ღმერთი

ღმერთი

среда, 19 марта 2014 г.

"მომავლის მეუფე უფალია"

"ამ რთულ გზაზე, უმძიმეს დროში, უმძიმეს მატერიალურსა და სულიერ პირობებში, ყველაფერი გავალდებულებს დიდი სულიერი პასუხიმგებლობისა და სიფხიზლის გამოჩენას. ყოველი დღე პატარა ბრძოლას ჰგავს. ყოველი დღე, ეს არის გამოცდა. საერთოდაც, მთელი ცხოვრება არის გამოცდა. ყოველდღე უნდა ჩავუღრმავდეთ ჩვენს თავს, ვიყოთ ფხიზლად, ფრთხილად. ყოველ ნაბიჯზე ეშმაკის მახეებია დაგებული. ვისაც ბრძოლები არა აქვს, ჩათვალეთ, რომ მას სძინავს. ქრისტიანს აუცილებლად ექნება ბრძოლა", – აღნიშნავს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე). გთავაზობთ მასთან ვრცელ ინტერვიუს.

– მამა გიორგი, როგორც წესი, ადამიანები მრავალი საზრუნავით არიან დაკავებულნი. რა არის ის უმთავრესი მიზანი, რომლისკენ სწრაფვაც ყოველი ქრისტიანის უცილობელი ვალია?

– ჩვენი უმაღლესი მიზანი ღვთის სიყვარულის მოპოვებაა. ადამიანი უფლისგან სამ ყველაზე დიდ ჯილდოს უნდა ელოდოს: სარწმუნოებას, სასოებასა და სიყვარულს. ადამიანი სანთელს ჰგავს, რომელსაც უფალი შეიწირავს. რწმენა – ეს არის თვითონ თაფლის სანთელი, სასოება – ძაფი, ხოლო ცეცხლი – სიყვარული. აი, ამ სიყვარულს, ყოვლად დასაწველ მსხვერპლს, ჩვენი სულიდან გაღებულს, დამდაბლებულ გულსა და სულს, მოყვასის სიყვარულით ანთებულს მოითხოვს უფალი ჩვენგან. და თუ ეს სამი ყველაზე დიდი სათნოება მოიპოვე, მისი დაკარგვა იშვიათად ხდება. სიყვარულს ასაკი არა აქვს, იგი ყოველთვის ახალია, შობისა და დაბადების მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად გვისხლტება ხელიდან ძლივს მოპოვებული მადლი. სულიერი მომწიფებისა და ნეტარების მდგომარეობა გადადის სადღაც წარსულში, სიბნელეში. ჩვენი ხასიათით, ჩვენი სიჯიუტით წინააღმდეგობას ვუწევთ ღვთისგან ბოძებულ მადლს და არ ვემორჩილებით უფალს, რომელიც გვაფრთხილებს: – დამემორჩილე მე, თორემ თავად დაგიმორჩილებო. ზოგჯერ ღმერთი სასჯელით გვიმორჩილებს, ამიტომ ღვთის განგების უნდა გვეშინოდეს, სიფრთხილე გვმართებს, რადგან დიდია ღვთის ხელი და საშინელია სასჯელი უფლისა. კეთილ ადამიანს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ ადამიანს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს, – მაცხოვრის ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ყოველი ხე შესაბამის ნაყოფს გამოიღებს, ასევე, ყოველი ადამიანი, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, უნაყოფო ხის მსგავსად მოიჭრება და გადასადნობად სამყაროს ქურაში – ჯოჯოხეთში, ანუ გეენიაში გადაიგდება.

– ქრისტიანობა სხვა ადამიანების მიმართ როგორი დამოკიდებულებისკენ მოგვიწოდებს?

– ჩვენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ ისეთი უნდა იყოს, როგორც სახარება გვასწავლის და არა ჩვენს კაპრიზებსა და ილუზიებზე აგებული. ხშირად გვინდა, რომ სხვები ისეთები იყვნენ, როგორიც ჩვენ გვსურს. იმაზე კი აღარ ვფიქრობთ, როგორები ვართ ჩვენ ან როგორები უნდა ვიყოთ. დაგვისვამს ეს კითხვა საკუთარი თავისთვის? პასუხი ასეთია: უნდა ვიყოთ ისეთნი, როგორიც უფალს სურს, როგორც სახარება გვასწავლის და სხვასაც ამ თვალით შევხედოთ. არ შეიძლება სხვისი განკითხვა, გაჭორვა, შეგინება. მორწმუნე ადამიანი სიკეთით, სარწმუნოებითა და სიყვარულით არის სავსე. ურწმუნო ადამიანს სიყვარული საერთოდ არ აქვს, ან მისი სიყვარული მდაბალი და ეგოცენტრულია. ადამიანს თუ სარწმუნოება არა გააჩნია, რა თქმა უნდა, მას არც სასოება ექნება. მაშინ ვიღას დაუჯერებს, ვისი იმედი ექნება? საკუთარი თავის, რომელიც მოკვდავია და მიწაში უნდა ჩავიდეს? თუ ადამიანს სარწმუნოება და იმედი ღვთისა არა აქვს, სიყვარულიც არ ექნება და თუ სიყვარული არ აქვს, მაშინ ქრისტესი კი არა, ეშმაკისაა.

– ურწმუნო ადამიანს სიყვარულის უნარი არ შესწევს?

– ურწმუნო ადამიანში გაოცებას იწვევს, როცა მორწმუნე კაცი მუხლებზე იჩოქებს, ანთებულია სიყვარულით, უნდა, ვიღაცას მოეფეროს, რაღაც აჩუქოს, რაიმე კარგი გაუკეთოს, სხვის მიმართ სიყვარული გამოხატოს. ეს იმიტომ, რომ ურწმუნო კაცის ძალისხმევა მხოლოდ საკუთარ "მეს" ემსახურება. მას არავინ და არაფერი, საკუთარი თავიც კი არ უყვარს. ასეთი ადამაინი ქილაში ჩადებულ აქოთებულ საჭმელს ემსგავსება, რომლისგანაც კეთილი არაფერი გამოვა. იგი დაღუპვისკენაა მიდრეკილი და, უკვე აქ, მიწაზევე სიბნელეში იმყოფება. ურწმუნო ადამიანისთვის არ არსებობს სასოება, სარწმუნოება. მისთვის სულიერი სიხარულის მიზეზიც არ არსებობს. რატომ უნდა უხაროდეს, ან რატომ უნდა სწამდეს, რატომ უნდა იყოს კეთილი? მისთვის ეს უაზრო საქციელია. ქრისტიანს კი მუდამ სურს, რომ უხაროდეს. განა შეიძლება, ქრისტიანი მუდამ მოწყენილი, დეპრესიულ მდგომარეობაში იყოს? გარკვეულ მომენტში შეიძლება, ადამიანი ცუდ ხასიათზე იყოს, რაღაც განიცადოს, მაგრამ ხომ არ შეიძლება, სულ დეპრესიასა და სასოწარკვეთაში იყოს? მორწმუნე ადამიანს, ღვთის შეწევნით, ყოველთვის აქვს ძალა, ფეხზე წამოდგეს, გამოვიდეს სასოწარკვეთილებიდან და უხაროდეს. ან კი, როგორ შეიძლება არ უხაროდეს, რომ იგი გამოხსნილია ქრისტეს მიერ?!

– ზოგადად, უფალი რას ითხოვს ჩვენგან და რა არის ადამიანისთვის საჭირო?

– უფალი ყოველ წუთს, ყოველ წამს ჩვენგან სიყვარულს მოითხოვს. გამუდმებით სიყვარულისა და მადლის მდგომარეობაში უნდა ვიყოთ. ჩვენთვის სიყვარული ხანგრძლივი მდგომარეობა, უგრძესი პროცესი უნდა იყოს. წმიდა მამები ამბობენ, რომ ადამიანისთვის სამი რამ არის საჭირო: 1. ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური სარწმუნოება, მტკიცე სულიერი რწმენა; 2. ამაოდ მეტყველებისგან თავშეკავება; 3. სხეულებრივი სიწმინდე (იგულისხმება უბიწოებაცა და ჰიგიენაც. უბიწოების, სხეულის სიწმინდისა და ჰიგიენის დაცვა აუცილებელია მარხვაშიც და მაშინაც, როდესაც მარხვა არ არის. მარხვაშიც დაიბანე პირი, იცხე ზეთი, რათა არ ეჩვენო ხალხს მმარხველად. რათა მიიღო ის, რაც ღმერთს აქვს გამზადებული შენთვის. რად გინდა, მიიღო წყალობა ადამიანებისგან, ღმერთისგან კი – ვერა. ღმერთს შეუძლია, მოგცეს იმდენი რამ, ხილულადაც, უხილავადაც, რომ მადლობის თქმას ვერ ასწრებდე). ხომ არ შეიძლება, მოყვასი დღეს გიყვარდეს, ხვალ – არა. ადამიანი ზოგჯერ სიბნელით გარეშემორტყმული აღმოჩნდება ხოლმე. მისთვის, ღვთის გარდა, მშველელი არავინ არის. დღეს რომ კარგად ვართ და ეკლესიაში დავდივართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალაც კარგად ვიქნებით. ან გუშინ რომ კარგად ვიყავით, ამიტომ ვართ დღესაც კარგად. ყველაფერი ღვთის ნებაა. მომავლის მეუფე უფალია. ღვთის ნებით ვიყავით გუშინ კარგად და ღვთის ნებით ვიქნებით მომავალშიც კარგად. ოღონდ, მთავარია, ვევედროთ მას, და ვიცოდეთ, ვის უნდა მივემსგავსოთ, რა სულს ვეზიაროთ – კეთილს თუ ბოროტს, ღმერთს თუ ეშმაკს.

– მაგრამ, მამაო, მუდმივი მადლისა და სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნასაც ხომ შრომა და ღვაწლი სჭირდება...

– ქრისტიანობას ასაკი არა აქვს. ქრისტიანი მუდამ ჩამოყალიბების, ახლის ძიების პროცესშია. იგი ყოველთვის აღმოაჩენს თავის თავში ისეთ ახალ ცოდვას, რომელიც მანამდე არ ჰქონია და ისეთ მადლს, ისეთ სიკეთეს, როგორიც ადრე არ გააჩნდა. მას ეს ღმერთმა მისცა. ღმერთმა გაუხსნა ახალი სათნოება ტაძარში სიარულის, ლოცვის, მარხვის, ვედრების, ხვეწნის სანაცვლოდ. იმისათვის, რომ ღმერთმა მადლი მოგვაგოს, საჭიროა ქრისტიანული შრომა, ანუ ლოცვა, წვალებაში ყოფნა, მუდმივი ძალისხმევა სრულყოფის მოსაღწევად. შენი მუდმივი ფიქრის საგანი უნდა იყოს შენი საკუთარი ცოდვები, განსაკუთრებით მარხვაში, და სიკვდილზე ფიქრი. ღმერთს ებრალება ადამიანი, თორემ ყველაფერი ისე რომ მოგვეკითხოს, როგორც ვიმსახურებთ, მაშინ ვერავინ ცხონდებოდა.

– მამაო, ზემოთ ღვთისადმი მორჩილება ახსენეთ. ზოგადად, მორჩილების არსი როგორ უნდა გვესმოდეს?

– მორჩილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ადამიანი შენზე უკეთესად მიიჩნიო, საკუთარი თავი კი – ცოდვებით ყველაზე დამძიმებულად. შენი ენა მზად უნდა იყოს არა იმისათვის, რომ ვინმეს თავს დაესხა, ამხილო და მოჰყვე ვინ რა ჩაიდინა, შენი უძლურება, ამპარტავნება, ეკლესიაში მიუსვლელობა გადააბრალო სხვას, გაჰკიცხო სხვა, არამედ შენი პირველი სათქმელი უნდა იყოს – უფალო ჩემო, შემინდე! ადამიანი არ უნდა იყოს სულმოკლე, მორჩილება არის ცხოვრების გასაღები. უღელში შებმულმა ცხენმა არ იცის, საით წაიყვანს პატრონი, მაგრამ არ ეკითხება და არც ეჯიუტება მას. ცხენი ხვდება, რომ თუ დაემორჩილება პატრონს, ამით მას რგებს. პატრონიც ხვდება ემორჩილება თუ არა ცხენი. როგორც ცხენი არის პატრონის მორჩილი, ისე ჩვენი ბუნება უნდა იყოს ღვთისადმი დამორჩილებული. ჩვენი პატრონი და მარჩენალი უფალია. საითაც წაგვიყვანს ღმერთი, იქით უნდა წავიდეთ, როგორც მორჩილი ცხენი. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ იმ გზის ბოლოს, რომელზეც მივდივართ, თავად მაცხოვარი დგას.

– რას ნიშნავს ჩვენი ერისთვის ის, რომ ვართ ქრისტიანული სამყაროს ნაწილი?

– ჩვენ ვამაყოფთ და ვმადლობთ უფალს ჩვენსას, იესო ქრისტეს, რომ ღირსნი გავხდით და, ღვთის განგებით, ქრისტესმიერი კაცობრიობის ნაწილი ვართ. ეს დიდი ტვირთი და დიდი პატივია. სამწუხაროდ, ჩვენი ერი ამ მხრივ გაყოფილია. ყველა არ არის ქრისტესი. ხშირად ვხვდებით ადამიანებს საზოგადოებაში, რომლებიც ეკლესიაზე ცუდს ურცხვად საუბრობენ, ამართლებენ სხვადასხვა სექტას, შეურაცხყოფენ მღვდლებს. ვაი, იმ საზოგადოებას, იმ ერს, რომელსაც არ უყვარს და პატივს არ სცემს თავის მოძღვარს, თუნდაც ისინი ცოდვილნი იყვნენ. ვაი, მათ, რომლებიც მხოლოდ ცუდს ხედავენ ადამიანებში და, მით უმეტეს, სასულიერო პირებში. ასეთი ადამიანები თავის თავს ვნებენ. სამწუხაროდ, ისინი პირობითად არიან ქრისტიანები. ადამიანს თუ არ ერიდება საკუთარი ეკლესიის გინება, ჩათვალეთ, რომ საკუთარ სულს აგინებს. სანამ ჩვენი ერი ეკლესიის, მოძღვრების პატივისცემას არ ისწავლის, მანამ იქნება ძალიან მძიმე მდგომარეობაში. კომუნისტების, ათეისტების პროპაგანდიდან მოსდევს ერს ეკლესიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, როგორც მძიმე ათეისტური კუდი. საზოგადოება გაორებულია. ერთნი ქრისტესნი არიან, მეორენი არ არიან ქრისტესნი. ამ რთულ გზაზე, უმძიმეს დროში, უმძიმეს მატერუალურსა და სულიერ პირობებში, ყველაფერი გავალდებულებს დიდი სულიერი პასუხიმგებლობისა და სიფხიზლის გამოჩენას. ყოველი დღე პატარა ბრძოლას ჰგავს. ყოველი დღე ეს არის გამოცდა. საერთოდაც, მთელი ცხოვრება არის გამოცდა. ყოველდღე უნდა ჩავუღრმავდეთ ჩვენს თავს, ვიყოთ ფხიზლად, ფრთხილად. ყოველ ნაბიჯზე ეშმაკის მახეებია დაგებული. ვისაც ბრძოლები არა აქვს, ჩათვალეთ, რომ მას სძინავს. ქრისტიანს აუცილებლად ექნება ბრძოლა. თუკი გაამზადე თავი ღვთისმსახურებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ გაამზადე თავი განსაცდელებისა და ბრძოლებისათვისო, – ამბობენ წმიდა მამები.


ეფემია წიკლაური


sana.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий