ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 23 марта 2014 г.

"ადამიანზე, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს, ჯადო არ მოქმედებს"

ავ თვალს და ჯადოს ეკლესია არ უარყოფს, მათ ძალას აღიარებს, მაგრამ სასულიერო პირები მორწმუნეებს კატეგორიულად მოუწოდებენ, ბოროტი ძალისგან გასათავისუფლებად მკითხავებთან და შემლოცველებთან სიარულის ნაცვლად ეკლესიაში იარონ, ქრისტიანული ცხოვრების წესები დაიცვან და ჯადო და წყევლა მათ ვერ მოერევა. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება, თუ რა წესები უნდა დაიცვას ქრისტიანმა სულიერად მშვიდი ცხოვრებისთვის.

– მამაო, შეიძლება თუ არა, ჯადო მოქმედებდეს ნაზიარებ ადამიანზე და როგორ შეიძლება ჯადოს მოხსნა მართლმადიდებლური წესით?

– ადამიანზე, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს, აღსარებას ამბობს და ეზიარება, ჯადო არ მოქმედებს. ჯადოს არსებობას ეკლესია არ უარყოფს. ეს არის ეშმაკის განგებით მიყენებული ვნება. ურწმუნო ადამიანზე მას აქვს უარყოფითი გავლენა.
ჯადოს მოხსნისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება.

კონკრეტულად ეს ხდება სათანადო ლოცვების მეოხებით, რომლებსაც ეპისკოპოსი ან მისი კურთხევით რომელიმე მღვდელმსახური კითხულობს. როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს წირვა, ლოცვა, საღმრთო ლიტურღია, რომელიც უფალთან გვაახლოებს და რის მეშვეობითაც ხდება სიყვარულის, სიკეთის, სულიწმინდის მადლით განკურნება, განწმენდა, ასევე ბოროტ ძალებს აქვთ სატანის მსახურება, სადაც ხდება ბოროტული ძალების შემოსვლა და ამ ძალების მიმართვა მთლიანად ქვეყანასა და კონკრეტულ პიროვნებებზე. მაგრამ თუ ადამიანი მორწმუნეა, მას ჯადო ვერ მოერევა.

ჩვენ ვიცით მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი. ეს იყო უდიდესი ჯადოქარი. ისეთი შელოცვები ჰქონდა, ბოროტი სულები პირდაპირ ეცხადებოდნენ. წმინდა კვიპრიანეს მაგიური ძალებით შეეძლო ადამიანების განკურნება და ნებისმიერ საგანსა თუ მოვლენაზე ზემოქმედება. ეშმაკის ძალით შეეძლო ადამიანის ნების დამორჩილება. მასთან მიდიოდნენ თხოვნით ამა თუ იმ საქმის აღსასრულებლად. ერთხელ მივიდა შეყვარებული ბიჭი და სთხოვა, ისე გაეკეთებინა, რომ ქალსაც შეჰყვარებოდა და ცოლად გაჰყოლოდა. ეს ქალი გახლდათ წმიდა იუსტინე. კვიპრიანემ დაიწყო შელოცვა.

იუსტინემ იგრძნო ამ ბოროტი სულების მასთან შებრძოლება და მიახლოება. მიხვდა, რომ ბოროტისგან იყო ეს შემოტევა და ლოცვა გააძლიერა. ლოცულობდა მთელი მონდომებით. კვიპრიანეს ბოროტმა სულებმა უთხრეს, რომ ვერ ერეოდნენ იუსტინეს, რადგან მას ჯვარი იფარავდა. როდესაც კვიპრიანე თავისი ჯადოქრობით ვერაფერს გახდა ქრისტიან ქალწულ იუსტინესთან, ჯადოქრობის წიგნები სახალხოდ დაწვა, ყველაფერი მოინანია, მოინათლა და საოცარი წმინდა მამა გახდა.

ჯადო არ მოქმედებს მორწმუნე ადამიანზე, რომელიც ლოცულობს, არის აღმსარებელი, მაზიარებელი, ახალი აღთქმის წმინდა მცნებების აღმსრულებელი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სატანა ჩასაფრებულია, რათა აცდუნოს და დაღუპოს ადამიანი, მაგრამ თუ მას სწამს ღმერთის, არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, მარხულობს და ლოცულობს, ის, უფლის წყალობით, დააღწევს თავს ბოროტ ძალებს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ბოლომდე თავის დაღწევა არ ხდება, სანამ ადამიანი ცოცხალია. სატანა მუდამ იბრძვის და ჩვენც არ უნდა შევუშინდეთ და მუდმივი გულწრფელი ლოცვითა და უფლის სიყვარულით წინ აღვუდგეთ ეშმაკეულ ძალებს.

ეკლესიურად თუ იცხოვრებს ადამიანი, მას ვერავითარი ჯადო მოერევა, ამიტომ ყველამ, ვისაც საკუთარი სულის გადარჩენა სურს, უნდა იაროს ტაძარში, მოისმინოს მოძღვრის რჩევა–დარიგებები, ილოცოს, იმარხულოს, ეზიაროს და, უფლის წყალობით, დაცული იქნება ბოროტი ძალებისგან.

– არადა ე.წ. ნათელმხილველები ხალხს ატყუებენ, რომ ჯადოს მოხსნა შეუძლიათ და ბევრი მათ მახეში ებმება.

– დღეს დიდი რეკლამა უკეთდება და პრაქტიკაში ინერგება ე.წ. ჯადოს მომხსნელთა სამსახური. ამგვარი "სამსახურების" რეკლამირება სამარცხვინოა ჩვენნაირი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყნისათვის, ხოლო მათი სერვისით მოსარგებლე უმძიმეს ცოდვაში ვარდება. როცა ჯადოს გიკეთებენ, მსხვერპლი ხარ, ხოლო როცა თავად მიდიხარ ჯადოქართან (ჯადოს მომხსნელი იგივე ჯადოქარია), მისი თანამონაწილე, ეშმაკის თანამზრახველი ხდები. როგორც წესი, ჯადოს "მომხსნელთან" მისული ადამიანისგან ერთი ეშმაკი გამოდის (რომელიც აწუხებდა) და სხვა შედის; ან შესაძლოა მოხდეს უარესი – ადამიანი სულიერად ისე დაზიანდეს, რომ ვეღარასოდეს გახდეს ქრისტიანი, ანუ ღვთის შემეცნების უნარი დაკარგოს. ხოლო თავად ჯადოქარნი, ჯადოს მკეთებელნიც და მომხსნელნიც ისე წარდგებიან ღვთის წინაშე, როგორც კაცის მკვლელნი.

– რას ნიშნავს ავი თვალი და გათვალვა?

– ამის შესახებ შესანიშნავად წერს მამა პაისი: "შენში არსებული შურითა და ბოროტებით შეიძლება სხვასაც ავნო, სწორედ ეს არის გათვალვა – ეშმაკეული ქმედება. საგანგებო ლოცვაც არსებობს ბოროტი თვალისაგან დასაცავად. "ავი თვალი" ვნებს მაშინ, როდესაც ადამიანი შურით ლაპარაკობს. ჩვეულებრივ, იმ ადამიანებს, რომლებიც ბოროტ შურს ატარებენ, შეუძლიათ გათვალონ სხვები. მაგალითად, შურიანი ქალი ხედავს დედას მშვენიერ ყრმასთან ერთად და შურით ამბობს: "რატომ მე არ მყავს ასეთი ბავშვი, ღმერთმა მას რად მისცა?". ასეთ შემთხვევაში პატარას შეიძლება რაიმე ევნოს: არ დაეძინოს, ატირდეს, დაიტანჯოს, რადგანაც ეს მან ბოროტებით თქვა და ის ბავშვი რომ ავად გამხდარიყო და მომკვდარიყო, ბოროტი ქალი გაიხარებდა კიდეც. ვიღაც, მაგალითად, ხედავს სხვის ბოჩოლას, ძალიან უნდა, რომ მისი იყოს და ცხოველი ძალიან მალე გაითვალება.

ხშირად დედა თვით არის დამნაშავე, რომ მისი ბავშვი იტანჯება. მაგალითად, ხედავს სხვის გამხდარ ბავშვს და ამბობს: "აი, სიგამხდრე, რომ იტყვიან, ძვალი და ტყავია!". თავისი შვილი მოსწონს, სხვისას კი ზევიდან უცქერის. მაგრამ სიტყვები, რომლებიც სხვის შვილზე ითქვა, მის პირმშოს უბრუნდება და უცოდველი ბავშვი მშობლის გამო იტანჯება. საბრალო ყრმა თვალდათვალ დნება მშობლის დასასჯელად, რათა მან თავისი დანაშაული შეიგრძნოს. რა თქმა უნდა, თვით ბავშვი ამ დროს მოწამეთა შორის ითვლება. ღვთის განგებულება ხომ გამოუკვლეველია.

ეკლესია ერთადერთი საშუალებაა მსგავსი ბოროტების წინააღმდეგ. არანაირი საფრთხე არ დაგემუქრებათ, თუ ეკლესიურად იცხოვრებთ და თქვენი ქრისტიანული ცხოვრებაც მაგალითად ექნებათ.

– ავი თვალისგან თავდასაცავად გიშერს ატარებენ, რომელიც, თუ გაიბზარა, ამბობენ, თვალი აიღოო. ეს რამდენად სწორია?

– გიშრის ჯვრის გაბზარვის მიზეზი შეიძლება იყოს თვით ქვის ხარისხი და არა – ავი თვალი. რაც შეეხება ამ ფაქტურის მქონე მასალისგან გამოკვეთილი ჯვრის ტარებას, მშვიდად შეგიძლიათ დაიკიდოთ გულზე.

– მორწმუნემ სახლი რამდენჯერ უნდა აკურთხოს?

– საქართველოში სახლს, ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ აკურთხებენ. საჭიროების შემთხვევაში იგი შეიძლება უფრო ხშირად, თვეში ერთხელაც კი იკურთხოს. სახლის (ოჯახის) კურთხევისას მღვდლის ლოცვით ოჯახზე გადმოდის ღვთის მადლი, ეძლევათ მფარველი ანგელოზი, მაგრამ ღვთის შეწევნა ოჯახის იმ წევრებზე მოდის, რომლებიც ქრისტეს წმინდა მცნებებით ცხოვრობენ. ეს ძალიან კარგად ჩანს თვით სახლის კურთხევის ლოცვებშიც. ამიტომ კარგია და აუცილებელიც სახლის კურთხევა, მაგრამ უმთავრესია საკუთარი სულის განწმენდა, ანუ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება.

– ცნობილია, რომ აზარტული თამაშები ცოდვაა, ჭადრაკის თამაშიც ამ კატეგორიაში გადის?

– ლექსიკონების თანახმად, აზარტში იგულისხმება გაცეცხლება, აღგზნება. არ შეიძლება ყველა თამაშს დავასვათ დაღი – "აზარტული". არ შეიძლება ჭადრაკი და ბანქო ერთ კატეგორიაში განვიხილოთ. არც ფეხბურთის გულშემატკივართა გადაშლილ–გაშმაგებული სახეების გაიგივება შეიძლება ჭადრაკის ეფექტთან. სულიერი ცხოვრების წარმატების აუცილებელ ნაწილად მამები სულიერ ძალთა სიმშვიდეს მიიჩნევდნენ. მაცხოვარიც ბრძანებს: "აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი" (მთ. 12.29). დამეთანხმებით, აღგზნება სულაც არ არის სიმშვიდის გამოხატულება. სპორტული ვარჯიში კარგია ჯანმრთელობისათვის, ოღონდ იმავეს ვერ ვიტყვით, როცა სპორტი მასების გაცოფების იარაღად გამოიყენება.

– მართებულია, როცა ტრანსპორტში მყოფნი ეკლესიის დანახვისას პირჯვარს იწერენ?

– პირჯვრის გამოსახვა შინაგანი ლოცვის გარეგნული გამოვლინებაა. ლოცვა კი ყველგან და ნებისმიერ მდგომარეობაში შეიძლება. წმინდა ტაძართან ჩავლისას ადამიანმა უფალს უნდა შესთხოვოს ცოდვათა მიტევება, შეწევნა, ხოლო წმინდანს (ვის სახელზედაც ტაძარია აგებული) – მეოხება ღვთის წინაშე. პირჯვრის გადაწერა აძლიერებს ჩვენს ლოცვას და გვიცავს ბოროტისაგან, რამეთუ ჯვარი ძალაა ღვთისა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ გადავიწერთ პირჯვარს.


მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე



sana.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий