საღმრთო წერილი მაცხოვრის მეორედ მოსვლას პირდაპირ არ განსაზაღვრავს, მაგრამ ზოგიერთ ისეთ ნიშანსა და სასწაულს აღწერს, რომლებიც სოფლის აღსასრულის მოახლოვებას თავის დროზე ცხადყოფენ. პირველი ნიშანი: უწინარეს ქრისტეს მეორეს მოსვლისა მისი სახარება ყოველთა თესლთა შორის იქადაგება; მეორე: თუმცა სახარება იქადაგება, მაგრამ კაცთა შორის სიმართლე, სიწმინდე და სიყვარული დამცირდება. ფარისეველნი და მზაკვარნი განსაკუთრებით მაშინ გამრავლდებიან, გარეგნულად ღმრთის მოყვარენი იქნებიან და ღმრთის სიყვარულის ძალა არ ექნებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭკუა და ცოდნა დიდი იქნება, მაგრამ ზნეობა – დაცემული. როდესაც ეს ცოდვა და უსჯულოება თითქმის ყველას მოინადირებს და დედამიწას დაამძიმებს, მაშინ სოფლის აღსასრულის უცხადესი ნიშანი გამოჩნდება, მოვა ანტიქრისტე – კაცი, საშინელი მძლავრებითა და ცბიერებითა. იგი თავის თავს ღმერთს დაარქმევს და მრავალ ცრუ სასწაულს აღასრულებს, რითაც ყოველ სუსტსა და გარყვნილს თავისკენ მოაქცევს. ამგვარად, იგი ქვეყნის უსჯულოებას შეავსებს და ღმრთის სასჯელის გამოჩენას დააჩქარებს. ერთი მხრივ, მცირედ დარჩენილი რჩეულები უფლის მოახლოებას ცხადად იგრძნობენ, მეორე მხრივ კი, უმრავლესი და თითქმის ყოველი მაშინდელი ადამიანი ცოდვათა შინა დაძინებული იქნება. სასწაული ძისა კაცისა ცათა შინა უცბად გამოჩნდება, ზეცით მომავალ ქრისტეს ყველა იხილავს. ყოველი სული, რომელიც კი ოდესმე ქვეყანაზე ცხოვრობდა, უკანასკნელ სამსჯავროზე წარდგება: ცოდვილნი საუკუნო სატანჯველს მიეცემიან, ხოლო მართალნი – ცხოვრებას საუკუნოს.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან .
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან .
Комментариев нет:
Отправить комментарий