი იმით გამოხატა, რომ თავი მოუყარა ყველა ნივთს, რაც სამხედრო სამსახურს აგონებდა, და მდინარეში მოისროლა. მაგვარად, უსიამოვნო მოგონებები, რაც ჯართან აკავშირებდა, წყალს გაატანა.

ეს ის პერიოდია, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ხალხი თანდათანობით უბრუნდებოდა დედა ეკლესიას. ბევრიც მის წიაღში რჩებოდა სამოღვაწეოდ. იმ პერიოდისათვის ბაღდათს ჰქონდა ბიბლიოთეკა, რომელიც მდიდარი იყო საეკლესიო ლიტერატურით. ამ ბიბლიოთეკის დირექტორი იყო ბატონი ილია კარკაძე, რომელიც შემდეგომში ხდება პაატას ნათლია. ამჟამად იგი მღვდელია. მამა ილია იხსენებს, თუ როგორ შეხვდა პირველად პაატას. ხანმოკლე საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ პაატა დაინტერესებული იყო ქრისტიანული სარწმუნოებით, და გამოთქვა სურვილი, გაცნობოდა საეკლესიო წიგნებს. მან აარჩია რამოდენიმე წიგნი და თან წაიღო წასაკითხად. ამ დღიდან სრულიად შეიცვალა მისი ცხოვრების წესი. ის ბევრს კითხულობდა. სახლიდან ფაქტიურად არც კი გადიოდა. მისი ინტერესი ქრისტიანული რწმენისადმი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, ხოლო ცოდნა სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა.


http://www.orthodoxy.ge/biografiebi/mama_andria1.htm

Комментариев нет:

Отправить комментарий